კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ „შემოაკვდა” განსაკუთრებული სისასტიკით 18 წლის ახალგაზრდას მამინაცვალი

 

18 წლის ამირან გ-ს, რომელმაც  მამინაცვალი მოკლა, 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. მკვლელობის მოტივად გერმა აწ გარდაცვლილის მხრიდან მის საქმეებში ჩარევა დაასახელა. საქმის სასამართლოსთვის გადაცემამდე სწორედ ეს მოტივი დაასახელა გამოძიებამაც. საერთოდ იშვიათად ხდება, რომ გამოძიებისა და განსასჯელის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვას.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ციხეში გამომწყვდეულ ახალგაზრდას ერთადერთი პატრონი ჰყავს, მის მიერ მოკლული მამინაცვლის შვილი, ანა კ. არადა, არსებობდა ვერსია, თითქოს მკვლელობა სწორედ ანას გამო მოხდა, ანუ განსასჯელს თავისი მამინაცვლის შვილი სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ, ვერსია ვერსიად დარჩა. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბიჭი და გოგო ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთს მართლაც პატივს სცემენ, თუმცა, რა მოხდება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. 

სასამართლოს პროცესზე ათასობით მკვლელს მოუყოლია, როგორ „შემოაკვდა” მსხვერპლი, მაგრამ მათგან იშვიათს თუ უღიარებია დანაშაული გულწრფელად.  სწორედ ასეთი აღიარების გამო, სასამართლოს დამნაშავის მიმართ არაერთხელ გამოუჩენია თანაგრძნობა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ასეთი ბრალდებული იყო ამირან გ. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარმა განსაკუთრებული სისასტიკე ჩაიდინა, მომხდარი იმდენად გულისამაჩუყებლად მოყვა, რომ მხოლოდ კოლეგიის კი არა, დარბაზში მის მოსასმენად სპეციალურად მოსული უცნობი ადამიანების თანაგრძნობაც კი გამოიწვია. 

მომხდარი მკვლელობის საზარელი დეტალები 

განსასჯელ ამირან გ-ს ნამდვილი დედ-მამა თითით საჩვენებელი წყვილი იყო. ფიზიკა-მათემატიკოსი ცოლ-ქმარი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში, ხან ერთს და ხან მეორეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდათ მიწვევები. ცოლ-ქმარს ერთადერთი შვილი, ამირანი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი დაარქვეს. ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახი საქართველოში საბოლოოდ დასახლდა. ტრაგედია კი, აფხაზეთის ომის შემდეგ დატრიალდა. პატარა ამირანის მამა ომში წავიდა, მაგრამ ვეღარ დაბრუნდა. ვინაიდან მისი ასავალ-დასავალი  ვერ დაადგინეს, ომში დაკარგულად ჩაითვალა და ბავშვს პენსიაც დაენიშნა.

მეუღლის გარდაცვალების მიუხედავად, დედა, ნონა გ., შვილს არაფერს აკლებდა. პირიქით ათამამებდა, რომ უმამობა არ ეგრძნო. როგორც საქმიდან ირკვევა, ბავშვი კარგად სწავლობდა და სპორტშიც წარმატებები ჰქონდა, მაგრამ, იმ ზაფხულს, როდესაც ამირანი მეექვსე კლასში გადავიდა, დედამისი მეორედ გათხოვდა.

როგორც ბავშვის ბებია აცხადებს თავის ჩვენებაში ეს გადაწყვეტილება ნონამ ისევ და ისევ ამირანის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო – მართალია, ბავშვს არაფერი აკლდა, მაგრამ, ბიჭის მომავლისთვის აუცილებელი იყო, ოჯახში მამაკაცი ყოფილიყო. ბებიის ჩვენებით ირკვევა, რომ ამ გადაწყვეტილებაში შვილს ხელი მან თავად შეუწყო, რადგან, გარდა ბავშვის ფაქტორისა, მისი შვილი ახალგაზრდა ქალი იყო... თანაც, პიროვნება, რომელიც მის შვილს თხოულობდა, არა მხოლოდ კარგი ოჯახიდან იყო, ცოლი მასაც გარდაცვლილი ჰყავდა და ერთადერთ შვილს ისიც მარტო ზრდიდა. 

