კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

უშვილობის გამო კინაღამ ოჯახი დამენგრა
სამი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ გვყავს. ბავშვობაში მძიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი და, როგორც ექიმებმა მითხრეს, ჩემი უშვილობის მიზეზი ეს ყოფილა. არადა, მეც და ჩემს ქმარსაც ძალიან გვიყვარს ბავშვები და გვინდოდა, ბევრი შვილი გვყოლოდა.
ჩემი უშვილობა რომ დადგინდა, კომპლექსი გამიჩნდა, რომ აღარც ქალად ვვარგოდი, აღარც ცოლად და ჩემს ქმარს ვუთხარი, გავეყაროთ ერთმანეთს და ისეთი ქალი შეირთე, რომელიც შვილებს გაგიჩენს-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა – უშენოდ ერთ დღესაც ვერ გავძლებო. მერე გადავწყვიტეთ, ახალდაბადებული ბავშვი გვეშვილა, მაგრამ დედამთილმა ისეთი ამბავი ამიტეხა, თავბედი მაწყევლინა. სულ ბერწი მიძახა. ეტყობა, ჩემს შვილს ჯადო გაუკეთე, თორემ, შენთან როგორ გაჩერდებოდაო. მართალია, მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ დედამისი მაინც ახერხებს ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად ჩარევას და სიცოცხლეს გვიმწარებს. მე კი არა, საკუთარ შვილს არ ინდობს და ისეთ რამეებს ეუბნება, ჭკუიდან შლის. ამას წინათ, ძალიან რომ გააგიჟა, დედამისს პირდაპირ უთხრა, მე ჩემს ცოლს არასდროს გავშორდები და, თუ მარტო მაგაზე „საჩალიჩოდ“ მოდიხარ ჩვენთან, შეგიძლია, თავი აღარ შეიწუხო – აღარ მოხვიდე, უშენოდ უფრო მშვიდად ვცხოვრობო. დედამთილმა, რა თქმა უნდა, ესეც მე დამაბრალა და, ისე გამლანძღა და დამწყევლა, მდინარე ვერ გამრეცხავდა. მართალია, ჩემმა ქმარმა დედამისი, პრაქტიკულად, სახლიდან გააგდო, მაგრამ ბავშვის აყვანა მაინც ვერ გაბედა და ვცხოვრობდით ჩვეულებრივად, უღიმღამოდ.
ერთ დღეს კი ჩემს ქმარს ვიღაცამ დაურეკა და, ეტყობა, რაღაც ისეთი უთხრა, რამაც ძალიან ააფორიაქა. მაშინვე ჩაიცვა და სადღაც გავარდა. რომ შეაგვიანდა, რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა. მის მეგობრებს გადავურეკე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.
ჩემი ქმარი სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. ძალიან დაბნეული და აფორიაქებული იყო. მომეჩვენა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ოდნავ დავაწყნარე და დავითანხმე, ეთქვა, რა აწუხებდა. მისმა მონათხრობმა ისე შემძრა, კარგა ხანი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ჩემი ქმარი გამომიტყდა, რომ ჩემთან შეხვედრამდე ჰყავდა საყვარელი, რომელთანაც მთელი ორი წელი დადიოდა. ჩემი გაცნობის შემდეგ კი მას მშვიდობიანად დაშორდა და იმ დღიდან ერთხელაც აღარ დაურეკავთ ერთმანეთისთვის. როგორც გაირკვა, იმ პერიოდში ის ქალი ორსულად ყოფილა, თუმცა, ეს ამბავი ჩემი ქმრისთვის დაუმალავს. ბიჭი რომ გაუჩნდა, არც ის შეუტყობინებია და ბავშვს მარტო ზრდიდა. მაგრამ, იმ ქალს კიბო დამართნია და გარდაცვლილა, მისი ორწლინახევრის შვილი კი ბებიას ბავშვთა სახლში მიუბარებია – მე ამისი გაზრდის თავი არ მაქვსო. ეს ამბავი გაუგია ბავშვის დედის ერთ მეგობარს, რომელსაც სცოდნია ბავშვის მამის ვინაობა და სწორედ იმ მეგობარმა დაურეკა ჩემს ქმარს და უთხრა, შენი შვილი, ამა და ამ სახელითა და გვარით, ამა და ამ ბავშვთა სახლში მიაბარა ბებიამისმაო. იმიტომ გაიქცა იმ დღეს გიჟივით, შეყარა მთელი თავისი სამეგობრო, დაატრიალა ნაცნობ-უცნობი, იმის დასამტკიცებლად, რომ ის ბავშვი ნამდვილად მისი შვილი იყო და ბავშვთა სახლიდან მისი გამოყვანის უფლება აიღო. ეს ყველაფერი რომ მიამბო, მითხრა, მე ჩემი შვილი სახლში უნდა მოვიყვანო, თუნდაც შენ ამის წინააღმდეგი იყოო.
შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, ისე გამიხარდა, ჩემს ქმარს საკუთარი შვილი რომ ჰყავდა, ვერ აგიწერთ. რა თქმა უნდა, იმ ქალის სიკვდილი არ გამხარებია, მაგრამ, იმ წამს ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა. ვუთხარი კიდეც ქმარს ამის შესახებ და ვთხოვე, ბავშვის გამოყვანის დროს მეც უნდა წამოგყვე-მეთქი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა. შემიძლია, ვთქვა, რომ ისეთი ბედნიერი ჩემი ქმარი არასდროს მინახავს.
საბუთების შეგროვებასა და სხვა ოფიციალურ საკითხებს თითქმის ერთი თვე დასჭირდა და, ბოლოს, როგორც იქნა, ბავშვი სახლში მოვიყვანეთ. ჩემი დედამთილი მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდა და შემოგვირიგდა, რაც დარწმუნდა, რომ გიორგი ნამდვილად მისი შვილის შვილია. ახლა უბედნიერესი ოჯახი გვაქვს და ყველა ერთად ვზრდით ჩვენს უსაყვარლეს ვაჟკაცს.
ნანა, 31 წლის.

განვიცდი, რომ ბავშვობის მეგობარი დავკარგე
ვარ 15 წლის. ვსწავლობ მეცხრე კლასში. მყავს თანაკლასელი დაქალი, რომელიც ძალიან ლამაზი გოგოა და, შესაბამისად, ძალიან პოპულარულია სკოლაში. მე ისეთი ლამაზი არ ვარ, მაგრამ თაყვანისმცემლები მეც მყავს. მე და ლიკა სულ ერთად ვართ, ყველგან ერთად დავდივართ, თან, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და დაღამებამდე არ ვშორდებით ერთმანეთს. ხანდახან ერთადაც ვიძინებთ – ხან ჩემთან, ხან ლიკასთან.
ლიკას იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს, აღარ იცის ხოლმე, რომელი ამოარჩიოს. ამას წინათ გამომიტყდა, არც ერთი არ მიყვარს და ხან ერთს და ხან მეორეს იმიტომ ვხვდები, რომ უკეთ გავიცნო და ეგებ რომელიმე შემიყვარდესო.
ბიჭებმა იციან, რომ მე და ლიკა განუყრელად ერთად ვართ და, მასთან „დაპადხოდების” მიზნით ხშირად მე მეძმაკაცებიან ხოლმე. ეს ლიკამაც კარგად იცის და კარგადაც მიყენებს, რამაც ძალიან დამღალა.
