კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-37(559)

 

– მოულოდნელობის ეფექტი ყოველთვის მუშაობს, განსაკუთრებით იქ, სადაც ისედაც ამღვრეულია წყალი. სასამართლო, უფრო კი, საგამოძიებო პრაქტიკაში ამ ეფექტს ხშირად და წარმატებით იყენებენ. თუ დამნაშავე გამოუცდელია, მისი შოკში ჩაგდება გაცილებით მარტივიც არის და მომგებიანიც, იმიტომ რომ, აალაპარაკებ, – დევიმ თემოს გახედა. მერე გაჩუმდა და დაელოდა, რას ეტყოდა ფიქრებში წასული მეგობარი, რომელმაც საკმაოდ გვიან მიაქცია ყურადღება მისი პასუხის მომლოდინე ექსპერტს.

– არ გისმენდი. რა მითხარი?

დევიმ ამოიოხრა:

– რა მოხდა?

– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? ვერ გავიგე, რას მეკითხები.

– ძალიან კარგად გაიგე. გუშინ რა მოხდა-მეთქი. იმედი მაქვს, მოახერხე მაკას დარწმუნება.

– ეგ თემა დავხუროთ, – მოიღუშა თემო, – თანაც, დავხუროთ სამუდამოდ. მე და მაკას შორის ყველაფერი დამთავრდა.

დევი შეიჭმუხნა:

– ოო, ეგ ვერ არის კარგი ამბავი. ნუთუ მაკა იმაზე სულელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა?

– ხომ გთხოვე, ეგ თემა დავხუროთ-მეთქი. სალაპარაკო საკმარისზე მეტი გვაქვს. საქმეზე გადავიდეთ. მარიკა რატომ იგვიანებს?

დევიმ საათზე დაიხედა:

– ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წუთი დააგვიანა, თუმცა, მისგან ესეც გასაკვირია. დილით არ შევხმიანებივარ... რა ვიცი, მგონი, უნდა დამერეკა. გუშინ საკმაოდ გვიანი იყო, იმ ბიჭთან პაემანზე რომ მივიყვანე და დავტოვე.

– რომელ ბიჭთან, რა პაემანზე? – აღშფოთდა თემო, – ჩემი თანამშრომლები პაემნებზე არ დადიან, მით უმეტეს, ჩემთან შეუთანხმებლად.

– თემო, კარგი რა... გოგო შეყვარებულია და პაემანზე წავიდა. წინასწარ პატაკით ხომ არ მოგმართავდა? ძალიან ნერვიულობ, ცოტა დამშვიდდი.

– მართალი ხარ. ძალიან ვნერვიულობ და უნდა დავმშვიდდე, – თემო კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან იმეორებდა: „უნდა დავმშვიდდე“, „უნდა დავმშვიდდე“... დევი ადგა, მასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი. თემო გაჩერდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო:

– აშკარად ცუდი პერიოდი მაქვს: აქ – გაუხსნელი საქმეები... ოჯახი საერთოდ დამენგრა...

– ყველაფერი მოგვარდება. ჩემი ხომ გჯერა? ხომ მენდობი?

თემოს გაეღიმა:

– შენი ნდობა როგორ შეიძლება? მარიკას დაურეკე. ნახევარ საათზე მეტი გავიდა. სანამ ახვლედიანს გავახსენდებით, დალაპარაკება უნდა მოვასწრო. ეს ბიჭიც სადღა დადის?! თუ დაავალე რამე – მორჩა! მერე უნდა ეძებო და ეძებო...

 – მოვედი! – ვახომ პაპავას ბოლო სიტყვებსღა მოჰკრა ყური, – დავაგვიანე? – იკითხა აქოშინებულმა, – რა ვქნა, ორი დღეა, საპატრულოში ვათენებ და ვაღამებ.

– საპატრულოში?!

– ჰო, წყნეთში ასული მანქანების პატრონებს ვადგენდი.

დევიმ თემოს შეხედა:

– შენ ფიქრობ, რომ ეს რამეს მოგვცემს?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ, უკეთესს მირჩევ რამეს?

– ბოლოს მაინც მკვლელობის კლასიფიკაცია მიეცით?

