კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კატეგორიის ადამიანებს ჰყავთ გამორჩეულად ბევრი მეგობარი „ფეისბუქზე“ და რატომ ათავსებენ თავიანთ პროფილებზე პირად ინტიმურ ინფორმაციას

თანამედროვე ცხოვრებამ ბევრი ზღაპარი უკვე აქცია რეალობად: მათ შორის სარკეში შორეული ქვეყნის ამბების ხილვა (ინტერნეტი) თუ ჯადოსნური მფრინავი ხალიჩა (თვითმფრინავი). მეტიც, ვირტუალურმა სივრცემ ლამის პარალელური სამყაროს ფუნქციაც შეითავსა. სოციალური ქსელები ადამიანების ცხოვრების არათუ შემადგენელი ნაწილი გახდა, არამედ ამ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილიც დაიკავა (ბუნებრივია, იქ და მათთვის, სადაც და ვისთვისაც ინტერნეტსივრცე ხელმისაწვდომია). რა გავლენა აქვს ვირტუალურ ცხოვრებას ადამიანების რეალურ ცხოვრებაზე, რა შესაძლებლობებს უხსნის მათ და რას უზღუდავს, – თემაზე თსუ-ს პოლიტოლოგიის ასისტენტ-პროფესორი კობა თურმანიძე გვესაუბრება.

– რით გაუადვილა და გაურთულა ადამიანს ყოველდღიური ყოფა ვირტუალურმა ცხოვრებამ?
– დავიწყოთ იმით, თუ რა სიკეთე აქვს ვირტუალურ ურთიერთობებს: უპირველესად, ის აადვილებს ურთიერთობებს. შეგვიძლია, დავუმეგობრდეთ ისეთ ადამიანს, რომელსაც პირადად ვერ დავუმეგობრდებოდით და გავცვალოთ მასთან ინფორმაცია. ახლა მოდაში შემოვიდა, რომ პოპულარული ადამიანები ხსნიან „ფეისბუქის“ პროფილებს და უბრალო ადამიანებს უმეგობრდებიან სწორედ იმიტომ, რომ კარგად აქვთ გაცნობიერებული ამის სარგებელი. ზოგადად, ქსელური თეორიით რომ ვიმსჯელოთ, ქსელური კავშირები ადამიანებს უხსნის შესაძლებლობებს და, იმავდროულად, ზღუდავს კიდეც მათ ქმედებებს. წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენნაირად აზროვნებენ და ისეთებიც, რომლებიც საპირისპიროდ აზროვნებენ და მოგერიდებათ მათთან რაღაც აზრის გამოხატვა. ექსპერიმენტების საფუძველზე ქსელურ თეორიაში მიღებულია დასკვნა, რომ ექვსი ნაბიჯის გამოყენებით შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ადამიანს დაუკავშირდეს. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, მე რომ ვიღაც შემთხვევით არჩეულ ჩინელს დავუკავშირდე, ამისთვის საშუალოდ ექვსი ნაბიჯი უნდა დამჭირდეს. ამ ელექტრონულმა სოციალურმა ქსელებმა კი ამ ნაბიჯების ოდენობა შეამცირა და ხშირად ერთსა და ორზე დაიყვანა.
– რატომ გაუჩნდა ადამიანს ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის სურვილი? რას უკავშირდება ნაცნობების წრის გაფართოება?
– ჩემი აზრით, ადამიანის სურვილია, ჰქონდეს რაც შეიძლება, მეტი გავლენა. არავინ არავის იმისთვის არ უმეგობრდება, რომ უბრალოდ მეგობარი ჰყავდეს. დამეგობრებული ადამიანი არის პოტენციალური გავლენის ობიექტი და ნებისმიერ ადამიანს აქვს სურვილი, რომ სხვებიც მისნაირად ფიქრობდნენ. რატომ წერს ხალხი ძალიან პიროვნულ ინფორმაციას თავის პროფილებზე? ეს შეიძლება, იმდენად გავლენისთვის არ კეთდება, რამდენადაც უფრო დღიურის დატვირთვა აქვს. შემდეგ შეუძლია, გადახედოს თავის დაპოსტილებს და გაიხსენოს, რას აკეთებდა ამა თუ იმ დროს.
