კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ვინ შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს იგორ გიორგაძის, შოთა კვირაიასა და ვარდიკო ნადიბაიძის კანდიდატურები

 

ედუარდ შევარდნაძეს, თავის დროზე, ერთ-ერთ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ სახელმწიფო მეთაურად აღიარებდნენ. მის წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა, იყო არშემდგარი ტერაქტებიც, თუმცა ყველა მათგანს თითქმის უვნებლად გადაურჩა. მოგვიანებით, მისი დაცვა ოკეანის გაღმა მოამზადეს და ისიც (თუ „დისქავერის“ ვენდობით) ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ პრეზიდენტად მოიაზრებოდა.

ერთი სიტყვით, ედუარდ შევარდნაძეს ვესტუმრეთ და მის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებსა და ამ ტერაქტებში რუსული კვალის ზომა-დოზის შესახებ გავესაუბრეთ.

 

– ელოდით, რომ თქვენ წინააღმდეგ ამდენი ტერაქტი განხორციელდებოდა და რა დოზით ერია რუსული ხელი?

– მხოლოდ რუსეთის ხელი არ ერია, ეს შინაგანი აშლილობის შედეგი იყო. საქართველოში 1992 წლის 7 მარტს დავბრუნდი და ჯერ კიდევ მიდიოდა ბრძოლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაც შეეხება ტერაქტებს: პირველი ტერაქტი აფხაზეთის ომის დროს მოხდა, თუმცა ვერ განხორციელდა. სასწაულად გადავრჩით მაშინ. ჩვენს ვერტმფრენს, რომელშიც ჩემ გარდა, ჟურნალისტებიც ისხდნენ, მათ შორის „იბერვიზიის” ოპერატორი ამირან მურვანიძე, სწორედ მან გადაიღო ეს შემოტევა. სულ ოცნი ვიყავით, აცილებდა და თვალს ადევნებდა მეორე ვერტმფრენი, რომელსაც ჯიმი მაისურაძე მართავდა. როგორც კი გამოვფრინდით სოხუმიდან, გაგრიდან ახალთახალი  „მიგ-24“ აფრინდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. ამ ჩვენი ვერტმფრენის ქვეშ გავლას აპირებდა, მაგრამ ჩვენი გამცილებელი ვერტმფრენის პილოტი მიუხვდა მოწინააღმდეგე ეკიპაჟის ჩანაფიქრს და უბრძანა ჩვენს პილოტს: სასწრაფოდ, რაც შეიძლება, ზემოთ აიღე სიმაღლეო. მართლაც, იმდენად სწრაფად აიღო სიმაღლე, რომ ყველა იატაკზე კოტრიალებდა, მხოლოდ მე ვიდექი ფეხზე, რაღაცას ჩაბღაუჭებული. როდესაც რუსეთის ვერტმფრენის პილოტმა ჩაფიქრებული მანევრი შეასრულა ჩვენ უკვე ავცდით კრიტიკულ სიმაღლეს. შემდგომ ავიატორებმა ამიხსნეს ეს ჩანაფიქრი: ჩვენი ვერტმფრენის ქვეშ წარმოიქმნებოდა უჰაერო სივრცე და წყალში ჩავცვივდებოდით. ამ მანევრის შესრულებას დიდი ოსტატობა სჭირდებოდა, რა თქმა უნდა პილოტი ფრენის ოსტატი იყო, ასეთი კი აფხაზებს არ ჰყავდათ, და არც ასეთი ვერტმფრენი ჰქონდათ.  მაისურაძის გამოცდილებამ, მფრინავების მოხერხებულობამ გადაგვარჩინა. მაისურაძე ნამდვილი გმირი იყო, საუბედუროდ ამ ომში დაიღუპა.

– დანარჩენი, განხორციელებული ტერაქტები, მხოლოდ შიდა დაპირისპირების შედეგი გგონიათ?

