კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ცოლი შვილებთან ურთიერთობას მიშლის
ამ რუბრიკაში კაცები იშვიათად წერენ, მიჩვეულები არ ვართ გულისტკივილის საჯაროდ გამოხატვას. იმიტომაც ცოცხლობენ ქალები უფრო დიდხანს, რომ ემოციებისგან დაცლა, კივილი, ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ. ამით კი გულზე ეშვებათ. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, ჩემი სატკივარი მეც მეთქვა.
მართლა „ორი გვირგვინი“ მაქვს თავზე და ორჯერაც დავქორწინდი. ჯერ საერთოდ ვფიქრობდი, ცოლს არ შევირთავ-მეთქი. ყველა ქალი კაპასი და ტვინის წამღები მეგონა. რა თქმა უნდა, ჩემებს ამის გაგონებაც არ სურდათ და ტვინს მიბურღავდნენ, გინდა თუ არა, დაქორწინდიო. თვითონაც ცოტა გვიან დაქორწინდნენ, თან ნაბოლარა ვარ – სიბერის შვილი და არიქა, მაჩქარებდნენ, ერთი შენს ბედნიერებასაც მოგვასწარიო.
ოფისში, სადაც ვმუშაობდი, ნინი იქ გავიცანი. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა, მაგრამ რაღაცნაირად, ისეთი გოგო ჩანდა – სხვებისგან გამორჩეული, ნაკითხი, გაწონასწორებული, ჭკვიანი... არ მინახავს, ზედმეტად ეცანცაროს, კრეატიულიც იყო, „იდეების გენერატორი“, მოკლედ, უფროსსაც ძალიან მოსწონდა. იმდენ ხანს ვიწვალე და „ვიჩალიჩე“ მის მოსაპოვებლად, რომ, არ ვიცი. ოღონდ ამას ხელოვნურად არ აკეთებდა, როგორც დანარჩენ ქართველ გოგოებს სჩვევიათ, მართლა არ იყო ადვილად მოსაპოვებელი ქალი.
მოკლედ, ამდენი წვალება-ვაების შემდეგ, 5 წელიწადში დავქორწინდით. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ნინიმ მუშაობას თვითონ დაანება თავი, მალე დაორსულდა. მე არ მომითხოვია მისთვის, სახლში დაჯექი და წინდები მიჭეჭყე-მეთქი. გეფიცებით, მართლა არ ყოფილა ასე, რადგან თვითონ მოისურვა, მე რა მესაქმებოდა, მერე მეორე ბავშვიც მიაყოლა და დაჯდა ასე ორ-ორი შვილით სახლში. მე მგონი, სწორედ მას მერე აურია ცოტა.
სანამ ბავშვებს ბაღში მიიყვანდა, ყველაფერი მშვენივრად იყო. მას შემდეგ, რაც სალომე (ჩვენი უფროსი გოგო) ბაგა-ბაღში წაიყვანა და იქ მშობლები გაიცნო, იმის ნაცვლად, რომ გახარებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. რაღაცნაირი ჩუმი და ფლეგმა გახდა. ხანდახან სულ უმიზეზოდ „მეროჟებოდა“ და ხმას არ მცემდა. მერე სადღაც დაიწყო სიარული, გვიან მოდიოდა სახლში, ხან კი დედამისთან იჯდა უსასრულოდ. ამის გამო კი ჩხუბი მოგვდიოდა. ქალი რომ გათხოვდება, საკუთარ ოჯახს უნდა მიხედოს და დედასთან სირბილის დრო არ აქვს. ან ემუშავა, მე დავუშალე? ქალი რომ ბავშვს აჩენს, ბუნებრივად დგება იმის საჭიროება, რომ შვილთან იყოს. რას იზამთ, ქალებო, ასეა ქვეყანა მოწყობილი.
