კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწყება ცოლ-ქმარს შორის „ბინძური თამაში“ და როდის არის ძნელი მათ შორის დამნაშავის პოვნა

ალბათ, სისულელე იქნებოდა მსჯელობა იმაზე, თუ ვისში უფრო მძლავრობს ბოროტების მარცვალი – ქალებში თუ მამაკაცებში. ეს უფრო ადამიანური ფაქტორია და ამ შემთხვევაში სქესი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვის მეტად შეუძლია, იყოს ბოროტი; რომელს უკეთ შეუძლია, მოიგონოს „დამსჯელი მექანიზმი” და გაამწაროს პარტნიორი – ქალს, თუ მამაკაცს? ზოგადად, მამაკაცები უფრო ხშირად არიან ხოლმე მომტყუებლებისა და უღირსების როლში. ქალს, თითქოს, „მიეწება” ერთგულების იარლიყი და, შესაძლოა, ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ზოგადად, ამბობენ, რომ გამწარებულ ადამიანს ყველაფრის ჩადენა შეუძლია; რომ ის ყველანაირ სისაძაგლეზეა წამსვლელი. ესეც ადამიანზეა დამოკიდებული, მის ხასიათზე. მის შინაგან ღირსებაზე. ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაში საკითხი ასე დგას: აქვს თუ არა გამართლება ადამიანს, რომელმაც წყენა არ აპატია და სამაგიერო იმ საშუალებით გადაუხადა, რომელიც ხელთ ჰქონდა?!

 

გიო (41 წლის): მე ქალებზე ყოველთვის იმაზე კარგი წარმოდგენის ვიყავი, ვიდრე ისინი ამას იმსახურებენ. ქალი ძალიან ვერაგი არსებაა და ნურავის ეწყინება, იმიტომ, რომ თავადაც მშვენივრად იციან, რომ ეს ასეა. არც კაცები ხართ ანგელოზებიო, ალბათ, ამისი თქმა გინდათ, მაგრამ, ქალებთან კაცები რას მივალთ! გამწარებულ ქალს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, კაცის გონება ვერაფრით რომ ვერ წარმოიდგენს.

– იმის თქმა გინდათ, რომ გამწარებული კაცი მიმტევებელია და საშინელებას არ ჩაიდენს? სტატისტიკა რომ საპირისპიროს ამტკიცებს?

– მე არ ვამბობ, რომ გამწარებულ კაცს არ შეუძლია საშინელების ჩადენა, მაგრამ, ინტრიგა რომ ქალების საქმეა, ფაქტია.

– მამაკაცებიც კარგი ინტრიგნები არიან, როცა სჭირდებათ.

– ქალები მაინც გვჯაბნიან ამაში. თანაც, მე არ ვყოფილვარ ინტრიგანი. რაც დავაშავე, ვაღიარე კიდეც, მოვინანიე და, მეგონა, რომ შენდობაც მივიღე. გულწრფელი ვიყავი და ამ გულწრფელობამ დამღუპა. ზედმეტად მჯეროდა ჩემი ცოლის. შეიძლება, მიყვარდა კიდეც.

– ეჭვი გეპარებათ, რომ ცოლი გიყვარდათ? 

– ახლა უკვე ყველაფერში მეპარება ეჭვი. ისეთი რაღაც გამიკეთა, შოკიდან ვერ გამოვდივარ და ქალის ხსენებაზე ცუდად ვხდები. 41 წლის კაცი ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ქალი აღარ იქნება. მეც არ მოვიქეცი კარგად, ამას ვაღიარებ, მაგრამ, რაც იმან ქნა?!. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სულ მატყუებდა, მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით. რანაირად უნდა დავიჯერო, რომ ერთბაშად დაიბადა ვერაგობა მის გულში და ერთბაშად გადაიქცა საშინელებად?! აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემი ცოლისგან ის, რაც გააკეთა. კნუტი რომ გყავდეთ სახლში და ერთ დღეს სისხლი გამოგწოვოთ, ასე მოხდა.

– ეტყობა, მართლა ძალიან გაამწარეთ.

– ძალიან გავამწარე რა, ვუღალატე. თანაც საყვარელი კი არ გავიჩინე, რაღაც ვარიანტი ჩავარდა და შანსი ხელიდან არ გავუშვი.

– შანსი ღალატისა. ასეა?

– სიტყვაზე ნუ ჩამეჭიდებით, ეგ ისე ვთქვი. შანსი, რა, კი არ დავრბოდი და ვეძებდი, არიქა, ჩემს ცოლს ვისთან ვუღალატო-მეთქი. მოხდა რა, რაღაც დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი.

– მამაკაცებს თავის მართლების ორიგინალური მეთოდები და ფრაზები გაქვთ და ამით ცდილობთ სიტუაციიდან გამოძვრომას. გაუთვალისწინებელი ღალატი...