– არც ეგ ვიცი, ჯერ ახვლედიანს არ შევხვედრივარ. ოჯახი კი აშკარად არ იჩენს გამოძიებისადმი ინტერესს. ჰო, მართლა, დღეს დათოს უნდა შევხვედროდი – მაინც მინდოდა დავლაპარაკებოდი, თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, რომ უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცემა.

– ისე ამბობ, შენ თვითონ არ გჯერა მაგის.

– რა მნიშვნელობა აქვს, მე რისი მჯერა? მაინც ისე იქნება, როგორც უფროსობა გადაწყვეტს და, პრინციპში, უკვე აღარაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

– ერთადერთი არგუმენტი, რომელიც უბედური შემთხვევის ვერსიის საწინააღმდეგოდ გვაქვს, არის ის, რომ გარდაცვლილს გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ცოლი კი სამედიცინო სფეროში მუშაობდა. უფრო მეტიც, ჩილაჩავას ცოლი კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. თუ შენ ფიქრობ, რომ მას ქმარი გაფრთხილებული არ ეყოლებოდა, როგორი მოვლა სჭირდება მის ნაოპერაციებ გულს, მაშინ, ესეც მკვლელობაა. არ მეთანხმები?

– არა! – მოკლედ მოჭრა მოღუშულმა თემომ.

– შენ ქვრივი არ დაკითხე?

– ვერ დავკითხე, უარზეა – სანამ ჩემს ქმარს არ დავკრძალავ, არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხებთო.

– რატომ? ძალიან მგლოვიარე ვარ და ენა არ მემორჩილებაო?

– შენ იცინი და ეს მისი უფლებაა. შვილიც იმავეს იმეორებს. ამიტომაც მინდოდა, მისი მეგობრები დამეკითხა, მაგრამ, ზედმეტი წვალება იქნება. უბედური შემთხვევა იყო და მორჩა.

– მე არ მომისმენთ? – საცოდავად, დაღლილი ხმით წარმოთქვა ვახომ.

– გაქვს რამე?

– არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში, როცა, სავარაუდოდ, ეგ მკვლელობა თუ თვითმკვლელობა მოხდა... ანუ, რა პერიოდიც ჩვენ გვაინტერესებს... მე რომ წყნეთში ასული მანქანების მფლობელებს გადავხედე... 

თემოს მოთმინების ფიალა გაუწყდა.

– მოკლედ და კონკრეტულად, საქმეზე! ჭკუიდან ნუ შემშლი!

ვახომ ამოიოხრა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა:

– კარგი, მოკლედ გეტყვი: თავად გარდაცვლილი, ორი ტაქსი და მისი შვილის მეგობარი, ერთ-ერთი მეგობართაგანი, ანუ... ორივე ტაქსის მძღოლი და მათი მგზავრებიც უკვე გადავამოწმე. ერთმა დედა, მისი ორი ბავშვი და მათი ძიძა აიყვანა აგარაკზე, მეორემ – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ცოლი ორსულია. ჰო, კიდევ, იმ მეგობრის ვინაობაც ვიცი... ჩამოვყვე? – ვახომ თვალები გადაატრიალა.

– ამოისუნთქე, შე უპატრონო! – შეეშინდა დევის.

თემომ წყლიან გრაფინზე ანიშნა:

– ხომ არ დაგისხა?

– ცუდი არ იქნებოდა. მართლა ძალიან დავიღალე. სად გავჩერდი? – წყლისთვის გმადლობთ... ჰო, მე ვფიქრობ, იქ არავითარი ნაშები არ ასულან, თუ გარდაცვლილმა ისინი თავისი მანქანით არ აიყვანა.

– ეგ გამორიცხულია, – თავი გააქნია თემომ, – სახლთანაც, ეზოშიც და სახლშიც, ყველგან სათვალთვალო კამერები აყენია. ჩანაწერები შევამოწმეთ. ჩილაჩავა აგარაკზე მარტო ავიდა.

ვახომ ხელები გაშალა:

– მაშინ ვიღას ვეძებთ? უბედური შემთხვევაა, რა!.. ეტყობა, ნაშებმაც ტელევიზორით გაიგეს, რაც მოხდა და აღარ ავიდნენ. ეგ არის, რა!.. მგონი, აჯობებს, თუ ისევ ნოდიას მკვლელობის საქმეს დავუბრუნდებით. მე შემიძლია, წავიდე? – ვალმოხდილი კაცის იერით იკითხა ვახომ. თემომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ჩილაჩავას შეეძლო, კამერები გამოერთო.