არ შევუდგები იმის დეტალების მოყოლას, რაზე მოგვდიოდა კამათი, რა მაწუხებდა, რა პრეტენზიები ჰქონდა, მოკლედ, 6 წლის თანაცხოვრების შემდეგ, დავშორდით ერთმანეთს. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვერ დავრჩებოდი შვილების გამო ქალთან, რომელმაც ლამის გამათეთრა თავისი გაუთავებელი წუწუნით. არ მეგონა, ასეთი ძლიერი ქალი, ასეთ ტრივიალურ არსებად თუ გადაიქცეოდა ოდესმე.
ისე ვიყავი ქალებზე გამწარებული, ვფიქრობდი, ცოლის შერთვას ერთი-ორი ძაღლი ვიყოლიო, მირჩევნია-მეთქი. მაგრამ მეორედაც გავბრიყვდი. უცხოეთში წავედი და იქიდან ჩამოვიყვანე ახალი „ფეშენ ცოლი“. ვიფიქრე, ქალს იქ უცხოვრია, თავწაკრული თალიკოსავით არ მოიქცევა-მეთქი. ეტყობა, სადაც მიდიან, თავიანთი ქართველობა იქაც მიჰყვებათ. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ მანამდე ბავშვებს ვნახულობდი, ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ეს ამბავი არც ნინის ეხატებოდა გულზე. უცხოეთში რომ წავედი, იქიდან ვურეკავდი სალომეს და სანდროს. ვუგზავნიდი ხან ფულს, ხან საჩუქრებს. თბილისში რამდენიმე წელიწადში დავბრუნდი.
აი, აქედან დაიწყო უარესი კოშმარი. ლიკამ, ჩემმა მეორე ცოლმა ძალიან კარგად იცოდა, რომ თბილისში პირველი ოჯახი მყავდა და ვეხმარებოდი, რითაც შემეძლო. მანამდე ხმა არ ამოუღია. აქ რომ ჩამობრძანდა, მაშინ გადაუბრუნდა ტვინი. ბავშვებმა დამირეკეს და მთხოვეს: მამა, მოვალთ, გნახავთო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და დავპატიჟე. ლიკამ ისეთი როჟა დაუკერა, გადავირიე. ბავშვებს ძლივს მიესალმა წესიერად. მეორე ქორწინებიდან შვილი ჯერ არ მყავს და შეიძლება, ამის გამო ღიზიანდება, ეჭვიანობს-მეთქი, ვიფიქრე. შევეცადე, გამეგო, მაგრამ მაინც ძალიან გავბრაზდი. ერთი კანფეტი არ მიუწოდებია ბავშვებისთვის. რომ წავიდნენ, კატეგორიული ტონით გამომიცხადა: მაგათი ფეხი აღარ იყოს ჩემს ოჯახშიო. დედამისი განგებ აგზავნის, რომ იქნებ, როგორმე შეგირიგოსო. რა სისულელეა-მეთქი, მოკლედ, ბავშვები მაინც მოდიოდნენ ჩემთან და ცხვირს უბზუებდა, ერთხელ არ უჩვენებია პირი. რომ იგრძნეს, ქალბატონს არ სიამოვნებდა, შეწყვიტეს ჩემთან მოსვლა და მითხრეს: მამა, იქნებ სხვაგან წავიდეთ ხოლმეო. ეგეც შენი სვეტსკი ამერიკელი ცოლი! ამიტლიკინდა: მადლობა თქვი, შენ გამო ამერიკიდან თბილისში რომ დავბრუნდი და ახლა კიდევ რა გინდა, შენი ცოლ-შვილიც ჩემი ოჯახის სარჩენი გახდესო? გეკითხებით, შვილებს ალიმენტი არ გადავუხადო? მამა-შვილის ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, ცოცხალი, საღ-სალამათი მამა ჰყავთ და ბებიამ და ბაბუამ რატომ უნდა შეინახოს ისინი? დედა ცოცხალი აღარ მყავს, სიმსივნით გარდამეცვალა. მამაც მოხუცია და ძალიან ნაღვლობს ამაზე. იქით ნინი იწიწკნება. როცა ფულს ვუგზავნიდი, მაშინ ხომ კარგი ვიყავი? აბა, დღე და ღამე გაქცეული იყოს ლუკმის საშოვნელად, სხვა გაცილებული ქალებივით, მერე ნახავდა. მომკლა ამ ქალების უმადურობამ. აღარც ერთის დანახვა აღარ მინდა. თუ ჭკუით არ იქნება, ამასაც გავეყრები და სულ საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებ.
