კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ავტომანქანით დაბრძანდებოდნენ ლენინი და მუსოლინი


თბილისელი ნიკო ტყეშელაშვილი ბავშვობიდანვე ინტერესსა და სიყვარულს ავლენდა ავტომანქანების მოდელების მიმართ, მაგრამ მათი შეგროვება 20 წლის წინ დაიწყო. შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც იგი იძულებული გახდა, თავისი კოლექციის ნაწილს შელეოდა. ხელმეორედ კი ოთხი-ხუთი წლის წინ განაგრძო კოლექციის სრულყოფა. ამჟამად მას 350 მოდელი აქვს. დღეს ბატონი ნიკო ჩვენი რესპონდენტია.

ნიკო ტყეშელაშვილი: ინტერესი ავტომანქანების მოდელების მიმართ პირველად ბავშვობაში გამიჩნდა, 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პირველი საბჭოთა მოდელები გამოვიდა და შევიძინე რამდენიმე ეგზემპლარი. თუმცა, კოლექციონერობა ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი. დაახლოებით 20-22 წელია, რაც დავიწყე ავტომანქანების მოდელების შეგროვება.

– რატომ გაგიტაცათ ამ მიმართულებამ?

– რაღაც პერიოდში ბავშვობის გატაცებამ გამიარა, მაგრამ დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს ერთი საინტერესო პიროვნება გავიცანი, რომელიც კოლექციონერი აღმოჩნდა. როდესაც მისი კოლექცია დავათვალიერე და ვნახე, როგორ ჰქონდა დალაგებული მოდელები, გავოცდი. იქ იყო ზოგიერთი მოდელი, რომელიც ბავშვობაში ვერ შევიძინე და გადავწყვიტე, ასეთი კოლექციის შეგროვება, ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება. იმხანად, შედარებით ნაკლებად შემოდიოდა უცხოური მოდელები, ძირითადად საბჭოთა მოდელებს აგროვებდნენ ხოლმე. ჰოდა, ამ პიროვნებასაც ძირითადად საბჭოთა მოდელების კოლექცია ჰქონდა, საკმაოდ დიდი, სხვადასხვა ფერებში დალაგებული. ეს ისე მომეწონა, რომ შთაბეჭდილებაში მყოფმა, მეც გადავწყვიტე მოდელები არა მარტო ნაირსახეობის, არამედ ფერების მიხედვითაც შემეგროვებინა.

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთი და იმავე მოდელის ფასი, შეიძლება, ფერის გამო განსხვავდებოდეს, თან ეს განსხვავება არ იყოს უმნიშვნელო.

– ასეა, გეთანხმებით. სამწუხაროდ, ახლაც არ არის ბოლომდე სრულყოფილი საბჭოთა მოდელების კატალოგი, რომელშიც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი ამა თუ იმ მოდელის გამოშვების თარიღი. დრო კი გადის და ინფორმაციის მოპოვება უფრო და უფრო რთულდება. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ პირველი მოდელები სულ რაღაც ოთხი-ხუთი ფერის გამოდიოდა და ამ ფერის მოდელებს შემდგომ აღარ უშვებდნენ.

– მაგალითად?

– სხვადასხვა მოდელისთვის ეს სხვადასხვა ფერია. ზოგიერთი მოდელი თავდაპირველად თეთრ, წითელ, ზოგი კი ყვითელ და ლურჯ ფერებში გამოვიდა და მხოლოდ მოგვიანებით შეიცვალა სხვა ფერებით.

– თქვენ რომელი მოგწონთ საბჭოთა მოდელებიდან?

– საბჭოთა მოდელებიდან ძალიან კარგი შესრულებულია „ნივა“, საკმაოდ დეტალიზებულია – 70-ზე მეტი ცალკეული დეტალისაგან შედგება. ძალიან ლამაზია „რუსსობალტი“. საკმაოდ ძველი მანქანაა, პირველი 1909 წელს გამოვიდა. მე ჩემს კოლექციაში ეს მოდელი ექვს ფერში მაქვს წარმოდგენილი.

– ვინ დაბრძანდებოდნენ ამ ავტომანქანებით?

– რამდენიმე ავტორბოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ „რუსსობალტი“ პოპულარული გახდა და ამ მანქანებით რუსეთის მეფის ოჯახის წევრებიც სარგებლობდნენ, აგრეთვე იმ დროის მეწარმეები, მაღალჩინოსნები.

– ამ კოლექციიდან რომელი მოდელით ამაყობთ?

– „ოლდს მობილ ტორნადოს“ მოდელით. ის არ არის იშვიათი, უბრალოდ, ძალიან მომწონს. ასევე, ელექტროფიცირებული „ჩაიკა“. ასეთი მოდელი შედარებით მცირე რაოდენობით გამოდიოდა და იმ დროისთვის საკმაოდ ძვირიც ღირდა – 19 მანეთი. მას გასაღები მაგნიტზე აქვს, თანაც, იმ მცირე გამოშვებიდან ცოტა თუ შემორჩა ასეთ კარგ მდგომარეობაში.