– „იმელთან“ მომხდარ აფეთქებაში პირადად მე რუსულ კვალს ვერ ვხედავ. იმ პერიოდში, 24 აგვისტოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო, ოთხი წელი მოვანდომეთ კონსტიტუციაზე მუშაობას. 29 აგვისტოს ახალგაზრდობის  სასახლეში მივდიოდით, რომ საზეიმოდ მოგვეწერა ხელი კონსტიტუციაზე. სხვათა შორის, მთელი დღის განმავლობაში ცუდი წინათგრძნობისგან ვერ გავთავისუფლდი. მანქანაში ჩავჯექი. წესით, „იმელის“ ეზოში ჩემი მანქანის გარდა, სხვა მანქანა არ უნდა ყოფილიყო, „ვოლგა“ მემსახურებოდა. მე „ვოლგაში“ ჩავჯექი, იქვე კი თეთრი „ნივა“ იდგა, რომელსაც როგორც კი გაუსწორდებოდით, ავფეთქდებოდით. შორიახლოს სხვა მანქანაში  ისხდნენ ორნი, მათ შორის, ერთ-ერთი გიგა გელაშვილი, რომლებიც აფეთქების პროცესს მართავდნენ. მათ გათვალისწინებული ჰქონდათ, რა სიჩქარით მოძრაობდა ჩემი მანქანა და აფეთქებაც იმ სიჩქარეზე იყო გაანგარიშებული. მე ვაგვიანებდი ღონისძიებაზე და მძღოლს ვუთხარი, ვიჩქაროთ, ვაგვიანებთ-მეთქი. ამიტომაც მძღოლი აჩქარდა, როდესაც ჩვენი მანქანა გაუსწორდებოდა „ნივას“, მაშინ უნდა მომხდარიყო აფეთქება.  მაგრამ, რადგან ჩვენ ავჩქარდით, დრო აირია. დარტყმა ჩვენი მანქანის საბარგულს მოხვდა, აფეთქების ტალღა კი –  „იმელის“ კედელს, იმ მხარეს, სადაც მე ვიჯექი მანქანაში. ფანჯრები დაიმსხვრა და ამიტომაც მივიღე ჭრილობები სახეზე. იმ ახალგაზრდამ, ვისაც პულტზე ხელი უნდა დაეჭირა, დააგვიანა რაღაც წამებით და ამ წამებმა გადამარჩინა. ჩემმა მძღოლმა გელა თანდაშვილმა იმარჯვა, კარი გამოგლიჯა და მანქანიდან ძლივს გადმოვედი. ასე გასისხლიანებული მიმიყვანეს საავადმყოფოში. სხვათა შორის, ჭკუა იხმარეს, წესით, სამხედრო ჰოსპიტალში უნდა მივსულიყავით, მაგრამ დაცვამ იმარჯვა, რადგან არ იცოდნენ, იყო თუ არა დაგეგმილი განმეორებითი თავდასხმა და იქ წამიყვანეს, სადაც არავინ არ ელოდებოდა –  რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს კადრები შემორჩენილია: მაისური მაცვია და მთლიანად დასისხლიანებული ვარ, ექიმები გაოგნებულები დგანან. პირველი კომენტარი ისე მივეცი ტელევიზიას, რომ ექიმებს ჭრილობები არ დავამუშავებინე.

– თქვენ, მართალია, გამორიცხავთ რუსულ კვალს, მაგრამ მაშინაც და შემდეგაც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ „მხედრიონი“ რუსული ფულით დაფინანსდა, მგელაძის გვარიც ფიგურირებდა?

– გელაშვილი „მხედრიონელი“ იყო, მაგრამ კარგი ბიჭი იყო. ჯაბას არ უნდოდა კონსტიტუციის მიღება. გელაშვილმა პირდაპირ უთხრა, მოვკლათ შევარდნაძეო, ჯაბას სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია. ტერაქტიდან ორი კვირის შემდეგ ვიპოვეთ მანქანა და გავასამართლეთ ტერაქტის მომწყობები და შემსრულებლები. შეიძლება, ითქვას, რომ ის ტერაქტი ვერ შედგა, იმიტომ რომ გადავრჩი. სხვათა შორის, მეორე დღეს თანსუ ჩილერი ჩამოდიოდა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი. მასთან შეხვედრამდე რესპუბლიკის მოედანზე ჩემი მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა. „იმელის“ შენობის გარშემო კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მძიმე ტექნიკა იდგა. თანსუსთან თბილი შეხვედრა იყო. ბედმა ყველა გადაარჩინა, ვინც ტერაქტის დღეს ჩემთან ერთად იყო. რუსეთში 5-6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, პოლიტბიუროს წევრი ვიყავი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმდენი ნაცნობ-მეგობარი მყავდა მოსკოვში, მეცოდინებოდა, რამე თუ მზადდებოდა რუსეთში ჩემ წინააღმდეგ. შესაძლოა, რუსეთიც იღებდა მონაწილეობას ამ ტერაქტში, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუციის მიღებით „მხედრიონს“ ეზღუდებოდა უფლებები და ჯაბაც ამიტომ ეწინააღმდეგებოდა. ამანაც თავისი როლი შეასრულა.

