კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ეკბინა ეროსი მანჯგალაძეს მიცვალებულისთვის და რატომ უთხრა რობიკო სტურუას მან თამადობაზე უარი

მოარული ხიბლი, იუმორი, ტემპერამენტი, ნიჭიერება, ინტელექტი, იმპროვიზაცია – ეს ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი ერთ ადამიანში. ეს იყო ეროსი, რომლის როლიც საერთოდ ძალიან დიდი და განუმეორებელია ქართულ ხელოვნებაში. ის იყო ერთადერთი. ვის არ ხიბლავდა მისი როლები ფილმებსა თუ სპექტაკლებიდან: „ნატვრის ხე“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ქვევრი“, „შეხვედრა წარსულთან“, „ლონდრე“, „თოჯინები იცინიან“, „გვადი ბიგვა“, „უჩინმაჩინის ქუდი“...
ჯემალ ღაღანიძე: მე და ეროსი ერთი სოფლიდან ვართ, ღანირიდან. ჩვენი მამები, თურმე, ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ მე არ ვიცნობდი ეროსის. თეატრალურს რომ ვამთავრებდი, მაშინ გავიცანი. სადიპლომო სპექტაკლი გვქონდა. ტრადიციულად, სამხატვრო საბჭოს უნდა ენახა – ვინ ამთავრებდა ინსტიტუტს. მათ ეხებოდათ განაწილებაც. ეს იყო 1956 წელი. ეროსიც ამ საბჭოს წევრი გახლდათ. რომ წაუკითხავს პროგრამაში ღაღანიძე, ეს ნამდვილად ღანირელი იქნებაო, – უთქვამს. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ შემოვიდა კულისებში და ამბობს – ღანირსკი რომელი ხართო. მას შემდეგ შემარქვა ეს სახელი. თეატრის გარეთ უფრო გახსნილი იყო. უყვარდა ქეიფი და დროსტარება. მარტოხელა კაცი იყო და ამიტომაც აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ სახლში ხშირად მიეყვანა მეგობრები, პურმარილი გაემართა ან თავად წასულიყო საქეიფოდ. ძალიან ახლოს იყო მიშა მესხთან, თუმცა მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. შემდეგ მეც შევუერთდი მათ და ვიყავით სამეული. ცოტა შემეძლო სიმღერა და ავიყოლიებდი ხოლმე ეროსისაც. მასაც უხაროდა, ერთად რომ ვმღეროდით. მორცხვი კაცი იყო, საკუთარი თავი ყოველთვის კონტროლის ქვეშ ჰყავდა. ეროსის თუ ვინმე პრემიერაზე ნახავდა, აუცილებლად ხუთი-ექვსი სპექტაკლის შემდეგაც უნდა ენახა. მხარჯველი კაცი იყო, მაგრამ, აბა, ვინ დაახარჯვინებდა ფულს. როცა მასთან სახლში ავიდოდით, მშვენიერ სუფრას ვშლიდით ხოლმე. მის ოჯახში ქალი არ ტრიალებდა და ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. თვითონაც შეეძლო რაღაც-რაღაცეების კეთება. მინდა, გავიხსენო ჩვენი ბოლო პურის ჭამა. ერთი მწყემსი მეგობარი გვყავდა შინდისში, რომელთანაც კვირაში სამჯერ მაინც ავდიოდით. წავედით მე, რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი. კარგი დრო გავატარეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, რობიკოს მამა გარდაეცვალა და მივედით. ეროსის მიცვალებულების ეშინოდა და ერიდებოდა პანაშვიდებზე სიარულს. ერთხელ ვიღაცას უთქვამს მისთვის, მიცვალებულს ცერა თითზე თუ უკბენ, შიში გაგიქრებაო. გადარეული იყო – ეს რა გავიგე, კაცოო. იმ დღეს ჩვენი მწყემსი მეგობარიც იყო ჩამოსული რობიკოს მამის დაკრძალვაზე. რატომღაც გული შეუწუხდა, ცუდად გახდა. ეროსიმ უთხრა, მე წაგიყვანო და გააცილა. თვითონ სახლში დაბრუნდა და სამ საათში აღარ იყო.
სპექტაკლში – „დაკარგული ბარათი“ გვქონდა ერთი ასეთი სცენა – რაღაც ფრაზას ვამბობდი, ეროსი გამოაქანებდა ხელს და მთელი ძალით ბეჭებში მარტყამდა. ერთხელ, თამაშის დროს, კულისებში ვხედავ საორკესტრო დასარტყამ თეფშს. ერთი ცალი ავიღე და ზურგში ჩავიდე. ზემოდან კოსტიუმი მოვიცვი, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო. გამოაქანა ხელი და იყვირა, – შე ოხერო, შენა, ეს რა მიქენიო.
ეროსის ყოველთვის კარგი ქალები ჰყავდა ჩვენი თეატრიდანაც და თეატრის გარეთაც, მაგრამ ცოლი არ შეურთავს. მხოლოდ, ძალიან მოკლე პერიოდი იყვნენ ერთად ეროსი და ელენე ყიფშიძე. ამბობენ, ვიღაც ქალი უყვარდა, რომელსაც მისთვის ცოლობაზე უარი უთქვამსო.