მე უკვე მყავს შეყვარებული და ვხვდებით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ლიკას ჩემი შეყვარებული არ მოსწონს. სულ იმას მეუბნება, ეგეთ ბიჭს არასდროს შევხვდებოდი, მაგის გვერდით გავლა შემრცხვებოდაო. არადა, დათოს ნამდვილად არაფერი სჭირს სამარცხვინო, გარეგნობითაც ნორმალურია, სხვებისგან წესიერებითაც გამოირჩევა, წიგნიერებითაც. ერთი ეგაა, მაინცდამაინც ჩაცმაზე არ არის გაგიჟებული და ოდნავ პუტკუნაა, მაგრამ ჩემთვის ეს სულაც არ არის ნაკლი. მთავარი ისაა, რომ ძალიან რომანტიკული ბიჭია, ვგრძნობ, რომ მართლა ვუყვარვარ, თან, ძალიან პატივს მცემს, ათასნაირ მოსაფერებელ სახელს მეძახის, სიურპრიზებს მიწყობს და მანებივრებს. დათო სტუდენტია, ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში სწავლობს საკმაოდ სერიოზულ ფაკულტეტზე და საუკეთესო სტუდენტთა ათეულშია. მართალია, ჯერ მესამე კურსზეა, მაგრამ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ლიკამ ეს ყველაფერი იცის და მაინც ყოველთვის ირონიულად მოიხსენიებს ხოლმე დათოს. არ არსებობს, რამე დამამცირებელი სიტყვით არ ახსენოს, რაც ძალიან მწყინს. რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, დათოზე ასე ნუ ლაპარაკობ, მე ხომ შენს კავალრებზე არასდროს ცუდი არაფერი მითქვამს-მეთქი. მან კი მიპასუხა, შენ ვისზე რა გაქვს სათქმელი. მე რომ ბიჭები დამდევენ, ისეთებს ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენ. ერთი ვიღაც ბოთე დაგელაპარაკა და მაშინვე ხელი ჩაავლე, ისიც რომ არ გაგქცეოდა, რადგან არასდროს არავის მოსწონებიხარ. იმ საცოდავსაც შენს ჭკუაზე ატრიალებ და გგონია, რომ უყვარხარ. სინამდვილეში, გამოჭერილი გყავს და შენგან თავის დახსნა ვერ მოუხერხებიაო.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ჩავვარდებოდი ამ სიტყვების მოსმენისას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარა ვარ და არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არ მაქვს, მაინც მივხვდი, რომ ლიკას ჩემი შურდა. მისი ასეთი პასუხის შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი, რომ მასთან აღარ უნდა მემეგობრა. მართალია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, აღარც დამირეკავს, აღარც მივსულვარ. სკოლასაც ერთი კვირა ვაცდენდი, ლიკა რომ არ მენახა. თვითონ კი ამიკლო რეკვებით, სახლშიც მომაკითხა რამდენჯერმე, მაგრამ, ძალიან ცივად ვხვდებოდი, ტელეფონს კი ვუთიშავდი. სკოლაში რომ მივედი, სხვა მერხზე გადავჯექი და საერთოდ არ დავლაპარაკებივარ. რა თქმა უნდა, ეს ყველამ შეამჩნია და დამიწყეს გამოკითხვა, მაგრამ არავისთვის არაფერი მომიყოლია, მხოლოდ ის ვთქვი, წავკინკლავდით-მეთქი. ლიკამ კი შემოიკრიბა გოგოები და ისე დამამცირა, ჩემს ცხოვრებაში ხმას არ გავცემ. თან, ისე ხმამაღლა გამოვიდა სიტყვით, ყველას ესმოდა. მისი თქმით, თურმე მე არავის მოვწონდი და ძალიან მშურდა მისი, ყველა ბიჭი მასზე რომ გიჟდებოდა. ვითომ დათოსაც ეგ მოსწონდა თავიდან და ჩემთვის უთხოვია, ლიკა გამაცანიო, მაგრამ მე იმდენი „მიჩალიჩია,” რომ, ლიკას გაცნობის ნაცვლად, თვითონ „დამითრევია” და საწყალ ბიჭს გასაქანს არ ვაძლევ. ვითომ იმას ისევ ლიკას გაცნობა უნდა, მე კი, რომ შევინარჩუნო, ჩემს დაქალზე ცუდ რაღაცეებს ვუყვები. ერთი სიტყვით, უკანასკნელი ნაგავი გამომიყვანა. მისი ლაპარაკი საკლასო ოთახში მყოფმა ბიჭებმაც გაიგონეს (ლიკა სპეციალურად ხმამაღლა უყვებოდა გოგოებს ამ ყველაფერს, რომ სხვებსაც გაეგოთ) და მხოლოდ ერთი გამომესარჩლა – პირდაპირ მიახალა ლიკას, შენ უახლოეს დაქალს რომ ასე დაამცირებ სხვებთან, წარმომიდგენია, თუ დაგჭირდა, სხვას რას უზამ. თანაც, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს უგონებ, რადგან, ორივეს გიცნობთ და ვიცი, რომელი რისი გამკეთებელი ხართო.
ამ ამბის შემდეგ სხვა სკოლაში მინდოდა გადასვლა, მაგრამ დათომ გადამაფიქრებინა (დათოს ყველაფერი ვუამბე) – ასე მითხრა, სხვაგან რომ გადახვიდე, ყველას ეგონება, რომ ლიკა მართალია და იმიტომაც გაიქეციო.