– რისთვის?

– იმისთვის, რომ ცოლს და შვილს არ ენახა, ვინ ჰყავდა სტუმრად. ასეა თუ ისე, შენ ერთში მართალი ხარ: ჩილაჩავა ვიღაცას ელოდებოდა და ეს „ვიღაც“ – ქალი იყო. სხვა შემთხვევაში, „ვიაგრით“ არ გაიჭყიპებოდა, – დაასკვნა დევიმ.

– ისე, შენ მაინც ყოჩაღ! – მიუბრუნდა ვახოს, – კარგად იმუშავე. ახლა იმ მეგობრის ვინაობაც გვითხარი. 

მანქანა ნიკა ლომიძეს ეკუთვნის. ჩილაჩავას ბიჭთან ერთად წყალბურთს თამაშობს.

– ვის ეკუთვნის?! – მღელვარება ვერ დამალა დევიმ, – გაიმეორე!

– ნიკა ლომიძეს, ჩილაჩავას შვილის მეგობარს. რა მოხდა? – დაიბნა ვახო და დევის შიშით შეხედა.

– არაფერი, არაფერი, შენ მაინც მაგარი ბიჭი ხარ, – შეაქო დევიმ, – ყავას იმსახურებ. მარინასთან გადი და უთხარი, მოგიდუღოს.

– მოიცა, მერე ისევ შემოდი. დამჭირდები, – მიაძახა თემომ და დევის კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– იმ ბიჭის სახელი და გვარი რამეს გეუბნება?

დევიმ თავი დაუქნია:

– ის არის.

– ვინ ის?

– გვარზე მაინც როგორ ვერ მიხვდი? მეგონა, არ გაგიჭირდებოდა.

– დევი, იცი, ახლა ჩემს თავში რა ხდება? ამიტომ, მითხარი და ნუ მაწვალებ.

– შენს თანაშემწეს აშკარად არ გაახარებს ეს ინფორმაცია. მარიკა სწორედ მაგ ბიჭს ხვდება. იმ ექიმის შვილია, ლომიძის, დეისაძის ექსპერტის. სერგი ბერაძის მკვლელობის საქმეში რომ ფიგურირებდა.

თემო შეიჭმუხნა:

– მართლა? უცნაური დამთხვევაა.

–  გააჩნია, დამთხვევაში, რას ვიგულისხმებთ.

– ეგ როგორ?

– მე ისედაც ვაპირებდი ამ თემაზე შენთან საუბარს, მაგრამ, მოგვიანებით. ვფიქრობ, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. აჯობებს, იცოდე.

– ამხელა შესავალი რა საჭიროა? რა უნდა ვიცოდე?! – არ მოეწონა დევის ტონი თემოს, – რაღაც, ძალიან ბევრი რამ არ ვიცი...

***

მარიკასთვის ყველაზე რთული მამამისისთვის თავისი გადაწყვეტილების თქმა იყო, მაგრამ, იმასაც ხვდებოდა, რომ ისედაც ძალიან დააგვიანა. მამა ყოველთვის მთავარი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, ყველაზე დიდი ავტორიტეტი და მესაიდუმლე. ბავშვობიდან შეეჩვია მამასთან გულახდილობას. უმნიშვნელო წვრილმანიც რომ არ მოეყოლა, მოუსვენრად წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა. ეგონა, მამამ ისედაც ყველაფერი იცოდა მასზე, ყველაფერს ხვდებოდა და უსიტყვოდ, მხოლოდ გამოხედვით შეეძლო გაეგო, რაზე ფიქრობდა კონკრეტულ მომენტში.

ზურაბი კაბინეტში ყავას სვამდა, როცა მარიკა მასთან შევიდა. საფერფლეზე სანახევროდ მოწეული სიგარა იდო – ის იშვიათად ეწეოდა და მხოლოდ სიგარას.

– მარიკუნა, შენ არ გძინავს?

– შენ კი სიგარა მოგიწევია, ესე იგი, ინერვიულე ან დაიღალე.

– დავიღალე. მაგრამ, ბედნიერი ვარ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მინდოდა. ახლა ბავშვს არაფერი ემუქრება.

