კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ჯანმრთელობა ღვთის იმედად და რატომ არ აქვთ მათ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობა, სურვილის მიუხედავად

ჯერჯერობით ამ ინიციატივას არ აქვს კანონის ფორმა, მაგრამ, რაკი ითქვა მაღალი (საკრებულოს) ტრიბუნიდან, სავარაუდოა, რომ ხელისუფლება მუშაობს დაქირავებით დასაქმებულთა ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევაზე (უფრო ზუსტად, დამქირავებელს დაევალება თავისი სამსახურებრივი სამწყსოს ჯანმრთელობის დაზღვევა). მეორე მხრივ, საქართველოს 1 მილიონ 800 ათასი აქტიური სამუშაო ძალიდან (20-დან 55-წლამდე ასაკის მოსახლეობა) კვარტლების მიხედვით, საშუალოდ, მხოლოდ 610 000-ია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობაც მხოლოდ ამ 610 000 მოქალაქეს აქვს (კორპორატიული დაზღვევა გაცილებით იაფი და ეფექტიანია, ვიდრე ინდივიდუალური, რადგან, ერთი და იგივე სადაზღვევო პროდუქტი ინდივიდუალურად დაზღვეულს თითქმის 3-ჯერ მეტი უჯდება, ვიდრე კორპორატიულად დაზღვეულს). რამდენად მართებულია დაქირავებით დასაქმებულთა ჯანის სიმრთელის იძულებით დაზღვევა და რა ბედი ელით სადაზღვევო სისტემის მიღმა დარჩენილ ადამიანებს, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია? – ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრი დავით საგანელიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას, რადგან თბილისის მთავრობის პოზიცია უკვე ცნობილია.

– რამდენიმე დღის წინ თბილისის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ქაცარავამ, გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს დაქირავებული თანამშრომლების დაზღვევა. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის განვითარების ერთადერთი სწორი გზა სადაზღვევო სისტემის განვითარებაა. მინდა, ვთქვა, რომ 2007-2008 წლებიდან სადაზღვევო მომსახურება საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა და, ამ მხრივ, დადებითი ტენდენციები შეინიშნება. თუმცაღა, სახელმწიფოს მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, რადიკალური და ძალისმიერი ჩარევებით სადაზღვევო კომპანიები დაზარალდნენ.
– რას გულისხმობთ?
– უპირველესად, ვგულისხმობ იმ რეფორმას, რომელიც ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა ჰოსპიტალურ სექტორში, ანუ, ასი საავადმყოფოს პროექტს. ამან არ გაამართლა, თუმცა, არ აღიარებენ. ამიტომ, გამოძებნეს გზა და სადაზღვევო კომპანიებს დაავალეს ჰოსპიტლების აშენება. ეს აბსოლუტურად არასწორია, რადგან დაზღვევა სრულიად სხვა სფეროა. ამან, ბუნებრივია, დააზარალა სადაზღვევო კომპანიები, იმიტომ რომ, ისინი იძულებული გახდნენ, სულ სხვა მიმართულებით გადაესროლათ თავიანთი ძალები და თანხები. მეორე მხრივ, სახელმწიფო, ასე თუ ისე, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დაზღვევის მიმართულებით: დაზღვეული არიან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, პედაგოგები, უმწეოები და, უნდა ითქვას, რომ უმწეოთა დაზღვევა საკმაოდ კარგი დაზღვევაა. სახელმწიფო გამოდის როგორც საკმაოდ მსხვილი დამკვეთი და, შეიძლება ითქვას, რომ სადაზღვევო კომპანიებს ამით უდგათ სული. თავის მხრივ, ამანაც გამოიწვია სადაზღვევო სექტორის განვითარება.
– მე არ ვიცი დაზუსტებით, რა ხდება უმწეობის დაზღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ, კონკრეტული მაგალითებით ვიცი, რომ პედაგოგების დაზღვევის შემთხვევაში, პედაგოგებს სკოლის ხელმძღვანელობა აიძულებდა, დაზღვეულიყვნენ იქ, სადაც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ და ეს არ იყო კონკურენციის ან თავისუფალი არჩევნის შედეგი.
– რადგან სახელმწიფო გამოდიოდა ძირითად დამკვეთად სადაზღვევო კომპანიებისთვის, მან ისარგებლა ამით და აიძულა სადაზღვევო კომპანიები, რომ, ის პრობლემა, რასაც თავად ვერ აგვარებდა, მათ მოეგვარებინათ. ამან შეაფერხა სადაზღვევო სექტორის განვითარება, თუმცა, ბოლო წლებში დადებითი დინამიკა მაინც არის.
– მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ სადაზღვევო სექტორმა არცთუ ურიგო მოგებით დაასრულა გასული წელი. ასე რომ, ძალიანაც ნუ შევიცოდებთ.
– მე არ მინდა, განვიხილო კერძო კომპანიების ბალანსები. ალბათ, მათ მოგებით დახურეს 2010 წელი, რადგან ეს კომპანიები არსებობენ და განაგრძობენ მუშაობას, მაგრამ, ის, რომ კომპანიას აქვს მოგება, არ ნიშნავს, რომ, სადაც გიჭირს, იმ სფეროში გადაასროლინო თანხა. ეს, უბრალოდ, ამ სფეროს დააზარალებს, თორემ, სულაც არ ვიცავ სადაზღვევო კომპანიებს. არ მინდა, რომ ის დადებითი ტენდენცია, რაც არსებობს დაზღვევის სისტემაში და რაც ჯანდაცვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, შეჩერდეს და დაიწყოს უკუსვლა სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგად. ადამიანებს კანონით აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანია, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიებისთვის ჰოსპიტლების აშენების დავალდებულებამ გამოიწვია ის, რომ ადამიანები იძულებულნი არიან, დაეზღვიონ იქ, სადაც აიძულებენ, ანუ, იმ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც მათ რაიონში აშენებს საავადმყოფოს.
– ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების მოსახლეობაზე და არა თბილისზე?
– რა თქმა უნდა. თბილისში, ასე თუ ისე, ყველა სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მაგრამ, რაიონებში, ბუნებრივია, ყველა სადაზღვევო კომპანია ვერ ააშენებს საავადმყოფოს. რადგან საავადმყოფოები სწორედ სადაზღვევოებმა ააშენა და არა სხვა ბიზნესმა, ბუნებრივია, რომ იმ რაიონში მცხოვრები უნდა დაეზღვიოს იმ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც მის რაიონში აშენებს საავადმყოფოს. ეს არაკონკურენტუნარიანი სიტუაცია კი აუცილებლად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
– ეს გააძვირებს სადაზღვევო პროდუქტს, გვერდზე რომ გადავდოთ სადაზღვევოებისთვის შექმნილი დისკომფორტი?
– თავისთავად ცხადია, კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, მილიონები ჩაედოთ ჰოსპიტლების მშენებლობაში, ეს გაუთვალსიწინებელი დიდძალი თანხაა და ამ თანხის ამოღებას ისინი ეცდებიან დაზღვევით. იმიტომაც არის ხშირი პრობლემები, როდესაც ესა თუ ის სადაზღვევო კომპანია არ იხდის თანხას ან არ აზღვევს პაციენტს; როდესაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებს, რომელ კლინიკას შეიძლება, მიმართოს დაზღვეულმა და ასე შემდეგ. რაც არასწორია, რადგან დაზღვეულმა პაციენტმა თვითონ უნდა აირჩიოს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მას უნდა მკურნალობა. თუ ქრონიკულ შემთხვევებში ეს კიდევ გამართლებულია, სრულიად წარმოუდგენელი ვითარება იქმნება ურგენტული, გადაუდებელი შემთხვევების დროს. ძალიან ხშირად, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მიჰყავს ურგენტული პაციენტი ახლომდებარე ჰოსპიტალში და უკავშირდებიან სადაზღვევოს, ის ამბობს, ეს არ არის ჩემი პროვაიდერი, გადაიყვანეთ სხვაგანო და ეს ხშირად ფატალურად მთავრდება პაციენტისთვის. საბოლოოდ კი, ამაზე პასუხისმგებელი ექიმია, თუმცა ექიმი, ამ შემთხვევაში, ასრულებს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნას. სხვა თემაა, რომ ჯანდაცვის სფეროში კანონმდებლობა სრულიად მოუწესრიგებელია.
– სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაავალდებულოს სადაზღვევო კომპანიები, მოხსნან ეს შეზღუდვა და დაზღვეულ პაციენტს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ნებისმიერ კლინიკას მიმართოს?
– სახელმწიფო ვერ დაავალდებულებს.
– კი მაგრამ, თუ საავადმყოფოების აშენებას ავალდებულებს, ვითომ, ამას რატომ ვერ დაავალდებულებს?
– აქ არის მეორე მომენტი: პაციენტის გადაყვანის შემთხვევაში, პასუხს აგებს ექიმი, რომელმაც მიიღო ავადმყოფი ურგენტული შემთხვევით, მაგალითად, ინსულტით, ინფარქტით და ასე შემდეგ. ამიტომ, ექიმები ხშირად აკეთებენ იმას, რასაც ავალებენ სადაზღვევო კომპანიები ან თვითონ ავადმყოფი ითხოვს გადაყვანას, რადგან მას ესმის, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო თანხას არ გადაუხდის.
– მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დაქირავებით დასაქმებულებიც კი, საკმაოდ მძიმედ და უხალისოდ აზღვევენ თავიანთ ჯანმრთელობას. ამდენად, დაძალება, შესაძლოა, გამართლებულიც იყოს?
– მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უფრო იმიტომ მიიღო სავალდებულო დაზღვევის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არ არის და სადაზღვევო კულტურა ძალიან დაბალია. ბევრი ფიქრობს, რომ არაფერი მოუვა და, ამიტომ, ის თანხა, რომელიც დაზღვევას უნდა მოახმაროს. ურჩევნია, სხვა რამეში დახარჯოს. საერთო ჯამში, ეს არასწორია. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ მოსახლეობის სადაზღვევო კულტურა ბევრად უფრო მაღალი ყოფილიყოს, მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ჩვენთან ასეთი გამოცდილება არ არსებობდა და, მეორე მხრივ, ხშირია უარყოფითი მომენტები სადაზღვევო კომპანიების მუშაობაში, მოსახლეობას ენანება თანხის გადახდა ჯანმრთელობის დაზღვევისთვის და იმედი აქვს, რომ არასდროს გახდება პაციენტი, რაც არასწორია. ალბათ, სახელმწიფო ფიქრობს, მოდი, დაძალებით მაინც დავაზღვევო, მაგრამ, ასეთი დაძალებით რამის შექმნას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს. ვნახოთ, რა ურთიერთობა შეიძლება, წარმოიქმნას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნებისმიერ კერძო კომპანიაში სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში: თუ ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი.
– როდესაც 500 ლარი აქვს ხელფასი, უნდა გადაიხადოს 25 ლარი ჯანმრთელობის დაზღვევაში და, თუ თვითონ ვერ ხვდება, ვინმემ არ უნდა მიახვედროს?
– უნდა გადაიხადოს, მაგრამ, თუკი დამსაქმებელი მას დაავალდებულებს, გინდა თუ არა, დაეზღვიეო, ესე იგი, ხდება კონფლიქტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. თუ დასაქმებულს პრინციპულად არ უნდა დაზღვევა, გაუშვას სამსახურიდან?! არის კეთილსინდისიერი თანამშრომელი, გამოცდილი სპეციალისტი, მაგრამ არ იხდის იმ 25 ლარს ხელფასიდან. სხვა საქმეა, მართებულია თუ არა ეს მიდგომა, მაგრამ, ის 25 ლარი მისია და, უნდა – დაეზღვევა და უნდა – მწვანილს იყიდის. არის მეორე მომენტიც: მაშინ დამსაქმებელმა თვითონ უნდა დაამატოს დასაქმებულის ხელფასზე ის 25 ლარი, მაგრამ, თუ რამდენი თანამშრომელიც ჰყავს, იმდენს გადაუხადა დაზღვევის თანხა, შეიძლება, ფინანსური პრობლემა შეექმნას. ამიტომ, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა დაზღვეული ჰქონდეს, ხელი უნდა შეუწყოს დაზღვევის პოპულარიზაციას, იმიტომ რომ, თუ ადამიანი დაზღვეული არ არის, ჯანდაცვაზე გაწეულ მომსახურებას იხდის ჯიბიდან, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, იმდენად ძვირი ღირს არა მხოლოდ ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული მკურნალობა და სადიაგნოსტიკო პროცედურები, არამედ მედიკამენტებიც. ამ თანხების ჯიბიდან გაღება ძალიან რთულია და ამას მოსახლეობის 5 პროცენტი თუ მოახერხებს, მაგრამ, ამ კულტურის ძალით შეტანა წარმოუდგენელია.
– აბა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
– სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რომ გარკვეული შეღავათები მისცეს კომპანიებს, რომლებსაც ავალდებულებს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას. მე არ ვგულისხმობ ფინანსურ და საგადასახადო შეღავათებს, მაგრამ, შესაძლებელია, ასეთ კომპანიებს დაუწესდეთ დამატებითი ვადები გადასახადების გადახდისას და ასე შემდეგ; მართალია, შესაძლოა, ამან შეამციროს საბიუჯეტო შენატანები, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს იქნება წახალისება და დაზღვევის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამქირავებელი ან კონფლიქტში უნდა შევიდეს დაქირავებულთან, ან თავად გაიღოს თანამშრომლების დაზღვევის ხარჯები. ამიტომ, დამქირავებლებს სახელმწიფომ სანაცვლოდ რაღაც უნდა შესთავაზოს. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს სფეროები, სადაც დაზღვევა სავალდებულოა. მაგალითად, როდესაც ხარ ავტობუსის, მიკროავტობუსის მძღოლი, უნდა არსებობდეს მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება და ეს სფერო კანონით უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ, არადემოკრატიულია მიდგომა, რომ ნებისმიერი ადამიანი დაავალდებულო, გინდა თუ არა, დაეზღვიეო. ასეთი მეთოდი, საბოლოო ჯამში, უარყოფით შედეგს მოგვცემს და ამიტომ უფრო მეტი დაფიქრება მართებს ხელისუფლებას. თუმცაღა, მე მინდა და მომხრე ვარ იმის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს შემოსავალი, ესმოდეს, რომ იმ შემოსავლიდან გარკვეული თანხა მოახმაროს ჯანდაცვის დაზღვევას, რადგან, ღმერთმა არ ქნას და, ხვალ რომ რამე მოხდეს, ხომ უნდა ჰქონდეს საშულება, მიხედოს თავის ჯანმრთელობას?!
