კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ გაცოცხლდა გარდაცვლილი ადამიანი იმ ძელის შეხებით, რომელზეც მაცხოვარი იყო ჯვარცმული და რატომ უმალავდნენ მას საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს

27 სექტემბერს ქრისტიანული სამყარო ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ რელიგიაში ჯვრის გამოსახულებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, არათუ საეკლესიო პრაქტიკა და სალიტურგიო მსახურება, არამედ უბრალოდ, ყოველდღიური საქმიანობაც კი, ქრისტიანისა ჯვრის გარეშე. რა მოვლენები აღესრულა ამ დღეს, რის სიმბოლოა ჯვარი ქრისტიანულ რელიგიაში, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 

– მამაო, რა მოვლენები აღესრულა ჯვართამაღლების დღესასწაულზე?

– 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დროს, ღვთის განგებულებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ, ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს. მანამდე რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანების ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღსდგა. იმპერატორმა ადრიანემ მიწით დააფარინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე ჯვრის ნიშანი იხილა წარწერით. ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემეს მოწინააღმდეგეებს, რის შემდეგაც იმპერატორს არ ასვენებდა იმ ძელის მოძიების სურვილი, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ხელნი განიპყრა.” მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედა, კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ქრისტეს წამების ადგილი დაახლოებით ცნობილი იყო. ის დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. შემდეგ ეპისკოპოს მაკარის ანგელოზი გამოეცხადა და ზუსტად მიუთითა, სად იყო „ძელი ცხოვრების მომცველი.” იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი – სამი ჯვარი, პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანისაცემად. ისინი პატრიარქ მაკარს სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი კრძალვით სცემდა მას თაყვანს. წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელმაც გოლგოთა, უფლის საფლავი მოიცვა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. 14 სექტემბერს კი დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

როგორც ერთ-ერთი წმიდა მამა ბრძანებს „ჯვარი სანთელი არს ყოველისა დაბადებულისაი და ნათელი სამარადისო ყოვლისა განმანათლებელი.” ჯვარი იმდენად შერწყმულია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, იმდენად გამოსახავს თავად ქრისტიანულ სულსა და მის კულტურულ ყოფიერებას, რომ ნებისმიერი ჯვრის ხილვისას, ჩვენი პირველი ასოციაცია სწორედ ამ გარემოსთან მიმართებაში წარმოიშობა. ჯვარი არის სიმბოლო, რომლის ძლევამოსილების უნარი ზღვარდაუდებელ სიმაღლეს აღწევს. ის საუკუნეების განმავლობაში წარმართავდა და დღესაც წარმართავს ადამიანის ნებას. ქრისტიანულმა სწავლებამ ის თავისი მოძღვრების უპირველეს ნიშნად აღიარა, მიანიჭა ცხოველმყოფელობისა და სასწაულმოქმედების უნარი.

– მამაო, ჯვრის გამოსახულება ქრისტიანობის მონაპოვარია თუ მანამდეც არსებობდა მსგავსი ნიშნები?

– პირველი ნიშანი, რომელიც ჯვარს გამოსახავდა, მეცნიერთაგან შემჩნეულია ზედა პალეოლითის ეპოქაში, ხოლო ნეოლითში ის უკვე ფართოდ გავრცელებული ჩანს. ჯვრის აღმოცენების კონკრეტული მოტივი, მიუხედავად მრავალგვარი შეხედულებისა, ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, მისი წარმოშობის თეორიებიდან ყველაზე სანდო და მისაღებია ის ვარაუდი, რომელიც ჯვარს ქვეყნიერების ოთხი მხარის სიმბოლურ გამოსახულებად მიიჩნევს. ცნობილმა ინგლისელმა არქეოლოგმა ლეიარდმა მესოპოტამიაში მიაკვლია ასურეთის მეფის შამაშიადის ბარელიეფს, რომელსაც გულზე ამოკვეთილი აქვს ტოლმკლავიანი ჯვარი. ჯვარს თაყვანს სცემდნენ ეგვიპტელები – მთავარ „ღმერთებს” ზოგჯერ ჯვრით ხელში გამოსახავდნენ. ჯვარი ამშვენებს ეგვიპტის ფარაონთა განსასვენებელსაც. სიკეთისა და მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი ოსირისი, ეგვიპტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა საუფლოს მბრძანებლისა და მათ განმკითხველის განსასახიერებლად ჯვრიანი ნიშნის ატრიბუტიკით გამოისახებოდა. ჯვარი ასევე იყო მიღებული საბერძნეთშიც. საქართველოში ჯვრის გამოსახულება ადრეულ სამიწათმოქმედო ხანის ძეგლებზე გვხვდება. ქართულ წარმართულ რელიგიაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯვარს – ღვთაება ნანას კულტში ის მზის ღმერთის მთავარ ჰიპოსტასს წარმოადგენდა. ჯვარი ასევე მჭიდრო კავშირშია სვანების უდიდესი ღვთაების „ხოშა ღმერთის” სახელთან, რომელიც ცისა და მიწის შემოქმედს განასახიერებს. ჯვარს დიდი ადგილი უჭირავს ხევსურთა წარმოდგენაში.