როგორც ირკვევა, ნონა გ. მეორე საქმროს, ბერდია ნ-ს დიდი ხნით ადრე იცნობდა – ახალგაზრდობაში, როდესაც ნონა გ. ზღვაზე დეიდასთან ჩადიოდა დასასვენებლად, ბერდიას ხშირად ხვდებოდა, რადგან ისიც იქ ცხოვრობდა. მათ შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ მაშინ მათი დაოჯახება წარმოუდგენელი ჩანდა. ის კი არა, ერთმანეთის მეუღლეებსაც კარგად იცნობდნენ. ნონას ქმრის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ კი მეუღლე ბერდია ნ-საც გარდაეცვალა – ქალი მშობიარობას გადაჰყვა და ბერდია ნ-ს მისგან პატარა ანა დარჩა.

როგორც საქმიდან ირკვევა, ნონა გ-ს ქმრის გარდაცვალების შემდეგ ზღვაზე აღარ დაუსვენია, მაგრამ დეიდასთან ბავშვის გამო გადაწყვიტა წასვლა, იქ კი ბერდიას შეხვდა და მათ შორის მოკრძალებული რომანი გაიბა. ეს ცუდად არავის მიუღია, პირიქით, ყველას გაუჩნდა აზრი, რომ მათი დაქორწინება კარგი იდეა იქნებოდა. ერთადერთი, პატარა ამირანს არ მოეწონა მომავალი მამინაცვალი (ამის შესახებ განსასჯელმა პროცესზე თვითონ განაცხადა). რა იყო ამის მიზეზი, ამას თავადაც ვერ ხსნის, თუმცა, ფსიქოლოგების განმარტებით, ეს ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა –მას დედის დაკარგვის შიში გაუჩნდა.

ნონა გ. მეორე ქმარზე ოფიციალურად ოქტომბერში დაქორწინდა და, იმის გათვალისწინებით, რომ ნონას საკუთარი კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდა, ხოლო ბერდიას დედაც გარდაეცვალა, ცოლ-ქმარი საცხოვრებლად ნონას სახლში გადავიდა. ცხადია, მათთან ერთად ცხოვრობდა ბერდია ნ-ს პატარა ქალიშვილი ანაც, რომელიც, მამამისგან განსხვავებით, ამირანს თავიდანვე მოეწონა, მით უმეტეს, რომ ბავშვები თანატოლები იყვნენ და სწავლა ერთ კლასში განაგრძეს.  

შორიდან ისე ჩანდა, რომ ოჯახში წლების განმავლობაში იდილია სუფევდა, მაგრამ, მთლად ასეც არ იყო საქმე. მართალია, ყველა შეეგუა ერთმანეთს და თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ, გარდატეხის ასაკში მყოფ ამირან გ-ს არ მოსწონდა, რომ მამინაცვალი მისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, რაც უფრო მეტად მაშინ გააქტიურდა, როდესაც ამირანი სტუდენტი გახდა. 

ამის მიზეზი კი, როგორც ირკვევა, მამინაცვალს ნამდვილად ჰქონდა: გარდა იმისა, რომ ბიჭი ყოველდღე უფრო და უფრო მეტს ითხოვდა, მეგობრებთან ანაც დაჰყავდა, რაც ბერდია ნ-ს არ მოსწონდა. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ მან ბავშვების  მეგობრული ურთიერთობის შესახებ კარგად იცოდა, მათ მაინც სისტემატურად აკონტროლებდა.        

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მაისის დასაწყისში ამირანი მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იყო და ანაც თან ჰყავდა წაყვანილი. როგორც ირკვევა, კარვებში დაძინებამდე ბიჭებმა ნაძლევზე დომინო ითამაშეს და ამირანმა 200 ლარი წააგო. ამ ფულით ბიჭები კვლავ ექსკურსიაზე უნდა წასულიყვნენ და თარიღიც დათქვეს.

ამირანს ფული ჰქონდა საშოვნელი. იმის გათვალისწინებით, რომ  ფეხბურთს კარგად თამაშობდა და ამ სპორტის გულშემატკივარიც იყო, გადაწყვიტა, წაგებული 200 ლარი ტოტალიზატორში თამაშით ეშოვა. მაგრამ, ვინაიდან მას არც ფსონზე დასადები თანხა ჰქონდა, იძულებული გახდა, 50 ლარი კვლავ დედისთვის გამოერთმია (წინა დღეებში დედამისმა ექსკურსიაზე წასასვლელი თანხაც მისცა). ნონა გ. თვითონ არ მუშაობდა ამიტომ თანხას ყოველთვის ქმარს ართმევდა და, ვინაიდან მან სამ დღეში ორჯერ სთხოვა ფული, ქმარს, ბერდია ნ-ს ეს არ მოეწონა. ზოგადად, ის გერის მიმართ უკმაყოფილებას უკვე ხშირად გამოხატავდა. ერთხელ  ისიც კი უთქვამს ხმამაღლა, რომ მას ანაც ჰყავდა და მასაც მიხედვა სჭირდებოდა... 

