კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმიანობამ მოუტანა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს 228 896 ლარი


რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, იმ ორი ჩინოვნიკის, რომელთა ქონებისა და ფინანსების ჩხრეკას ამჯერად შევუდგებით, განათლებისა და სამსახურებრივი მიმართულებები ერთმანეთს ემთხვევა (ორივეს ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც ეწევიან სამოხელეო საქმიანობას). ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვუწყით იმის თაობაზე, როგორ გამოადგება ქვეყანას მათი ეკონომიკაში განსწავლულობა (ამას, ცხადია, დრო აჩვენებს) და შეესაბამება თუ არა მათი განათლების ცენზი დაკავებულ თანამდებობას, თუმცა საქმე მაინც „სამაღარიჩოდ“ გვაქვს, რაკი ეკონომიკას, მართალია, ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ეკონომისტები უძღვებიან. ერთი სიტყვით, გთავაზობთ ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გობეჯიშვილისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის უბრალოდ მოადგილის, ზურაბ ალავიძის, ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებს, რა თქმა უნდა, პროფესიული გამოცდილების პრეისტორიასთან გაზავებულს.



გრიგოლ გობეჯიშვილი

ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი 1975 წელსაა დაბადებული. განათლებაც უმაღლესი აქვს მიღებული: 1991-1997 წლებში თსუ-ში სწავლობდა, ეკონომიკურ ფაკულტეტზე; შემდეგ ასპირანტურაც დაამთავრა, 2004 წელს კი – უილიამსის კოლეჯიც. მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო: თავდაპირველად (1997-1999 წლებში) საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების სპეციალისტად; მოგვიანებით (1999-2001 წლებში) იმავე დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის განყოფილების კონსულტანტად, შემდეგ (2001-2002 წლებში) ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსიც გახდა, ბოლოს კი (2002-2003 წლებში) – ნაერთი ბიუჯეტისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსიც. 2004 წელს ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა – საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად. 2004-2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო; 2007-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2009 წელს კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედაც დაინიშნა.

ფლობს ინგლისურსა და რუსულ ენებს.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის, 1975 წელს დაბადებულმა, პირველმა მოადგილემ თავისი ბოლო დეკლარაცია 2009 წლის აპრილში შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა. ოჯახის წევრებად მიუთითა 1977 წელს დაბადებული ეველინა სულავა და 2007 წელს დაბადებული გიორგი.

გობეჯიშვილებს ორი საცხოვრებელი ბინა აქვთ: ერთსა და იმავე მისამართზე მდებარე (თბილისი, საბურთალოს ქუჩა): ერთი გრიგოლ გობეჯიშვილის საკუთრებაა (240 კვ. მ.), მეორე – ეველინა სულავასი (50 კვ. მ.). მათ დეკლარაციის შევსების დროს არც ნაღდი ფული ჰქონიათ და ბანკებშიც თანხა მხოლოდ მიმდინარე-სახელფასო ანგრიშებზე ერიცხებოდათ.

მაშინ, როდესაც გრიგოლ გობეჯიშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა, მისი მეუღლე სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის სპეციალისტი იყო. შესაბამისად, ბ-ნი გობეჯიშვილის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 105 238 ლარი შეადგინა, ქ-ნი სულავას შემოსავალმა კი – 12 612 ლარი.

2007 წელს ბ-ნ გობეჯიშვილს „საქართველოს ბანკიდან“ სესხიც აუღია – 50 000 აშშ დოლარის ოდენობითა და 10 წლის ვადით. თუ თანამდებობით ვიმსჯელებთ, ბ-ნ გობეჯიშვილის, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, სახელფასო შემოსავალი, წესით, არ უნდა გაუარესდეს, შესაძლოა, პირიქითაც.