– საკუთარი თავის შესახებ ისტორიას ქმნის?
– ჩემი აზრით, ორი მიზეზია: გავლენის მოხდენისა და საკუთარი მცირე ისტორიის დაწერის სურვილი. თუმცა ზოგი ძალიან აქტიურია, ზოგი კი – პასიური. არც კომენტარს აკეთებს, არც „ალაიქებს“. არც არაფერს წერს, თუმცა ზოგი, ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ სულ იქ ზის.
– ეს რაღაც ფსიქიკურ პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს?
– შევატყვე, რომ ჩემი „ფეისბუქის“ მეგობრები, რაც უფრო იზოლირებული არიან ამ სფეროდან, მით უფრო აქტიურობენ, ვგულისხმობ მათ, ვინც უცხოეთშია. მათ უნდათ, რომ რაღაცნაირად ინტეგრირებული იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში და სხვანაირად ამის საშუალება არ აქვთ. ამასთან, ეს ხომ ინფორმაციის წყაროც არის. არის მეორე კატეგორიის ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ უშუალო ურთიერთობების დრო ან ნაკლებად ეხერხებათ და ასეთი ხალხი, როგორც წესი, ძალიან აქტიურია. და მესამე კატეგორია: რომლებიც იმიტომ არიან აქტიური, რომ მათ აზრებსა და იდეებს რაც შეიძლება, მეტ ადამიანზე ჰქონდეთ გავლენა. ასეთებს უამრავი მეგობარი ჰყავს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება, ადამიანი ფიზიკურად იცნობდეს. ისინი აქტიურობენ, რადგან ჰგონიათ, რომ მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს და აითვისოს მათი აზრები.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ადამიანებმა რეალური ცხოვრების მსგავსად, რაღაც საკუთარი სივრცე მოინიშნეს ვირტუალურ სამყაროშიც? პარალელური სამყარო შექმნეს?
– არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად თამაშობენ სოციალური ქსელების მომყოლ თამაშებს, სადაც ცხოვრების გამარტივებული მოდელია. ესეც არის მცდელობა, რაღაც გააკეთო იმის პარალელურად, რაც რეალობაში ხდება.
– რასაც ვერ აკეთებ რეალობაში?
– შეიძლება, ასეც იყოს. იქ სწრაფად მაინც აკეთებ, შედეგსაც ხედავ და რაღაცასაც აკონტროლებ.
– მაგრამ ეს ხომ ილუზორული შედეგი და კონტროლია?
– დიახ, მაგრამ ეს მაინც თვითონ იმ ადამიანის შემოქმედებაა. რეალურად ჩვენ ხომ ჩვენი ცხოვრების მხოლოდ პატარა პროცენტს ვაკონტროლებთ?! ცოტა პარადოქსული რამაა, მაგრამ სოციალურ ქსელებში ინტეგრირება არის როგორც შემზღუდავი, ისე გამათავისუფლებელი. რეალურ ცხოვრებაში შეზღუდვა ადამიანმა შეიძლება, მოიხსნას ვირტუალურ ქსელში გახსნით.
– ჰქონდეს მამულები, რესტორნები, კაზინოში „ჯეკპოტი“ მოხსნას?
– რამდენსაც იშრომებს, იმდენს მიიღებს. რეალურ ცხოვრებაში კი ეს კავშირი ძალისხმევასა და შედეგს შორის ადეკვატური არ არის. ამასთან, ვირტუალური სივრცე ბევრ რამეს ამარტივებს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, ყველამ, ვინც კომპიუტერთან ზის და აზრებს გამოთქვამს, იმ ხალხთან ერთად რომ ისხდეს, იგივე აზრები გამოთქვას. ვირტუალურ სივრცეში ვინმემ შეიძლება, ისეთი მოსაზრებები გამოთქვას, რის თქმასაც ვერასდროს გაბედავდა. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ შესაძლოა, ბევრი მიუღებელი მოსაზრების პროპაგანდა მოხდეს და ხდება კიდეც. ძალიან ბევრგან სოციალურ ქსელებს არასათანადო მიზნებისთვის იყენებენ. სოციალურ ქსელში ნაკლებად ელი, რომ პასუხს აგებ შენს გამონათქვამზე. ჯერჯერობით არ არის აუცილებელი, რომ მომხმარებლის ვინაობა დაზუსტდეს, თუ ეს სავალდებულო გახდება და, ალბათ, დადგება ეს საკითხი მაშინ, თუ სოციალურმა ქსელებმა რაღაც ცუდი პროცესები გამოიწვია. თავდაპირველად, არაბულ ქვეყნებში სოციალურ ქსელებს გადატრიალებების მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ახლა კი წამოვიდა საპირისპირო მოსაზრება, რომ არადემოკრატიულ სახელმწიფოებში ვირტუალური სივრცეები ხელისუფლების მიერ იმართება.