– მართლა? მიხარია. მეც ბედნიერი ვარ, – გაიცინა მარიკამ.

– სიგარა ხომ არ გინდა? – იხუმრა კაცმა.

– მამა, მე სერიოზულად გელაპარაკები.

– არ გეწყინოს, პატარავ... მართლა განსაკუთრებულ გუნებაზე ვარ. აბა, მომიყევი... ბოლოს და ბოლოს, მორჩით ის საშინელი საქმე? დამთავრდა? მკვლელი იპოვეთ?! ახლა შეგიძლიათ, დაისვენოთ?

– მამა, ისე ლაპარაკობ, თითქოს ერთადერთი მკვლელი დადიოდეს დედამიწაზე და მისი დაჭერით მთავრდებოდეს პრობლემა. ასეთი მკვლელობები თითქმის ყოველდღე ხდება. მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე, სხვა რამის თქმას ვაპირებ.

– გისმენ.

მარიკა შეყოყმანდა.

– მითხარი, მითხარი... ჩვენ ხომ ყველა თემაზე შეგვიძლია ლაპარაკი.

– ამიტომაც გადავწყვიტე, რომ უკვე დროა, იცოდე... მოკლედ, მე... მე...

ზურაბს სახიდან ღიმილი გაუქრა:

– ასე ძალიან რატომ გიჭირს თქმა? ასეთი სერიოზულია?

– ძალიან სერიოზული, მამა... შეყვარებული ვარ... გესმის ჩემი? რატომ გაჩუმდი? ალბათ, გინდა მითხრა, რომ ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე... მერწმუნე, საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე... მოკლედ, ახლა უკვე იცი და მეც შემიძლია, შვებით ამოვისუნთქო. გულზე მომეშვა.

– გულზე მოგეშვა?.. ეს კარგია... – ანგარიშმიუცემლად ჩაილაპარაკა ზურაბმა და შუბლი მოისრისა.

– შენ ფიქრობ, რომ მე...

– არა... ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ... მიხარია, რომ შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სამყაროს სხვანაირად დაგანახვებს, მაგრამ...

– მაგრამ, შენ გეშინია, რომ ის ის არ არის, ვინც მე მჭირდება.

კაცმა თავი გააქნია:

– მე ეს არ მიგულისხმია. როდის გამაცნობ?

მარიკას სახე დაუსევდიანდა:

– ასეც მივხვდი. შენ ფიქრობ, რომ ამ საკითხში ჩემი ნდობა არ შეიძლება. როგორც „სტანდარტული“ მამა, ზუსტად ისე მოიქეცი.

– აი, ახლა კი უსამართლო ხარ. გაცნობა იმიტომ არ მინდა, რომ შენი იმედი არ მაქვს. ეს რატომ მითხარი? აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა. არ უნდა მქონდეს სურვილი, ვიცოდე, ვინ არის ადამიანი, რომელიც შენთვის ასე ბევრს ნიშნავს?

მარიკა შეცბა. ზურაბი აშკარად ძალიან ნაწყენი ჩანდა. მისი ეს საყვედურიც მოწმობდა, რომ შვილის სიტყვებმა ძალიან ატკინა გული და თავმოყვარეობაც შეულახა. გოგოს გული შეეკუმშა. მამას მხარზე მიეხუტა და დამნაშავის ღიმილით ჩაილაპარაკა:

– მართალი ხარ. შევცდი. ნიკას აუცილებლად გაგაცნობ. მით უმეტეს, რომ ერთად ვაპირებთ ცხოვრებას.

კაცი შესამჩნევად გაფითრდა:

– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცოლად მიჰყვები?

– ჩვენი ურთიერთობის ოფიციალურ მხარეზე ჯერ არ გვილაპარაკია. ხომ იცი, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვიცი... ვიცი... შენ და დედას სხვა აზრი გაქვთ ამაზე და გპირდები, ყველაფერი ძალიან სერიოზულია. ამიტომ, ფინალი ისეთი იქნება, როგორიც თქვენ გინდათ. – „ჰეფი ენდი“ და მენდელსონის მარში, თავისი ყველა ატრიბუტით:

ზურაბმა თავი გადააქნია.

– არ მეგონა, ჩემზე ასეთი წარმოდგენის თუ იყავი. გული მატკინე. ირონია მაინც მეტისმეტია.