ზურაბ ალავიძე

ეკონომიკური განვითარების მინისტრის უბრალოდ მოადგილე ზურაბ ალავიძე პირველ მოადგილეზე ერთი წლით უმცროსია (1976 წელსაა დაბადებული). ოჯახი არ აქვს, მაგრამ მანაც, ბ-ნი გობეჯიშვილის მსგავსად, იცის რუსული და ინგლისური ენები. ბ-ნმა ალავიძემ 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მათემატიკური სკოლა-ინტერნატი; 1993-1998 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, 2007-2009 წლებში კი – გრენობილის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში და მინიჭებული აქვს ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2008 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორია, 2009 წლიდან კი – ასისტენტ-პროფესორი. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: ბ-ნმა ალავიძემ მუშაობა 1996 წელს დაიწყო, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მენეჯერად, 1997 წელს იმავე ბანკის მთავარი დილერი გახდა, 1998 წელს – სახაზინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1999 წელს კი ხაზინის დეპარტამენტის დირექტორობასაც მიაღწია. ამის პარალელურად, 2006 წლამდე ბ-ნი ალავიძე „ქართული საფონდო კომპანიის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა. 2005 წელს უკვე „ვი თი ბანკად“ წოდებული „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეც გახდა. 2008-2009 წლებში „ბესიკის ბიზნესცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2009 წლის სექტემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

რაკი ბ-ნი ალავიძე დღენიადაგ კერძო სექტორში საქმიანობდა, თავისი პირველი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია, ბუნებრივია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეავსო, კერძოდ, 2009 წლის სექტემბერში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ამპლუაში და ოჯახის წევრად მიუთითა დედა, 1950 წელს დაბადებული მარინა კვირიკაშვილი.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას: ზურაბ ალავიძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი დაბა შეკვეთილში (500 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში და კომერციული ფართი წერეთლის გამზირზე (200 კვ. მ.); მარინა კვირიკაშვილს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა კოსტავას ქუჩაზე (220 კვ. მ.).

ამას გარდა, დედა-შვილს ავტომანქანებიც ჰყავს: ზურაბ ალავიძეს – 2009 წლის „ტოიოტა კემრი“, მარინა კვირიკაშვილს – 2008 წლის „რენჯ როვერი“.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ჩინოვნიკ ალავიძის დეკლარაციაში საბანკო ანგარიშების გრაფაა. კერძოდ, ზურაბ ალავიძეს ბანკებში სამი ვადიანი დეპოზიტი აქვს გახსნილი, რომლებზეც, შესაბამისად, ერიცხება: 168 000 ლარი, 58 800 და კიდევ 58 800 ლარი (მიმდინარე ანგარიშებზე კი, სულ რაღაც, 500 და 105 ლარი). ქ-ნ კვირიკაშვილს ერთი ვადიანი დეპოზიტი აქვს გახსნილი (რომელზეც 168 000 ლარი ერიცხება), ერთიც – შემნახველი, რომელზეც 17 000 ლარი ერიცხება (მიმდინარე ანგარიშზე კი, სულ რაღაც, 1 150 ლარი აქვს).

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული, 18 000 აშშ დოლარი, მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ზურაბ ალავიძეს ჰქონდა.

ბ-ნი ალავიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა: ის შპს „ბესიკის ბიზნესცენტრის“ დამფუძნებელია (წილის 25 პროცენტს ფლობს). შპს 2005 წელსაა დაარსებული და მან მეოთხედის წილის მფლობელ პარტნიორს დღემდე 228 896 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნ ალავიძეს დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა თავისი წლიური შემოსავალი (რომელიც 2008 წლის განმავლობაში მიიღო), მან ეს არ გააკეთა (მხოლოდ ხაზი გაავლო), სამაგიეროდ, მიუთითა, რომ ქ-ნმა კვირიკაშვილმა, როგორც მეორე სამშობიარო სახლის მიკროპედიატრმა, წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 9 290 ლარი აიღო. თუმცა, თუ ბ-ნი ალავიძისა და ქ-ნი კვირიკაშვილის საბანკო ანგარიშებით ვიმსჯელებთ, ბ-ნ ალავიძეს ურიგო ხელფასი არ უნდა ჰქონოდა.


скачать dle 11.3