კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გადააწყვეტინა „ახალ მემარჯვენეებს“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც არც არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ და არც სურვილი

მმართველი პარტიისა და დანარჩენი შვიდი პოლიტიკური სუბიექტის მოლაპარაკების პროცესი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე კვლავაც გრძელდება: ამჯერად პასუხს ვენეციის კომისიიდან ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული სუბიექტები სრულად შეთანხმდნენ დაფინანსების საკითხზე (რამაც არასამთავრობო სექტორის გულისწყრომა გამოიწვია), თუმცა კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა ქართული საარჩევნო სისტემის აქილევსის ქუსლთან – საარჩევნო სიებთან – მიმართებაში. რა პირი უჩანს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და რა შედეგს ელიან ამ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში მმართველ პარტიასთან მომლაპარაკებელი პოლიტიკური პარტიები? – ამ საკითხებზე ცნობისმოყვარეობის მოკვლას „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელთან, მამუკა კაციტაძესთან, შევეცადეთ.

– გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების საკითხზე ყველაზე ადრიანად მიაღწიეთ შეთანხმებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში?
– როდესაც თქვენ გესაუბრებით, ხელში მიჭირავს ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის.
– შევახსენოთ მკითხველს ამ ოპოზიციურ პარტიათა ჩამონათვალი.
– „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „სახალხო ქრისტიან-დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატები“, „დემოკრატიული პარტია“, „ჩვენ თვითონ“, ყოველ შემთხვევაში, ასე ერქვათ მაშინ და „მრეწველები“. გაფორმდა შეთანხმება, რომელიც არის ათმუხლიანი, მაგრამ თორმეტპუნქტიანი, ანუ თორმეტ სხვადასხვა თემას ეხება. მათგან ფინანსური თემა არის სამი, დანარჩენი ცხრა თემა სხვა საკითხებს ეხება და ფინანსური თემები რიგით არც პირველია, არც მეორე და არც მესამე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნებზე 5 პროცენტის გადალახვის შემთხვევაში, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტი კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, უფლებას იღებს, ბიუჯეტიდან მიიღოს დაფინანსება ერთ მილიონამდე ფარგლებში. ეს პირდაპირ წერია ამ შეთანხმებაში. ამას ყველა ხელმომწერმა მოაწერა ხელი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის ახალი გარემოება. რვა თვის განმავლობაში ეგრეთ წოდებული „ოპოზიციური რვიანი“ მოლაპარაკების მაგიდასთან ითხოვდა, რომ 4-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, ბიუჯეტიდან მიეღო დაფინანსება ორი მილიონი დოლარის ფარგლებში. ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხად: 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დაფინანსება ერთი მილიონის ფარგლებში.
– რატომ ხუთი პროცენტი, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში ბარიერი 3 პროცენტია?
– ხელისუფლების პასუხი ასეთი იყო: იმ საარჩევნო სუბიექტმა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიის მილიონამდე დაფინანსება, ვინც პარლამენტში მოხვდება. მეორე ფინანსური თემაა, რომ, თუ აქამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირ-დონორებს შეეძლოთ, გაეღოთ თანხა 30 000 და 100 000 ლარის ოდენობით, ამ შეთანხმებით, ეს თანხა ორმაგდება და ერთ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს ორჯერ მეტი თანხის შეტანა შეეძლება კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო ფონდის ანგარიშზე. რატომ? როგორც წესი, დონორის პოვნა პრობლემაა ოპოზიციისთვის, თორემ ხელისუფლებას რიგი უდგას.
– სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მოლაპარაკების პროცესში, სვამენ კითხვას: წინა არჩევნების გამოცდილებით, ოპოზიციას თითქმის არ ჰყავდა დონორები და, შესაბამისად, გაორმაგებაც არაფერს მისცემს. აქედან ხეირობს მხოლოდ ხელისუფლება, რომელსაც, როგორც თქვით, რიგი უდგას.
– როგორ არ აძლევს ოპოზიციას არაფერს?! როდესაც პოულობ იმ ერთ-ორ დონორს, მათაც კი შეზღუდული აქვთ დაფინანსების ოდენობა. ადამიანი გეუბნება, მინდა, მოგცე 100 000 ლარი, მაგრამ ვერ მოგცემ 30 000-ზე მეტსო. ამიტომ შენ უნდა ეძებო ვიღაც ფიზიკური პირი, რომ ის ფული მისი მეშვეობით შემოიტანო. ამდენად, ეს ჩვენი პრობლემაა, თორემ ხელისუფლებას ღიად უდგას ჯარი. ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ის სიტყვა-სიტყვით გადავიდა შეთანხმებაში. მესამე: ასევე, ოპოზიცია ითხოვდა, რომ, რადგან უბანზე კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები აღიჭურვებიან დამატებითი უფლებამოსილებებით, უბანზე მიიღონ 100 ლარი. ხელისუფლებამ წამოაყენა პირობა: 100 ლარს მივცემთ ოლქში, უბანზე კი – 50 ლარს. ანუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ანუ არის საკითხები, რომლებიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არის საკითხები, რომლებიც სრულად დაკმაყოფილდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ვარიანტი იყო შემოთავაზებული სიებთან დაკავშირებით.