– მართალი ხარ. თავადაც არ ვიცი, რა მემართება. ნამდვილად არ მინდა, გული გატკინო. ძალიან მიყვარხარ. ხომ დარწმუნებული ხარ ამაში?

ზურაბმა შვილის თავი მკერდზე მიიხუტა:

– მაგრამ, მარტო აღარ ხარ და ამაში უკვე  დარწმუნებული ვარ... შენ გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ, მაინც მოუსვენრად ხარ. მითხარი, რა გაწუხებს?

– არაფერი, – მხრები აიჩეჩა მარიკამ, – თუმცა, არა. მართალი ხარ, რაღაც მართლა მაწუხებს. მაგრამ, რა – ვერ ვხვდები.

– გეშინია, რომ აჩქარდი? თუმცა, მეშლება. ეს ნამდვილად არ არის ის „რაღაც“. არა უშავს, ერთად აუცილებლად მოვერევით მაგ „რაღაცას“.

– ჰო, რა თქმა უნდა.

ზურაბმა საათზე დაიხედა:

– შენ დღეს სამსახურში არ მიდიხარ? დასვენების დღე ხომ არ მოგცეს, როგორც შეყვარებულს?

– ღმერთო, როგორ დამავიწყდა! – შეშფოთდა მარიკა, – რომელი საათია?

– პირველი სრულდება.

– რა სირცხვილია! თათბირი... რას იფიქრებს პაპავა? რომ ეს განგებ გავაკეთე... დევიმ მაინც რატომ არ დამირეკა? დავრეკო თუ პირდაპირ წავიდე?

– რომ დარეკო, რა უნდა უთხრა? სწრაფად ჩაიცვი და გაიქეცი. რამე მნიშვნელოვანი ხდება?

– მამა, – უსაყვედურა მარიკამ, – ხომ იცი, სად ვმუშაობ? იქ ყოველთვის ხდება რაღაც მნიშვნელოვანი...

***

საკმაოდ უცნაური საზოგადოება შეიკრიბა: სერიოზული, სოლიდურად ჩაცმული, ოფიციალურად მომზირალი მამაკაცი პირქუში გამოხედვით და შეჭმუხნული წარბებით, მთელი საღამო რომ არ გაუხსნია, საკმაოდ შემთვრალი, ექსტრავაგანტურად ჩაცმული, ქარაფშუტულად მოღიმარი და გამომწვევად აცელქებული ქალი და ორი არსება, რომელთა სქესი აშკარად დავის თემა გახდებოდა და, იქნებ, გასართობად არც ჰქონოდათ საქმე, სხვა დროს და სხვა საზოგადოებაში რომ აღმოჩენილიყვნენ. ერთი აშკარად უფრო თავისუფლად იქცეოდა, თამამად და თავდაჯერებულად. სოლიდური მამაკაცი მას დაუფარავი ზიზღითა თუ სიძულვილით შესცქეროდა. არც მეორის მიმართ იჩენდა განსაკუთრებულ სიმპათიას, მაგრამ, ის აშკარად ნაკლებად აღიზიანებდა. საერთოდ კი, მისთვის წამება იყო სუფრასთან ჯდომა და არც უცდია ამის დამალვა.

– მამა, ნუ იბღვირები. რა გემართება? მოეშვი, მიიღე სიამოვნება. სტუმრები გვყავს. 

კაცმა არ უპასუხა, ჭიქიდან წყალი მოსვა და ამოიოხრა.

– არ უნდა მოვსულიყავით, – გადაულაპარაკა ზეამ ენცოს და წამოწითლდა. ენცომ ირონიულად მობრიცა ტუჩები:

– ხომ ხედავ, ამათ აქ, შეიძლება, იჩხუბონ კიდეც. არ ევასები ადამიანს და, რა გინდა რომ ქნა?

– ნაკლებად მადარდებს, მამას ვეყვარები თუ არა. ისე, შენი იდეა იყო, ჩვენი აქ მოსვლა, არ დაიშალე და თავი დააპატიჟებინე. იმ ამბის შემდეგ, აღარც მქონდა ნეილისთან ურთიერთობის სურვილი, – ხმადაბლა, ბოღმით გადაულაპარაკა ენცომ. ნეილის გახედა და კეკლუცად გაიღიმა. იმან ჭიქა ასწია და თვალი ჩაუკრა:

– გოგოებო... მე დღეს არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ. ასწიეთ ჭიქები და ჩემი სადღეგრძელო დალეთ. ახლავე! მე მოვითხოვ ამას! მამა, შენ არ გინდა, ჩემი სადღეგრძელო დალიო? ჩემს გამარჯვებას აღვნიშნავთ...

