კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაჩერა ელენე თევდორაძემ პატიმრების გადაყრა ფანჯრიდან და რამ დატოვა ყველაზე მძიმე კვალი მის ცხოვრებაში

პატიმართა უფლებების დამცველი ელენე თევდორაძე იმ რესპონდენტთაგანია, რომელიც ყოველთვის ძალიან გულახდილად საუბრობს პირად ცხოვრებაზე თუ სამსახურთან დაკავშირებულ საქმეებზე. ამაში ახლავე დარწმუნდებით. უბრალოდ, არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხეთ ელენე თევდორაძის „თბილისელებისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ.
ელენე თევდორაძე: მე ვცხოვრობ ყველა იმ პრობლემით, რაც დღეს ნებისმიერ ადამიანს აწუხებს. რა თქმა უნდა, ვმუშაობ, ხელფასი მაქვს, მაგრამ, ამავდროულად ოჯახში ბევრი უმუშევარი მყავს. ჩემი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ახლა დაიწყო, მაგრამ ძალიან დაბალი ხელფასი აქვს. დიდი ოჯახი გვაქვს: შვილიშვილი, მისი ქმარი, რძალი... ფაქტობრივად, ყველა, ჩვენს კმაყოფაზეა. აგრეთვე გვაქვს ბინის პრობლემა. ერთი წელია, რაც დამიბრუნეს ბინა მარჯანიშვილზე, მთავრობამ რომ წამართვა თავის დროზე. ძველი ჩავაბარე და ახალი მომცეს, მერე კი ასეთი რამ მოხდა: ზურაბ ჟვანიამ ჩემი მხარდასაჭერი წერილი დაწერა. ჩვეულებრივი, სტანდარტული სამოთახიანი ურემონტო ბინაა. ჩემს შვილსაც სარემონტო ბინა აქვს, ნახევრად დანგრეული და ვერ ვახერხებთ გარემონტებას.
– მრავალი წელია, პატიმრების უფლებების დამცველი ხართ. რა ფაქტორმა განაპირობა თქვენი ამ სამსახურში ჩადგომა, თქვენს ცხოვრებაში ხომ არ მოხდა რამე ისეთი, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ კუთხით დახმარებოდით ადამიანებს?
– შესაძლოა, ეს განაპირობა იმან, რომ თვითონ არ გამივლია ადვილი ცხოვრება. ბავშვობიდან მაქვს ის განცდა, რომ ვიღაცას უნდა დავეხმარო. ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს, მამაჩემის მშობლებმა. ბაბუაჩემი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, მხატვარ-დეკორატორი, პრესტიჟულ მაღაზიებს და სტალინის აგარაკებს აფორმებდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა.
1994 წელს, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ყალიბდებოდა, ჟვანიამ, რატომღაც, მე შემომთვაზა, დავინტერესებულიყავი, რა ხდებოდა ციხეებში, რა რეფორმები იყო გასატარებელი. მეც დავთანხმდი. ვფიქრობდი, თუ შემიძლია, რაღაც წვლილი შევიტანო ამ ადამიანების ცხოვრებაში, ამისთვის მზად ვარ-მეთქი.
– თქვენი მშობლები გადასახლებაში იყვნენ. მართალია, ყურადღება და სითბო არ გაკლდათ ბებია-ბაბუასგან, მაგრამ, ალბათ, ძალიან ძნელი იყო პატარა გოგოსთვის მშობლების გარეშე ცხოვრება.
