კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუმასპინძლდნენ გერმანიაში გერმანელები ამირან შალიკაშვილს „ზესტაფონური“ ღვინით და რამ გააოგნა ის ესპანეთში

ცნობილი რეჟისორი – ამირან შალიკაშვილი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის სტუმარი ხშირად ყოფილა. იგი პრესისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ და გაბედულ რესპონდენტად ითვლება... ქართულ ტრადიციებზე საუბრისას კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ჩარჩოები არ არსებობს და მისი სილაღეც უკიდეგანოა.

ამირან შალიკაშვილი: მოვიდნენ და გვინახულონ... ტურისტები თუ შემოვლენ და ნახავენ ჩემს კარგსა და ცუდს... ეს, პირიქით, მისასალმებელია... ნახავენ, ვიღაც რომ ქოხში ცხოვრობს და ვიღაც – სასახლეში. ვიღაც თავის პატარა მოყუჩებულ ბაღნარში თავის საქმეს რომ აკეთებს... მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენში გლეხი ვინც იყო, გლეხად დარჩა და ამაში არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. ნეტავ, მეც გლეხად დავბადებულიყავი... კი დავიბადე, მაგრამ, რა ვქნა, წავედი ამ ხელოვნებაში... თუმცა, აქაც არაფერი დამიშავებია...
– თქვენ სულაც არ ხართ გლეხის გვარის...
– გვარით არ ვარ, მაგრამ გვარი არაფერ შუაშია... ისევ ტურისტების თემას დავუბრუნდეთ და მინდა, გითხრათ, რომ მათი შემოსვლა ჩემს სამშობლოს გაამდიდრებს, გააღმერთებს, გაიტანს მთელ მსოფლიოში და ქვეყნები, რომლებიც დღემდე არ გვიცნობდნენ, ისინიც გაგვიცნობენ. მარტო ჩვენთვის ხომ არ ვიმღერებთ „მრავალჟამიერს“, სხვებისთვისაც უნდა ვიმღეროთ! საშიში არაფერი არ არის – უტვინო უტვინოდ დარჩება და ჭკვიანი – ჭკვიანად.
– მოზარდები რამდენად მიიღებენ სწორად უცხოელების თამამ ქცევებს, ეს მათზე ცუდ გავლენას ხომ არ მოახდენს?
– როდესაც ადამიანში გარყვნილი ბუნებაა, ის გარყვნილად განვითარდება, როცა ბოროტი, ასევე, ბოროტად განვითარდება და როცა ადამიანში სიკეთეა, ის სიკეთის გზით წავა. იქნებ, მათ სიკეთე შემოიტანონ და ჩვენც მოგვცენ... მათ არ იციან, ჩვენ ვინ ვართ. რა არის ჩვენი სამზარეულო. ერთ-ერთი მეუბნებოდა, იცი, ამირან, მეთექვსმეტე საუკუნეში ფრანგები მხოლოდ ხორცს რომ ჭამდნენო?.. არ იცოდნენ არაფერი და მხეცებივით მხოლოდ ხორცს ჭამდნენ... შემდეგ შემოვიდნენ იტალიელები – გიჟი ფილოსოფოსები და უცებ შეიცვალა ფრანგების მენიუ... იქნებ, ჩვენთანაც რაღაც შეიცვალოს. გაიხედეთ, ყველა რესტორანზე წერია – ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, – ეს რა ზრდილობაა, სხვა რამეც ხომ შეიძლება იყოს?! მე, მაგალითად, შესანიშნავი სპეციალისტი ვარ „წუთიერის“... მსახიობი ვიყავი და ღამით გვიან რომ მოვიდოდი, სახლში რაც დამხვდებოდა – ხახვი, პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი, დავჭრიდი, დავყრიდი ტაფაზე და კვერცხს მოვასხამდი. 5 წუთში მზად იყო და ამას ეძახდნენ ოჯახის წევრები „წუთიერს“. დღესაც მეხვეწებიან, მოვამზადო, უგემრიელესია...
ამას წინათ, თეატრში ფრანგი შემოვიდა და რაღაცას მეკითხებოდა... რის ვაი-ვაგლახით ვუპასუხე და გულში კი ვიფიქრე, ნეტავ, ფრანგულიც მესწავლა-მეთქი. რატომ არ უნდა ვიცოდეთ ფრანგული? მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მთელი რუსეთი ფრანგულად ლაპარაკობდა (ჩეხოვისა და დოსტოევსკის პერიოდი), რუსული დავიწყებული ჰქონდათ. შემდეგ საქართველოშიც გადმოვიდა ეს ტალღა... როცა გზები გაიხსნება და ტურისტები შემოვლენ, ისე „გემრიელად“ ვისაუბრებთ ინგლისურად, როგორც ქართულად. თუმცა ერთ რამეზე მტკივა გული – ვიღაცამ თითი დამიქნიოს და მითხრას, რუსულად არ ილაპარაკოო, მე მივტრიალდები და წავალ – რუსულად უნდა ვილაპარაკო, ვიცი ენა კარგად და მიყვარს. თქვენ რა, ჩეხოვზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე უარს ამბობთ? – მე ჰემინგუეიც მიყვარს და ჩეხოვზე არ მალაპარაკოთ... ჩეხოვი ჩემთვის კუმირია. ასეთი მწერალი რუსებს ჯერ არ ჰყოლიათ და მომავალში ვინ იქნება, არ ვიცი... აკრძალვები არ შეიძლება.