– როდესაც თქვენ დათანხმდით ამ შეთანხმებას, რა არის ის თამასა, რის ქვემოთაც არ ჩამოხვალთ?
– თამასა აღარ არსებობს, ეს უკვე შეთანხმებაა.
– რომ არ შესრულდეს სრულად?
– რატომ შედგა ეს შეთანხმება?! იმიტომ, რომ ოპოზიციას აინტერესებს საარჩევნო გარემოს გაობიექტურობა და გაჯანსაღება, ხელისუფლებას კი აინტერესებს ამ საარჩევნო გარემოს ლეგიტიმაცია ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მოიძებნა რაღაც შეთანხმება: რაღაც კომპრომისზე ხელისუფლება წავიდა, უფრო მეტზე – ოპოზიცია და შედგა შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება დაირღვევა, მე გეტყვით, რა იქნება ჩვენი, „მემარჯვენეების“ პოზიცია.
– განვმარტოთ, რას ნიშნავს დარღვევა?
– თუ არ შესრულდება სრულად, რადგან ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია. „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომ ამ შეთანხმებიდან კანონამდე გზაში არ დაიკარგოს რომელიმე თემა. თორმეტიდან ცხრა საკითხი უკვე გავიარეთ და ეს ცხრა საკითხი ვენეციის კომისიასაც გადავუგზავნეთ.
– მათ შორის, ფინანსების თემაც?
– დიახ.
– სიების?
– სიების საკითხი არ შედის. იმ საკითხებში, რომელიც დასაზუსტებელია, შედის სიებიც და ისინიც დაეწევა ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილ დოკუმენტს. ანუ იქმნება რეალური შანსი იმისა, რომ ეს თორმეტივე საკითხი გადავიდეს ქართულ კანონმდებლობაში, ოღონდ ჩვენი პირობაა, კანონში გადავიდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიღებთ დასკვნას ვენეციის კომისიიდან.
– საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს რამდენიმე ოპოზიციური, კერძოდ, შვიდი პარტია. მათგან ლამის აბსოლუტურ უმრავლესობას, გამოცდილების გათვალისწინებით, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას სჭირდება საარჩევნო გარემოს ლეგიტიმაცია. ის მიიღებს ამ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას იმ პარტიებისგან, რომლებსაც შესაძლოა, არც კი უნდათ გამარჯვება, იმას გარდა, რომ ვერც გაიმარჯვებენ. არ გეშინიათ, რომ მარტო დარჩებით, თუკი მმართველი პარტია იმ ფორმატიდან რამდენიმე თემის შესრულებაზე უარს იტყვით?
– მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ჩვენს წინადადებებზე წარმოადგინა პასუხები და ეს საბოლოო შეთანხმებამდე მივიდა, ყველა პარტიამ, მიუხედავად რეიტინგისა; მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ ვერ გადალახავს ბარიერს, „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად ამ შეთანხმებას დაუჭირა მხარი და ისინი კონკრეტულ ეტაპზე ჩვენს პარტნიორებად დაფიქსირდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხში.
– მათ შორის ხომ ისინიც არიან, რომლებმაც ზურგი გაქციეს 2008 წლის არჩევნების შემდეგ? მათ არ შეჰქმნიათ უხერხულობა, როდესაც შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ყველამ იცოდა, რომ კონკრეტულად მათთვის ამომრჩეველს ხმა არ მიუცია. თავიდან ენდეთ?
– რა შუაშია, ვენდეთ?! ეს ჩვენთვისაც ხელსაყრელია. თქვენ, დავუშვათ, რაღაცაში არ მენდობით, მაგრამ თქვენს ერთ-ერთ პოზიციას ვიზიარებ, არ უნდა დაგეთანხმოთ?! სხვა საკითხია, მე მას ვენდობი თუ არა, მაგრამ კონკრეტულ შეხედულებებთან მიმართებაში ყველამ გამოხატა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს.
– არ გაგჩენიათ ეჭვი, რატომ დაემთხვა თქვენი პოზიციები იმ პარტიებისას, რომლებსაც არასდროს გადაულახავთ 3-პროცენტიანი ბარიერიც კი? ვაღიაროთ, რომ ჩვენი პოლიტიკა დაცლილია იდეებისთვის უანგარო ბრძოლის პათოსისგან?
