კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის განკარგულებით შექმნილი იაკობის გამომხსნელი სპეცრაზმიდან ყველა დაიღუპა

 

 1945 წლის 10 ივლისს, დილით, დასავლეთ გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ვაშინგტონისკენ კურსი აიღო ორძრავიანმა ამერიკულმა თვითმფრინავმა – „დუგლასმა“, რომელსაც ჰაერში ორი გამანადგურებელი აკონტროლებდა. ავტომატმომარჯვებული პირები საგულდაგულოდ იცავდნენ სპეციალურ კონტეინერებს, რომელშიც საიდუმლო ტვირთი, კერძოდ გესტაპოს საარქივო მასალები იყო მოთავსებული. სტალინმა აღშფოთება ვერ დამალა, როცა შეიტყო, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჩაუვარდა ხელში. მით უმეტეს, რომ ბელადს წინასწარ ჰქონდა გაცემული შესაბამისი განკარგულებები – ბერლინშიც რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა შეაბიჯეს პირველებმა და რაიხსტაგზეც დიდი პომპეზურობით აღმართეს დროშა. სტალინს გამჭრიახობა არ აკლდა და მას ბრწყინვალედ ესმოდა, რომ პოლიტიკური მოკავშირეები, საერთო მტრის გზიდან ჩამოშორების შემდეგ, ყოფილი მოკავშირედან, დაპირისპირებულ მხარეებად გადაიქცეოდნენ. არადა, საბჭოთა მხარეს მხოლოდ კატალოგებიღა  დარჩა, რომლის წაღება ამერიკელებმა ვერ მოასწრეს. თვითონ დოკუმენტაცია და დედნები, მეორე სართულზე სპეციალურ სეიფებში იყო მოთავსებული, რაზეც სპეციალური ოპერაციის მონაწილეებს ბრძანება ჰქონდათ, სისოცხლის ფასადაც კი ჩაეგდოთ ხელში. არის ვერსია, თითქოს კატალოგები შეგნებულად  დატოვეს, რათა მოწინააღმდეგეს გაეგო, თუ რა ჩაიგდეს ხელში. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. რაიხსტაგის საკანცელარიო კატალოგებში აღწერილი იყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის საიდუმლოებებს ფლობდა გესტაპო. მაგრამ ეს მხოლოდ კატალოგი იყო – მასალები კი, დღემდე შეერთებული შტატების ეროვნული არქივის (კონგრესის არქივი) სვეტებიან დარბაზში, გერმანული განყოფილების სპეციალურ, უზარმაზარ სეიფში ინახება. სტალინი მართალი იყო. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის მთავარი და კარგი ნადავლი ამერიკელებს ერგოთ. ოკეანისგაღმელმა ყოფილმა მოკავშირეებმა, შემდგომ, ცივი ომის დროს, თითქმის ყველა კოზირი გამოიყენეს (რასაც დღესაც იყენებენ). მაგალითისთვის საკმარისია: გაშიფრული საბჭოთა და გერმანელი აგენტების ფარული მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის; ის, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა 50 000 პოლონელი ოფიცერი და სამხედრო მოსამსახურე ტყეში გაიტყუეს და მუხანათურად დახოცეს. დანაშაულის დაფარვისა და გერმანელებისთვის გადაბრალების მიზნით კი, გვამები და ყალბი ნივთმტკიცებები წინასწარ, სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ჩაყარეს (კატინის ტრაგედია); ის, რომ ომის პირველ თვეებში ორ მილიონამდე (სხვადასხვა მონაცემებით, სამ მილიონამდე) საბჭოთა ოფიცერი და ჯარისკაცი ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს ტყვეობაში, რამაც მესამე რაიხის ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო – ასეთი რაოდენობა გათვლილი არ ჰქონდათ და სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ; ის, რომ ერთ დროს საბჭოთა კავშირის სიამაყემ, გენერალმა ვლასოვმა, გერმანელი ოფიცრის მუნდირი მოირგო, ცოლად ჰიმლერის ნათესავი – ადელია ვილინბერგი მოიყვანა, სამხედრო ტყვეებისგან კი „რუსეთის განმათავისუფლებელი არმია“ შექმნა და ანტისაბჭოთა დოკუმენტური ფილმის გადაღებაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამ ფილმმა სერიოზული დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს, არამედ მთელ ანტიფაშისტურ კოალიციას. „ევროპამ საკუთარი თვალით“ – ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქის კინოთეატრები მოიარა და დიდი წარმატება ჰქონდა საინფორმაციო ომის თვალსაზრისით. ამის შემდეგ, ევროპელებმა ბევრი ახალი ამბავი შეიტყვეს, თუნდაც ის, რომ ომამდე კომუნისტური და ფაშისტური ქვეყნების ლიდერებს შესაშური მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებიც ბრწყინვალედ გადაინაწილეს. შემდგომ კი იმის გამო, რომ უკრაინაში გერმანელებს ადგილობრივი მოსახლეობა როგორც განმათავისუფლებლებს, ყვავილებით ეგებებოდნენ, ვერმახტის ფორმებში გამოწყობილმა წითელარმიელებმა მრავალი სოფელი გადაწვეს და სისხლის გუბეები დააყენეს. ფაქტები იყო მრავალი სხვაც...