***
ეროსი მანჯგალაძე 1925 წელს სამტრედიის რაიონში, სოფელ ღანირში დაიბადა. მამა აკაკი მანჯგალაძე ეკონომისტი გახლდათ, დედას, თამარ ბენდუქიძეს ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. მათ სამი შვილი ჰყავდათ – რეზო, ეროსი და ბელა. მშობლები თეატრის დიდი მოყვარულები ყოფილან, თუმცა მომავალ მსახიობზე ამას არ მოუხდენია გავლენა. 1932 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ზაფხულობით კი, დედულეთში, რაჭაში ჩადიოდნენ, სადაც მოუთმენლად ელოდათ ბებია, რომელსაც ეროსი შვილიშვილებისგან გამორჩეული ჰყავდა. ეროსი ხმითაც და იერითაც, თურმე, ბებიას ჩამოჰგავდა. როცა 12 წლის იყო, დედამისს თავს უბედურება დაატყდა – ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ლოგინს. ამ გარემოებამ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა ოჯახში. ბავშვები ერთმანეთზე ზრუნვას, პასუხისმგებლობას მიეჩვივნენ. ეროსი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა პატარა დისადმი, ართობდა და ძილის წინ ათას ზღაპარს უამბობდა, თან, ყვავილებისთვის ლამაზ ქოთნებს ჰპირდებოდა. მუდმივი მზრუნველობა დისადმი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ხოლო გულისხმიერება, თანადგომა, დაყვედრებისა და ანგარების გარეშე, მისი ცხოვრების წესად იქცა. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასდროს კარგავდა ხალისს. ახალგაზრდობაში ფეხბურთით ყოფილა გატაცებული. დილიდან საღამომდე ეზოში თავის თანატოლებთან ერთად თამაშობდა. ძალიან უყვარდა კინოც, განსაკუთრებით, ჩარლი ჩაპლინის სურათები. რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, იგი ერთმა ფაქტორმა განაპირობა: „მეცხრე კლასის მოსწავლეს სკოლის სპექტაკლებში – „პატარა კახი“ და „რღვევა“ მთავარი როლი უთამაშია და დიდი მოწონება დაუმსახურებია, თავადაც აღფრთოვანებულა და მსახიობობა გადაუწყვეტია. ამ სპექტაკლების რეჟისორმა, მაჩაბელმა, ეროსის მამას, ბატონ აკაკის სთხოვა, ბიჭისთვის მსახიობობაში ხელი არ შეეშალა. ძმები, თურმე, ხშირად კამათობდნენ მომავალ პროფესიაზე. რეზო ეხუმრებოდა ძმას, ბილეთების გამოგზავნა არ დაგავიწყდესო.
1941 წელს რეზო ომში წაიყვანეს. მისგან მხოლოდ ერთი ბარათი მოუვიდა ოჯახს. ეროსის არასოდეს უთქვამს ძმაზე – დაიღუპაო. ამის თქმას სხვასაც უკრძალავდა. იმ პერიოდში გამოცხადდა რადიოდიქტორთა კონკურსი, სადაც ეროსიმ გაიმარჯვა. დაძაბული ვითარება და გაჭირვება იყო, ხალხი გაფაციცებით ელოდა ომის ამბებს. დღემდე იხსენებენ თბილისელები – ჩვენც გვყავდა ჩვენი ლევიტანი – მანჯგალაძეო, მაგრამ რადიოში მუშაობამ მსახიობობის წყურვილი ვერ მოუკლა და 1943 წელს მისაღები გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. თუმცა, თავდაპირველად, ეროსი ჩარიცხულთა შორის არ აღმოჩნდა. იანვრამდე თავისუფალ მსმენელად დაუშვეს. ეს იყო პირველი სერიოზული დაბრკოლება მის ცხოვრებაში. მსახიობისთვის დამახასიათებელი სითამამე მას ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ მისთვის თეატრი გატაცებაზე მეტი იყო. წარმატება და აღიარება მასთან მაშინ მოვიდა, როცა მესამე კურსზე იყო. რუსთაველის თეატრში ის უკვე ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა.