– მესამე ტერაქტში?

– მესამე ტერაქტში რუსული კვალი ნამდვილად იყო. ჩასაფრებული იყვნენ „სამასი არაგველის“ ძეგლთან. ოცკაციანი ჯგუფი რუსებმა მოამზადეს რუსულ სამხედრო ბაზაზე ჩეჩნეთში. მაგრამ მაშინ ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ ამერიკელები. ჩემი დაცვა კარგად იყო აღჭურვილი და გერმანიამ „იმელის“ ტერაქტის შემდეგ ბრონირებული „მერსედესი“ მაჩუქა. მაშინაც ცოტა ადრე წავედი სახლში და ეს მათთვის მოულოდნელი იყო. როდესაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს, ჩემმა დაცვის ბიჭებმაც უპასუხეს და ორმხრივი სროლა დაიწყო. იმ დღეს ჩემი დაცვის ორი წევრი დაიღუპა, დათო კოკაური და კახა შევარდენიძე, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. მძღოლმაც იმარჯვა,  გივი ელიზბარაშვილმა,  რომელმაც მანქანა არ გააჩერა. დღესაც ჩემთან მუშაობს. თან  მახლდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ვახტანგ  ქუთათელაძე, ის მანქანიდან გადმოვიდა, იქვე იდგა „პროეზდის”  „ფიატი“. იმ მანქანაში გადამსვეს და სახლში წავედი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. მაგრამ გადამარჩინა იმან, რომ ბრონირებული „მერსედესი“ მყავდა. ნანული თავს იკლავდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ცოცხალი და უვნებელი ვიყავი, მკითხა, წმიდა ნიკოლოზის ხატი რა უყავიო. ხატი პატრიარქმა მაჩუქა, მითხრა, დაგიცავსო და იმ ხატს ყოველთვის ჯიბით ვატარებდი. ახლაც მაქვს შენახული.

– რუსეთს რა არ მოსწონდა თქვენი? პროამერიკული ორიენტაცია?

– პროამერიკული, პროდასავლური. საერთოდ, რუსები მიიჩნევდნენ, რომ მე მათ ვუღალატე, რადგან მოსკოვი დავტოვე და თბილისში ჩამოვედი. ეს აღიქვეს, როგორც ღალატი.

– ამბობენ, რომ ძალოვანი მინისტრები რუსეთის ზეწოლით დანიშნეთ. მართლაც, იძულებული იყავით?

– არა, კვირაია აქაური კაცი იყო, ნადიბაიძეც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მე თვითონ შევარჩიე, გავიკითხ-გამოვიკითხე. თუმცა გიორგაძე რუსების კაცი იყო, მაგრამ დანარჩენები არ ყოფილან. ჯაბა და ვიღაცეები შემომიჩნდნენ და გიორგაძის კანდიდატურა შემომთავაზეს. ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ შემდეგ დამითანხმეს. მეორე ტერაქტში გიორგაძეც იღებდა მონაწილეობას და, როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა, ვაზიანის სამხედრო ბაზის აეროდრომიდან თვითმფრინავით რუსეთში გააპარეს. მას შემდეგ საქართველოში აღარც ჩამოსულა.

– თქვენ არ გიქმნიდათ მუშაობაში დისკომფორტს გიორგაძე? მისთვის ხომ ყველაფერი იყო ცნობილი?

– ზოგი რამ ცნობილი იყო, ზოგი რამ არ იყო ცნობილი. მე არ მინდოდა გიორგაძის დანიშვნა უშიშროების მინისტრად, მაგრამ ისეთი ბუნების კაცი ვარ, რომ ანგარიშს ვუწევდი ჯაბასაც და სხვებსაც, ამიტომ დავთანხმდი, თუმცა რუსეთსაც გავუწიე ანგარიში.

