კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემას აგვარებდა ლაკო ბუკიას ოჯახი და რატომ კოცნის ის საქართველოს პატრიარქის დარიგებით მშობლებს ხელისგულზე

მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი დიზაინერი ლაკო ბუკია მხოლოდ 23 წლისაა, მან მოდის სფეროში უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ლაკო ბავშვობაში მოდელობაზე ოცნებობდა. ხშირად მართავდა ჩვენებებს, სადაც მაყურებლის წინაშე არა დიზაინერის, არამედ მოდელის ამპლუაში წარდგებოდა ხოლმე. ლაკო საოცრად კარგი, თბილი, კეთილი ადამიანია, ძალიან შრომისმოყვარე და, ის რომ დღეს ასეთია, როგორც თავად ლაკო ამბობს, ამაში ყველაზე მეტად საკუთარი ოჯახი დაეხმარა.

ლაკო ბუკია: 6 დღე თურქეთში ვიყავი და ეს საკმარისი იყო იმისთვის, დამესვენა და კარგად განვტვირთულიყავი. ახლა ახალი ძალებით ვმუშაობ. თან, მეგობრებთან ერთად ვიყავი, იზოლაციაში ქართველებისგან, ტელეფონისგან, სახლისგან. ჩვენი მეგობრების უმეტესობა გათხოვდა. ექვსი გოგო შევიკრიბეთ, რომლებიც არ ვართ გათხოვილები და მივხვდით, რა კარგი ყოფილა ერთად ყოფნა და დასვენება.
– საინტერესოა, როგორ ერთობოდა თურქეთში ექვსი მშვენიერი გასათხოვარი გოგონა.
– არც ერთს არ გვიყვარს კლუბებში სიარული, ვინმეს გაცნობა. სახლში შინაურულად შეგვიძლია, კარგად გავერთოთ. ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხაროდა, თან ერთ გოგონას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, გვაცინებდა. ბოლოს ვამბობდი, იმდენი ვიცინე, რაღაც მოხდება-მეთქი.
– დაისვენე ექვსი დღე და ახლა ისევ მუშაობას შეუდექი?
– საფრანგეთის შეკვეთა დასრულდება და გავაგზავნით. კოლექციაც თითქმის დასრულებულია. ნიუ-იორკში 7 სექტემბერს მივდივარ, „ფეშენ-ვიქი“ 9 სექტემბერს იწყება (ინტერვიუ წასვლამდეა ჩაწერილი, – ავტორი), რამდენიმე ჩვენებას უნდა დავესწრო, „შოუ-რუმი“ მაქვს, შეხვედრები. სულ ისე ხდება, რომ სწორედ ისეთი თვეები მაქვს დაკავებული, როდესაც სხვები ისვენებენ. სექტემბერზე ვგიჟდები. ამ პერიოდში ყველაზე მეტად მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ უკვე მეორე სეზონია, „ფეშენ-ვიქზე“ მიწევს გამოსვლა და დავემშვიდობე ამ ამბავს.
– როგორი იყო ლაკო ბავშვობაში?
– უჩვეულო ბავშვი ვიყავი და დღემდე ასე ვარ. რაც მაინტერესებდა, მხოლოდ იმას ვაკეთებდი. თუ არ მინდოდა, რომ მოგეკალი, არ გავაკეთებდი. მათემატიკა არ მიყვარდა, მასწავლებელი სახლში მოდიოდა და მამეცადინებდა. ერთხელ, რომ მოვიდა, მე ტირილი დავიწყე და სახლში არ შევედი. იმდენი ვიტირე, რომ მასწავლებელი ადგა და წავიდა. ახლა, ამას რომ წაიკითხავენ ჩემი მასწავლებლები, გაგიჟდებიან. ვერ ვიტანდი მუსიკას, მასწავლებელი ბევრს მეჩხუბებოდა, შემაძულა პიანინოსთან მისვლა. არადა, ბავშვობაში მეუბნებოდნენ, პიანისტის თითები გაქვს, პიანისტი უნდა გამოხვიდეო, მეც ისე ჩამიჯდა გონებაში. თან, მხედველობითი მეხსიერება მაქვს, მასწავლებელი რომ დაუკრავდა, დავხედავდი და მაშინვე ვიმეორებდი. ბოლოს იმ ქალმა ისე შემაძულა ყველაფერი, პიანინოს აღარც მივკარებივარ. ყველაზე მეტად მიხარია, რომ არასდროს ვყოფილვარ უზრდელი ბავშვი, სულ ვიცოდი ჩემი ადგილი. სამაგიეროდ, ძალიან მეოცნებე ვიყავი – „დისნეის მულტიკებში“ ვცხოვრობდი. ახლაც მიყვარს, მაგრამ მივხვდი, რეალობა რომ ასეთი არ არის. მაშინ, ცხოვრებაში რამე ელემენტარულად რომ შეცვლილიყო, ძალიან განვიცდიდი, განსაკუთრებით, თუ რამე მქონდა დაგეგმილი. ახლა მივეჩვიე, არაფერი დავგეგმო – კაცმა არ იცის, რა მოხდება.
– რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
– მოდელობაზე. სასაცილოა და ვერავინ დაიჯერებს, რომ ბავშვობაში 15 წლამდე ძალიან გამხდარი ვიყავი. ანუ, მანამ, სანამ ცეკვაზე დავდიოდი. სულ ბებიაჩემისა და მამიდაჩემის ძველ პალტოებს ვიცვამდი – დავდიოდი და ჩვენებებს ვაწყობდი. ყველას დავსვამდი და ვეუბნებოდი, ახლა ჩვენება მაქვს-მეთქი. ახლა რომ მახსენდება, მეცინება. არ ვკერავდი, მაგრამ ტანსაცმელს ერთმანეთს ვუხამებდი. ეტყობა, იგრძნობოდა, საით მივდიოდი.
– არ განებივრებდნენ მშობლები?
– მამა უფრო მანებივრებდა. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური პრობლემა არ გვქონდა, ჩვენთვის ყველაფერს – სათამაშოებს თუ სხვა რამეს თავისი დრო და ადგილი ჰქონდა. ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა. დღემდე ვიცი, რაღაცას უნდა მიაღწიო და შედეგს მერე მიიღებ. ბავშვობაშიც კარგი ნიშნის მერე ვიღებდი საჩუქარს. განებივრებული იმ მხრივ ვიყავი, რომ პატარა ვარ, თან ჩემი და განსხვავდება ჩემგან. ბავშვობიდან უფრო ჩამოყალიბებული იყო. მამაჩემი, დღემდე, როგორც პატარას, ისე მექცევა. რომ ჰკითხო, რამდენი წლის ვარ, გეტყვის, 17 წლის არისო. არ სჯერა, რომ გავიზარდე.
– ოჯახი ის ადგილია, სადაც ბავშვი იზრდება, პიროვნებად ყალიბდება, სწავლობს ძალიან ბევრ რამეს.
– ჩემი მშობლების დამსახურებაა, მათ მასწავლეს – ყოველთვის უნდა მივაღწიო მიზანს, არასდროს დავნებდე და ერთგული ვიყო. რაც მთავარია, ოჯახის წევრები სულ ერთად ვართ. სადაც უნდა ვიყოთ, დღესასწაულზე ყოველთვის ერთად ვიკრიბებით. ძალიან ბევრ რაღაცაში ვგავარ მამას და დედას. ზოგჯერ მეცინება კიდეც. მიხარია, რომ ოჯახისგან ვისწავლე – რა არის შრომა, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ადვილად არ ხდება. არასდროს მაძალებდნენ, დაჯექი და იკითხე წიგნებიო. მაგრამ, ჩემი და ბევრ წიგნს კითხულობდა და მე რომ არაფერი მცოდნოდა, თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი. ჩემს დას ისეთი დიპლომები აქვს, ყველაფერში პირველი იყო. მე ახლა გავხდი ჩემს საქმეში ასეთი. ის ყველაფერში ასეთია, გვიყვარს შრომა. ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ის იქნება, დედაჩემმა ან მამაჩემმა რომ მითხრას – უსაქმური ხარ ან შენგან არაფერი გამოვაო. უკვე გავიზარდეთ და საშუალება გვაქვს, ჩვენც ვაკეთოთ ჩვენი საქმე. რაც მამამ გამიკეთა, უკან უნდა დავუბრუნო ჩემი საქმით.
– ამაზე, ალბათ, მამას ეცინება.
