კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული ტერიტორიების გამო სტალინი მისივე ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა

პოლიტიკური მოღვაწეობა სტალინმა ეროვნულ მოძრაობასთან კავშირით დაიწყო. ამის დასტურია, თუნდაც, ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ პირველ გვერდზე მისი ლექსების გამოქვეყნება, რამაც, როგორც ჩანს, დიდი ქართველი მოაზროვნის გემოვნება და ეროვნული სულისკვეთება დააკმაყოფილა. სწორედ ეროვნულ მოძრაობასთან და ერის დიდ მოძღვართან უშუალო კონტაქტმა განამტკიცა ახალგაზრდა სემინარიელის პატრიოტული სულისკვეთება. მისი არაჩვეულებრივი ნიჭი, დაუოკებელი ენერგია და უსაზღვრო გაქანება სათანადო ასპარეზს ეძებდა და არახელსაყრელი გარემოებები რომ არა, ალბათ, ეროვნულ მოღვაწედაც ჩამოყალიბდებოდა. თუმცა, რატომ, ალბათ? სოსო ჯუღაშვილი საქართველოს მიმართ მზრუნველობას ყოველთვის იჩენდა და მავანთა გასაგონად უნდა ითქვას, რომ საბჭოთა, მაგრამ მაინც, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრები, მტკიცედ იყო გავლებული რუკაზე. ქვეყნის აღმშენებლობითი პროცესები კი ობიექტურად ამზადებდა ერის სუვერენული არსებობისთვის საჭირო პოზიციებს. საქართველომ თავისი არსებობის გრძელ გზაზე დიდი ტერიტორიები დაკარგა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მილიტარისტული რუსეთის „დახმარებით“, მოხერხდა ძირძველი ქართული ტერიტორიების ერთი ნაწილის შემოერთება, რაც ბოლშევიკური ელიტის და ჩვენი უსუსურობის წყალობით, პირწმინდად დაიკარგა ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკების დროს. მოგვიანებით, ეს ფაქტი სტალინმა ასე განმარტა: „ბრესტ-ლიტოვსკის“ ხელშეკრულების დადების პერიოდში, საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის ხელმძღვანელები იყვნენ: ჯერ იოფე, შემდეგ კი ტროცკი. კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, წარმომადგენლები გამოეგზავნათ, დუმილით გვიპასუხეს. გრიგოლ ვეშაპელი ამაოდ ითხოვდა ნოე ჟორდანიასგან „ბრესტ-ლიტოვსკის“ მოლაპარაკებაზე წარმომადგენლის გაგზავნას. კაცი არ გამოჩნდა საქართველოდან, სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა. ქიაზიმ ბეიმ (თურქეთის მხარე) ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, მათი უარყოფა და დარღვევა არ გამჭირვებია. ყარსი და არდაგანი რა საკითხავია, ბათუმიც კი თავის საზღვრებში მოაქცია. მათი პროექტით, საზღვარი ახალქალაქიდან ყაზახამდე უნდა გასულიყო. დიპლომატიური მსჯელობის შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინვე ვუთხარი, საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიხდეს-მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა, უკანდახევა“! ცხადია, თუ რას ნიშნავდა ქიაზიმ ბეისთვის, ანუ ოფიციალური ანკარისთვის, ერზრუმის ვილაიეთის ხსენება. დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს აღნიშნული ვილაიეთი, ძირითადად, მუსლიმანი, მაგრამ ქართველებითა და სომხებით იყო დასახლებული და ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენდა ოსმალეთის იმპერიისთვის. ამ ნაბიჯით სტალინი მისივე ხელისუფლების (ლენინი, ტროცკი, იოფე) წინააღმდეგ წავიდა, რადგან მათ საბჭოთა ხელისუფლების გამო, ტერიტორიების დათმობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც სტალინი მოსკოვში გაემგზავრა, გზაში ტიფით დაავადდა და რამდენიმე კვირით ლოგინად ჩაწვა. მისი არყოფნით კი ისარგებლეს გაქნილმა ქიაზიმ ბეიმ და ტროცკიმ. სამთავრობო შეკრებაზე სტალინმა თქვა, რომ ერის ტერიტორია ხელშეუხებელია და მისი დათმობის ან გაჩუქების უფლება არავის აქვს. ჯუღაშვილს მეორე მსოფლიო ომის დროსაც სჯეროდა დაკარგული ქართული მიწა-წყლის დაბრუნების პერსპექტივის. ომის განმავლობაში თურქეთი ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა. სტალინს მიზეზი მიეცა და აცხადებდა, რომ თურქეთი დასჯას იმსახურებს; რომ მას ჩრდილო-აღმოსავლეთის ქართული ვილაიეთები უნდა ჩამოერთვას. ბელადის განკარგულებების საფუძველზე, პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.