თენგო, 38 წლის.

აყვანილი შვილი ვერ შევიყვარე
ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი იმას, რომ, რაც მინდოდა, ყველაფერს თვალის დახამხამებაში ვიღებდი. ცოტა არ იყოს, სუსტი ჯანმრთელობა მქონდა და მშობლები ზედ დამკანკალებდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ერთი ძმაც მყავს, მაგრამ მე უფრო დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გვარჩევდნენ. ჩემი სუსტი ჯანმრთელობის ამბავი მთელმა სამეზობლომ იცოდა, ხან რა მტკიოდა, ხან რა. საკვერცხეების ანთებაც დამემართა – პოლიკისტოზი. მაშინ მკურნალობის ამდენი საშუალება არ იყო, ჰორმონულ პრეპარატებს მაყლაპებდნენ, მერე ცოტა წავუყრუე, აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ტკივილები კი მქონდა ხოლმე და ექიმები ამბობდნენ, დაორსულება გაუჭირდებაო.
მოკლედ, 22 წლის ასაკში გავთხოვდი. მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. სულ მეშინოდა, შვილი არ მეყოლება-მეთქი. მეჩხუბებოდნენ, ნუ ხარ ეგრე დათრგუნული და დაკომპლექსებული, გეყოლება, ნუ გეშინიაო. ქმარს საყვედურებით ვავსებდი, თითქოს საკუთარი გასაჭირი არ ეყოფოდა. ისიც გაბრაზდა: თუ დარწმუნებული იყავი, ბავშვი არ გვეყოლებოდა, მე რაღას მერჩოდიო. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მამაკაცები ექიმებთან არ დადიან, არ ესინჯებიან. ინფექციები, ანთებები მათაც ხომ აწუხებთ? პრობლემა ჩემს ქმარსაც აღმოაჩნდა, 7 წელს ვიარეთ, ვიწანწალეთ ათას ექიმთან, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, ექსტრასენსებთან და ნათელმხილველებთანაც კი მივედი. არაფერი მეშველა. ძალიან ვნერვიულობდი, მამშვიდებდნენ, ნუ ნერვიულობ, გეყოლება, ათასნაირი მეთოდებიაო. ამაზე უფრო ვცოფდებოდი. ბოლოს საოპერაციო გავხდი და შვილის ყოლის იმედი სამუდამოდ დავმარხე.
ერთხანს ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, ოთახიდან არ გავდიოდი. ქმარს ხმას არ ვცემდი, ყველა მოვიძულე. რა ვქნა, ეგოისტი ვარ, დედობის ბედნიერებას რომ ვერ ვეღირსე, ამაზე არანაკლებ თავმოყვარეობის შელახვას განვიცდიდი. როგორ, მე შვილი არ მიჩნდება, ვისზე ნაკლები ვარ-მეთქი. ყველა ჩემს მეგობარს, მეზობელს, ჩემზე ბევრად გვიან გათხოვილს ეყოლა შვილი და ერთად რომ ვიკრიბებოდით, პირდაპირ წნევა მიწევდა, გულზე ვსკდებოდი.