– ნეილი, არ გინდა... არ არის საჭირო, ამ ამბის გარშემო კიდევ ერთხელ ავტეხოთ ხმაური. ნუ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. რაც იყო დამთავრდა და, იმედი მაქვს, ახლა მაინც გაემგზავრები.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– მე გავემგზავრები?! აბა, რას ამბობ? პირიქით, გამარჯვებულს რევანშის აღების სურვილიც გამიჩნდა.

ელჩი გაფითრდა:

– ნეილი, შენ მე დამპირდი, რომ სასამართლოს შემდეგ გაემგზავრებოდი. რისთვის უნდა დარჩე აქ? იმ ქალს უკვე მიუსაჯეს. თუ დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც აგებს. დაივიწყე ეს ამბავი, ცხოვრება გრძელდება.

– რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და მეც სწორედ ამის სადღეგრძელო შემოგთავაზეთ. ახალ საქმეს ვიწყებ... გოგოებო, – ნეილი ენცოსა და ზეასკენ შებრუნდა, – მე გადავწყვიტე... ფინანსური პრობლემა არ იქნება. მამაჩემი დაგვაფინანსებს. აქ იმიტომ მოგიპატიჟეთ, რომ საქმის დეტალები შევათანხმოთ. მართალია, მამაჩემი იბღვირება, მაგრამ, კარგი კაცია... კეთილი... ფულს მოგვცემს...

ზეა გაიბადრა და ენცოს შეუმჩნევლად წაჰკრა ფეხი. ენცოს შუბლი არ გაუხსნია, წარბების ქვეშიდან ზვერავდა სიტუაციას.

– კარგი, რა, გაიღიმეთ! რა ხდება, პანაშვიდზე ვართ? ვის ვგლოვობთ? წმიდანები ცაშიც არ არიან... ჰო, მიხარია, იმ ქალს საკადრისი რომ მიეზღო, რატომაც არა?! საქმრო მომიკლა...

– ნეილი, გეყოფა. მე უნდა წავიდე, საქმე მაქვს. ჭკუა გეყოს და ხმაური არ ატეხო.

კაცს უნდოდა ეთქვა, ჭკუა რომ გქონდეს, არც ამათთან გექნებოდა რამე საერთოო, მაგრამ, საჭირო მომენტში გაჩუმება უკვე ჩვევად ჰქონდა...

***

თემომ ყურმილი დადო და დევის შეხედა:

– ახვლედიანი მიბარებს.

– მაგას ისედაც მივხვდი, შენი სახის გამომეტყველებით.

– მე ახლა ყველაზე ნაკლებად მაგასთან ლაპარაკი მინდა. შენ რაც მომიყევი... მოკლედ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მაკას შესაძლებლობები ჯეროვნად ვერ შევაფასე.

– ძალიანაც ნუ დაამძიმებ სიტუაციას. ისეთიც არაფერი მომხდარა.

– შეიძლება. დათოს მაინც ვნახავ და დაველაპარაკები. ისედაც მქონდა მასთან საქმე.

– სიმშვიდე შეინარჩუნე, თუმცა, რას გასწავლი. წამოვიდე ახვლედიანთან?

– არა. არ უთქვამს, რომ თათბირია... შემოდიო.

– აქ დაგელოდები. მანამდე მარიკას დავურეკავ. მინდა, ვუთხრა მანქანის შესახებ. 

– არ ვიცი, შეხედე სიტუაციას.

***

მარიკამ აქოშინებულმა შეაღო კაბინეტის კარი და დევის გაუღიმა:

– ძალიან დავაგვიანე? დამეძინა. მაგრამ, შენი ბრალია, რატომ არ დამირეკე?! პაპავა ძალიან გაბრაზდა?

– გიკითხა, გაბრაზებისთვის კი ვერ მოიცალა. სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

– რა მოხდა? – მარიკა დაჯდა და დევის თვალებგაფართოებული მიაჩერდა.