მაგრამ, ლიკას გაიძვერობა ამით არ დამთავრებულა. იმ ამბიდან ორი დღის შემდეგ დათოსთან ვიღაც გოგომ დაიწყო რეკვა და ეუბნებოდა, მაგ მახინჯს როგორ ხვდები, როცა ლიკასნაირ გოგოს უყვარხარო. დათო მაშინვე მიხვდა, ვისი შეკვეთა იყო ეს ზარები და კარგი პასუხიც გასცა.
ჩემსა და დათოს შორის ურთიერთობა არ დაძაბულა, მაგრამ, მაინც ძალიან განვიცდი, რომ ბავშვობის მეგობარი და უახლოესი დაქალი დავკარგე.
სხვათა შორის, თანაკლასელმა გოგოებმა თანდათან გაინაპირეს ლიკა და მერე თვითონ გახდა იძულებული, სხვა სკოლაში გადასულიყო.
მაია, 15 წლის.

ბიჭი, რომელიც მიყვარს, ცოლად ჩემს დას ირთავს
მყავს დაქალი, რომელთან ერთადაც გავიზარდე. ანას ჰყავს ჩვენზე ცამეტი წლით უფროსი ძმა, მე კი მყავს ხუთი წლით უფროსი და. ჩემი და ანას მშობლებიც ახლოს არიან ერთმანეთთან, რადგან ერთ ეზოში ვცხოვრობთ და, თანაც, ჩვენი დედები ერთად მუშაობენ ერთ-ერთ საავადმყოფოში – ორივე ექიმია.
მე და ანას ლაშა (ანას ძმა) ყოველთვის ისე გვექცეოდა (და დღემდე ასეა), როგორც პატარა ბავშვებს, ჩემს დას კი – როგორც თავის ტოლს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა რვა წელია. ანა ამას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მოსწონდა კიდეც, ძმა პატარა ბავშვივით რომ ათამამებდა და ანებივრებდა და ამას მიჩვეულიც იყო. სანამ პატარები ვიყავით, ასეთი მოპყრობა მეც მომწონდა, მაგრამ, რაც წამოვიზარდეთ, მაღიზიანებდა, ლაშა ლამის ენის მოჩლექით რომ გველაპარაკებოდა და ზედმეტ მფარველობას გვიწევდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამ გაღიზიანების მიზეზი, მაგრამ, ერთხელ ლაშას რამდენიმე თვით მოუწია უცხოეთში წასვლა და, რომ ვეღარ ვხედავდი, ისტერიკაში ვვარდებოდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა, მაგრამ, შიშითა და სირცხვილით, ხმას ვერ ვიღებდი, ანასაც კი ვერაფერი ვუთხარი. ეს იყო ჩემი პირველი და, შესაბამისად, ძალიან გულწრფელი და ძლიერი გრძნობა, მაგრამ, ცალმხრივი, რადგან, რომც გამემხილა ლაშასთვის, საპასუხო სიყვარულს მაინც არ ველოდი. ერთი პირობა, გადავწყვიტე, ჩემს დას გავენდობი-მეთქი, მაგრამ, გადავიფიქრე, რადგან მასზე ნაწყენი ვიყავი: ვიცოდი, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული ვიღაც ბიჭზე, ხვდებოდა კიდეც, მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდა და მე რატომ უნდა გავნდობოდი?!
ასე ტანჯვა-წამებაში გავიდა ის რამდენიმე თვე, სანამ ლაშა ჩამოვიდოდა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ანამ მითხრა, ხვალ ჩემი ძმა ჩამოდისო. სპეციალურად გამოვიპრანჭე და ისე წავყევი ანას ოჯახს აეროპორტში დასახვედრად. ჩემი ასეთი საქციელი არავის გაჰკვირვებია, რადგან ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან წლების განმავლობაში.
თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდა, ლაშას ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. მერე კი ერთი საშუალო ზომის ჩანთა მომცა – ამაში საჩუქრებია შენთვისო. იმ საღამოს უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ რა ვიცოდი მე სულელმა, რა მელოდა.