სამი დიდი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის, ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების – მთავრობათა მეთაურების კონფერენციაზე პოტსდამში, სტალინმა ოფიციალურად მოითხოვა საქართველოსთვის განკუთვნილი ტერიტორიების დაბრუნება. კერძოდ, 1945 წლის 22 ივლისს, საღამოს სხდომაზე, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი თავმჯდომარეობდა, სტალინის წინადადებით, ვრცელი განცხადებით გამოვიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი. მან თქვა, რომ საბჭოთა მთავრობა მზად არის, თურქეთის სურვილის შესაბამისად, სამეგობრო ხელშეკრულება გააფორმოს, მხოლოდ გარკვეული პირობით, რაც შავი ზღვის სრუტეების შესახებ მონტრეს (შვეიცარიის) 1936 წლის 20 ივლისის კონვენციის გადასინჯვასთან ერთად, გულისხმობდა თურქეთის მიერ სომხეთისთვის ყარსის, ხოლო საქართველოსთვის – ართვინისა და არდაგანის, 1921 წელს წართმეული ტერიტორიების, დაბრუნებას. ჩერჩილი და ტრუმენი დათანხმდნენ სრუტეების საკითხის განხილვას, მაგრამ მცირე აზიაში საბჭოთა კავშირისა და თურქეთის საზღვრების გადასინჯვა კატეგორიულად უარყვეს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ეს საკითხი ამერიკა-ინგლისის წინააღმდეგობის გამო დაიბლოკა. წინააღმდეგობის მიუხედავად, სტალინი მაინც იღვწოდა მიზნის მისაღწევად. 1945-1946 წლების მიჯნაზე დიდი კამპანია გაჩაღდა ლოზუნგით; „ჩვენი კანონიერი პრეტენზიებისთვის“, რის საფუძველზეც 1947 წლის ოქტომბერში, საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაზეც განიხილეს. მაგრამ, ერთი ადამიანი, რომელიც ძირძველი მიწების შემოერთებაზე ზრუნავდა, ვერაფერს გახდა.
ქართული სამეფო და გერმანიის ფლოტი
იმ საღამოს სტალინი ძალზე შთამბეჭდავად და ლამაზად გამოიყურებოდა. მარშლის ფორმაზე გრძელი სამხედრო ფარაჯა ეცვა და ხელი ნაპოლეონის მსგავსად ჰქონდა ფარაჯაში გაყრილი. ჩერჩილი და სტალინი ერთმანეთს გულთბილად მიესალმნენ, ხელი ჩამოართვეს და შენობაში შევიდნენ. ბანკეტზე ოცდაათი სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, – დასავლეთის ელჩები და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი. აღსანიშნავია, რომ მათ სამი ქართველი გენერალი იცავდა, საბჭოთა მხრიდან – წერეთელი და ნაჭყებია, დასავლეთის მხრიდან – მერაბ კვიტაშვილი. სწორედ მათ ხელში იყო დედამიწის გამგებელთა ბედი. სისულელეა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, მსოფლიო უთავოდ შეეძლოთ დაეტოვებინათ. „მაშ, თქვენ ძველი ქართული სამეფოს აღდგენა გსურთ?“ – ამ შეკითხვით მიუახლოვდა ჩერჩილი ქართველებს. „თქვენ მთელი გერმანული ფლოტის ჩაძირვას აპირებთ? – შეკითხვითვე უპასუხა სტალინმა, – წინადადებას ვიძლევი, ფლოტი მოკავშირეებს შორის გავყოთ, ხოლო ბრიტანეთს სრული უფლება აქვს, თავისი წილი ჩაძიროს,“ – პასუხისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა არ დასჭირვებია სტალინს.
