კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის გაგზავნილ ფულებს ლენინი სიამოვნებით იღებდა, თვითონ სტალინი კი უფულოდ და ღარიბად ჩაცმული დადიოდა

 

„სტალინზე ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ მისი პიროვნება მაინც ამოუცნობი დარჩა. რა ატოკებს, რით სულდგმულობს, რა ამოქმედებს და აბრძოლებს მას – აი, ამ საკითხის გაშუქება მოგვცემს მის სრულ დახასიათებას. 1898 წლის დამლევს მე „კვალის“ რედაქტორი ვიყავი. ერთ დღეს რედაქციაში მოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გამეცნო: ჯუღაშვილი, სასულიერო სემინარიის მოწაფე და მთხოვა მოსმენა. თქვა: მე ვარ თქვენი ჟურნალისა და თქვენი წერილების ერთგული მკითხველი. ყველა ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და გადავწყვიტე, სემინარიის დატოვება, ამ აზრების მუშათა შორის გატანა. მოვედი თქვენთან რჩევის მისაღებადო. ნახევარი საათის მუსაიფის შემდეგ, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ამ ყმაწვილის საპროპაგანდო ავლადიდება ამოიწურება „კვალის“ სტატიებითა და კაუცკის „ერფრუტის“ პროგრამით. ამიტომ ვურჩიე, რომ კიდევ ერთი წელი დარჩენილიყო სემინარიაში, ხელი მოეკიდა თვითგანვითარებისთვის და საჭირო ცოდნა შეეძინა. დავუსახელე წასაკითხი და შესასწავლი წიგნები. მითხრა, დავფიქრდებიო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ყველა ჩემი რჩევა ყურად იღო ერთის გარდა – სემინარია მაინც მიატოვა და ბათუმში პროპაგანდისტად წავიდა“.

ნოე ჟორდანია

(გაზეთი „ბრძოლის ხმა“, პარიზი 1936 წელი. N 65, გვერდი 2-4)

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი, ცნობილი მიზეზების გამო, უარყოფითად აფასებს იოსებ ჯუღაშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში, მაინც აშკარაა სიმპათიები მის მიმართ. ნოე ჟორდანიას მოგონებებში მრავლადაა როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შეფასებებიც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს მიაჩნდა, რომ ბათუმში ჯუღაშვილმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზს თვითნებურად გადაუხვია და პარტიულ ორგანიზაციაში საკუთარი ორგანიზაცია შექმნა, რომელიც მხოლოდ მას ემორჩილებოდა და პასუხს არ აგებდა კომიტეტის წინაშე. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგი იყო მუშების მანიფესტაცია ბათუმის ციხის წინ, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. მან თითქმის ყველა ხელმძღვანელი მუშაკი აითვალწუნა, აბრალებდა მათ ლაჩრობას, უუნარობას; მუშებს კი ექსტრემისტულად განაწყობდა, მოუწოდებდა ქუჩის აქციებისა და დაუმორჩილებლობისკენ. სოციალ-დემოკრატიულმა ცენტრმა ამის გამო ჯუღაშვილის ქმედებები პროვოკაციად მონათლა. თუმცა, ჟორდანიას აზრით, მას გაუმართლა, რადგან დაიჭირეს და გადაასახლეს, რამაც მისი პრესტიჟი ასწია. 1903 წლის ზაფხულში ორგანიზაცია დაიშალა და, ძირითადად, ორ ნაწილად გაიყო – ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ჟორდანიას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ დროისთვის „სოსო უკვე კობად იყო გადაქცეული და ციმბირიდან გამოქცეული“. ამიტომ, არ უკვირს, რომ ის ლენინს მიემხრო. თუმცა, გული სწყდება, რადგან, მისი აზრით, ლენინმა პროლეტარული იდეები დაასამარა. სტალინი ბოლშევიზმამდე ყოფილა ბოლშევიკი და არა მხოლოდ თეორიული შეხედულებებით, არამედ ბუნებით, ხასიათითა და ამბიციებით. ლენინის ახალ „სახარებას“ კობაც დაეწაფა და ლენინი ერთადერთ და განუმეორებელ ავტორიტეტად ცნო. 