ორი-სამი დღის შემდეგ ჩვენთან ლაშა მოვიდა და ჩემს მშობლებს ჩემი დის ხელი სთხოვა. თან უთხრა, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ერთმანეთი გვიყვარს და მხოლოდ ჩემი სამსახურის პრობლემების გამო ვიკავებდით თავს. ახლა ყველაფერი მოგვარდა და, თუ თქვენი თანხმობაც იქნება, ჩვენი ოჯახების მრავალწლიანი მეგობრობა ნათესაობაში გადაიზრდებაო. ჩემი მშობლები სიხარულით დათანხმდნენ, მით უმეტეს, რომ ჩემმა დამ განაცხადა, ლაშა სიგიჟემდე მიყვარს და სხვა კაცს ცოლად არ გავყვებიო.
ფანტაზია არ გეყოფათ იმის წარმოსადგენად, რა დღეში ჩავვარდი. ოქტომბერში მათი ქორწილია დანიშნული და, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ახლა რომ რამე ვთქვა, სისულელე იქნება, არადა, ლამის გული გამისკდეს – მეშინია, ჩემი სიყვარული რამე წვრილმან დეტალში არ გამჟღავნდეს.
სალომე, 18 წლის.

ცოლი აღარ მიყვარს, მაგრამ მაინც ვერ ვეყრები
ცოლი სიყვარულით შევირთე. პატარა ბიჭი აღარ ვიყავი და ამიტომ ჩემს გრძნობაში ეჭვი არ შემპარვია. ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ურთიერთობებში. ვზრდიდით ერთ შვილს (მეტი არ გაგვიჩნდა) და გვიხაროდა ერთად ყოფნა. მაგრამ, ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ყველაფერი მომბეზრდა და აღარც ჩემი ცოლის საზოგადოებაში ყოფნა მსიამოვნებდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, გადავიღალე და ეს არის მიზეზი-მეთქი, მაგრამ, ეს განწყობა რომ გაგრძელდა და თანდათან გაძლიერდა, ძალიან შევწუხდი. ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, რადგან ჩემი ცოლი ისევ ისეთი სათნო, დამთმობი, მზრუნველი, მშვიდი და ერთგული იყო, როგორც ყოველთვის. ბავშვიც პრობლემებს არ გვიქმნიდა. კაცების უმრავლესობას ასეთი იდილია ოჯახში ოცნებად აქვს ქცეული, მე კი ეს არ მაკმაყოფილებდა, უფრო მეტიც – კარგად რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, მივხვდი, რომ მომბეზრდა და ყელში ამომივიდა ცოლის უპრობლემო ხასიათი. ბოლო ხანებში იმასაც კი ვფიქრობდი, ნეტავი პრეტენზიული და ანჩხლი იყოს, რომ ხანდახან მცირე დოზებით ადრენალინი შევიგრძნო-მეთქი.
ბევრი ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ცოლი აღარ მიყვარდა, მაგრამ, მეცოდებოდა და ვერ ვეუბნებოდი, რადგან, ვგრძნობდი, რომ თვითონ ისევ ძველებურად მაღმერთებდა.
ერთ დღეს კი მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა მის გარეშე ყოფნა. პირდაპირ ამის თქმა ვერ გავუბედე და ტყუილი მოვიგონე – ვითომ მივლინებაში მივდიოდი ორი კვირით. ის ორი კვირა კი ჩემი ძმაკაცის აგარაკზე გავატარე მეგობრების გარემოცვაში. ცოლ-შვილს დილა-საღამოს ვურეკავდი მოსაკითხად, დანარჩენ დროს კი საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მალე ესეც მომბეზრდა და ისევ ოჯახისკენ გამიწია გულმა – რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ცოლის მზრუნველობა მომენატრა. მაგრამ, სახლში რომ დავბრუნდი, რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძენი, რომ ცოლის საზოგადოება მომბეზრდა.
ასე ორ ცეცხლშუა ვარ დღემდე: აღარც ცოლთან ერთად ცხოვრება მინდა და არც მის გარეშე ყოფნა შემიძლია. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მეშინია, არ იგრძნოს, რადგან, ვიცი, რომ ძალიან ეტკინება გული და, შეიძლება, სამუდამოდ დავკარგო, რადგან, თუ მიხვდა, რასაც ვფიქრობ, ერთი წუთითაც აღარ გაჩერდება ჩემთან – წავა და აღარასოდეს დამიბრუნდება, მე კი ეს ნამდვილად არ მინდა.
აჩიკო, 34 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3