ტურიზმი რა არის? – ეს არის მოგზაური კაცი. ასე შემოვიდა ალექსანდრე დიუმა და საქართველოზე რამდენი დაწერა?! მოგზაურ ადამიანს ჩვენი გაცნობა უნდა და ნახოს როგორ ვცხოვრობ, რა მუსიკა, პოეზია, თეატრი მაქვს...
– ქართულ სუფრაზე რას იტყვით?
– ქართული სუფრა ეს არის ფენომენი, მაგრამ ევროპული სუფრის შემატებაც უნდა. ეს უკვე სამზარეულოს საქმეა და ჩვენ ვერ განვიხილავთ.
– პირიქით, ამბობენ, რომ ქართული სუფრა ძალიან გადატვირთულია...
– ეს მეც მითქვამს... ამ ბოლო დროს ვიყავი ერთ-ერთ სუფრაზე და ვამბობდი, ეს რა უბედურება იყო-მეთქი. თუმცა, ზედმეტი არაფერია... შესანიშნავი სუფრა აქვთ იმერლებს. ქუთაისში ადრე რომ ჩავიდოდით, პატარ-პატარა სასადილოები იყო და იმდენ ნაირსახეობას მოგიტანდნენ, გაოცდებოდი. როცა კი საგასტროლოდ მივდიოდით დასავლეთში, ქუთაისს რომ გავცდებოდით, იქვე, ერთ-ერთ სასადილოში შევივლიდით, საჭმელების დიდი არჩევანი იყო და არანაირი ალკოჰოლი. ის სასადილო განსაკუთრებულად მომწონდა და ძალიან იაფიც მიჯდებოდა მსახიობების დაპურება...
– ევროპული ტრადიციის დამკვიდრება გსურთ საქართველოში?
– გერმანიაში ვიყავი (ზაარბრიუკენში მეგობრები მყავს) და ტყეში წამიყვანეს. ჩვენი წესების მიხედვით, მოამზადეს მწვადი და კარგი დრო გავატარეთ. იქიდან რომ წამოვედით, შესანიშნავ სახლთან გაჩერდნენ, რომელიც სასტუმრო-რესტორანი აღმოჩნდა... შევედით და ერთი რამ განსაკუთრებულად მომეწონა, რაც ძალიან მინდა, ევროპიდან გადმოვიტანოთ. შენთან მოდის კონტეინერი და დანომრილია ყველაფერი, რასაც ისინი ამზადებენ. იმახსოვრებ – ათიანს, ოთხიანს, ორიანს. ამ ნომრებს აძლევ და მოგიტანენ დანომრილ კერძებს... მახსოვს, გერმანელი მეგობარი ჩამაცივდა, ღვინო არ გინდაო? – უარს ვეუბნებოდი (ვიფიქრე, ღვინის ქვეყნიდან ვარ და ამათთან რა ღვინო უნდა დავლიო-მეთქი), მაგრამ არ მომეშვა. თავად კონიაკს სვამდა და როდესაც ღვინო შემომიტანეს და მოვსვი, უცებ გავჩერდი და დავდგი, ზესტაფონი გამახსენდა. ისეთი მომჟავო გემო ჰქონდა და ვიკითხე, ზესტაფონიდან ჩამოიტანეთ-მეთქი. მან გაიცინა და მითხრა, არა, ამ რაიონში ამზადებენ ამ ღვინოს, იმიტომ გაძალებდითო. ამიხსნა, როგორ ხდებოდა იქვე ღვინის შემოწმება და თუკი ღვინო სუფთა ყურძნის წვენისგან არ იქნებოდა მომზადებული, მაშინვე დაიჭერდნენ.
– თამადობის ინსტიტუტზე რას იტყვით?
