კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითვლება ხვრინვა სამედიცინო პრობლემად და რა მექანიზმებით აზიანებს ის ორგანიზმს

სიცოცხლისთვის სახიფათო მრავალი დაავადების ფონზე, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების მცირე დარღვევები შეუმჩნეველი რჩება. მსგავსმა დარღვევებმა, შესაძლებელია, არა მარტო შეამცირონ სიცოცხლის ხარისხი, არამედ, სხვა ქრონიკული დაავადებებიც კი გამოიწვიონ. მათ რიცხვს განეკუთვნება ესოდენ გავრცელებული ხვრინვის პრობლემა. ხვრინვა ხიფათს უქმნის არა მარტო დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ, გარშემო მყოფთა ძილის ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობასაც. თუ რა ტიპის პათოლოგიაა და რა დარღვევებს იწვევს ხვრინვა ორგანიზმში გვესაუბრება თერაპევტი ალექსანდრე კილაძე.

– რა ტიპის პათოლოგიაა ხვრინვა და რამდენად ფართოდაა ის გავრცელებული?
– ხვრინვა არის ნორმალური სუნთქვის პროცესის დარღვევა ძილის განმავლობაში, რომელსაც თან სდევს ხორხისა და ცხვირ-ხახის ვიბრაცია. ხვრინვა, შესაძლოა, წარმოადგენდეს ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომს. ხვრინვას ხშირად თან ახლავს სუნთქვის შეჩერების, ანუ აპნოეს შეტევები, რასაც მივყავართ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჟანგბადის უკმარისობამდე და ინფარქტებისა და ინსულტების რისკის გაზრდამდე. ხვრინვა იწვევს როგორც თავად პიროვნების, ისე გარშემო მყოფი პირების, სრულფასოვანი ძილის დარღვევას, რაც საკმაოდ საგულისხმო პრობლემაა. დედამიწაზე ყოველი მეხუთე ადამიანი ძილში ხვრინავს. მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტს აწუხებს ძილში სუნთქვის პერიოდული შეჩერება – ძილის აპნოე. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო, ხვრინვისკენ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან მამაკაცები. ქალებისა და მამაკაცების შეფარდებაა 1:10. ყოველ მეათე მამაკაცს დროდადრო აღენიშნება აპნოე ძილის დროს. ზოგ შემთხვევაში სუნთქვის შეჩერება გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს.
– რაში მდგომარეობს ხვრინვის მიზეზი?
– ძილის დროს ადამიანის ზედა სასუნთქი გზების კუნთების ტონუსი ქვეითდება, რაც იწვევს მათ გადაადგილებას სასუნთქი გზების სანათურისკენ და მის დახშობას. ხვრინვის დროს დამახასიათებელი ხმიანობის მიზეზს წარმოადგენს ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. ნორმაში ჩასუნთქვის დროს გულმკერდის ღრუში წნევა ხდება უარყოფითი და ჰაერი თავისუფლად მიედინება ფილტვებში. ხახისა და ხორხის კუნთების ტონუსის ზედმეტი დაქვეითების გამო, ჰაერთან ერთად, უარყოფითი წნევა შიგნით გადააადგილებს ზედა სასუნთქი გზების რბილ ქსოვილებსაც. როდესაც რბილი ქსოვილები ჩასუნთქვის დროს გადაკეტავენ სასუნთქი გზების სანათურს, ვითარდება სუნთქვის შეჩერება. ხვრინვის მიზეზები იყოფა ანატომიურად და ფიზიოლოგიურად. ხვრინვისა და ძილის სუნთქვის რიტმის დარღვევის განვითარების რისკი იზრდება ზედა სასუნთქი გზების ანატომიური შევიწროების დროს. სასუნთქი გზების შევიწროება შეიძლება გამოიწვიოს: ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, ცხვირის ღრუს პოლიპებმა, სასუნთქი გზების თანდაყოლილმა სივიწროვემ, ნუშურა ჯირკვლების გადიდებამ, გრძელმა ნაქმა და ზედმეტმა წონამ, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. რაც შეეხება ხვრინვის ფუნქციურ მიზეზებს, უნდა აღინიშნოს სასუნთქი კუნთების ტონუსის დაქვეითებისა და რესპირატორული გზების შევიწროების შემდეგი მიზეზები: დაღლილობა, ძილის დეფიციტი, ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების მიღება, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. სასუნთქი კუნთების ტონუსი ქვეითდება ასაკთან ერთად, ქალებში კი – მენოპაუზის დადგომასთან დაკავშირებით.
– რა პათოლოგიურ პროცესებს იწვევს ხვრინვა?
– ხვრინვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას თან არ ახლავს ძილის აპნოე, ანუ ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, შესაძლოა, გახდეს ღამით მრავალჯერ გაღვიძების მიზეზი. ამგვარი გაღვიძებები იმდენად მცირეხნიანია, რომ ადამიანი მათ ვერ აცნობიერებს და ვერ იმახსოვრებს, ამიტომ, ვერც აანალიზებს პრობლემის აღნიშნულ მხარეს. ძილის ნორმალური სტრუქტურის დარღვევას მივყავართ იქამდე, რომ ორგანიზმი ვერ ასწრებს დასვენებას ღამის განმავლობაში. ამის შედეგად, ადამიანი მალე იღლება და აწუხებს მუდმივი ძილიანობა. ხვრინვა სუნთქვის პერიოდული გაჩერებებით იწვევს ჟანგბადის უკმარისობას და რთავს პათოლოგიური პროცესების კასკადს. სუნთქვის გაჩერება შეიძლება განმეორდეს 500-ჯერ ერთი ღამის განმავლობაში და გაგრძელდეს საშუალოდ 10-20 წამის განმავლობაში. სუნთქვის ყოველ გაჩერებაზე ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის უკმარისობას. ტვინი უჟანგბადობაზე საპასუხოდ ორგანიზმს უგზავნის გაღვიძების სიგნალს. ნორმაში ძილი შედგება რამდენიმე თანმიმდევრული ფაზისაგან. ხშირი გაღვიძებისას, ტვინი ვერ აღწევს ძილის ღრმა ფაზებს, რომელთა დროსაც ხდება კუნთების სრული მოდუნება და არტერიული წნევის დაქვეითება. შესაბამისად, ძილის აღნიშნული ფაზების ამოვარდნის გამო, ვერ ხერხდება სრულფასოვანი დასვენება. მუდმივი გამოღვიძებები ააქტიურებს სიმპატიკურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც იზრდება სისხლის არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ზოგჯერ კი ირღვევა გულის რიტმიც.
– რატომ ირღვევა სხვა ორგანოების ფუნქციონირება ღამის სუნთქვის დარღვევის გამო?
– ხვრინვისას სასუნთქი გზების დაბლოკვა იწვევს გულმკერდის შიდა წნევის მკვეთრ შემცირებას. შემდგომი ჩასუნთქვისას წარმოქმნილი ვაკუუმი აკავებს სისხლს გულმკერდის ღრუში, რაც იწვევს შინაგანი ორგანოების ჟანგბადოვან შიმშილს, გული კი, თავის მხრივ, გადატვირთულია ზედმეტი მოცულობის სითხისგან. ამ პათოლოგიური მექანიზმების მუდმივი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიების, ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებას. ასეთ პაციენტებს საკმაოდ ხშირად აქვთ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ყურადღების დაქვეითების გამო, ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან საავარიო სიტუაციებში. ისინი, ვისაც ხვრინვა აწუხებთ, მიდრეკილნი არიან საძილე საშუალებებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისკენ. ამგვარად, იკვრება მანკიერი წრე: ხვრინვა არღვევს ძილს, პაციენტი იწყებს საძილე საშუალებების მიღებას, ხორხისა და ხახის კუნთების ტონუსი კიდევ უფრო ქვეითდება და ხვრინვა უფრო მეტად ძლიერდება.
– როგორ დგინდება პრობლემის მიზეზები და ხარისხი?
– ხვრინვის მიზეზებისა და სუნთქვის გაჩერების ხარისხის გამოსავლენად ტარდება პოლისომნოგრაფიული გამოკვლევა: მძინარე პაციენტის სისხლში ამოწმებენ ჟანგბადის დონეს, აკონტროლებენ არტერიულ წნევასა და გულის შეკუმშვების სიხშირეს. ძილის სტრუქტურის შესაფასებლად ტარდება რეოენცეფალოგრაფია. სასუნთქი ორგანოების ანატომიური ცვლილებები გამოვლინდება ენდოსკოპიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, აქტიური რინოპნევმომეტრიითა და ფუნქცური სინჯებით.
რაში მდგომარეობს ხვრინვის მკურნალობა?
– აღნიშნული პრობლემის მქონე პაციენტებს ურჩევენ წონის ნორმალიზებას და საძილე საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას. ჭარბი წონის მქონე ადამიანებში ცხიმოვანი მასები კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლის შედეგად ამცირებს სასუნთქი გზების სანათურს, საძილე საშუალებები კი ამცირებენ კუნთების ტონუსს. ენის ძირის გარშემო არსებული კუნთოვანი მასების ხახაში ჩასრიალების გამო, როგორც წესი, ხვრინვა ვითარდება როდესაც პაციენტი ზურგზე წევს. არსებობს სპეციალური მეთოდები ახალი რეფლექსების – მუცელზე და გვერდზე წოლის ჩვევების გამოსამუშავებლად. ხვრინვის შესაჩერებლად არსებობს სპეციალური ხელსაწყოებიც, რომლებიც პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება. სასუნთქი გზების დახშობის გამო განვითარებული სუნთქვის გაჩერების დროს, იყენებენ სპეციალურ ნიღაბს. ხვრინვის სამკურნალოდ მედიკამენტოზური საშუალებები ნაკლებეფექტურია. ხვრინვის ანატომიური მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაძლებელია ქირურგიული მკურნალობის ჩატარება – ცხვირის ძგიდის გასწორება, პოლიპებისა და გადიდებული ნუშურების ამოკვეთა; ასევე, ტარდება პლასტიკური ოპერაციები ხახასა და მაგარ სასაზე. კლასიკურ ქირურგიულ მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ლაზერული და რადიოქირურგია.

скачать dle 11.3