კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2017 (177)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)
თებერვალი 2017 (205)

რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში აგარაკზე ძაღლთან ერთად გამგზავრების წინ

თუ სახლში ძაღლი გყავთ, დასასვენებლად მასთან ერთად წასვლაც გარდაუვალია. იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი აგარაკზე თქვენთან ერთად გაემგზავროს, რამდენიმე დეტალსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რისი ცოდნაც გაუთვალისწინებელ უსიამოვნებებს აგაცილებთ თავიდან. შედეგად, თქვენც კარგად დაისვენებთ და ძაღლისთვისაც იდეალური აღმოჩნდება საზაფხულო არდადეგები. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ქალაქიდან გასვლამდე, როგორ ამგზავროთ ძაღლი, და როგორ მოუაროთ მას აგარაკზე ჩასვლის შემდეგ, ამის შესახებ კინოლოგიური კლუბის – „ქენელ ლენდის“ ხელმძღვანელი, გია ჭულუხაძე მოგითხრობთ: ძალიან კარგია, თუ აგარაკი გაქვთ; კიდევ უკეთესია, ძაღლიც თუ გყავთ. როცა საზაფხულოდ აგარაკზე ძაღლით წასვლას გადაწყვეტთ, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ: პირველ ყოვლისა გააჩნია სად მიემგზავრებით დასასვენებლად: თუ ახლო მანძილზე, არანაირი პრობლემა არ არის – ძაღლს ჩასვამთ მანქანაში და გაემგზავრებით. მგზავრობისას აუცილებელია, ძაღლი უკანა სავარძელზე მოათავსოთ და მისაბმელით დააფიქსიროთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების შედეგად, შეიძლება, ძაღლი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს: თუ ძაღლი მისაბმელით არ არის დაფიქსირებული უკანა სავარძელზე, შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და საჭესთან მჯდომს დაეჯახოს. მერწმუნეთ, ეს არცთუ ისე მსუბუქი დარტყმა იქნება. შეიძლება ძაღლი ისეთი ძალით მოგეჯახოთ, რომ კისერიც კი წაგაწყვიტოთ, ან უკეთეს შემთხვევაში, თვითონ წაიწყვიტოს. ამიტომ, თუ პატარა ზომის ძაღლია, უმჯობესია, სპეციალურ გალიაში მოათავსოთ, ხოლო დიდი ძაღლი, როგორც გითხარით, დააფიქსირეთ მისაბმელით. მგზავრობის დროს ფანჯრის მინა ჩამოწეული უნდა იყოს, სუფთა ჰაერი რომ შემოვიდეს, მაგრამ არც იმდენად, რომ ძაღლი მანქანიდან გადმოგიხტეთ. თუ გზაში წასახემსებლად გაჩერდებით, მანქანა აუცილებლად ჩრდილში დააყენეთ, ფანჯრები კი დიაგონალზე გააღეთ, ძაღლს რომ არ დასცხეს.

როცა დანიშნულების ადგილზე ჩახვალთ, თუ იქ არავინ ცხოვრობს და აგარაკი მთელი წლის განმავლობაში ცარიელია, ჯობია, ძაღლი თავისუფლად არ გაუშვათ ეზოში. უკეთესია, თუ მისვლისთანავე ძაღლს დააბამთ და ტერიტორიას დაათვალიერებთ. ნახეთ, შემთხვევით, ეზოში ხომ არ გდია მკვდარი კატა ან გატეხილი ბოთლის ნამსხვრევები და ასე შემდეგ. ასე თუ არ მოიქცევით, დიდი შანსია, ვეტერინართან ვიზიტი მოგიწიოთ. ეზოში ძაღლის თავისუფლად გაშვება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ტერიტორიას კარგად დაათვალიერებთ და ნახავთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. არც დიდ ბალახშია ძაღლის გაშვება რეკომენდებული. უკეთესია, თუ ეზოს ზედმეტი ბალახისგან გაათავისუფლებთ – ასე ზედმეტ პრობლემებს აიცილებთ თავიდან და არც ტკიპა და რწყილი შეგაწუხებთ. იდეალური ვარიანტია, თუ თქვენს ჩასვლამდე იქ ვინმე ბალახს სპეციალური ხსნარით დაამუშავებს.

– სად შეიძლება ამ ხსნარის შეძენა?