– ბევრჯერ გაუცინია – რა უნდა დამიბრუნოო. თანხობრივად კი არ უნდა დავუბრუნო, უბრალოდ, მინდა, მეც ვიშრომო. მასთან ყველაფერი იოლად არ მოსულა, სულ წასული იყო. რომ ვხედავ, როგორ შრომობს, მინდა, თუნდაც, იმით გავახარო, რომ უსაქმური არ ვარ. მამა სამეგრელოდან არის, ხობის რაიონიდან. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც თავისი კუთხე ასე ძალიან უყვარდეს. მეც მისგან პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული ვისწავლე. მამა სამი წელია, აკეთებს ხობის მეგრული სიმღერის ფესტივალს. მეგრული სიმღერები აღადგინა, მუზეუმი გახსნა. უცხოეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში ისწავლება მეგრული სიმღერა. ფესტივალზე ჩამოდიან უცხოელები, მღერიან მეგრულად. სექტემბერში კიდევ იქნება ფესტივალი. სამეგრელოში შენდება ეკლესია, საპატრიარქოს რეზიდენციაც იქნება, პატრიარქი ჩამოდის. როდესაც ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა, ჯვარი ჩავდეთ, მაშინაც ჩამოვიდა პატრიარქი, ოჯახშიც მოვიდა. ერთხელ, პატრიარქი ჩვენთან სახლში ცუდად გახდა, დაიღალა და მოსვენება მოუნდა. ერთ-ერთ ოთახში დავაწვინეთ, ის თეთრეული დღემდე შენახული გვაქვს და განსაკუთრებული მოვლენებისთვის ვინახავთ, მაგალითად, ვინმე თუ ფეხმძიმედ არის, ვაწვენთ. წელს ვერ ვიქნები ეკლესიის გახსნაზე, გული მწყდება, მაგრამ რადგან პატრიარქი იქ იქნება, მშვიდად ვარ – ჩემი ჩვენებაც კარგად ჩაივლის. ერთხელ, როცა ჩვენთან იყო, სუფრასთან ვისხედით და ასე მითხრა: მიდი ახლა, დედას და მამას ხელისგულზე აკოცე. მშობლები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღე მადლობა უნდა გადაუხადო მათ ხელზე კოცნითო. ვითვალისწინებ მის დარიგებას, ყოველდღე არა, მაგრამ თუ რამეს ვაწყენინებ, ან მომენატრება, დედასაც და მამასაც ხელისგულზე ვკოცნი.
– დღეს მამაშენი ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, აქვს თავისი საქმე. ასევე, პარლამენტში დეპუტატია.
– მამაჩემის ოჯახი საერთოდ არ იყო შეძლებული. სამეგრელოში გაიზარდა, ჩვეულებრივ ოჯახში. ჩემთვის საამაყოა, რომ მან ყველაფერს თავისით მიაღწია. ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მთელი ოჯახი ამ პრობლემებს ერთად ვუმკლავდებით. ამ ყველაფერმა მასწავლა, რომ ძლიერი უნდა ვიყო. ამ ცხოვრებაში ჰაერზე არაფერი მოდის.
– პოლიტიკამ შეცვალა?
– არაპოლიტიკური ადამიანი ვარ. ერთი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ როდესაც სახლში შემოდის, პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, თორემ, სხვა მხრივ, არ შეცვლილა. რაც შეეხება დედას, ის ყველაზე თბილი ადამიანია მსოფლიოში. ასეთი კეთილი, თბილი ადამიანი სხვა არ არსებობს. სულ ჩვენზე ნერვიულობს. რომ დავურეკავ, ახლა ნიუ-იორკში მივდივარ, საქმე მაქვს-მეთქი, აღარ შეუძლია. საქმის მხრივ, მამისგან ვისწავლე ბევრი რამ. ის, რომ ყურადღებიანი, თბილი და კეთილი ვარ, დედის დამსახურებაა.
– როდესაც ლონდონში სწავლა გადაწყვიტე, მშობლები თუ ჩაერივნენ შენს არჩევანში?
– ნათიამ, ჩემმა დამ რომ თქვა, ლონდონში მივდივარო, არავის გაუპროტესტებია. მე საერთოდ ნათიას დავყვებოდი კუდში, ამიტომ, მეც ვთქვი, მივდივარ-მეთქი. არავის შეუშლია ხელი, პირიქით, ხელს გვიწყობდნენ. გამოცდების დროს დედა სულ ჩვენთან იყო. როდესაც ნათიას გამოსაშვები საღამო ჰქონდა, მე – ჩვენება, მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით. წელს ლონდონში ვერ დაესწრებიან ჩვენებას, რადგან სამეგრელოში სიმღერის ფესტივალს ემთხვევა და თან, მამა ეკლესიას ხსნის. ამას იმდენად განვიცდი, ვერ აგიწერ.
– როგორ შეეგუებიან შენს გათხოვებას.
– ჩემი და გათხოვილია და ადვილად შეეგუვნენ. მე მაინც მათთვის პატარა ვარ. არ ვიცი, როგორ შეეგუებიან, მაგრამ მოუწევთ. უბრალოდ, იციან, რომ ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას და მშვიდად არიან.
– მამა ბიზნესში გამოცდილი ადამიანია, არ გაძლევს რჩევებს?
– ბიზნესში ძალიან ბევრ რჩევას მაძლევს. როცა რაღაც არის გადასაწყვეტი, მთელი ოჯახი განვიხილავთ. მამაჩემს ყველა ინტერვიუ აქვს წაკითხული, ყველას ინახავს. თან, მირეკავს, რა მომენტი მოეწონა და რა – არა. ძალიან უხარია ჩემი წარმატება. დედაჩემი იცინის – არაფერი ისე არ აინტერესებს, როგორც შენი ინტერვიუების კითხვაო.

скачать dle 11.3