თბილისის ფაბრიკა „სიხარული“, სხვა სათამაშოებთან ერთად, ავტომანქანების მოდელებსაც უშვებდა: - „პანჰარდი“, „ალფა რომეო“, „ლოტუს ევროპა“. ეს შედარებით დაბალი დეტალიზაციის მოდელები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები თბილისში გამოდიოდა, ზოგიერთი მათგანი მე არ მაქვს კოლექციაში. ორი კოლექციონერი მეგობარი მყავს უცხოეთში, მთხოვენ, იქნებ, გვიშოვო და გამოგვიგზავნო „სიხარულის“ მიერ გამოშვებული მოდელებიო. იმათთვის კი არა, ჩემთვის თუ შევიძინე, კარგი იქნება.

– ეს რა მოდელია?

– ესეც თბილისის „სიხარულია“ – „პანჰარდ 35CV“, ამ მანქანას რატომღაც ლენინის მანქანას უწოდებდნენ, თუმცა, ის ლენინის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. ვლადიმერ ილიას ძე კი „როლს-როისზე“ ნაკლები ავტომანქანით არ სარგებლობდა. მე ის მოდელიც მაქვს, რომლითაც ნამდვილად დაბრძანდებოდა ლენინი. მაქვს აგრეთვე ინგლისური, გერმანული და ფრანგული წარმოების ავტომანქანების მოდელები, ასევე ჩინეთის მიერ წარმოებული საბჭოთა მოდელებიც.

– მოგწონთ ჩინური წარმოების საბჭოთა მოდელები?

– თანამედროვე მოდელები, ზოგიერთი, რომლებსაც დღეს ჩინეთი უშვებს, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ პირადად მე, 60-70-იან წლებში გამოშვებულ მოდელებს ვანიჭებ უპირატესობას.

– უცხოური მოდელებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან ძნელია მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან დღეს საკმაოდ ფართო არჩევანი და დიდი პალიტრაა. არის მოდელები, რომლებიც 10 დოლარიც ღირს და 1 000 დოლარიც. „მინიჩამპსს“, „ნეოს“, „იქოს“ მიერ გამოშვებული მოდელები, დაახლოებით, 50-70 დოლარი ღირს. აქვე უნდა ითქვას, რომ, ახლად გამოშვებულ მოდელებს თუ დროულად არ შეიძენ, შემდგომში მათი ფასი საკმაოდ სწრაფად იმატებს.

– ისეთი მოდელებიც გაქვთ, რომლითაც ცნობილი პიროვნებები დადიოდნენ?

– აი, ეს სამღერძიანი, „მერსედესი“, 1938 წელს გამოშვებული მოდელია. როგორც ამბობენ, ამით ბენიტო მუსოლინი დაბრძანდებოდა. თავის დროზე გაცილებით მეტი რაოდენობის ავტომანქანა მქონდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო შეველიე ზოგიერთ მათგანს. შემდეგ მეორედ დავიწყე შეგროვება. ვიცნობ კოლექციონერებს, რომლებსაც მეოთხედ, მეხუთედ დაუწყიათ კოლექციის შეგროვება.

– ეს რა მოდელია?

– ეს არის „ფერარი 312T“, რომელიც 1975 წელს გამოდიოდა „ფორმულა 1-ის“ რბოლებზე. ამ ავტომანქანით ავსტრიელი ნიკი ლაუდა გახდა პირველად მსოფლიო ჩემპიონი. მე მისი ფანი ვიყავი ბავშვობაში. ახლა დავიწყე „ფერარის“ ახალი სერიის „ლა სტორია ფერარის“ შეგროვება, მინდა, ყველა ის მოდელი მოვაგროვო, რომლებზეც ნიკი ლაუდა მჯდარა. აგრეთვე, გადავწყვიტე, „ფორმულა 1-ის“ მსოფლიო ჩემპიონის ყველა ავტომანქანის მოდელს მოვუყარო თავი, რაც საკმაოდ სერიოზული ამოცანაა. მეშინია ოჯახი არ ამიჯანყდეს.

– ამის საშიშროება არსებობს?

– ო, თანაც რამხელა (იცინის)! ძირითადი მიზეზი ამისა ის არის, რომ მოდელებისთვის საკმაოდ დიდი ადგილია საჭირო. როცა მანქანას ვიძენ, სახლში ჩუმად მიმაქვს ხოლმე, ჯიბეში დამალული და შემდეგ გამოვაჩენ.

– რა მასშტაბის ავტომანქანებს აგროვებთ?