თანხის გამორთმევის შემდეგ შვილი დედას დაჰპირდა, რომ ფულს  რამდენიმე დღეში დაუბრუნებდა და მოატყუა, თითქოს ფული მეგობრისთვის უნდა მიეცა, რომელიც დათქმულ დროს აუცილებლად მისცემდა, მაგრამ, პირობა ვერ შეასრულა, ამირან გ-მ, რომელმაც ფული ტოტალიზატორში დადო, მთლიანად წააგო... 

სახლში დაბრუნებულმა ამირან გ-მ. მომხდარის შესახებ მხოლოდ ანას გაანდო. საუბრის დროს ის ძალიან ნერვიულობდა, რომ ტყუილი გამოუვიდა დედასთანაც და მეგობრებთანაც. ზუსტად ამ მომენტში კი კარი მამინაცვალმა შეაღო. გაირკვა, რომ მან ჩუმად მოისმინა ყველაფერი და, გერს მოურიდებლად განუცხადა, რომ მის მევალეებს ხვალვე ნახავდა და მოგებულს აღარ მოსთხოვდნენ. 

ამის გამო ოჯახის უფროსს საკუთარმა ქალიშვილმა უსაყვედურა და მის მიყურადებას უზნეობა უწოდა, რამაც ბერდია ნ. წყობიდან გამოიყვანა და შვილს რამდენჯერმე გაარტყა სახეში. ეს კი ვეღარ მოითმინა ისედაც გაღიზიანებულმა ამირან გ-მ და ანას გამოესარჩლა. შედეგად კი ყველაფერი დაჭრით დასრულდა – გერმა მამინაცვალი მუცელში დაჭრა. მომხდარისთანავე ბერდია ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ, ოთხი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილი გერი პოლიციამ დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დააკავა და თავდაპირველად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი წაუყენეს, თუმცა, მას შემდეგ რაც დაჭრილი გარდაიცვალა, კვალიფიკაცია შეიცვალა – ბრალდებულს შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს და საქმე სასამართლოს ამავე მუხლით გადაეცა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ამირან გ-მ. მკვლელობა ჩაიდინა შემდეგი მიზეზის გამო: „მამინაცვალმა, გერის საუბარი მალულად მოისმინა, რის გამოც გერმა თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა. მას მიაჩნდა, რომ მამინაცვლის მევალეებთან შეხვედრა რეპუტაციას შეულახავდა, მით უმეტეს, რომ კაცი ადრეც ჩარეულა მსგავს საკითხში. გარდა ამისა, ბერდია ნ-მ საკუთარ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა,  რის გამოც, შურისძიების მოტივით, ამირან გ-მ მისი მოკვლა გადაწყვიტა და განზრახვა სისრულეში მოიყვანა – მან ბერდია ნ-ს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა”.  

მომხდარიდან დაახლოებით თვე-ნახევარში განსასჯელის დედა, ნონა გ., ინფარქტით გარდაიცვალა... 

საგულისხმოა, რომ, მიუხედავად მამის სიკვდილისა, მის შვილს, ანას, პატიმარი არ მიუტოვებია. სწორედ მან აუყვანა განსასჯელს ადვოკატი, თუმცა, ამირან გ-ს დაცვა არც მოუთხოვია. მან მამინაცვლის მკვლელობა გულწრფელად აღიარა და მასზე ერთი აუგიც არ უთქვამს, გარდა იმისა, რომ ბავშვობისას ეშინოდა, დედა არ წაერთმია. მეტიც, პატიმარმა განაცხადა, რომ ბერდიას „მამას“ ეძახდა და, რეალურად, მისი პატრონი ნამდვილად ის იყო. განსასჯელი განსაკუთრებით დედის გამო წუხდა – მიაჩნდა, რომ დედა ნერვიულობის გამო მოკვდა და ამის მიზეზი თავად იყო...

გულისამაჩუყებელი ჩვენების მიუხედავად, ცხადია, სასამართლოც და პროკურატურაც უძლური იყო, ბრალდებულისთვის რამე ეშველათ, თუმცა, მას მაინც სასჯელის მინიმუმი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

P.S. გავრცელდა ვერსია, თითქოს დანაშაული იმის გამო მოხდა, რომ განსასჯელს მამინაცვლის შვილი შეუყვარდა. თუმცა, ეს ჭორი, სავარაუდოდ, იმიტომ ითქვა, რომ ინციდენტის მომენტში, რეალურად, განსასჯელი გოგონას გამოექომაგა...

 

 

скачать dle 11.3