ჩემმა ქმარმა შემომთავაზა, ბავშვი აიყვანოთო. მეტი რა გზა გვქონდა. ვიფიქრე, სულ არარაობას ნამდვილად ჯობია-მეთქი. გათხოვებამდე უშვილო წყვილებს რომ ვხედავდი, სულ ვფიქრობდი, ისე ყოფნას, ბავშვი აიყვანონ, არ ჯობია, ცხოვრებასაც გაიხალისებენ და მადლსაც მოისხამენ-მეთქი. თურმე, რა ძნელი ყოფილა სხვის შვილთან შეგუება. ჯერ უამრავი ბიუროკრატიული პროცედურა გავიარეთ, მერე ვიცადეთ და ორწლინახევრის ბიჭი ავიყვანეთ, ლევანი დავარქვი. ეს სახელი მომწონდა ბავშვობიდან. ჩემი ქმარი და დედამთილი გიჟდებოდნენ ბავშვზე. მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ლევანი წყნარი ბავშვია, არ არის ჭირვეული, არ გვიჭირდა მისი მოვლა, მაგრამ ერთი პრობლემა მქონდა: შვილივით ვერ შევიყვარე. სულ იმის ფიქრში ვიყავი, ჩემი გაჩენილი რომ არ იყო და მასთან ეს კავშირი არ მქონდა. პატარა, საყვარელი, უმწეო არსების მიმართ აგრესია გამიჩნდა, თითქოს ის იყო ყველაფერში დამნაშავე. ვიცი, ცუდად რომ ვიქცეოდი. ჩემს ქმარს ვუთხარი, ან უკან ჩავაბაროთ ბავშვთა სახლში, ან სახლიდან წავალ-მეთქი. გადაირია: კი, მაგრამ, შენ გამო ყველაფერზე თანახმა ვარ. შენ კიდევ საკუთარი ნებით შვილზე უარს ამბობო? წამოვედი... ოთომ მეორე ცოლი შეირთო და გვიან ასაკში მეორე შვილიც ეყოლა. ახლა ორ ბავშვს ზრდიან. ლევანთან ურთიერთობა არ მაქვს, არ ვიცი, როგორ აუხსნეს, რომ დედამისი არ ვარ. მარტო ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, მეგობარი მამაკაცი მყავს, სამსახურიც მაქვს... უნდა მრცხვენოდეს ჩემი საქციელის, მაგრამ არ ვგრძნობ სინდისის ქენჯნას, ასე მირჩევნია.
სოფო, 34 წლის.

ფსიქიკურად დაავადებული მამა ფსიქიატრიულისთვის არ მემეტება
საშინელ ტანჯვაში ვარ. ღმერთმა არავინ ჩააგდოს ჩემს დღეში. მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახი. რამდენიმე წელია, ძილი და მოსვენება აღარ გვაქვს. დღეს და ღამეს ტირილში ვატარებთ. გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან ერთადერთია, თუმცა ამ გამოსავლისთვის მიმართვა არაფრით არ გვინდა.
ვგიჟდები მამაზე. მართლა ვგიჟდები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხომ გოგო ვარ, ასეთი მაგარი მამაშვილობა, ჩვენ რომ გვქონდა, არსად მინახავს. ჩემი ვაჟკაცი გოგოო, ასე მეძახდა. ნაბოლარა დაც მყავს, შუათანაც, მაგრამ ჩემთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მამა ჯანმრთელი, ნორმალური ადამიანი იყო, სიგიჟის მსგავსი არასდროს არაფერი გამოუვლენია. წარმოსადეგი ვაჟკაცი დედას ძალიან შეუყვარდა და მალე დაქორწინდნენ. ჩვეულებრივ ვცხოვრობდით, არც გვაკლდა რამე, არც გვეზედმეტებოდა. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი საბედისწეროდ შეიცვალა ჩვენთვის: მამამ ავტოავარიაში ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. კი გადარჩა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თავიდან თითქოს ამნეზია ჰქონდა, ვერ გვცნობდა ოჯახის წევრებს. მერე მდგომარეობა გამოუსწორდა, თუმცა, ცოტა ხანში, სიგიჟის ნიშნები გამოუვლინდა. ეს ჩემთვის იმხელა შოკი იყო, ვერ წარმოიდგენთ. არ ვიცოდით, რა გვეფიქრა. ბებია იძულებული გახდა, ყველაფერი ეთქვა. ზოგჯერ დანას იღებს და დედას დასდევს, მერე უცებ შეშდება. ხან ჩვენ გვლანძღავს, ხან სულ ჩუმად, გაუნძრევლად ზის. სხვისთვის ადვილი სათქმელია, ჩააბარონ საგიჟეთში, ამ გიჟ კაცს როდემდე უნდა სდიონო. აბა, ჩვენს გულში ჩაიხედონ, რა ხდება. საყვარელი ადამიანი მუდამ ფსიქოტროპულებზე რომ გყავს და ხედავ, როგორ მიდის ნელ-ნელა უკან. ზოგი იფიქრებდა, რომ მომკვდარიყო, იქნებ იმასაც დაესვენა და ჩვენცო. მე წუთითაც ვერ ვუშვებ ასეთ რაღაცას. არადა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია, 50 წლისაც არ არის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნაც აღარ შეგვიძლია. დები ძალიან განიცდიან, ნევროზი დაემართათ, დედაც მოტყდა და დაბერდა ერთბაშად. არადა, მამა ფსიქიატრიულისთვის როგორ გავიმეტოთ?