– მამაო, როგორი იყო ჯვარი, რომელზეც ქრისტე გააკრეს და საერთოდ, როგორია ჯვრის ქრისტიანული ბუნება?

– ქრისტიანული ჯვარი მთლიანად უკავშირდება ქრისტეს სახელს და მისი დიდება დაკავშირებულია იმ ჯვართან, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. ისტორიული თვალსაზრისით, საინტერესოა კონსტანტინე დიდის მოქმედება, როცა მან რომში პეტრე მოციქულის საფლავს ოქროს ჯვარი დაადგა. ამავე საუკუნიდან ჯვარი ჩნდება იმპერატორ ვალენტინიანეს მონეტებსა და გვირგვინებზე, ხოლო მეხუთე საუკუნის დოკუმენტებში ღმერთის სახელის შემცვლელად გვევლინება. ორიგენესა და ტერტულიანის ვარაუდით, ქრისტეს, მსჯავრის გამოტანისას, ასკილის ტოტებისგან შეკრული გვირგვინი დაადგეს თავზე. საერთოდ, მცენარეულ სამყაროსთან დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული რელიგიისთვის. ის გავრცელებული ვერსია, რომ მაცხოვრის ჯვარი სხვადასხვა ჯიშის ხეებისგან იყო გაკეთებული, უნდა მიუთითებდეს ჯვრის გენეტიკურ კავშირს სამყაროს სამოთხისეულ ბაღზე, სინათლის ოკეანეზე, მარადიული განახლებისა და აღდგენის სიმბოლოზე (ხის ნაყოფისგან მოხდა ადამის დაცემა და ხის მეშვეობით მოხდა მისი გამოხსნა). ერთი ვერსიით, ჯვრის შვეული ძელი კვიპაროსისაა, განივი – ფინიკია, ფეხების მიმსჭვალის ადგილი – კედარისაა, ხოლო წარწერიანი დაფა – ზეთისხილისა. სხვა ვერსიით ესაა: ლეღვის ხე, ზეთისხილი, ლერწამი და ფეტვი. ნიკომედეს აპოკრიფული თხზულების მიხედვით კი – კედარი, კვიპაროსი და პალმა. საინტერესოა თავად ჯვრის ფორმის ქრისტიანული გაგება, რომელიც სამყაროს ოთხი მიმართულების დარად გაიაზრება, ამასთანავე გამოსახავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას. ესენია: მისი სიგრძე, სიმაღლე, სივრცე და სიღრმე. ძველ აღთქმაში ესაიას მიერ ხილულ ანგელოზებს ჯვრისებრი ფორმა აქვთ მიღებული, „ხოლო ადამიანი ჯვრის სახედ დაბადებულ არს, რამეთუ ყოველი კაცი, ხეთგანმარტებულად თვინიერ ცილობისა, სახითა მსგავს არს ჯვრისა.”

წმიდა ეფრემ ასური ყველა ქრისტიანის საყურადღებოდ ქადაგებს: „აღვიღოთ ქედსა ჩვენსა წმიდა ჯვარი მაცხოვრისა, გამოვსახოთ კარსა ზედა, თვისთა შუბლსა, მკერდსა და ბაგეთა ზედა და აღვიჭურნეთ ქრისტიანულის საჭურველითა – ჯვრით მით უსამღვდელოესითა, სიკვდილის დამთრგუნველითა. საჭურველი ესე ყოველგან და მარადის გვაქუნდეს, ქრისტიანენო. წუთსა ნუ ჰყოფთ გარეშე მისა, არამედ იძინებდეთ თუ იღვიძებდეთ, ჭამდეთ, სვამდეთ თუ მუშაობდეთ, ზღვასა იყვნეთ თუ ხმელსა, შეჭურვილ გაქვნდნენ ყოველი სხეული ცხოველისმყოფელი ჯვრითა.”

 

 

скачать dle 11.3