– თვითონ სოციალურ ქსელებში აქტივობას რა გავლენა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
– ეს დამოკიდებულია ინტერნეტის მოხმარებაზე. ჩვენი მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს ინტერნეტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და, ძირითადად, ეს არის თბილისის ხარჯზე. ამდენად, საქართველოში ძალიან რთული წარმოსადგენია, სოციალური ქსელები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
– ზოგადად?
– იქ, სადაც ინტერნეტის მოხმარება ფართოა და იქაც, სადაც ინფორმაციის სხვა წყაროები ძალიან შეზღუდულია და კონტროლდება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ღირებულება აქვს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას და ის რევოლუციების დროს ადრე არსებულ პროკლამაციებსა და იატაკქვეშა მუშაობას ანაცვლებს. თუმცა, ამასთანავე, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია მოწინააღმდეგეებისთვისაც. მაგალითად, ირანში „ფეისბუქი“ დაბლოკილია.
– ინტერნეტი მართლა აკრძალულია?
– არ არის აკრძალული, ოღონდ ყველა სოციალური ქსელი დაბლოკილია. ასევე, ვერ შეხვალ ისეთ საიტებზე, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, საშიშია. აკონტროლებენ, რომელი საიტია მათთვის არასასურველი ინფორმაციის შემცველი და ასეთებს სახელმწიფო ბლოკავს. განსაკუთრებით გაფრთხილდნენ ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენების შემდეგ. სოციალურმა ქსელებმა ზოგ შემთხვევაში მართლაც შეიძლება, შეასრულოს მობილიზაციის ფუნქცია, მაგრამ გააჩნია უკმაყოფილების დონეს. თუ ის ზღვართანაა მისული, შეიძლება, უბრალო მოწოდებამ შეასრულოს ბიძგის როლი, მაგრამ, თუ არაფერი ხდება, მხოლოდ სოციალური ქსელი ვერ ააგორებს გამოსვლებს, იმიტომ რომ, თუნდაც, ამის საშუალებას არ მისცემს მოწინააღმდეგე იმდენად ღიაა ეს სისტემა.
– იმ ქვეყნებში, რომელთა მთავრობები დემოკრატიასთან მწყრალად არიან, გასაგებია სოციალური ქსელებისადმი და, ზოგადად, ინტერნეტისადმი დამოკიდებულება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში თუ ყოფილა სოციალური ქსელების ან ინტერნეტის მოხმარების შეზღუდვის ფაქტები?
– ჩემთვის არ არის ცნობილი ასეთი ფაქტები. ჯერ ერთი, იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყნებში რაღაცეების გაკეთება შეიძლება, უნდოდეთ, მაგრამ ვერ და არ აკეთებდნენ, რადგან არსებობს დაუწერელი შეთანხმება, რომ ასეთი რაღაცეები „არ მოსულა“. თორემ, ძალიან ბევრი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა რომ ავიღოთ, შესაძლოა, მას ჩვენი სჯობდეს, მაგრამ, რეალურად, იქ, კანონში რაღაც შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველაა შეთანხმებული, რომ ამას არ გააკეთებენ. ყოველთვის ვამბობ, რა მოხდება საქართველოში, აქაც რომ იყოს წინასწარი არჩევნები, როგორც ეს ამერიკაში ხდება. ჩვენთან ერთი პარტია გაივლიდა რეგისტრაციას მეორე პარტიად, ცუდ კანდიდატს მისცემდნენ ხმას და უამრავს იმაიმუნებდნენ. იქ კი ის ხალხი შეთანხმებულია, რომ ასე არ გააკეთებენ.