ლალი, 26 წლის.

ქმარმა საკუთარ გინეკოლოგთან მიღალატა
ნუ გაიცინებთ, ამ სათაურს რომ წაიკითხავთ, ასეთი რაღაცეებიც ხდება და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ მწარე სიმართლეა. ექიმი ქალები ხშირად არიან ლამაზებიც, პრანჭიებიც და სამსახურებრივი რომანებიც აქვთ ხოლმე გაჩაღებული.
ჩემი გინეკოლოგი ქალაქში საკმაოდ ცნობილი ექიმია – ახალგაზრდა, სექსუალური, ეფექტური ქალი. ქმარს გაცილებული და ალბათ, არც „ბოიფრენდები“ აკლდა... რა ჩემი საქმეა. ფულიც აქვს და თავსაც უვლის. ბევრი პაციენტი ჰყავს, ზოგი – კმაყოფილი, ზოგი – უკმაყოფილო. მეც მიმასწავლეს და მივედი. ოღონდ ჯერ მარტო მივედი, უქმროდ. მეორედ უქმროდ აღარ მოხვიდე, ქმართან ერთად მოდიო. ჯიჯღინ-ჯიჯღინით წამომყვა ვატო. ექიმებთან მისვლას ურჩევნია სახლში სკამზე მიაბა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა, უნდა წამომყოლოდა. რომ მივედით, იმხელა დეკოლტეთი დაგვხვდა, ჩემს საცოდავ ქმარს, ლამის უპეებიდან გადმოსცვივდა ისედაც დიდი თვალები. ისიც ეფანცქვალებოდა, ჭკუაზე არ იყო. ჩვენ თვალწინ ისე იხრებოდა, პირდაპირ თვალებს უელმებდა კაცს. რომ წამოვედით, ჩემმა ქმარმა ნანას ქებით (სახელი შეცვლილია, რა თქმა უნდა) ყურები გამომიჭედა – რა სასიამოვნო ქალია, ეტყობა, კარგი სპეციალისტიც არისო, მოკლედ, ნერვები მომიშალა.