– რა თქმა უნდა, ეს ეჭვი გამჩენია, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაა.
– ვერ დაგეთანხმებით, ეს ყველას პრობლემაა.
– თუ შედეგად მივიღე ის, რაც მე მიმაჩნია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებად და ამას ჩემთვის უნდო პარტიამაც მოაწერა ხელი, დაე, მოაწეროს, მთავარია, მე არ წავყვე მას იმ ნაწილში, რაც ჩემთვის მიუღებელია. აღნიშნული პროცესი ვერ მიიღებდა საკმარის ლეგიტიმაციას, თუ მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც წონა აქვთ ქართულ პოლიტიკაში.
– იქნებ დაგეტოვებინათ მმართველი პარტია მცირეწონიან პარტიებთან და უკეთესი შედეგი მიგეღოთ?
– ეს უკვე პოლიტიკური გამოცდილების საკითხია და თქვენ ის თქვით, რასაც „ექვსიანი“ ამბობს დღეს.
– ბუნებრივია, მე სწორედ ასეთ კითხვებს გისვამთ?
– 2008 წელს, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები მზადდებოდა, ხელისუფლებამ იგნორირება გაუწია მთელ ოპოზიციურ სპექტრს და ასე მივიღეთ პარლამენტში 75-75-ზე, რაც საარჩევნო გარემოს ნაწილში მნიშვნელოვანი გაუარესება იყო. როდესაც პარტიას გაქვს ასეთი გამოცდილება და კიდევ ილუზიებით იკვებები, ჩვენ თუ ერთად დავდგებით, უფრო მეტს დავათმობინებთო, ეს ყველაზე მარტივად ერთ შეფასებას იმსახურებს: უკვე საკუთარ შეცდომებზეც ვეღარ სწავლობ!
– თქვით, რომ ხელისუფლებას სჭირდება პროცესის ლეგიტიმაციაო. შეგეძლოთ, არ მიგეცათ ლეგიტიმაციის საშუალება?
– მაგრამ მას ექნებოდა პასუხი: მე ვთანხმდები მათ მოთხოვნებს თორმეტ პუნქტში ან ნაწილობრივ, ან სრულად და მაინც უარს ამბობენო. ანუ მას ექნებოდა არგუმენტი და ჩვენს უარს ჩვენვე შემოგვიტრიალებდა. მით უმეტეს, რომ ეს ხელისუფლება არ ხასიათდება საერთაშორისო სტრუქტურებისთვის დიდი ანგარიშის გაწევით. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მასთან ამ პრინციპით ბრძოლა მარცხით და უშედეგოდ მთავრდება. დღესაც კი მადლობას ვეტყვით ყველას, ვინც ამაზე მეტს წამოიღებს ხელისუფლებისგან.
– ამ შეთანხმების შემდეგ ვერავინ უფრო მეტს ვეღარ წამოიღებს. ეს გზა არ დაკეტა ამ შეთანხმებამ?
– შეიქმნა რეალისტური პირობა, რომელიც შეიძლებოდა, დამთავრებულიყო ნულით ოპოზიცის ანგარიშზე, როგორც ეს დამთავრდა 2008 წელს. 16 დღეს ვიშიმშილე, მანამდე კი მანდატები დავხიეთ და რა მივიღეთ შედეგად? ნული! ეს შეთანხმება ნული არ არის!
– ამას 2012 წელს ვნახავთ.
– შეიძლება, საარჩევნო გარემო იდეალური შეიქმნას, მაგრამ ოპოზიციამ ვერ ივარგოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შედეგზე, შედეგად ვგულისხმობთ იმას, როდესაც ეს შეთანხმება გადავა კანონმდებლობაში და, თუ ამის შემდეგ ოპოზიცია ვერ გამოიყენებს ნორმალურ კანონმდებლობას, ეს უკვე არა პროცესის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ბრალი იქნება. ამიტომ საუბარი იმაზე, ასე რომ გექნა, ისე რომ გექნა, ზედმეტია. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ ხელისუფლებასთან. ჩვენს გადაწყვეტილებას აქვს სამი მოტივი: პირველი – ეს არის პოლიტიკური გამოცდილება; მეორე – ეს არის პოლიტიკური გემოვნება, ვისთვის ეს შედეგია და ვისთვის – არა და მესამე – ეს არის პოლიტიკური არჩევანი. ეს შეთანხმება უფრო უკეთესია, ვიდრე დღეს მოქმედი კანონმდებლობა.
– როგორ ატყობთ, არის მმართველი ძალა მზად, რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ძალებსაც გაუნაწილოს?
– იდიოტი იქნებოდა, მზად რომ იყოს.