– შეთანხმებულია, რომ ერთმანეთს არ მოატყუებენ. მარტივი ფორმულაა.
– დიახ. შეთანხმებული არიან, რომ, რაც კანონით აკრძალული არ არის, მაინც არ ვიკადროთ და არ გავაკეთოთო. ჩვენთან კი ამბობენ, რაც კანონით აკრძალული არ არის, შეგვიძლია, გავაკეთოთო.
– რატომ გვჭირს ეს. ცუდი ადამიანები ვართ?
– არა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩვენი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სადაც უცხოელები ასწავლიან, დაახლოებით ისეთივე ინსტიტუტია, როგორიც ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სადაც მე ვსწავლობდი. აქ რომ ახვიდეთ ბიბლიოთეკაში, რომელიც უფრო მცირე ზომისაა, თუმცა ისევე კარგად მოწყობილი, როგორც ბუდაპეშტში, ნახავთ, რომ ვისაც, სადაც უნდა, იქ ლაპარაკობს; ვისაც როგორ უნდა, ისე იქცევა და არის უწესრიგობა, მაგრამ, როდესაც იგივე ადამიანები ჩადიან ბუდაპეშტის ბიბლიოთეკაში, იქცევიან ცივილიზებულად: არც არავის უშლიან ხელს და არც ხმაურობენ. ესე იგი, როგორც კი მოხვდები უწესრიგო კონტექსტში, სადაც არათუ ფურცელზე დაწერილი კანონები არ მუშაობს, არამედ საზოგადოებაში ხალხი არ არის შეთანხმებული, რომ ამისი გაკეთება ცუდია, ხდები ცუდი. ჩვენ, როგორც ერს, არ გვაქვს გაცნობიერებული, „რა მოსულა“ და რა „არ მოსულა“. მაგალითად, რატომ არის კარგი, რომ ანთებული სიგარეტი არ უნდა დააგდო ქუჩაში და უნდა ჩააგდო პლასტმასის ყუთში? ჯერ ერთი, ვინც პლასტმასის ყუთი დააყენა მწეველების ქვეყანაში, იმასაც ხომ ჭკუა უნდა ჰქონოდა. ვთქვათ, მას არ ეყო ჭკუა, მაგრამ რატომ არ უნდა ჩააგდო სიგარეტი პლასტმასის ყუთში?!
– იმ პლასტმასის ყუთს აქვს სიგარეტისთვის მეტალის ჩასაქრობი.
– აქვს, მაგრამ ეზარებათ. პოლიტიკური ელიტით დაწყებული და უბრალო ადამიანებით დამთავრებული, არ არსებობს ელემენტარული შეთანხმებები.
– სანამ ჯარიმა არ დაწესდა ნაგვის დაყრაზე, ვერ გადავეჩვიეთ.
– მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ის ჩვევა, რაც დღეს გამჯდარია ცივილიზებულ ქვეყნებში, თავის დროზე, სწორედ დასჯის რაღაც მექანიზმებით არის ჩამოყალიბებული. როგორც კი, ეს მექანიზმი მოიშლება, რაც ცოტა ხნის წინათ ინგლისში მოხდა, უცბად აიშვებენ და უარესებს აკეთებენ. მართალია, ამბობენ, მხოლოდ ემიგრანტები არბევდნენო, მაგრამ რეალურად მათ შორის ბევრი არაემიგრანტიც იყო. ასე რომ, ეს სიცუდეზე არ არის დამოკიდებული, არამედ ტრადიციასა და საკუთარ შეცდომებზე სწავლაზე. ბოლოს და ბოლოს, ხომ ხვდება ადამიანი, რომ, რაც ცუდია, არ უნდა გააკეთოს?! ამას გარდა, არის უნდობლობის მომენტიც: მე რატომ არ უნდა დავყარო ნაგავი, როდესაც არ მაქვს ნდობა, რომ სხვა არ დაყრის?