არის კიდევ ერთი მომენტი, თუ რატომ წავიდა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით. ადრე არსებობდა ჯანდაცვის ძალიან ბევრი პროგრამა: ონკოლოგიური, კარდიოლოგიური და ასე შემდეგ და, თუ ავადმყოფს ჰქონდა ესა თუ ის დაავადება, ამ პროგრამიდან ფინანსდებოდა ლიმიტის ფარგლებში. დღეს პროგრამები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ძალიან კარგად მესმის ჯანდაცვის ხელმძღვანელი პირების მდგომარეობა, რომლებთანაც ყოველდღიურად მიდის ასობით ადამიანის განცხადება, რომ მაქვს ესა და ეს დაავადება, არ ვარ დაზღვეული და, გთხოვთ, დამეხმაროთო. ერთია, მორალური მხარე, როდესაც ნამდვილად გინდა, რომ დაეხმარო ადამიანს და, მეორე – ფინანსური შესაძლებლობა. ყველას ვერ დაეხმარები. ამიტომ სახელმწიფომ ერთგვარი გამოსავალი მოძებნა, რომ ის სეგმენტი მაინც დაავალდებულოს დაზღვევით, რომელიც მუშაობს და ხელფასი აქვს. მაგრამ, ვიმეორებ, მაშინ სახელმწიფომ დამქირავებლებს რაღაც უნდა შესთავაზოს.
– სტატისტიკით, საქართველოში მილიონ რვაასი ათასი ადამიანი შეადგენს აქტიურ სამუშაო ძალას და მათგან მხოლოდ მესამედს აქვს მუდმივი შემოსავალი. უმუშევრობის მაჩვენებელი, მართალია, 17 პროცენტია, მაგრამ, უმუშევრებად არ მოიაზრებიან თვითდასაქმებულები, რომლებიც ვერ დაეზღვევიან იმ მარტივი მიზეზით, რომ ინდივიდუალური დაზღვევა ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ანუ, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ამ სისტემის გარეთ. როგორ შემოვიყვანოთ ისინი ამ სადაზღვევო სივრცეში?
– რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დამკვიდრება საბოლოოდ ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, რადგან ყველა ვერ იქნება დაზღვეული, მაგრამ ეს უკვე არის იმ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი პრობლემა, რომლებსაც აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია და ვინც უკვე არის ხელისუფლებაში. ჩვენ გვქონდა ადგილობრივი არჩევნების დროს წინასაარჩევნო პროგრამა: „დაზღვევა ყველა თბილისელს“, სადაც განხილული იყო ამის შესაძლებლობა. ეს ის თემაა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ: რას უპირებს დანარჩენ ადამიანებს?! იცით, რომ სახელმწიფო დასაქმებულად მიიჩნევს გლეხს?! რადგან მას აქვს ერთი ჰექტარი მიწა და იმ მიწიდან მოჰყავს თავისი სარჩო-საბადებელი, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ის დასაქმებულია, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას და, ხვალ რომ ის პაციენტი გახდეს, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? ხომ ჯიბიდან მოუწევს ჯანდაცვის მომსახურების ყიდვა?! საიდან იყიდოს?! ესე იგი, ის ადამიანი განწირულია, არა?! ანუ, ეს საკითხი ერთობლიობაში უნდა განიხილონ. უნდა გვითხრან, რომ ეს ერთი ეტაპია, ამას მოჰყვება მეორე ეტაპი და, თუნდაც, ხუთწლიან ციკლში დაგვანახვონ, საით მივდივართ. სამწუხაროდ, მე ასეთი თანმიმდევრული პროგრამა ამ ხელისუფლებისგან არ მინახავს: ყველა რეფორმა, რომელიც ჩატარდა, სპონტანური იყო.

скачать dle 11.3