კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას არტერიული წნევის მკვეთრი მატება და როგორ დავეხმაროთ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზის განვითარების შემთხვევაში


შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო მეტად გააქტიურდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რომელთა შორის ჰიპერტონიულ დაავადებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჰიპერტონიული კრიზი არის ჰიპერტონიული დაავადების ან სიმპტომური ჰიპერტონიის უეცარი გამწვავება, რაც გამოიხატება სისხლის არტერიული წნევის მკვეთრი მატებით, რომელსაც, თავის მხრივ, ახლავს ნერვულ-სისხლძარღვოვანი და ჰუმორული დარღვევები. ჰიპერტონიული კრიზების წარმოქმნა სტრესულ გაღიზიანებაზე ორგანიზმის რეაქტიულობის ზოგადი (ნერვულ-ჰუმორული) და ადგილობრივი (თირკმელები, ტვინი) მექანიზმების მოშლის შედეგია.

ჰიპერტონიული კრიზის კლინიკური სურათი

ჰიპერტონიულ კრიზს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი გულის არეში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ეს სიმპტომები, შესაძლებელია, სრულად არ გამოვლინდეს. ჰიპერტონიული კრიზის ნიშნების კომპლექსებად დაჯგუფება საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ კრიზის ტიპი და მისი მიმდინარეობა. ჰემოდინამიკური დარღვევების თავისებურებების მიხედვით არჩევენ სამ ტიპს: პირველი – ჰიპერკინეტიკური ტიპი, რომლის დროსაც ძლიერდება სისხლის გულიდან გამოდევნა ნორმალური ან დაქვეითებული პერიფერიული წინააღმდეგობის ფონზე; მეორე ტიპია ეუკინეტიკური, როდესაც გულიდან გადმოსროლილი სისხლის მოცულობა ნორმალურია, მაგრამ გაზრდილია სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც ხელს უწყობს მდგრადი ჰიპერტენზიის განვითარებას; მესამე ტიპია ჰიპოკინეტიკური, რომელიც ხასიათდება გულის მუშაობის შემცირებით და, შესაბამისად, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის მკვეთრი ზრდით.

ჰიპერკინეტიკური კრიზი დამახასიათებელია ჰიპერტონიული დაავადების ადრეული სტადიისთვის, ჰიპოკინეტიკური – მეორე-მესამე სტადიისთვის; ეუკინეტიკური კრიზიც უფრო მეტად მოგვიანებით სტადიებზე ჩნდება. ჰიპერტონიული კრიზი, შესაძლოა, მრავალი ისეთი პათოლოგიის მიზეზი გახდეს, როგორიცაა: ტვინის ინსულტი, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ფილტვების შეშუპებით, მწვავე კორონარული უკმარისობა, აორტის ანევრიზმა და სხვა. კრიზის ჰიპერკინეტიკური ტიპი აღმოცენდება უეცრად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, როდესაც ადამიანი თავს სავსებით ჩვეულებრივად გრძნობს. ჩნდება მწვავე თავის ტკივილი, არცთუ იშვიათად – პულსის შეგრძნებით. შეიძლება, დაიწყოს გულისრევა ან ღებინება. პაციენტები აგზნებულნი არიან, დაავადებას ახასიათებს ციებ-ცხელება და მთელ სხეულში ჟრუანტელის შეგრძნება. ზოგჯერ კანზე ჩნდება მოწითალო ლაქები. შესაძლოა, აღინიშნებოდეს ტკივილი გულის არეში და გაძლიერებული გულისცემა. პულსი გახშირებულია, სისტოლური არტერიული წნევა მომატებულია, დიასტოლური – შემცირებული. შესაბამისად, პულსური წნევა – სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის, გაზრდილია. კრიზის ამ ტიპს ახასიათებს სწრაფი და ხანმოკლე მიმდინარეობა – დაახლოებით რამდენიმე საათამდე. ეს ტიპი უვითარდებათ ჰიპერტონიული დაავადებით და ზოგიერთი სიმპტომური ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს. გართულებები იშვიათია.

ჰიპერტონიული კრიზის ჰიპოკინეტიკური ტიპის კლინიკური სურათი განსხვავებულია. ჰიპოკინეტიკური ტიპის კრიზი უვითარდებათ ავადმყოფებს ხანგრძლივი ჰიპერტონიული დაავადებით. კლინიკური სიმპტომებია: ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა. სიმპტომები ნელ-ნელა, თანდათანობით ვითარდება. შესაძლებელია მხედველობისა და სმენის გაუარესება. პულსი უფრო ხშირად ნორმალურია, ზოგჯერ მიდრეკილებაა ბრადიკარდიისკენ. ჩვეულებრივ, იმატებს დიასტოლური არტერიული წნევა, პულსური – მცირდება. კრიზის ეუკინეტიკური ტიპის კლინიკური სურათიც განსხვავდება სხვა ტიპებისაგან. კრიზის ეს ფორმა ახასიათებს როგორც ჰიპერტონიულ დაავადებას, ისე ზოგიერთ სიმპტომურ ჰიპერტონიასაც. ის ჰიპერტონიული კრიზის სხვა ფორმებთან შედარებით უფრო განსხვავებულად მიმდინარეობს. კლინიკური გამოვლინებები ჩნდება გაცილებით სწრაფად მომატებული არტერიული წნევის ფონზე. ხშირად სიმპტომები მოიცავს თავის ტვინის მუშაობის დარღვევას მძაფრი თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით. მნიშვნელოვნად იმატებს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა. თავის ტვინის კეროვან დაზიანებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამოვლინდეს კანის ჰიპერესთეზია, მყესების რეფლექსების ასიმეტრია, ენის დაბუჟება, ზოგჯერ კი – მეტყველების ხანმოკლე დარღვევაც. აღინიშნება არასისტემური ხასიათის თავბრუსხვევა.