მრავალ კოზირს შორის, ამერიკელებს ერთი ფრიად მნიშვნელოვანიც აღმოაჩნდათ, თუმცა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, შეეძლოთ და არ გამოიყენეს. გესტაპოს არქივის საქმეებში, საიდუმლოების განსაკუთრებული გრიფით იყო „საქმე N ტ—176“. აღნიშნული საქაღალდე 1978 წელს, მხოლოდ „ლიტერატურნაია გაზეტას“ პოპულარული და ავტორიტეტული საბჭოთა ჟურნალისტისთვის, იონა ანდრონოვისთვის გაიხსნა.

N–ტ-176—ვიტებსკი

იაკობს არავინ და არაფერი ავალდებულებდა ომში წასვლას, პირიქით, იმ დროისთვის მას და მის საარტილერიო სასწავლებლის მეგობრებს სპეციალური კურსები ჯერ კიდევ გასავლელი ჰქონდათ. მაგრამ, იცოდა ვისი შვილიც იყო და პატრონსაც გვარიანად რომ მოაბეზრა თავი, წადი და იბრძოლეო – დაულოცა სტალინმა ბოლოს გზა. იაკობი ჯერ მეუღლეს დაემშვიდობა, შემდეგ კი შვილების ფოტოები წაიღო სახსოვრად. ბედის ირონიაა, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში, უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი პირდაპირ ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდა. მაშინ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გერმანელები უპრობლემოდ მიიწევდნენ წინ. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იყო ბრძოლა ვიტებსკთან. 1941 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“ დასავლეთის ფრონტის სარდალი, გენერალი ერემენკო (შემდეგში მარშალი) წერდა: „ნამდვილი გმირობის გასაოცარი მაგალითი გვიჩვენა ვიტებსკთან ბრძოლებში ბატარეის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა იაკობ ჯუღაშვილმა. ცხარე ბრძოლაში მას ბოლო ჭურვამდე არ მიუტოვებია საბრძოლო პოზიცია“. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯარისკაცებს უჭირდათ მტერთან გამკლავება. ისინი იძულებული იყვნენ, ბრძოლებით დაეხიათ უკან, აღმოსავლეთისკენ და ხშირად ვერც კი ხვდებოდნენ, როგორ მოექცეოდნენ ხოლმე, პარალელური გზებით წინგაჭრილი გერმანული სატანკო დანაყოფების ალყაში. ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს, იაკობი თავის მზვერავებთან და რადისტებთან ერთად, ბრძოლას ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩინებულად წარმართული საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, შეტევა მაინც შეფერხდა. მებრძოლები დაწვნენ, რადგან მტრის ტყვიამფრქვევები მიბრჯნით უშენდა ცეცხლს. იაკობმა სწრაფად მოამზადა ზუსტი საგეგმო მონაცემები სროლისთვის და მტრის საცეცხლე წერტილებს დაუშინა. მტრის ტყვიამფრქვევები დადუმდა. იაკობი თავის მებრძოლებთან ერთად, შემოვლითი გზით, ფარულად, იქვე, სოფლისკენ გაიჭრა და ფაშისტთა დიდი ჯგუფი დაატყვევა. მეორე შეტაკება წარუმატებელი აღმოჩნდა. 16 ივლისს ლოზინოს რაიონში გერმანელებმა საბჭოთა მეომრები მჭიდრო ალყაში მოაქციეს. ბრძოლა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ცოცხლად დარჩენილი მებრძოლები ტყისკენ გაიქცნენ, დაჭრილები კი მაღლობს უკან გადამალეს. ბრძოლა ჩაცხრა, ყველაფერი მიწყნარდა, გადარჩენილი მებრძოლები შეგროვდნენ, მაგრამ მათ შორის იაკობ ჯუღაშვილი არ აღმოჩნდა. საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ამაოდ ეძებდა გაუჩინარებულ მეთაურს.