– ჯაშუშობის თემა თქვენ დროს აქტუალური არ იყო; რუსეთის ჯაშუშები არ იყვნენ თუ უბრალოდ არ ავლენდით? ვისზე გაქვთ ეჭვი, რომ რუსეთზე მუშაობდა?

– გიორგაძის გარდა, მგონი, სხვა არავინ მუშაობდა რუსეთზე. შეიძლება, ვიღაც იყო, მაგრამ ტერაქტების საქმე რომ გაიხსნა, ყველა დააპატიმრეს, მაგრამ ჯაშუშობის ბრალდებით არავინ გაუსამართლებიათ.

– რუსეთს ხომ მაშინაც ეყოლებოდა ჯაშუშები?

– მესამე ტერაქტი ყველაზე ორგანიზებული იყო და მასში რუსეთის ხელი აშკარად ერია. ის 20 კაცი ჩეჩნეთში იმიტომ მოამზადეს, რომ შევარდნაძე მოეკლათ. იმ პერიოდში ერთ-ერთი ფაქტორი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაც იყო.

– შემდეგ თქვენი დაცვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა თუ რუსეთს თქვენი ასეთი გზით მოშორება აღარ აძლევდა ხელს? რატომ შეწყდა, თქვენი აზრით, ტერაქტები?

– რუსეთმა უარი თქვა ამ მეთოდზე, რადგან არაფერი გამოუვიდათ. ძალიან აშკარა გახდა ეს ყველაფერი მესამე ტერაქტის შემდეგ. ადრეც მოგახსენეთ, 5 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი: 70 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ძალიან დიდი კავშირები მქონდა. ჯერ მარტო, შვიდჯერ შევხვდი რეიგანს. რეიგანი ძალიან ანტისაბჭოურად იყო განწყობილი. საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერიას“ უწოდებდა. მაგრამ იმდენი ვიმუშავეთ, რომ მოვარჯულე. ერთი შეხვედრის შესახებ მოგახსენებთ. ჟენევაში რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრა მოვაწყვე. მძიმე მოლაპარაკებები იყო. პირველი ნახევარი რომ დამთავრდა, მე და გორბაჩოვი აგარაკზე წავედით და გორბაჩოვმა მითხრა, დავბრუნდეთ მოსკოვშიო. შეხვედრაზე მან და რეიგანმა იჩხუბეს. მე წინააღმდეგი წავედი, მოსკოვში რომ დავბრუნდეთ, ჩვენ დაგვბრალდება მოლაპარაკების ჩაშლა-მეთქი. რაისამაც უთხრა, მიხაილ, ედუარდი მართალია. თუ შეხვედრა ჩაიშლება, ყველაფერს შენ დაგაბრალებენო. შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და მეორე დღეს უფრო რბილად ჩატარდა. უკვე ორივენი კარგ ხასიათზე იყვნენ. დავუბრუნდები ჩემს ჩამოსვლას საქართველოში, რომლის დამოუკიდებლობას მხოლოდ სამი სახელმწიფო აღიარებდა: მოლდოვეთი, უკრაინა და რუმინეთი. მსოფლიო არ ცნობდა საქართველოს და, როგორც ჩანს, მაშინდელი ხელისუფლებაც გულზე დიდად არ ეხატებოდათ. იმ პერიოდში დასავლეთი ძალიან დამეხმარა. დამყარდა კონტაქტები ამერიკელებთან, ევროპელებთან, ნატოსთან.  მე საქართველოში მარტში ჩამოვედი და 1992 წლის 30 ივლისს უკვე გაერომ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ სხდომას დაესწრო მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, მე კი სიტყვით გამოვედი სექტემბერში. ძველმა კონტაქტებმა იმოქმედა. სხვათა შორის, ჩვენ მხოლოდ სამი ტერაქტი გავიხსენეთ, მაგრამ იყო კიდევ ერთი არშემდგარი ტერაქტი: როდესაც ხაბეიშვილი მოკლეს. მივედი ოჯახის მისასამძიმრებლად, ლიფტით მინდოდა ასვლა, მაგრამ დაცვამ არ დამანება, არ მუშაობსო, თუმცა ლიფტი, თურმე, მუშაობდა, მაგრამ  იქ ასაფეთქებელი მასალა აღმოჩნდა. ამდენი ტერაქტის შემდეგ დაცვას ყველაფერს ვუჯერებდი. ვასრულებდი, რასაც მეტყოდნენ.

