კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასაჯა ორივე ხელის მოკვეთით ღვთისმშობლის გარდაცვლილმა სხეულმა ადამიანი და რა სასწაულები იხილეს ამ დღეს მოციქულებმა

ყოველი წლის 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც ყოველთვის წინ უსწრებს მარიამობის ორკვირიანი მარხვა. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ადამიანის ცხოვრებაში, რა მოვლენები მოხდა 28 აგვისტოს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაკლებად ცნობილ ადგილას – ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისთვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს და იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა. გარდამოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა, გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა. ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურება არ დაიშვებოდა. ასევე, შეკრიბა უმწიკვლოდ მცხოვრებნი ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე. როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მათ მარიამი დალოცეს. როდესაც ის ორი წლის იყო, გარშემო მყოფები გაოცებულები იყვნენ მისი გონებისა და გულის არაჩვეულებრივი განვითარებით, რაც მის ასაკს აღემატებოდა. ის სამი წლისა ტაძრად მიიყვანეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. დადგენილი კანონებისამებრ, ის ალიონზე დგებოდა და დღეში სამჯერ ლოცულობდა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი, წიგნების კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. საეკლესიო საგალობლებში არის იმის მოწმობა, რომ მარიამს წმიდა ანგელოზები ეცხადებოდნენ და ზეციურ საკვებს მიუძღვნიდნენ ხოლმე. მისი ყოფნა ტაძარში სულიწმიდის მიერ იყო ნაკურთხი.
– როგორ ცხოვრობდა ღვთისმშობელი მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ?
– ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში ასვლის დრო იყო მოახლოებული და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსავი სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო, მადლობდა უფალს და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს, მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული თავად უფალს მიეღო. ასევე ითხოვდა, რომ აღსრულებამდე ეხილა წმიდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ გაბნეულები. როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა, მან ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ასევე, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელი იყო. ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში – ოთხივე მხარეს გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. ღვთისმშობელი ყველას აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ. როდესაც ის თავის სურვილებს იოანესა და იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად, ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზე შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმიდა დედის სურვილი აღასრულა – ღვთიური ძალის მიერ ზეაღმატებულმა წმიდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა.
– როგორ მოხდა ღვთისმშობლის მიძინება?
– ანგელოზის გამოცხადებიდან მესამე დღეს, როდესაც ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები, სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები კი უფალს ადიდებდნენ. მოულოდნელად, სახლის ჭერი განიღო, ღვთაებრივმა ნათელმა იქ მყოფნი განაბრწყინა, ზეციური ნათლის სხივებმა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა – თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმიდა დედას. სარეცლიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თავისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა – წმიდა სხეული გახრწნისგან დაიცვა. ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმიდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი – წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ – სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ. მსვლელობის პროცესში – თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ. მაგრამ, ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა. მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებმა გზა დაკარგეს და გამყოლებს ეძებდნენ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. მან საშინელი ღვთისმგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან და მისი ძე, უფალი იესო ქრისტე აუგად მოიხსენია. ძველი შურითა და მტრობით გულადუღებული სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმიდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით უფლის ანგელოზმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა, თვითონ კი საშინელი გოდებით ძირს დავარდა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა. პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისთვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა და ათონია გამოჯანსაღდა. იდაყვების გასწვრივ მხოლოდ ძაფივით წვრილი წითელი ზოლები შერჩა. ათონია სარეცლის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმიდა დედას – აქო და ადიდა იგი და მოციქულებს თან გაჰყვა. ბევრმა იუდეველმა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, შეინანა და ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვია. ისინი განიკურნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ. მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ის ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა, მისგან კურთხევა მიეღო. ვინც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა – წმიდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს, საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმიდა გვამი. მაგრამ, ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ, უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი. უძველესი გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა. ამ ადგილას ყოველთვის იყო პურის ნაჭერი, როგორც „წილი უფლისა“ – ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმიდა სამების სახელს მოიხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: „უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ“. ამის შემდეგ „ქრისტეს წილს“ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ მას, როგორც უფლისმიერ კურთხევას. ასე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზე – გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ. ვერ გაეგოთ, თუ რა დაემართა მის პატიოსან გვამს. ტრაპეზის ბოლოს, როდესაც „ქრისტეს წილი“ აიღეს და ყოვლადწმიდა სამებას განადიდებდნენ, უცებ ანგელოზთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმიდა ქალწული იხილეს. მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“.

скачать dle 11.3