– შენც თუ არ დაყრი, ერთით ნაკლები იქნება.
– დიახ, მაგრამ ერთი სიგარეტი ეგდება თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უამრავი გამოკვლევაა ჩატარებული, რომელიც ადასტურებს, რომ ასეთი უნდობლობა ადამიანების მიმართ, ძალიან ცუდია ქვეყნის განვითარებისთვის. თუნდაც, ეკონომიკის განვითარებისთვის და იმისთვისაც, რომ ადამიანებმა თავისით გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები. მაგალითად, ყველა უცხოელს თვალში ხვდება, რომ სახლში ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს, სადარბაზოში კი ნაგავი ყრია და ამას აკეთებს ერთი და იგივე ხალხი. ამის ერთ-ერთ მიზეზად მიჩნეულია ნდობის უქონლობა: რა აზრი აქვს, მე გავაკეთებ თუ არა, თუ სხვა მაინც არ გააკეთებს. მაშინ, როდესაც მაღალი ნდობის მქონე ქვეყნებში ადამიანები მოელიან, რომ სხვები გააკეთებენ კარგს და არა ცუდს. ამიტომაც იქ მიღებულია შენიშვნის მიცემაც, თუ რამეს აფუჭებ. ჩვენთან ეს მიღებული არ არის, არადა ეს სოციალური კონტროლის მექანიზმია. თუ ასეთები ბევრნი იქნებიან, ადამიანის ჩვევაც შეიცვლება, რადგან კარგიც შეიძლება, ცუდად მოიქცეს და ცუდიც – კარგად. ბევრი ადამიანის, ქცევაც იცვლება თუ სოციალურ ზეწოლას გრძნობს, რომ ასე მოქცევა ცუდ ტონად ითვლება. ეს ჩვენ გვაქვს უკუღმართი გაგება იმისა, თუ რა არის კარგი ტონი და რა ცუდი. ხომ არ იქცევიან ჩვენთან ისე, რაც, ჩვენი გაგებით, ცუდი ტონია? არადა ისეთ რამეებს მივიჩნევთ ცუდ ტონად, რასაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ აქვს, მაგრამ მართლაც ღირებულ რაღაცეებზე არ ჩამოვყალიბებულვართ. მაგალითად, ცუდ ტონად მიიჩნევა, თუ ვინმე სუფრას არ გაგიშლის, თუ სტუმრად მიხვალ, მაგრამ არ მიიჩნევა ცუდ ტონად, თუ რაღაცაა გასაკეთებელი სამეზობლოში, დავუძახებთ მეზობლებს და ვიღაც არ მოვა. ეს არის ჩვენი მოძველებული არაფორმალური ინსტიტუტების შედეგი. მაგალითად, ჩავატარეთ გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 7-8 პროცენტს დაურეკავს პატრულისთვის.
– ისევ სოციალურ ქსელებს რომ დავუბრუნდეთ, დასკვნა ასეთია: იქ უფრო ადვილია ცხოვრება?
– ადვილიცაა და უფრო მრავალფეროვანიცაა. ამას გარდა, ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ურთიერთობის მოთხოვნილება გვაქვს, ვიდრე ამის შესაძლებლობაა, ამის საშუალებას კი სოციალური ქსელები გვაძლევს. უამრავი ადამიანის შესახებ სწორედ სოციალური ქსელებით ვიგებთ ინფორმაციას: ვინ გათხოვდა, ვინ ცოლი მოიყვანა, ვის ბავშვი შეეძინა, ვნახულობთ მათ ფოტოებს. რთულია ამდენი წლის განმავლობაში მივადევნოთ თვალი მათ ცხოვრებას, მაგრამ სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია ზედაპირზე დევს. სოციალურ ქსელებში არ არის უხერხულობები: თუ ვინმეს დაბადების დღეა, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, შეიძლება, იფიქრო, ახლა რომ დავურეკო მისალოცად, იქნებ არ იხდის დაბადების დღესო. სოციალური ქსელები რაღაცეებს ამარტივებს და ამიტომაც უყვართ ადამიანებს იქ ყოფნა.

скачать dle 11.3