– დღეს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს კურსი ურყევად პროდასავლურია?

– უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული, მაგრამ, თუ რუსებთან არ მოგვარდა ურთიერთობა, ჩვენი საშველი არ იქნება.

– თქვენ შიგნიდან იცნობდით რუსულ პოლიტიკას, ბოლოს და ბოლოს, საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეგუება იმას, რომ მეზობლად, საქართველო სახით, ჰყავდეს თავისი გავლენისგან თავისუფალი ქვეყანა?

– რუსეთმა თვითონ დაიწყო მოძრაობა დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ.

– ამას როგორ ხსნით: დასავლეთი და რუსეთი თითქოს ჰარმონიულად თანაარსებობენ და ჩვენ ლამის ერთადერთი აშკარად დაპირისპირებული ქვეყანა ვართ?

– ამაზე რომ პასუხი მიიღოთ, ტალიავინის კომისიის დასკვნა უნდა მოიძიოთ ომის თაობაზე. ტალიავინი წერს, რომ ქართველები შევიდნენ ცხინვალში და პირველებმა გაისროლეს.

– მაგალითად, თურქეთი ბომბავს ერაყის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიას, რითაც პრევენციას უკეთებს სეპარატიზმს. ტალიავინიც დუმს, ევროპაც და ამერიკაც. ორმაგი სტანდარტი დასავლეთის სუსტი წერტილიცაა?

– ტალიავინის კომისიის დასკვნა შემთხვევით არ ვახსენე. მასთან ერთად მუშაობდა კიდევ 7-8 ადამიანი, ცნობილი სპეციალისტები და ისინი ყველანი აწერენ ხელს ამ დასკვნას. რუსეთმა საპასუხოდ მიიღო ზომები, ჩვენ გამოგვაძევეს და საქართველოს ნახევარზე მეტი ოკუპირებული აღმოჩნდა. მხოლოდ სარკოზის საქმეში ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი, აფხაზეთისა და „ოსეთის“ გარდა.

– პირადად მე პაციფისტი ვარ, მაგრამ არ მესმის, რატომ აქვთ სეპარატისტების დაბომბვის უფლება თურქეთს, რუსეთს და არ აქვს საქართველოს?

– ძალაც რომ გვქონდეს, ჩვენ ვერ დავბომბავთ, ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამერიკელები ძალიან გვიჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ტერიტორიაა. ჰილარი კლინტონმა ეს მკაფიოდ თქვა, როდესაც აქ იყო ჩამოსული. დაბალანსების პოლიტიკის გამო ხშირად მაკრიტიკებდა ზოგიერთი, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი დასავლეთისა და ამერიკისგან, რომ აუცილებელი იყო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ამაზე ყოველთვის მიმანიშნებდნენ. ეს აფხაზეთის ომის დროსაც იგრძნობოდა მათგან და შემდეგაც. ამერიკა მაშინაც არ იღებდა ყველაფერს თავის თავზე.

– აშკარაა, რომ ამერიკა მართლაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესაძლოა, თავისი ინტერესიც აქვს და იმიტომაც. თქვენი პოლიტიკური ალღო რას გკარნახობთ, კრიტიკულ მომენტში გასაცვლელ მონეტად ხომ არ გამოგვიყენებს და ამ მხარდაჭერით უბრალოდ ფასს გვადებს?

– რუსეთმა, როგორც წეღან ვთქვი, თვითონ დაიწყო მოძრაობა დასავლეთისკენ. ამერიკასა და რუსეთს შორის ჩვეულებრივი ურთიერთობა დამყარდება, რითიც საქართველო მხოლოდ მოიგებს. დასავლურ კურსს საქართველო ვერ შეიცვლის. პოლიტიკაში კი ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ძნელი ასახსნელია. საქართველოს გასაცვლელ მონეტად, ალბათ, არ გამოიყენებენ...

 

 

 

скачать dle 11.3