– არანაირად არ ვაპირებ თავის დაძვრენას და არც თავის მართლებას. ახლა აზრიც აღარ აქვს ამას. არც თქვენთან არ მოვიდოდი, თქვენი ერთი რესპონდენტის აღიარება-აღსარება რომ არა. რომ იტყვიან „ჭრილობა გამეხსნა”. ზოგჯერ მაინც მამაკაცები ძალიან უსამართლოდ ვისჯებით და ვილანძღებით. მგელს მგლობა დაერქვა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო. უბრალოდ ქალები უკეთესად ინიღბებიან და უკეთესად თამაშობენ ერთგულებას. მე ერთგულება არ მითამაშია. შემეძლო დამემალა, რომ ვუღალატე.

– შეგეძლოთ და არ დამალეთ? ალბათ იცოდით, რომ მაინც გაგიგებდნენ სიმართლეს.

– არც მაგ სიმართლის გაბათილება გამიჭირდებოდა. არ გამოვტყდებოდი და რას იზამდა?! მტკიცებულებები არ ჰქონია, მე შემაწუხა სინდისმა და მე მოვუყევი. 

– ალბათ, რაღაცაში მაინც გამოგიჭირათ.

– ჰო, ქალებს ისეთი ალღო გაქვთ, რას გამოგაპარებთ ადამიანი. არ ჩამიჭირა, მაგრამ, იყო რაღაც ინციდენტი და აღარ დავიფიცე, არაფერი მიქნია-მეთქი. გულწრფელად ვიყავი შეწუხებული, მართლა ვნანობდი. რა მოხდა, რომელ კაცს არ უღალატია ცოლისთვის?! თუ პატიება არ შეეძლო, პირდაპირ ეთქვა. მაშინ ისეთი შეწუხებული ვიყავი, ყველაფერზე წავიდოდი, ოღონდ არ მივეტოვებინე და, ალბათ, ამიტომაც ვერ შევნიშნე, რომ თამაშობდა.

– რას თამაშობდა?

– რომ მაპატია. როცა თავისი პირობები წამომიყენა, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი. გეუბნებით, მამაკაცები იმაზე გაცილებით ბრიყვები და სულელები ვართ, ვიდრე ვჩანვართ. „შემაბა”, რა!.. მითხრა, თუ გინდა, რომ გაპატიო და შენთან დავრჩე, თან ეს ამბავი აღარ გავიხსენო, ხელწერილი დამიწერე და ნოტარიუსით დამიმოწმე. სხვანაირად შენ მიმართ ნდობა აღარ მექნებაო.

– ნოტარიუსით რა უნდა დაგემოწმებინათ, რომ აღარ უღალატებდით?

– დიახ. სწორედ ამას მთხოვდა. მეც, პირობა დავდე, რომ, თუ ერთხელ მაინც კიდევ ვუღალატებდი, ჩემს ბიზნესსა და საბანკო ანგარიშზე ვიტყოდი უარს, მის სასარგებლოდ. სულელი რომ იქნება კაცი. არ უნდოდა პატიება და წასულიყო! ქალს როცა კაცი უყვარს, ყოველგვარი პრობლემებისა და შეთანხმებების გარეშე პატიობს. არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით, მაგრამ, ამით მოგებულები არ რჩებიან.

– სიყვარული ხომ მოგება-წაგება არ არის? როცა გიყვარს, სარგებელზე და გამორჩენაზე ფიქრობ?! მე ახლა ვაანალიზებ ამ ყველაფერს, თორემ, მაშინ პატარა ბავშვივით გამოვშტერდი და ვერ ვიფიქრე, რა შეიძლებოდა, ამას მოყოლოდა. პრინციპში, რომც მეფიქრა, მაინც ვერ მივხვდებოდი, რომ ასეთი შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა ჩემს ძვირფას მეუღლეს. არ ვიცი, ვინმემ ასწავლა თუ თვითონ მოიფიქრა, მაგრამ, ნაძირლობის „კლასი” უჩვენა – ბოღმა გულში ჩაიხვია და შურისძიება დაგეგმა. ან, მეორე ვარიანტია – საყვარელი მანამდეც ჰყავდა და მე, ჩემი ღალატით, მის წისქვილზე დავასხი წყალი. მწვანე შუქი ავუნთე, რომ ემოქმედა. მოკლედ, გავაგრძელეთ ცხოვრება.

– ანუ, ნოტარიუსით დაამოწმეთ, რომ აღარ უღალატებდით?

– რა თქმა უნდა. ჩემი ცოლი ვითომ ძალიან გაახარა ასეთმა ნდობამ, ვითომ ყველაფერი დაივიწყა და ვითომ ეს ხელწერილიც გადააგდო.