– თამადობა პოეზიის განუყოფელი ნაწილია. თავად ერთ-ერთი საუკეთესო თამადა გახლავართ. საქართველოში, სადაც კი სუფრაზე მოვხვდებოდი, ყველგან თამადობა მიწევდა. ერთხელ გორში მოვხვდი და „ზაკუსოჩნაიას“ რომ ვეძახდით, იქ შევედით... თამადა ვიყავი და წარმოვთქვი სადღეგრძელო – იმ კაცს გაუმარჯოს, რომელსაც სცენიდან ერთი სიტყვა არ უთქვამს და ყველაფერი თქვა-მეთქი. ეს იყო პანტომიმის ჟანრის ფუძემდებლის, სიტყვები, რომელმაც ითხოვა მისი საფლავის ქვაზე ასე წაეწერათ. მერე, თურმე, მთელ გორში სვამდნენ ამ სადღეგრძელოს – ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც არაფერი უთქვამს და ყველაფერი თქვაო... არის ამაში თავისებური ეშხი... ქართველებს შესანიშნავი თამადები ჰყავდათ, თუნდაც – სიმონ სხირტლაძე. ზოგს არ მოსწონს 700-800-კაციანი სუფრები, მაგრამ ამაში ცუდი რა არის?! აკრძალვები არ შეიძლება. არ უნდა დაიწეროს ბრძანება და მოხსნა რობიკო სტურუა თავისი საქმიდან. სულ არ მაინტერესებს, სამხატვრო ხელმძღვანელი ვიქნები თუ არა... ყველას თავისი ყანა და თოხი აქვს და არ უნდა წაართვა.
– ქართველ შეყვარებულ წყვილებზე რას იტყვით?
– მე მაინც ქართულ სიყვარულს ვცემ პატივს... გალაკტიონი თუ არ იქნებოდა, ჩვენ სიყვარულის ფასი არ გვეცოდინებოდა.
– ფედერიკო ფელინი 80 წლის ასაკში ნატრობდა, ნეტავ, ვინმე შემიყვარდეს, ეს ჩემს საქმეს სჭირდებაო...
– აბა, რა... ერთი წამითაც თუ ჩამოგშორდება სიყვარული, ვეღარაფერს შექმნი. მუდამ შეყვარებული ვარ და არა განყენებულად – კონკრეტული ქალი მიყვარს.
– მეუღლემ იცის?
– იცის და იცოდეს, რა ვქნა. მეუღლეს რამეს ვუკრძალავ?
– ქართულ ტრადიციებში ჯდება ეს ყველაფერი?
– ქართულ ტრადიციებთან ეს მოსატანი არ არის, მაგრამ მე ვინც მიყვარს, ყველამ იცოდეს. ჩემს თეატრში შევიყვარებ ხოლმე გოგონებს და ეს ყველამ იცის... ჩემი შვილები ამბობენ, – ის გოგო მამას უყვარსო და გამოვეკიდები, თქვენ ვინ გკითხავთ-მეთქი. ეს სიყვარული მასაზრდოებს. მე მსახიობს ისე ვერ გავზრდი. ამ ბოლო დროს მოდის ხმები, რომ გალაკტიონს თურმე უამრავი ვინმე უყვარდა. სხვანაირად „მე და ღამეს“ ვერ დაწერდა. აიჩემეს – მერი. მერი რა შუაშია?! იქ სხვა რამაა ჩადებული. ყველა ლექსსა და მოთხრობაში უკანა მხარეა მედლის და ის უნდა დაინახოს მკითხველმა – მე, თქვენ, საზოგადოებამ.
– ყველაზე კარგად მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იგრძენით თავი?
– ესპანეთში... ძალიან ვგავართ ერთმანეთს...
– ამბობენ, რომ იტალიელებს ვგავართ...
– არ დაიჯეროთ... რამდენიმე ამბავს გიამბობთ: დილას ზღვაზე გავედი. ერთმა ტიპმა გამოაქცუნა სავარძელი, დადგა ზღვის ნაპირზე. მოვიდა ერთი კაცი და ჩაჯდა. ვუყურებ ამ კაცს და ვფიქრობ – ქუთაისელია და აქ რამ მოიყვანა-მეთქი. სავარძელში მჯდომი ელაპარაკებოდა და ეს ფეხზე მდგარი, წარა-მარა ჰო, ჰოს იძახდა... ესე იგი ეთანხმებოდა ან არ ეთანხმებოდა. სავარძელში მჯდომი კი გაქანებული ქუთაისურით საუბრობდა... ესპანეთშივე ასაკში შესული ქალბატონები ზღვაში ჩაცვივდნენ და ლაპარაკი რომ დაიწყეს, გიჟივით ვიდექი და ვისმენდი. ესპანური ერთი სიტყვაც არ ვიცოდი და ყველაფერი გავიგე – ესპანურად საუბრობდნენ და ქართული იყო... შემდეგ მატარებლით წავედით ალიკანტეს მახლობლად. მითხრეს, სამოთხეში უნდა წაგიყვანოთო და მართლაც, სამოთხეში აღმოვჩნდით. ზღვა იყო, სადაც სანაპიროზე სულ ერთი ზომის კენჭები ეყარა... თითქოს მასაჟებს აკეთებდა ეს კენჭები... იქვე რამდენიმე კორპუსი იდგა და მითხრეს, 50 ათასი დოლარი თუ გაქვს, ახლავე გაგიფორმებენ 2 ბინას, ჩამოდი და იცხოვრეო... ამიტომაც, რაც ხდება ბათუმის გარშემო დღეს, ეს ჩემთვის ძალიან ახლობელია.
მე მგონი, ძალიან სწორი მიმართულებაა – ჩემს სამშობლოს მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს.

скачать dle 11.3