– დედა ბლოკადის დროს ლენინგრადში დარჩა და 1945 წელს დაბრუნდა ჭლექით დაავადებული. 7 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე. მამა ქართველი მყავდა, გვარად უფლისაშვილი. დედა რომ ჩამოვიდა, მხოლოდ რუსულად მელაპარაკებოდა. მერე მეც ამ ენაზე ვმეტყველებდი. ამას დაემატა ის, რომ რუსულ სკოლაში შემიყვანეს. დედა ცდილობდა, ქართული შეესწავლა და, როცა ქართულის გაკვეთილებს ვსწავლობდი, ისიც ჩემთან ერთად ჯდებოდა. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ, ენების თვალსაზრისით, უნიჭო აღმოჩნდა. ელემენტარულად, „ბაყაყი წყალში ყიყინებს“ ვერ ვათქმევინე, თუმცა ქართული კარგად ესმოდა. ეროვნებით ებრაელი იყო. გერმანელებმა მშობლები, ორი ტყუპი და, ძმა და დისშვილი ცოცხლად დაუმარხეს. სმოლენსკის ოლქში, ებრაულ სოფელში ცხოვრობდნენ. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოში იგრძნო თავი ადამიანად. გარდაცვალების წინ მთხოვა, ქართული ადათ-წესებით დამესაფლავებინა. 1985 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება მამას, მან ბოლო წერილი 1942 წელს მოგვწერა. ფაქტობრივად, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მასზე არაფერი ვიცოდით. ბაბუას, როგორც უკვე გითხარით, კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ, მერე დადგა ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა გაგვიჭირდა. ისე დავამთავრე სკოლა, რომ ფორმის გარდა, სხვა კაბა არ მქონია. დედაჩემის მეგობარმა კოფთა მომიქსოვა. სკოლის ფორმა გადავაკეთე ქვედაბოლოდ და მასზე ვიცვამდი. ჩემთვის ეს დიდი საჩუქარი იყო. დედაჩემი ოცნებობდა, ლენინგრადში მესწავლა. ამიტომ, იქ ჩავაბარე უნივერსიტეტში გერმანული ენის განხრით. ზამთარში გავხდი ავად – პლევრიტი დამემართა. ექიმებმა კატეგორიულად მომთხოვეს, ლენინგრადი დამეტოვებინა. ავიღე აკადემიური და თბილისში ჩამოვედი. აქ ექიმებმა უკან დაბრუნება ამიკრძალეს. ჩავაბარე თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში. პირველ კურსზე გავთხოვდი, მეორე კურსზე კი შვილი შემეძინა.
– ეს თქვენი კიდევ ერთი უიღბლო პერიოდია – გათხოვდით, მაგრამ, მალევე დაშორდით მეუღლეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს თქვენ, ალბათ, ისევ რომელიმე სკოლის მასწავლებელი ან დირექტორი იქნებოდით, ან, საოჯახო საქმეებით დაკავებული დიასახლისი.
– გვიჭირდა და, გადავწყვიტეთ, ორი ოთახი გაგვექირავებინა. მივაქირავეთ ორ სტუდენტ დას. ცოტა ხნის შემდეგ მათ ბებიაჩემს სთხოვეს, ჩვენი ნათესავი ბიჭიც იცხოვრებს ჩვენთან ერთადო, ისიც სტუდენტი იყო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიყავით, მაგრამ, ფასს მოვუმატეთ. სწორედ ის გახდა ჩემი ქმარი. გურამი ძალიან მოსწონდა ჩემს მეგობარ გოგონას და, ჩემი ჭკუით, მაჭანკლობა დავიწყე. ამ მაჭანკლობაში რაღაც სიმპათიები და გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ჩემი მეგობარი გოგო ცოტა მსუქანი იყო. გურამმა მითხრა, შენნაირი გოგონები მომწონს, მსუქნები არ მაინტერესებსო. ერთხელ, კარზე მიკაკუნებს – სტიპენდია ავიღე და ვაკის პარკში ხომ არ გაგვესეირნაო. უარი ვუთხარი – არც სანაპიროზე და არც პარკებში ბიჭებთან ერთად არ დავდივარ-მეთქი. ნუ ნერვიულობ, აწი სულ ჩემთან უნდა იაროო. დედა თავშეკავებით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, ბებია კი უბედნიერესი იყო, რადგან ცოლად ქართველს მივყვებოდი. ჩვენი ერთად ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა – კოტე ოთხი წლის მყავდა, როცა ქმარს დავშორდი. რუსთავში ვცხოვრობდით. ჩემმა ქმარმა ინსტიტუტი რომ დაამთავრა, რუსთავში ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მეც ერთი წლის შემდეგ დავამთავრე ინსტიტუტი და იქვე სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. ყოველთვის თან მდევდა სირთულეები.
– რატომ არ გათხოვდით?