პირველადი დახმარება

ჰიპერტონიული კრიზის მკურნალობა უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება მალე. პირველადი დახმარება დამოკიდებულია კრიზის ტიპზე, მიმდინარეობის სიმწვავესა და შესაძლო გართულებებზე. აუცილებელია, პაციენტს შევუქმნათ სიმშვიდე და გამოვიძახოთ ექიმი. ექიმის მოსვლამდე პაციენტს შეიძლება დავეხმაროთ ფეხების თბილ წყალში მოთავსებით, გულის ტკივილის შემთხვევაში მივცეთ ვალიდოლი ან ნიტროგლიცერინი.

ჰიპერტონიული კრიზები შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული დაავადების ნებისმიერი ფორმის ან სტადიის დროს. თუმცა, ჰიპერტონიული კრიზები ძირითადად ვითარდება დაავადების მოგვიანებით სტადიებზე, როდესაც წინა პლანზე გადმოდის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებები. კლინიკურად ჰიპერტონიული კრიზები ვითარდება თავის ტვინის ზოგადი და ლოკალური დაზიანების სიმპტომების მრავალსახეობით. ამასთან, ყველაზე ადრეული და მეტ-ნაკლებად ხშირი სიმპტომი არის თავის ტკივილი. ზოგჯერ მას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა. ხშირად თავის ტკივილი აუტანელი ხდება, ძლიერდება თავის მოძრაობაზე, ცემინებაზე, დაძაბვაზე. დეფეკაციისას ის ძალიან ძლიერდება. ჩნდება სინათლის შიში და თვალების ტკივილი მათი მოძრაობისას. ჰიპერტონიული დაავადების დროს აღინიშნება თავის ტკივილის სხვადასხვა ტიპი: არატიპური თავის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ნევროზთან და ახასიათებს დაავადების ადრეულ სტადიებს; ტიპური თავის ტკივილი, რომელსაც აქვს შეტევითი, პულსირებადი მიმდინარეობა, ყრუ ან მოჭერითი ხასიათი. ყველაზე ხშირად ვითარდება ღამით ან დილით, შუბლის, საფეთქლის ან კეფის არეში. ჰიპერტონიული დაავადების დროს ტიპურ თავის ტკივილს აქვს სისხლძარღვოვანი წარმოშობა. დიდ როლს თამაშობს ქალასშიდა არტერიების გაჭიმვა, ვენებით სისხლის გამოტანის შეფერხება, მასთან დაკავშირებული ვენური სინუსების გაჭიმვა და ასევე თავ-ზურგ-ტვინის სითხის ზეწოლის დონე; თავის ტკივილი აღინიშნება ჰიპერტონიული დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობისას. ეს ტიპი ავადმყოფებს განსაკუთრებით რთულად გადააქვთ. მას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, რის საფუძველსაც, შესაძლია, წარმოადგენდეს ქალასშიდა წნევის მნიშვნელოვანი მატება და თავის ტვინის შეშუპება. ჰიპერტონიული კრიზის განვითარებისას ავადმყოფები ხშირად უჩივიან თავბრუსხვევას. ჰიპერტონიული დაავადების დროს თავბრუსხვევა შეიძლება განვითარდეს ორი მიმართულებით: თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია გადაადგილების შეგრძნებით და თავბრუსხვევა, როდესაც არ არის გადაადგილების შეგრძნება და თავის მოძრაობას მნიშვნელობა არ ენიჭება. პირველ შემთხვევაში წამყვანია ხერხემლის არტერიის დისთონია და ვესტიბულური ნერვის ბირთვის გაღიზიანება, ხოლო მეორეში – შიგნითა საძილე არტერიის დისტონია, რომელიც სისხლით ამარაგებს ვესტიბულური ნერვის ორალურ ნაწილებსა და თავის ტვინის ღეროს.

ჰიპერტონიული კრიზისთვის დამახასიათებელია ხმაური ყურებსა და თავში. ეს სიმპტომები არის სმენის ნერვის გაღიზიანების შედეგი. ჰიპერტონიული დაავადების პირველ სტადიაში ძირითადად ვითარდება ნევროტული, იშვიათად – დიენცეფალური სინდრომი. მეორე სტადიაში წინა პლანზე გადმოდის ჰიპოთალამური დარღვევები, განსაკუთრებით – კლიმაქტოპერული ასაკის ქალებში. შეიძლება აღინიშნოს კეროვანი დარღვევები, რაც სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი მოშლის შედეგია.


скачать dle 11.3