– როგორ?

– აცრემლდა, კისერზე ჩამომეკიდა – რადგან შენ ეს გააკეთე, ესე იგი, მართლა გყვარებივარ და მე ეს ფარატინა ფურცელი აღარაფერში მჭირდებაო.  ჩემ თვალწინ დაჭმუჭნა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გადააგდო, შეინახა. მერე კი დაიწყო თავისი გეგმის განხორციელება.

– რა გეგმა ჰქონდა ამისთანა?

– მე ახლა ვხვდები, რომ გეგმა ჰქონდა, თორემ მაშინ გახარებულიც კი ვიყავი, რომ ჩემი ოჯახი დანგრევას გადარჩა და კონფლიქტი მოგვარდა. კარგად რომ მიმავიწყდა ეს ამბავი, მაშინ ამოქმედდა „ბომბი”: ჩემი ცოლი შეიცვალა – სულ უგუნებოდ იყო და ყველა სიტყვაზე მეკიდებოდა. შენ ისევ მაიმუნობ რაღაცასო, ესეც მითხრა. დავიფიცე – გამორიცხულია, ეგ როგორ იფიქრე, შენ ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში და ტყუილად ეჭვიანობ-მეთქი. კარგი, მაგრამ, თუ მატყუებ, შენს თავს დააბრალეო, – ისეთი ბოღმით მითხრა, მაშინ მაინც უნდა მივმხვდარიყავი, რაც მელოდა. ჩემი ცოლისთვის საექსპერიმენტო ცხოველად ვიქეცი, სათამაშოდ მის ხელში. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მეჩხუბებოდა და მეკამათებოდა, მერე ერთბაშად დამიტკბებოდა, გადამიყვანდა ჭკუიდან. ერთ დღეს რაღაცაზე ამიხირდა. ახალი ფილმის სანახავად უნდოდა, წავსულიყავით და მე ვერ მოვახერხე: ხან დამავიწყდა, ხან რაღაც საქმე გამომიჩნდა, უფრო კი – მავიწყდებოდა. ამაზე გადაირია, მაგრამ, რა გადაირია... იტირა, ისტერიკა მოაწყო. რომ დამემშვიდებინა, ვუთხარი, ადექი და ახლა წავიდეთ სადაც გინდა-მეთქი. შენთან ერთად არსად წამოვალო და გამებუტა. სერიოზულად გავბრაზდი, ძალიან მომეშალა ნერვები და, მეორე დღეს, რომ დავმშვიდებულიყავი, აუზზე წავედი. ჩემს ცოლს არ უკითხავს, სად მიდიხარო, მაგრამ, ფაქტია, იცოდა. იქ ვიღაც „ნაშა” გადამეკიდა, წვენზე და ყავაზე დამაპატიჟებინა თავი.

– გადაგეკიდათ თუ, დარწმუნებული იყავით ხელწერილის არარსებობაში და თქვენი პირობაც „დაიკიდეთ”?

– მე არ ვყოფილვარ ინიციატორი, მართლა ძალით „შემომეტენა.” მიცინოდა, მერე გასწრებაზე გავცუროთო; ბოლოს – წვენზე და ყავაზე ხომ არ დამპატიჟებთო. რა მეთქვა, არა-მეთქი?

– მით უმეტეს, უნდა გაფრთხილებულიყავით, ასე თუ გეკიდებოდათ. მაგრამ...

– მაგრამ, კაცი მაინც კაცია, ხომ? ამისი თქმა გინდათ? იმასაც იტყვით, ხელწერილი რომ არ დაეჭმუჭნა თქვენს ცოლს, უფრო ფრთხილად იქნებოდითო. არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა უფრო ფრთხილად, მაგრამ, საერთოდ, ძალიან ძნელია აკრძალვებით ცხოვრება.

– და, კიდევ თქვენი მეუღლეა საშინელება და არამზადა? ფაქტობრივად, ისევ მზად იყავით ღალატზე.

– დამაგლიჯა ნერვები, შემშალა და. ეს მიზანმიმართულად ჩაიდინა. იცოდა ჩემი ხასიათი და ხელს მიწყობდა, რომ „რელაქსაციაზე“ მეფიქრა, ამოსუნთქვის საშუალებაზე. მერე ის „ნაშა” მომიგზავნა, თან, ფული გადაუხადა.

– ესე იგი, წვენზე და ყავაზე დაპატიჟებით არ დამთავრებულა.