– მერე მოგიყვები. ახვლედიანმა დაიბარა.

– აი, თურმე, რა. ესე იგი, ჩილაჩავას ამბავი გადაწყდება. მგონი, მთელი ყურადღება ნოდიასკენ უნდა მივმართოთ, ანუ, ნოდიას მკვლელობისკენ. დროა, მოვრჩეთ. რას იტყვით?

– ჰო, რა თქმა უნდა. თუმცა, არის რაღაც გარემოებები, რომლებიც, ალბათ, უნდა დავიკიდოთ, თუკი ჩილაჩავას ამბავს უბედური შემთხვევის კლასიფიკაციას მივცემთ.

– მის კარდიოლოგიურ პრობლემებს გულისხმობ?

– არა მხოლოდ, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დევიმ. მარიკას ცუდად ენიშნა მისი უცნაური ღიმილი.

– რა უნდა მითხრა? დევი, რაღაც კიდევ გაირკვა?

– მოდი, თემოს შემოსვლას დაველოდოთ. მანამდე შენ მომიყევი, როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა. რადგან ღრმად და უშფოთველად ჩაგეძინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგად.

– გადაწყვეტილება მივიღე.

დევიმ სიგარეტს მოუკიდა:

– გადაწყვეტილება? ხომ არ თხოვდები?

– ჯერ არა.

– ანუ, ეს უახლოეს მომავალში მოსალოდნელია?

– ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა. მამაჩემსაც ვუთხარი ამის შესახებ.

დევიმ მაგრად მოქაჩა სიგარეტი და კვამლს ახედა:

– მდაა!.. ისღა დამრჩენია, ბედნიერება გისურვო.

– რატომ ასეთი ტონით? შენ ჩემი არჩევნით უკმაყოფილო ხარ?

– მარიკა, საყვარელო. არჩევნით კმაყოფილი შენ უნდა იყო. მე მარტო ის მინდა, შეცდომა არ დაუშვა, მეტი არაფერი.

მარიკა დაფიქრდა და ამოიოხრა:

– კარგად გიცნობ. აშკარად რაღაცას არ მეუბნები.

– კარგად იცნობ მას?

– მგონი, საკმარისად.

– ეგ პასუხი არ არის.

– ვიცი. შენ ახლა მეტყვი, ადამიანს კარგად მანამ არ გაიცნობ, სანამ მასთან ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებო. ხომ ასეა?

– ასეა. იმიტომ რომ, შეუძლებელია, მხოლოდ  შეხვედრებით გაიცნო ადამიანი, რამდენი წელიც არ უნდა ხვდებოდე.

– მაგაშიც გეთანხმები. მაგრამ, მოდი, ნუ აჩქარდები. მით უმეტეს, რომ ჯერ შენს კარიერაზე უნდა იზრუნო. თავიდან, როცა აქ მოხვედი და გაგიცანი, მომეჩვენა, რომ სერიოზული გეგმები გქონდა და ძალიან მიზანდასახული იყავი.

– არ მოგჩვენებია, ასეც არის. მაგრამ, ნიკამ ეს ყველაფერი იცის და ხელს არ შემიშლის. მასაც აქვს რაღაც გეგმები... დევი, მართლა არ მესმის, რაზე ლაპარაკობ.

– კარგი. დაივიწყე. მამაშენმა რა გითხრა?

– რა უნდა ეთქვა?! გამაცანიო...

– ესე იგი, მოგიგვარებია საქმე. ძალიან კარგი... მგონი, თემოც მოვიდა.

კარი მორიდებით გაიღო და კაბინეტში მდივანმა ქალმა შემოიხედა.

– ბატონო დევი, ვიღაც ქალბატონია და დაჟინებით მოითხოვს თქვენს ნახვას.

– ჩემს ნახვას? რაღაც გეშლება. პაპავა აქ არ არის.

– ვიცი. ისიც ვიცი, სადაც არის და ავუხსენი კიდეც ამ ქალს, მაგრამ ისე ჯიუტად ითხოვს, კაბინეტში შემოვუშვა. თან ტირის...

– კარგი, რადგან ტირის, შემოუშვი. ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, ერთი ჭიქა წყალი მოაყოლე – მისი ისტერიკების თავი ნამდვილად არ მაქვს.