– ბევრი მოსწავლე მყავდა ისეთი, უმამოდ რომ იზრდებოდა. ვხედავდი, როგორ განიცდიდნენ დედის მეორედ გათხოვებას, უამრავი ცრემლი მინახავს მათ თვალზე. ჩემთვის მთავარი იყო, ჩემს შვილს არ სტკენოდა გული. ამიტომ, გათხოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ერთხელ, დედაჩემის მეგობრებმა გამაცნეს ერთი ადამიანი, მატერიალურად უზრუნველყოფილი. მაშინ კოტე მეცხრე კლასში იყო. თითქოს დავაპირე გათხოვება – ვიფიქრე, ბიჭი გაზრდილია და, შეიძლება, ჩემს თავზეც ვიფიქრო-მეთქი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, დავიწყეთ საუბარი იმაზე, გადაგვეხადა თუ არა ქორწილი (ისიც ცოლს იყო გაცილებული). გადავწყვიტეთ, პატარა სადილი გაგვეკეთებინა. მომიტრიალდა ეს ადამიანი და მეუბნება: ხომ გაქვს საქორწინო ბეჭედი, მეც მაქვს და, მოდი, ერთმანეთს აღარ ვუყიდოთო. ვიფიქრე, „ჟმოტია“ და ჩემს შვილს რა ეშველება-მეთქი. სახლში რომ მივედი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, არ გავყოლოდი. რამდენიმე დღის შემდეგ რომ დამირეკა, ვუთხარი, გადავიფიქრე, ცოლად აღარ მოგყვები-მეთქი.
– ცოტა უტაქტო შეკითხვა უნდა დაგისვათ, რატომ დაშორდით ქმარს?
– მიღალატა, თანაც, ჩემს ყოფილ მოსწავლესთან და ეს ვერ ვაპატიე. ძალიან მეტკინა გული, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ამიტომ, არაფერს ვნანობ. ჩემ შემდეგ ის მოიყვანა ცოლად, მერე დაშორდა და სხვა შეირთო. მასთან მეგობრული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მაგრამ, არც მტრები ვყოფილვართ. რომ დავშორდით, ოთხი წელი საერთოდ არ მოსულა. შვილს არ აქცევდა ყურადღებას. მერე, სრულიად მოულოდნელად, მოვიდა და მთხოვა, შვილის ნახვის უფლება მომეციო. სახლში შემოვუშვი. ყოველ კვირა დღეს მამა-შვილი ერთად ატარებდა. როცა კოტემ სკოლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდა, ყველა გამოცდაზე ერთად ვიდექით და ვგულშემატკივრობდით. კოტეს ნიშნობაზეც, ქორწილშიც ერთად მივედით. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა: მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, ის – თავშეკავებული. არ იყო თავის თავში დარწმუნებული, ყველაფერს მე მეკითხებოდა, იქნებოდა ეს პიჯაკთან, პერანგთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ყველაფერი იცოდა – სადილის გაკეთება, ყველანაირი საოჯახო საქმე... მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს მოველოდი, ოღონდ, იმას არა, რაც გააკეთა. არ ვიცი, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყო; იმიტომ რომ სამუშაოს ბევრ დროს ვუთმობდი და მისთვის ნაკლებად ვიცლიდი, თუმცა, მისგან ამაზე საყვედური არ გამიგია. ჩვენ ერთმანეთში კამათიც არ მოგვსვლია არასდროს, ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს.
– ვერ შეძელით პატიება?
– არ შემეძლო მეპატიებინა. ჩემს ხასიათში არ ზის ღალატის პატიება და რა ვქნა? კიდევ, ვერ ვიტან უმადურობას. რა თქმა უნდა, ჩვენი დაშორება ჩემი ოჯახისთვის ტრაგედია იყო, თუმცა, დედაჩემს მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია – მისი აზრით, ჩვენ იმდენად განსხვავებული ადამიანები ვიყავით, რომ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა. დღეს თუ მუშაობს, ჩემი წყალობით მუშაობს. როცა გაუჭირდა, მოვიდა და მითხრა, ცოლ-შვილი მყავს სარჩენი და დამეხმარეო. გოგი თოფაძეს ვთხოვე და სამსახური მისცა რუსთავის ლუდის ქარხანაში. ყოველ წელს მთხოვს, დავრეკო, რომ არ გაათავისუფლონ. არც სახელი მაკლია, არც შვილის, რძლის, შვილიშვილების, ახლობლების სიყვარული, მაგრამ, ჩემი ბედნიერება, წმინდა ქალური კუთხით, არ შედგა. მამაკაცის გვერდით ყოფნას ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ასპექტში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაკლდა.
– როგორ გადალახეთ რთული პერიოდი? როგორი გრძნობაა, როცა, ერთ დღესაც, მარტო იღვიძებთ, საყვარელი ადამიანის გარეშე?
– სკოლის დირექტორობა 30 წლის ასაკში დავიწყე. იმ პერიოდში სკოლის დირექტორად 50 წლის ქვემოთ არ ნიშნავდნენ. არ მქონდა პატარა ხელფასი. აგრეთვე, ვიღებდი ალიმენტს. მატერიალურად მაინცდამაინც არ მიჭირდა, თუმცა რა თქმა უნდა, მარტოობა არ იყო ადვილი. მაგრამ, იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, იმდენად ვიყავი ჩართული ჩემს პროფესიულ საქმეებში, რომ ეს ფარავდა იმ მარტოობას.