საუკუნის გარიჟრაჟზე პლანეტის ნახევარსფერო სოციალურმა იდეამ მოიცვა. „ძმობა, ერთობა და თავისუფლება“ – ეს იყო ლოზუნგი, რომელსაც მონარქიის დამარცხება შეეძლო. ამ დროს საქართველოში სრული განუკითხაობა სუფევდა. საქართველოს ბოლშევიკებს შორისაც კი, რომლებსაც სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ორი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა: პოლიტიკური – სტეფანე შაუმიანის მეთაურობით და კაცური (ყარაჩოხელურ-ბანდიტური) – სტალინის მეთაურობით. მათ შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რაც დაუსრულებელ პიროვნულ მეტოქეობაში გადაიზარდა. ჯუღაშვილმა მორჩილი და მასზე დამოკიდებული ჯგუფი შექმნა. მის საძმოში „დამკვრელები“, „ხულიგნები“ და „მაუზერისტები“ შედიოდნენ, ანუ „ძველი ბიჭები“ და კრიმინალები. მათი იყო „ექსი“, რაც მდიდრების ძარცვას ნიშნავდა (ექსპროპრიატორების ექსპროპრიაცია – „ექსი“), ასეთ ფულს ლენინი სიამოვნებით იღებდა. სტალინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფული არ აინტერესებდა და ყოველთვის ღარიბულად ჩაცმული და უფულოდ დადიოდა, რითაც ყველა ბოლშევიკისგან განსხვავდებოდა. ისინი თბილ ადგილს და გამორჩენას ეძებდნენ და კარგი ცხოვრებაც უყვარდათ (შაუმიანი, მახარაძე, მდივანი, ქავთარაძე და სხვა). ეს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის სიტყვებია, რომელიც ემიგრაციაში, უკიდურეს განსაცდელში მყოფი, მაინც სტალინის ღირსებაზე ლაპარაკობდა. ნოე, ჯუღაშვილთან დაკავშირებით ასეთ კურიოზსაც იხსენებს: იმ ხანად, თბილისი, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ფაქტობრივად, სომხური ქალაქი იყო, სადაც ქართველები მოსახლეობის მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენდნენ. ქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ქართველი იყო, ისიც სიმბოლურად. აბსოლუტურად ყველა სფეროში სომხები დომინირებდნენ, ეს იყო პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ვაჭრობა... სომხური სკოლები სჭარბობდა ქართულს; სომხური ენა სახელმწიფო რანგში იყო აყვანილი, სასულიერო აკადემია – გრიგორიანული ცენტრიც თბილისში იყო და სულაც არაა გასაკვირი, რომ პოლიტიკური ნება სომეხმა ხალხმა თბილისში (ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი) დააფიქსირა – სომხეთის დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა. არც ბოლშევიკი-ინტელიგენტები აპირებდნენ პოზიციების დათმობას და ორი ლიდერი – სტეფანე შაუმიანი და სოსო ჯუღაშვილი, სერიოზულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჟორდანია შაუმიანს ახასიათებს, როგორც ანჩხლსა და პირში მთქმელს. მას გული მოუვიდოდა, კრებებს დატოვებდა, მაგრამ უკან მობრუნება იცოდა; ჯუღაშვილს კი, მიიჩნევენ გულჩათხრობილ, აუჩქარებელ და დინჯ ადამიანად, რომელიც, არავინ იცოდა, რას ფიქრობდა. რა თქმა უნდა, რთულია, წინა საუკუნის პოლიტიკურ კულუარებში გარკვევა, მაგრამ, როცა შაუმიანმა თბილისის მუშათა კავშირის კრებაზე ჯუღაშვილს გაუბედა და ყველას გასაგონად უთხრა, თურმე თბილისელები, ანუ სომხები აღშფოთებული ყოფილან იმით, რომ სოფლიდან ჩამოთრეული ქართველები („გეღაცი“) ბრძენ სომეხ ხალხს ავიწროებენ, ჯუღაშვილმა მისთვის დამახასიათებელი სიდინჯე, აუჩქარებლობა და წონასწორობაც კი დაკარგა. იგი წამოხტა  და ხმამაღლა დაიყვირა, რომ არ იცის, თუ როდის, რომელ საუკუნეში იყო გორი სოფელი, მაგრამ იცის, რომ მოლაყბეები, მშიშრები და ბრძოლის ველიდან გაქცეული ადამიანები ეზიზღება. მათ არაფერი იციან და ასეთი შეურაცხყოფა არავის ეპატიებაო. ნოე ჟორდანიაც კი, რომელმაც ისე განუტევა სული, რომ სტალინს კორინთოს ტირანად, პერიანდრის მოციქულად მიიჩნევდა, აღიარა, რომ ის დღე არ ავიწყდება, როცა ჯუღაშვილი სტიოპას ხელითაც  შეეხო  და სომეხ ბოლშევიკებს  შეაგნებინა, რომ თბილისი საქართველოა. 