– ნავთლუღში საკმაოდ დიდი არჩევანია. ბალახის კარგად შეწამვლის შემდეგ ერთი-ორი თვე არც ტკიპა შეგაწუხებთ, არც რწყილი და არც ბაღლინჯო. ეზოს წინასწარი დამუშავება მხოლოდ ძაღლისთვის კი არა, თქვენთვისაც კარგია, რადგან ბაღლინჯო, რწყილი და ტკიპა არა მარტო ძაღლს, არამედ, ასევე ადამიანებსაც არ ტოვებენ უყურადღებოდ. განსაკუთრებით კი ბავშვებს.

თუ აგარაკზე ყოფნის დროს ძაღლის ეზოში გაშვებას ამჯობინებთ, ის ადგილიც აუცილებლად უნდა დაამუშაოთ სპეციალური ხსნარით, რადგან იქ აუცილებლად იქნება დაბუდებული სხვადასხვა ტიპის მკბენარები. როცა ამ ყველაფრისთვის მომზადებული ხართ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ კულტურული დამსვენებელი ხართ და კულტურულ ძაღლთან ერთად კულტურულად ისვენებთ.

– ძაღლის გარეთ ყოფნის ინტენსივობას რაც შეეხება?

– შეიძლება, მთელი დღე გარეთ იყოს, ოღონდ, ჩრდილში. თუ ყვავილების მოყვარული ხართ, არჩევანის გაკეთება მოგიწევთ: ან ძაღლი უნდა არჩიოთ, ან – მცენარეები, რადგან ძაღლებს ძალიან უყვართ ყვავილებში გაშლიგინება. თუ ვერც ერთს ვერ თმობთ, მაშინ ყვავილების ადგილი ისე შემოღობეთ, რომ ძაღლმა არ დააზიანოს. თუ ეზოში რამე ძვირფასი ხე გაქვთ ჩარგული, ისიც უნდა შემოღობოთ, რადგან, შეიძლება თქვენი ძაღლის ხშირმა შარდვამ ის გაახმოს.

– საინტერესოა, აკლიმატიზაციის პერიოდს ძაღლიც თუ გადის?

– თუ თქვენი ძაღლი ძალიან დიდი ხნის არის, შეიძლება, რამდენიმე საათის განმავლობაში ხასიათზე ვერ იყოს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, გახურებული ქალაქიდან გრილ ადგილზე ჩასვლა ძაღლისთვის შვებაა.

აგარაკზე ჩასვლისთანავე ყურადღება უნდა მიაქციოთ ღობეს, შეათვალიერეთ, სადმე ხვრელი არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ღობე აუცილებლად უნდა შეაკეთოთ, ღამით „უცხო სტუმარი“ რომ არ ეწვიოს თქვენს ძაღლს. მით უმეტეს მაშინ, თუ თქვენი ძაღლი ატეხილია. ამის გარდა, არც ის არის გამორიცხული, რომ უცხო ძაღლსა და თქვენს ძაღლს შორის ჩხუბი მოხდეს.

– კლანჭები თუ უნდა ჰქონდეს ძაღლს ზაფხულში დაჭრილი?

– თუ ძალიან გაზრდილი აქვს კი, მაგრამ სირბილის დროს, როგორც წესი, თავისით უცვდება და ამიტომ მოჭრის განსაკუთრებული საჭიროებაც არ არსებობს.

– ქალაქიდან გასვლის წინ თუ არის რამე სპეციალური აცრის გაკეთება ძაღლისთვის აუცილებელი?

– სპეციალური – არა. ქალაქიდან გასვლისას ძაღლს ჩვეულებრივ, კომპლექსური აცრები უნდა ჰქონდეს გაკეთებული და, რაც მთავარია, ცოფზე უნდა იყოს აუცილებლად აცრილი. ასევე, ძაღლი სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშავებული.

– თუ ახლო მანძილზე მდინარეა, რეკომენდებულია ძაღლის იქ თავისუფლად გაშვება?

– თუ ძაღლს უყვარს და ესიამოვნება, შეგიძლიათ, მდინარეში აბანაოთ, თუ არ სიამოვნებს რამდენჯერმე ძალით ჩააგდეთ მდინარეში, შემდეგ კი შეეჩვევა და საბანაოდ თუ არა, ფეხების დასასველებლად მაინც ჩავა წყალში.

скачать dle 11.3