– გამოიცანით, ამით არ დამთავრებულა, მაგრამ, თქვენ რაც იფიქრეთ, იქამდეც არ მისულა საქმე. ყველაფერი გაცილებით ადრე დასრულდა. შეიძლება, არც არაფერი მომხდარიყო – ამას უკვე ვეღარ გავიგებ და არც მაინტერესებს. მობილურის ნომერი გამომართვა და ზოგჯერ რაღაც სისულელეებს მწერდა. არ დამიწყოთ ახლა, მობილურის ნომერი რატომღა მიეციო. ისე მივეცი, გასართობად, ყოველგვარი განზრახვებისა და შორსმიმავალი გეგმების გარეშე.

– ვცდილობ, დაგიჯეროთ.

– თუ გნებავთ, ნუ დამიჯერებთ, ამას ნამდვილად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. დავუშვათ,  მქონდა რაღაც განზრახვა, ჩემს ცოლს ეს მაინც არ ამართლებს. შემირიგდა და, სპეციალურად რომ არ დაეგეგმა ღალატის იმიტაცია, ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით. გვერდზე არ გავიხედავდი-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ, არ ვუღალატებდი.

– თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელწერილი და პირობა აბსოლუტურად გაუაზრებლად მიეცით მეუღლეს, საერთოდ არ გიფიქრიათ, შეგეძლოთ თუ არა მისი დაცვა, მთავარი იყო, იმ მომენტში გაგეჩერებინათ.

– არა, ასე არ არის. მე ჩემი ცოლის დაკარგვა არ მინდოდა. გაცნობიერებული მქონდა საკუთარი დანაშაული. სინანულისა და ამ დანაშაულის განცდით დავდე პირობა და ბედნიერიც ვიყავი, რომ გამიგო. თუმცა, ეს მე მეგონა, რომ გაიგო, არადა, თურმე შურისძიება დაგეგმა ვიღაც „ნაშას” გადაუხადა, რომ მერე „ფაქტებზე” დავეჭირე და გამცილებოდა. მერე იყო კიდევ ერთი შეხვედრა აუზზე და „გულახდილი” ფოტოები...

– რა „გულახდილი” ფოტოები?

– იმ გოგომ ძალიან იაქტიურა. წყალშიც კისერზე მეკიდებოდა და ნაპირზეც მომეხუტა რამდენჯერმე. სპეციალურად პოზირებდა. მეორე საღამოსვე დამილაგა ცოლმა წინ ფოტოები, გადაჭრით მოითხოვა, უნდა დავშორდეთო და უცებ ხელწერილიც გამოაჩინა. მოკლედ, სანამ აზრზე მოვედი, მშრალზე დამსვა. მერე მოწყალება გაიღო და ჩემივე ბიზნესი მომყიდა. არ ვაპროტესტებდი, სანამ მეგონა, რომ პირობა მე დავარღვიე. ვეფიცებოდი, არაფერი ყოფილა-მეთქი. მაგრამ, ურყევი არგუმენტები ჰქონდა – ფოტოები და მთელი ხმით კიოდა, მოღალატე ხარო. მობილურიდან ამოწერილი მესიჯებიც მაჩვენა. ერთი სიტყვით, განმაიარაღა. სახლი, მანქანა და ფული წაიღო. სიმართლე ახლახან გავიგე. მისივე დაქალისგან. არ ვიცი, რატომ გაირბინა შავმა კატამ მათ შორის, მაგრამ, ერთმანეთს ვეღარ იტანენ. იმან მიამბო, როგორ გამასულელა ჩემმა ცოლმა და ისიც მითხრა, ასაკით თავისზე უმცროსი საყვარელი ჰყავს და, შეიძლება, ცოლადაც კი გაჰყვეს ეგ ძროხაო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია მექნებოდა. იმდენი ვიჩალიჩე, ის „ნაშა” ვიპოვე,  კედელთან მივაყენე და ვათქმევინე სიმართლე. ისეთ ჭკუაზე ვიყავი, ჩემი ცოლის მოკვლა მინდოდა. მერე მივხვდი, რომ ციხეში ჩაჯდომა არ ღირდა მაგისთანა ძუკნას გამო.

– ახლა ფიქრობთ, სამაგიერო როგორ გადაუხადოთ?

– არა. მაგას არ ვფიქრობ, მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ. სიძულვის არა. გულიც მტკივა. მე არ ვიმსახურებდი იმ ბინძურ თამაშს, რომელიც ჩემმა ცოლმა, თავისი ჭკუით, მომიგო კიდეც. შეუძლია, ასე იფიქროს, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამეა, რევანშს ჩემ მაგივრად აიღებს. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ მე თავად მივიყვანე ჩემი ცოლი ასეთ უკიდურესობამდე, მაგრამ, თუ რაღაც დოზით მაინც არ ხარ ნაძირალა, ასეთად ვერ გადაიქცევი, გამორიცხულია. ამის მერე მაინც ნუ გამოიდებენ ქალები თავს და ნუ იტყვიან, რომ ანგელოზები არიან.

 

 

скачать dle 11.3