– ჩემს კოლექციაში ძირითადად 1:43 მასშტაბის ავტომანქანების მოდელებს ნახავთ. თუმცა, მაქვს სხვა მასშტაბის მოდელებიც.

– ჯერჯერობით რამდენი მოდელი ინახება ამ კოლექციაში?

– სულ 350 იქნება, არადა, 800 ავტომანქანა მქონდა; მეხუთე წელია, რაც ხელმეორედ დავიწყე შეგროვება.

– ბევრჯერ აღმოჩენილხართ უჩვეულო სიტუაციაში რომელიმე მოდელის შეძენის გამო?

– მოგეხსენებათ, მშრალი ხიდი თბილისში ცნობილი ადგილია კოლექციისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. ერთხელაც, სწორედ ამ ადგილას ვიმყოფები, ჯიბეში მიდევს 40 დოლარი. ამ დროს მომიახლოვდა ნაცნობი ნუმიზმატი და მოდელების ერთ-ერთ კოლექციონერზე მკითხა, ხომ არ გინახავსო? მე ვუთხარი, რომ არ მინახავს და დავინტერესდი: რატომ ეძებ, რაიმე საინტერესო მოდელი ხომ არ გაქვს-მეთქი? მაჩვენა საკმაოდ იშვიათი და საინტერესო მოდელი, რომელიც 50 დოლარი დამიფასა, სინამდვილეში 50-იც ღირდა და 100-ც, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეკავა ხელში. გავიხედ-გამოვიხედე, ვერავინ დავინახე ისეთი, ვისგანაც ფულის სესხებას შევძლებდი. არადა, ამ მოდელის ხელიდან გაშვებას ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. შევთავაზე, გამატანე და ცოტა ხანში დარჩენილ თანხას მოგიტან-მეთქი. იუარა – ამა და ამ პიროვნებას შევპირდი ამ მოდელს და იმას უნდა ვაჩვენოო. მართალი იყო ის კაცი, რას ვერჩოდი?! ... უცებ ვხედავ, ის პიროვნება, ვისაც ნუმიზმატი ეძებდა გვიახლოვდება გამყიდველის ზურგის მხრიდან. უცბად გამახსენდა, რომ ეს უკანასკნელი ორი კვირის წინ ერთ მონეტას ეძებდა და მაშინვე შევთავაზე: მოდელში 50 დოლარს ხომ გიხდი, თან იმ მონეტასაც გაჩუქებ, ორი კვირის წინ რომ ეძებდი-მეთქი. არადა, წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ შევძლებდი იმ მონეტის შოვნას. ის მონეტა თუ გაქვს, კი ბატონო, წაიღეო. როგორც კი 40 დოლარი გადავუხადე და ერთ საათში დარჩენილი 10 დოლარის მოტანას შევპირდი, მოდელი ხელში გადმომცა და ჩემი კონკურენტიც მოგვადგა.

– რა გითხრათ?

– ეს მოდელი ჩემს ხელში რომ დაინახა, მიხვდა, რომ დააგვიანა. აღარაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა და წავიდა. ის მონეტა კი ცოტა ხანში მართლაც ვიშოვე და იმ ადამიანს მივეცი.

– სამოდელო ავტომანქანების მოვლა ძნელია?

– ალბათ, ბევრ კოლექციონერთან იქნებით ნამყოფი სტუმრად და შეამჩნევდით, რომ უმრავლესობას თავისი კოლექცია თვალსაჩინოდ აქვს გამოფენილი. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდია მანქანებისთვის, ფუჭდება, მტვერი და სინათლე ცუდად მოქმედებს მათზე. თუ გინდათ, რომ კოლექციამ დიდხანს იცოცხლოს, სინათლისა და მტვერისგან საიმედოდ უნდა იყოს დაცული. სანამ დავოჯახდებოდი, ცალკე ოთახი და კარადა მქონდა გამოყოფილი ჩემი კოლექციისათვის, ახლა, უკვე ორი წლის ხდება ჩემი ქალიშვილი, რომლის გამოც ჩემი მოდელებიანად გამომასახლეს ოთახიდან (იცინის). სანამ ადგილს მივუჩენდე და ახალ კარადას დავამზადებინებდე, მანამ ყუთებში მაქვს ჩალაგებული და ისე ვინახავ ჩემს კოლექციას.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ბევრ რამეს და დასვენებაც შედის ამაში. კოლექციონერობა სასიამოვნო, შემეცნებითი გატაცებაა, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრი თანამოაზრე და იდენტური ინტერესების მქონე პიროვნება გავიცანი. ბევრჯერ მნიშვნელოვან საქმეზე წასვლაც დამვიწყებია, ისე გავრთულვარ მოდელებზე საუბრით კოლექციონერთა გარემოცვაში. კოლექციონერობას საკმაო დრო მიაქვს და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ოჯახი პერიოდულად მიჯანყდება.


скачать dle 11.3