ისტორიკოსი შტრიკფელდი, რომელიც მაშინ გესტაპოს გამომძიებელი იყო, აღნიშნავს, რომ ტყვეს პირველივე წუთებიდან თავი ღირსეულად ეჭირა, – არც ფანატიკოს ბოლშევიკს ჰგავდა და არც ლაჩარ მეომარს. დაკითხვაზე დამაჯერებელ პასუხებს იძლეოდა. მისი გადაბირება შეუძლებელი იყო. მისი ვინაობის დადგენისთანავე, პროპაგანდის რაიხსმინისტრმა, დოქტორმა გებელსმა, გერმანიის გენერალურ შტაბში სასწრაფოდ დაიბარა სადაზვერვო განყოფილების მეთაური – გელენი და ანგარიში მოსთხოვა. დაბნეულმა ხელქვეითმა აღიარა, რომ იაკობი კერკეტი კაკალი იყო და ძალისმიერი მეთოდები დადებით შედეგს არ მოიტანდა. გებელსის განკარგულებით, ჯუღაშვილი ჰამელბურგში მდებარე ბანაკ „ოფლაგ-13-დან“ სასწრაფოდ გადაიყვანეს ბერლინში და პროპაგანდის სამინისტროს გადასცეს. იაკობი ბერლინის ცენტრში, ფეშენებელური სასტუმროს „ადლონის“ აპარტამენტებში დააბინავეს. ჩინებული კოსტიუმი უყიდეს, მისთვის სპეციალურად, გემრიელ კერძებს ამზადებდნენ, საუცხოო ღვინოებითა და ტროპიკული ხილით უმასპინძლდებოდნენ. საღამოობით რესტორანში მხიარულება სუფევდა, ცნობილი მსახიობები კონცერტებს მართავდნენ. ნახევრად შიშველი ქალბატონები მოსვენებას არ აძლევდნენ. ვინ არ მიუგზავნეს. რუსი ნაციონალისტები ახალი რუსეთის სათავეში ჩადგომას თხოვდნენ. ქართველი ემიგრანტები ანთებული თვალებით ემუდარებოდნენ, ეხსნა საქართველო. არაფერმა გაჭრა. ამიტომ, კომფორტულ სასტუმროში მიწვეული გებელსის სტუმარი, რომელიც უტეხად იმეორებდა, გერმანია აუცილებლად წააგებს ომსო, მეტად ძვირად ღირებული და არახელსაყრელი მძევალი აღმოჩნდა და, კვლავ ჩვეულებრივ, სამხედრო ტყვედ იქცა. მასზე საშინლად მოქმედებდა ის, რაც რადიოში მოასმენინეს. სტალინმა თქვა, რომ „არ არსებობენ სამხედრო ტყვეები, არიან მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები“.

სიკვდილი

სტალინი განიცდიდა შვილის მდგომარეობას. უსამართლოა ბრალდებები სტალინის მიმართ, თითქოს ის არაფერს აკეთებდა შვილის გადასარჩენად. საბჭოთა მზვერავთა დიდი ჯგუფი იაკობ ჯუღაშვილის გათავისუფლებაზე მუშაობდა. ესპანეთის კომუნისტური მოძრაობის ლიდერი, დოლორეს იბარური, 1985 წელს გამოცემულ წიგნში „მე მაკლდა ესპანეთი“, დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩავარდა სპეცოპერაცია, რომელსაც „ცისფერი დივიზიის“ ოფიცერი, ლუის მენდოზა პენია ხელმძღვანელობდა. ის მივლინებული იყო ერთ-ერთ გერმანულ ნაწილში და სხვებთან ერთად, უნდა მიეღო მონაწილეობა იაკობის გათავისუფლებაში, მაგრამ ყველა დაიღუპა.

1943 წლის 14 აპრილს საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის, კურტ ეკარიუსის, ბრძანებით, იაკობ ჯუღაშვილი დახვრიტეს. ის მაშინ 35 წლის იყო „საქმე ტ-176-ში“ აღნიშნულია, რომ ესესელმა მცველმა, კონრად ჰარფიშმა, უფროსის, კარლ იუნგლინგის თანდასწრებით, უპატრონოდ დარჩენილი იაკობი სიცოცხლეს გამოასალმა.

P.S.    1977 წლის 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, უფროსი ლეიტენანტი ჯუღაშვილი, სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ბრძანებულება საიდუმლო იყო, ამის შესახებ დღესაც ბევრმა არ იცის.

 

скачать dle 11.3