– საერთოდ აღარ გიფიქრიათ საკუთარ თავზე? რას განიცდიდით მთელი ეს წლები?
– რას განვიცდიდი და, ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ იმის ღირსი არ ვიყავი, რაც მან გამიკეთა.
– იქნებ, სულაც ჭორი იყო, არ გიცდიათ თვითონ გაგერკვიათ ყველაფერი?
– არანაირი ჭორი არ ყოფილა. მივლინებაში ვიყავი წასული და, რომ ჩამოვედი, საკუთარი თვალით ვნახე. ვიფიქრე, მაინც კაცია, ეს ყველაფერი დროებითია და გაუვლის-მეთქი. გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა კაბინეტში ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა – გილოცავთ, თქვენს მეუღლეს შვილი შეეძინაო. მაშინ კომკავშირის ქალაქკომში ვმუშაობდი და რუსთავში ვცხოვრობდი. აღელვებული წავედი სახლში, ბარგი ჩავალაგე და თბილისში წამოვედი. გაორებული სიტუაცია იყო. ჩავთვალე, რომ, რადგან უკვე ვიღაცასთან შვილი ჰყავს, მე ზედმეტი ვიყავი. იცით, ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ქმარი ბუნებით არ იყო გაფუჭებული ადამიანი. მას უკვე პასუხისმგებლობა ჰქონდა იმ გოგოს წინაშე. ერთხელ მითხრა: შენ ისეთი ადამიანი ხარ, ჩვენს შვილს არასოდეს გაუჭირდება შენს ხელში. თუ საჭირო გახდა, დარწმუნებული ვარ, ხიდის ქვეშაც დაჯდები მის გამოო.
– როგორც ვიცი, თქვენს მეხსიერებას, ასევე, ცუდად შემორჩა გიორგი სანაიას მკვლელობა. ერთ-ერთი იმათთაგანი ხართ, ვინც იგი სისხლში ამოსვრილი ნახა. მახსოვს, მაშინ თქვენც კი დაგდეს ბრალი მის სიკვდილში.
– როცა ავედი მის სახლში, კახა თარგამაძე და დანარჩენები იდგნენ და ერთმანეთში იცინოდნენ. კარი რომ შევაღე, ჩემკენ წამოვიდნენ – გთხოვთ, ჯერ ნუ შეხვალთ, გვამი უცნაურ პოზაშია და, რომ გავასწორებთ, მერე შებრძანდითო. ახლაც ვერ ვხვდები, რას ნიშნავდა „უცნაურ პოზაში“ ყოფნა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ, დავიჯერე, იმიტომ, რომ მიამიტი ვიყავი. მერე, ექსპერტი რომ გამოვიდა და ვკითხე, რა პოზაში იყო ასეთში-მეთქი, არაფერ პოზაშიც არ იყოო. მაშინ მივხვდი, რომ აქ სხვა რაღაცას ჰქონდა ადგილი და ყველაფერი მათი მოგონილი და შეთითხნილი იყო. ბევრ მსგავს ფაქტს შევსწრებივარ საკნებში თუ წინადაკავების საკნებში. რამდენჯერ მინახავს, როგორ აგდებდნენ ადამიანებს ფანჯრებიდან. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ, იმ დროს შემცვლელი არავინ მყავდა. ვიღაცას ხომ უნდა ეკეთებინა ეს საქმე. ბევრი გადავარჩინე უკანონო დაპატიმრებას, ცემას, ფანჯრიდან გადაგდებას. მახსოვს, თარგამაძის მოადგილე თემურ მურღულია იყო. ანონიმურად დამირეკეს და მითხრეს, რომ კიდევ ვიღაცის გადაგდებას აპირებდნენ. მივედი და ვუთხარი – ერთი მაჩვენეთ, რომელი კაბინეტებიდან ხდება ეს გადაგდებები-მეთქი. არასდროს დამავიწყდება, რაც მან მითხრა: მართალია, თქვენი მოღვაწეობისა და გამოსვლების გამო გაბრაზებულები ვართ, მაგრამ, თქვენს პიროვნებას დიდ პატივს ვცემთ და ამიტომ ბევრ რამეზე თავს შევიკავებთო.

скачать dle 11.3