ოცი წლის შემდეგ

ამერიკის ელჩი საბჭოთა კავშირში, ბატონი ჰარიმანი იგონებს, თუ როგორ მიიღო სპეციალური დავალება ვაშინგტონიდან, რაც ფაქტობრივად, ქრთამის შეთავაზების ტოლფასი იყო. დავალებაც სტალინის ხასიათიდან გამომდინარე, ურთულესი შესასრულებელი იყო. ელჩის სიტყვებია: „თეთრი სახლის დავალებით მივედი სტალინთან და ვუთხარი, თქვენს ქვეყანას ძალიან უჭირს, ჩვენ გავიტანთ კრემლიდან საგანძურს და ამერიკაში გავგზავნით, სამაგიეროდ კი, ხუთი ხუთწლედის ფულს გადაგიხდით. სტალინმა შემომხედა, ძლივს დაიოკა რისხვა და მიპასუხა: „მე ღირსებით არ ვვაჭრობ, ჟორდანიას და მისი გარემოცვის მიერ საფრანგეთში გაზიდული განძიც ძლივს შევინარჩუნეთ“. ჰარიმანი შემდეგ დაინტერესდა და ბევრი ახალი ამბავიც გაიგო. ასე რომ, კრემლის ისტორიულ და კულტურულ საგანძურზე ხელი ჩაიქნია, რაც შეატყობინა კიდეც ვაშინგტონში ბოსებს. მოახსენა, რომ სტალინი გატანილი განძეულობის დაბრუნებით უფროა დაკავებული, ვიდრე გატანითო და ხუთწლედების ფულით, ან სხვა რაიმე დაპირებებით, ამ თემაზე მასთან საუბარი აბსურდიაო. რაც შეეხება ქართული განძის ისტორიას, ბელადმა იცოდა, რომ ქართული ემიგრაციის ბირთვი პატრიოტებისგან შედგებოდა. პოლიტიკური კონიუნქტურის, მრავალი უთანხმოებისა თუ წყენის მიუხედავად, მან მიუღებელი და პრინციპში, არადიპლომატიური ნაბიჯიც კი გადადგა – მსოფლიო მბრძანებელმა საფრანგეთის ლიდერს გენერალ დე გოლს, რომელსაც დღეს პოლიტიკის ისტორიაში „მარგალიტად“ მიიჩნევენ, და ზნეობრივ გმირადაც კი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ მოსთხოვა ქართული საუნჯე, რომელიც ჟამთა სიავის გამო უცხოეთში, კონკრეტულად კი, საფრანგეთში ინახებოდა. გარიგება შედგა. სულმნათი ექვთიმე თაყაიშვილი განძის ტრანსპორტირებას მაშინ დათანხმდა, როცა დარწმუნდა, რომ ეს პირადად სტალინის განკარგულება იყო და კომუნისტურ საქართველოში დაბრუნებისას, მხოლოდ ერთი ულტიმატუმით შემოიფარგლა, რომელიც თხოვნა უფრო იყო – თუ ხანგრძლივ საჰაერო მოგზაურობას (თვითმფრინავში პირველად იჯდა) ვერ გაუძლებდა, ცოცხალი იქნებოდა თუ მკვდარი, სამშობლოში ჩაეყვანათ. სტალინმა ღირსეულად დააფასა მისი ღვაწლი: თაყაიშვილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრიც გახდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. გამოქვეყნდა მისი შრომები, ქართულ და რუსულ ენებზე. ღვაწლმოსილი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

 

скачать dle 11.3