სოსო ლაღიძე: „მოქეიფე კაცი იყო, მაგრამ რეპეტიციების, მუშაობის დროს ნასვამი არასოდეს ყოფილა, მიუხედავად მისი ბრწყინვალე თამადობისა. ცნობილი იყო თავისი ხელგაშლილობით. მის გარშემო მეგობრები ვინც იყვნენ – გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, ბიჭიკო ჩხეიძე, ყველას აქეიფებდა, თვითონაც საკმაოდ ხელგაშლილები იყვნენ. ეროსი თვითონ წავიდოდა ბაზარში, დაიტვირთებოდა, მოვიდოდა და ყველაფერს თავად აკეთებდა. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, მანამდე ფეხბურთს ვთამაშობდი მიშა მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად. მერე, ფეხზე ტრავმა მივიღე, თავი დავანებე ფეხბურთს და თეატრალურზე შევედი. მაშინ თეატრები სპორტით ცხოვრობდნენ, ფეხბურთი მათ ცხოვრებაში აქტიური იყო. ეროსიმ რომ გაიგო, ფეხბურთში ასეთი მონაცემები მქონდა, რუსთაველის თეატრის საფეხბურთო გუნდში ამიყვანა. არ უყვარდა თავხედი ადამიანები. თვითონ საკმაოდ მორცხვი იყო, იმდენად, რომ თვალებში ვერ გიყურებდა. მისი სპექტაკლები დროთა განმავლობაში უფრო საინტერესო ხდებოდა. ეტყობა, მეც ჩემი კეთილშობილებით დავიმსახურე მისი სიყვარული. უყვარდა მხარში ამოდგომა. ჩვენ გადასაღებ მოედანზე ერთად მოვხვდით. აფხაზეთში გადავიღეთ „წარსული ზაფხული“. „ლონდრეში“ ერთად ვითამაშეთ და ეს ჩვენი ურთიერთობა თანდათან მტკიცდებოდა. ჩემი პედაგოგი იყო მიშა თუმანიშვილი და რუსთაველის თეატრში წამომიყვანა, სადაც ეროსი მთავარ როლებში იყო და მეც განაწილებული ვიყავი სპექტაკლებში. მან მიშვილა და როგორც, მზრუნველი მამა, ისე იყო ჩემ მიმართ. ოთხი წლის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, მასთან ვცხოვრობდი სახლში. ჩვენ შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. სრულ თავისუფლებას მაძლევდა. თავის მანქანას მე მანდობდა, განსაკუთრებით, როცა საქეიფოდ მივდიოდით. ძალიან კეთილი და ლმობიერი იყო. ეროსის, „ნივით“ მივდიოდით მე და ჩემი აწ გარდაცვლილი მეგობარი ნოდარ ფირანიშვილი. ნაწვიმარი იყო და სანაპიროზე მანქანა მომისრიალდა. არ დავშავდით, მაგრამ მანქანა დაიმტვრა. სულ ვფიქრობდით, როგორ მივსულიყავით და რა ფორმით გვეთქვა. ბოლოს ნოდარმა თქვა: მე ვეტყვი ყველაფერს, რომ ასე დაგვემართა და მანქანას გავუკეთებთო. მივიდა და უთხრა. არ აცადა ბოლომდე თქმა, თქვენ ხომ კარგად ხართ. აბა, დაანებეთ თავი მაგ მანქანის კეთებას, თვითონ მოვუვლიო. თქვენ იცით, რომ იმ დროისთვის ეროსი მიღებული კაცი იყო ყველგან – ცეკაში, აღმასკომში, რაიკომში. სია ჰქონდა ჩამოწერილი, ვის უნდა დახმარებოდა. ყველა მოდიოდა და რაღაცას სთხოვდა. რაც მთავარია, ყველას უანგაროდ ეხმარებოდა.
როდესაც გარდაიცვალა, თეატრში სპექტაკლი მქონდა „რიჩარდ მესამე“, რომელშიც ლორდ გრეის ვთამაშობდი. იმ დროს სპექტაკლები რვა საათზე იწყებოდა. რვის ოც წუთზე მეზობლებმა დამირეკეს თეატრში, ეროსი ძალიან ცუდად არისო. მსახიობს, რაც არ უნდა მოხდეს, უფლება არ აქვს შუა სპექტაკლი მიატოვოს, მაგრამ იმდენად ავიწეწე, იმდენად გადავირიე, მაშინვე გავიხადე სასცენო კოსტიუმი და გავვარდი. როგორ დავიჭირე მანქანა, როგორ მივვარდი ბარნოვის ქუჩაზე, აღარ მახსოვს. სადარბაზოში რომ შევვარდი, კიბეზე სესილია ჩამოდიოდა და მითხრა: სოსო, ნუ მირბიხარ, ეროსი აღარ არისო. ეროსის პატივისცემის გამო თეატრმა მაპატია სპექტაკლის ჩაშლა. იმ მომენტში არავის უფიქრია, რომ გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ერთხელ თქვა: მამაჩემი ვნახე სიზმარში. ძალიან ცუდად მესიზმრა ეს ყველაფერი და მგონი, მეც რაღაც მომივაო. ცუდ ხასიათზე იყო. ამ პერიოდში დახმარებაც კი გამიწია. მაშინ ძნელად ანაწილებდნენ „ვოლგებს“, მივიდა ჩემ გამო და ითხოვა. 1982 წლის 26 იანვარი იყო. რობიკო სტურუას მამა გარდაეცვალა. გასვენებაზე რობიკომ თამადობა სთხოვა და ეროსიმ უარი უთხრა – ძალიან ცუდად ვარ, სახლში წავალო... ბარნოვის ქუჩა ხალხით გაივსო. კორიდორები გააკეთეს და მთელი ახალგაზრდობა ამ გზას იცავდა. დიდუბის პანთეონამდე ხელით მიასვენეს“.

скачать dle 11.3