ქალს ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ, საკმაოდ სიმპათიური იყო, გემოვნებითა და ასაკის შესაფერისად ჩაცმული. ნამტირალევი, ოდნავ შესიებულ თვალებზე ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა თავი საკმაოდ ღირსეულად ეჭირა.

– ქალბატონო, მობრძანდით, დაბრძანდით. თქვენ, ალბათ, გამომძიებლის ნახვა გინდათ... პაპავა მალე მოვა. მანამდე შეგიძლიათ, წყალი დალიოთ.

ქალი შეთავაზებულ სკამზე ჩამოჯდა.

– მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით. ისიც მაპატიეთ, რომ თქვენს თანამშრომელს არ ვენდე, მითხრა, გამომძიებელი ადგილზე არ არისო. შეიძლება, თქვენ დაგელაპარაკოთ?

– რა თქმა უნდა. არ არის პრობლემა. თუ კი რამეში გამოგადგებით... – ხელები გაშალა დევიმ, – ხომ არ აჯობებს, ჯერ გავეცნოთ ერთმანეთს?

– დიახ. რა თქმა უნდა. მე გია ნოდიას მეუღლე ვარ... – ქალმა მოზრდილი ყლუპებით გამოცალა ჭიქა და ამოისუნთქა, – გმადლობთ, ჩემი მოსმენა რომ მოინდომეთ.

– თუკი მე, სასამართლოს ექსპერტი, რამეში დაგეხმარებით... ეს ახალგაზრდა ქალბატონი კი გამომძიებლის თანაშემწეა. თქვენი ქმრის მკვლელობის საქმეს ერთად ვიძიებთ.

– ძალიან კარგი. მე ახლა მართლა ვღელავ, ძალიან ვღელავ... საქმე ჩემს შვილს ეხება.

– ერთი წუთით, სანამ საუბარს დავიწყებთ, იქნებ მითხრათ, აქ როგორ შემოხვედით, თქვენთვის ვინ დაუშვა საშვი?

ქალი გაწითლდა:

– ამის თქმა აუცილებელია? მთავარია, რომ აქ ვარ... მეგობრები მყავს...

დევიმ თავი დააქნია:

– გასაგებია. ალბათ, ძალიან ერთგული მეგობრები... კარგი. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუ გაინტერესებთ, როგორ მიდის თქვენი ქმრის მკვლელობის ძიება, გეტყვით, რომ ცდას არ ვაკლებთ. ვმუშაობთ. დანარჩენს ბატონი თემური გეტყვით.

– დიახ, დიახ... – ქალმა კაბინეტში ისე მიმოიხედა, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ეძებდა.

– წყალი ხომ არ გნებავთ კიდევ? – თავაზიანად შესთავაზა დევიმ.

– წყალი არა... სიგარეტი შეიძლება?..

დევიმ უხმოდ გაუწოდა სიგარეტი, საფერფლე და სანთებელა...

– კიდევ ერთხელ გთხოვთ, მაპატიოთ... მართლა ძალიან ვღელავ... თქვენ ალბათ უკვე ყველაფერი იცით.

– გააჩნია, რას გულისხმობთ „ყველაფერში“, ქალბატონო, – გაეღიმა დევის.

– ჩემი შვილი იყო თქვენთან.

– ვიცი, საქმის კურსში ვარ, მაგრამ ის ბატონ თემურს ელაპარაკა. დაველოდოთ.

– დაველოდოთ... თუმცა, მერჩივნა, ჯერ თქვენთვის მეთქვა სათქმელი.

დევიმ მარიკას გახედა:

– ქალბატონო, გვერწმუნეთ, გვჯერა თქვენი და ვხედავთ, როგორ ნერვიულობთ, მაგრამ, ბატონი თემური ჩვენზე კომპეტენტურია. მოსმენით როგორ არ მოგისმენთ, მაგრამ, მეორედ მოგიწევთ, მოყოლა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობთ.

ქალმა ამოიოხრა:

– რატომღაც, მგონია, რომ თქვენ უფრო გულთან მიიტანთ ჩემს ამბავს, ვიდრე თქვენი გამომძიებელი.

პაპავამ ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური. წარბშეკრული მიუახლოვდა მაგიდას და ქალის წინ გაჩერდა:

– რაშია საქმე?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3