ჩემი ქმარი ექიმებთან სიარულს რომ ვერ იტანდა, მას შემდეგ ისე მოუხშირა კლინიკაში სიარული, რომ ყოველ ვიზიტზე დამყვებოდა ლამის, ელაპარაკებოდა და გაუთავებლად რჩევებს ეკითხებოდა. ნანამ რატომღაც ამომიჩემა და ჩემთვის სათქმელსაც იმას რატომ ეუბნებოდა, მერეღა მივხვდი. ერთხელ გასინჯვისას მითხრა, შენ შვილი როგორ უნდა გაუჩინო ქმარს, რა ანალიზები გაქვსო. გამაგებინეთ, შეიძლება, ისედაც დაძაბულ ქალს ასეთი რამ უთხრა, თან ექიმმა? ძალიან გავბრაზდი. ჩემი ქმარი თუ არ მახლდა, მეკითხებოდა, სად არისო. ჩემი ქმრის მკურნალობაც თავის თავზე აიღო.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში იმ ქალზე ისეთი რაღაცეები წავიკითხე, თმა ყალყზე დამიდგა. სხვა პაციენტების ქმრებსაც ეპრანჭებოდა, თურმე – ხან ფეხებს უტრიალებდა თვალწინ, ხან მკერდს, ხან კიდევ სხვადასხვა საალერსო სახელით მიმართავდა. ამ დებილ კაცებსაც მეტი რა უნდათ? ან რას კარგავენ მასთან დაწოლით? რაღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ ნანა ჩემს ქმართან იწვა. ცოტა ხანში ეჭვი დამიდასტურდა კიდეც. ისე ვარ გაგიჟებული და გამწარებული, არ ვიცი, რა ვქნა, როგორ ვაპატიო, ან ასეთმა ცნობილმა ექიმმა ასეთი რამ როგორ იკადრა, არ ვიცი. ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ და მინდა, გირჩიოთ, ცხვრებივით ნუ მიენდობით კაცს, თავს ნუ გაასულელებინებთ. ზოგჯერ ქალი ლამაზიც არ არის, მაგრამ რომ იწვევს, კაცი მაინც მიდის ამაზე. გინეკოლოგთან თუ ქმარი მიღალატებდა, ძილშიც არ დამესიზმრებოდა
ტატა, 28 წლის.

იანვრის ყინვაში ბებიამ სახლიდან გამოგვყარა
ბებიაჩემთან ურთიერთობა საერთოდ არ მქონდა. მისი სახელის გაგონებაც არ მინდა. ასეთი აშარი და კერპი ქალი კიდევ თუ არსებობს სადმე, არა მგონია. მის გასვენებაშიც არ ვყოფილვარ და არ ვნანობ.
დედა და მამა სტუდენტობიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. მამა ხელმოკლე სტუდენტი იყო და ბევრი არაფერი გააჩნდა. საბუდარელი ჭაბუკი ხომ გინახავთ? აი, სესილიას გმირივით იყო ბებიაჩემი. საშინლად არ მოსწონდა მამა, სულ ამბობდა: ჩემს ქალიშვილს ეგეთ გაგრიას ვერ გავატანო. არადა, მამა პატიოსანი ადამიანი იყო. ქონება დღეს გაქვს, ხვალ შეიძლება, აღარ გქონდეს. მაგაზეც ხომ არ არის. ზოგს მამიკოს მემკვიდრეობა აქვს და ზოგი წვალებით თვითონ შოულობს.
დედამ იმდენი ნერვიულობა გადაიტანა ვენერას (ბებიაჩემის) გამო, რომ ლამის გული დაუავადდა. ადგა და გაჰყვა მამაჩემს, ბებიაჩემმა არასასურველი სიძე არაფრით არ მიიღო. მე რომ გავჩნდი, ვითომც აქ არაფერი მომხდარაო. მამა ობოლი იყო და დედა რაიონში ჰყავდა. ვენერამ ნაახალწლევს ჩემი მშობლები და მე გარეთ გამოგვყარა. იანვრის ყინვაში ახალდაბადებული შვილიშვილი აკვნიანად გამომსვა გარეთ, დედას და მამას ნივთები ლამის ფანჯრიდან გადმოუყარა. არც ვუკითხივარ, როგორ ვარ. დეიდაჩემს აკვდებოდა მარტო. მერე მამამ ფული რომ იშოვა და თავისი საწარმოც გახსნა, ინება თავის მოკატუნება და ბოდიშები, მაგრამ მე არ მინდა ისეთი ბებია, სიმდიდრე-სიღარიბის მიხედვით რომ წყვეტს, ვუყვარდე თუ არა.
ზაზა, 30 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3