P.S. ჰომეროსის წარმოშობაზე თავის დროზე ანტიკური საბერძნეთის შვიდი ქალაქი დავობდა და ეს დავა დღესაც, სამი ათასი წლის შემდეგაც, არ არის გადაწყვეტილი. იგივე მეორდება სტალინის ეროვნებასთან დაკავშირებით. რუსები ამტკიცებენ, რომ სოსო ჯუღაშვილი იმპერატორ ალექსანდრე მესამის უკანონო შვილი იყო; პოლონელები – რომ დიდი მეცნიერის და მოგზაურის, პჟევალსკის; ოსები მის ოსურ წარმოშობას ამტკიცებენ, სომხები სომხურს; ებრაელებმაც სცადეს, მაგრამ ღვთის რჩეული ერის შვილებმა, როგორც ყოველთვის, გონიერება გამოიჩინეს – „ჩემი და შენი“ არ შეეშალათ და ბელადი ქართველებს დაუთმეს. თუმცა, აღნიშნულ „კამპანიაზე“ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ჟურნალ-გაზეთებში, ისე სპეციალურად, ამ თემაზე დაწერილ წიგნებშიც და დავა ამჟამადაც მიმდინარეობს.
საიდან იყო წარმოშობით იოსებ ჯუღაშვილი, ეს საკითხი ბევრს აღელვებს, რადგან მასვე აღუნიშნავს: ქართველი ვარ, ჩემი მშობლიური ენა კი რუსულიაო. ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ბანკეტზე კი უთქვამს: „დიად რუს ხალხს გაუმარჯოს, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა“ და ასე შემდეგ. მაგრამ, გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვისაც კი ნათელია, რომ შეუძლებელია, სტალინს ასე ეფიქრა და ეს მხოლოდ მრავალრიცხოვანი ერისადმი მიძღვნილი დითირამბები არ ყოფილიყო. ქართველები არავის ვედავებით ჯუღაშვილის წარმოშობას, სტალინის მისაკუთრების პრეტენდენტებისგან განსხვავებით, მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ 43 წლის განმავლობაში, სოსო სამშობლოში არ ცხოვრობდა, რუსეთში სწავლობდა, მუშაობდა და წერდა. მის მიერ ციმბირში გატარებულ წლებზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია, მთელი ეპოპეაა, რომელიც ცალკე შესწავლის თემაა. თუმცა, სამაგიეროდ, კაცობრიობის ისტორიაში, გენიოსთა შორის გამორჩეული გიგანტი, ამაყობდა ქართული წარმოშობით, რაც არაერთხელ აღუნიშნავს, არა რიგით, ჭორიკანა და ავისმჩხრეკელ, არამედ ისტორიულ პიროვნებებთან ერთად, ისეთებთან, როგორებიც იყვნენ: თეოდორ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი, შარლ დე გოლი... მათთან შეხვედრების დროს, ხშირად უსაუბრია ქართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე, ისტორიაზე და ასე შემდეგ... ისიც ცხადია, რომ მისი თანხმობისა და განკარგულების გარეშე, მელიტონ ქანთარია ვერ აღმართავდა გამარჯვების დროშას ბერლინში, რაიხსტაგის თავზე. დაბადებიდან სულის ამოსვლამდე, ქართული აქცენტით ლაპარაკობდა, რაც მისი მხრიდან შეგნებული ქმედება იყო და არა გადაულახავი ბარიერი.

скачать dle 11.3