– აბა, რა აზრი აქვს გარემოს გაუმჯობესებას, თუკი კვლავ ერთ პარტიას, თუნდაც, სულ ფრთიანი ანგელოზებით დაკომპლექტებულს, ექნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა? მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იმას დაუკავშირდა, რომ მმართველმა პარტიამ უფრო მეტი კვოტა გამოუყო ოპოზიციასო?
– არც ერთი მმართველი პარტია არ დაუშვებს ოპოზიციისთვის იმაზე მეტს, ვიდრე ეს მას აძლევს ხელს. კი არ დაუშვებს კვოტას, კვოტა უნდა დააშვებინო. ორი ფაქტორი, რის გამოც ეს შეთანხმება შეიქმნა და რაც იარაღია ოპოზიციის ხელში: პირველი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის ნება და, თუ ქართველმა ამომრჩეველმა თავისუფალი ნება არ გამოხატა, რა კოდექსიც უნდა დაწერო, არაფერი შეიცვლება და, ასევე, თუ ამომრჩეველს კონკრეტული სუბიექტების მიმართ ნდობა არ დაუბრუნდა. მეორე გადამწყვეტი ფაქტორია საერთაშორისო თანამეგობრობა. თქვენ ოდესმე გსმენიათ ისეთი ინტენსიური შეფასებები, როგორიც კეთდებოდა აპრილ-მაისში ამ პროცესთან დაკავშირებით?! პირდაპირ ამბობს ნატო, ევროკავშირი, ეუთო თუ გაერო, რომ ეს პროცესი უნდა დამთავრდეს შედეგით, რასაც უნდა მოჰყვეს დემოკრატიული არჩევნები.
– ჩემი დაკვირვებით, დასავლეთისთვის ჩვეულია ორმაგი სტანდარტები: თავიანთთვის დემოკრატიის მაღალი სტანდარტი აქვს, ჩვენნაირებისთვის – საშუალოზე დაბალს იმეტებს. ვითომ მათ არ ურჩევნიათ ერთ ძალასთან კონტაქტი, თან ასეთ გეოპოლიტიკურად არეულ ადგილას?
– კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით! საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი განუხრელი სტანდარტები: ერთი სიტყვით, ეს არის დემოკრატია. თუ დემოკრატია, ანუ საზოგადოების განწყობა გკარნახობს, რომ უნდა ითანამშრომლო ორთან და სამთან, უნდა მიჰყვე ამ კარნახს.
– საჩვენებლად მშვენივრად თანამშრომლობს დასავლეთი რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან?
– მე კატეგორიულად არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ერთთან კავშირი სჯობს ბევრთან კავშირს, როდესაც საზოგადოების განწყობა სხვაგვარია. როდესაც იმ ერთის უკან არ დგას მთელი ამომრჩეველი, ესე იგი, არ არის დემოკრატია. ასეთი საკითხები არ წყდება საქმის გასაადვილებლად. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს: ამ ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ დაიმსახურა სრულფასოვანი დემოკრატიული მხარდაჭერა?
– მოეთხოვა დასავლეთს და იქნებ ყოფილიყო ჭეშმარიტი დემოკრატია ამ ქვეყანაში? ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი სურვილით არ დაუშვა სრულფასოვანი დემოკრატია?
– დიახ, საკუთარი სურვილის გამო არ დაუშვა. თქვენ უფლება, გაქვთ, დაეჭვდეთ ამაში.
– „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ ბატონ ბასს საკმაოდ ადეკვატური წარმოდგენა აქვს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, თუმცა გამოსვლებისას სულ სხვა რამეებს გვეუბნება?
– „ვიკილიკსი“ ძალიან ბუნდოვანი თემაა და ჩვენ არ ვიცით, რა საერთაშორისო პოლიტიკური თამაშებია.
– ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ერთია, თამაშია თუ არა, მათ იციან ობიექტური რეალობა.
– მე რომ ვიღაცას დავუჭირო მხარი, მე ის თავისი ფასეულობებით უნდა მაინტერესებდეს. მხოლოდ დემოკრატიული პროცესი არ არის განმსაზღვრელი. აქ რომ ის მოხდეს, რაც 1992-ში ხდებოდა, დემოკრატიის კი არა, გადარჩენის პრობლემა დადგება. დემოკრატია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. ის, რომ ერთ პარტიასთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი დასავლეთისთვის, ამაზე ბევრი რამ მიუთითებს. ერთ ადამიანზე დაყრდნობამ მსოფლიო კინაღამ ომს შეამთხვია 2008 წელს. ამიტომ მსოფლიომ იცის, რომ არ შეიძლება, დაუბალანსებელი პოლიტიკური გარემო არსებობდეს ისეთ გეოპოლიტიკურ ზონაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

скачать dle 11.3