კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით ავადდება რადერმახერა და როდის შევამციროთ ჩინური ვარდის მორწყვა

 

 

ზოგიერთი მცენარე მზეზე ხმება, ან, სულაც, შეიძლება, ფოთლები დაეწვას. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მზის სხივები საკმაოდ მწველია და ამიტომ, განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება ოთახის მცენარეებს. როგორ გავზარდოთ ბინაში რადერმახერა და ჩინური ვარდი და როგორ დავიცვათ ისინი მწველი მზისგან, ამას „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის. 

 

– ბატონო ამირან, მოგვიყევით რადერმახერას შესახებ და გვითხარით, პრეტენზიულია ეს მცენარე მოსავლელად?

– ეს უცნაური მცენარე წარმოშობით ტროპიკულია, არც ისე პრეტენზიული მცენარეა. მისი სამშობლო მალაიზიაა, ამიტომ მას ნახევრად დაჩრდილული ადგილი უყვარს. 

– შესაძლებელია თუ არა რადერმახერას გაზრდა ოთახის პირობებში?

– ოთახის პირობებში ეს მცენარე თავს მშვენივრად გრძნობს. შეგიძლიათ ის დადგათ იქ, სადაც გაბნეული მზის სხივებია. ოთახში სიბნელეში რომ არ იყოს რადერმახერა, დადგით ფანჯარასთან ახლოს, რომ მის ფოთლებს მზის სხივები მოხვდეს. 

– რა სიმაღლის იზრდება ეს მცენარე?

– მას არ სჭირდება ზრდის დამაჩქარებლები, თავადაც სწრაფად იზრდება – ის წელიწადში 90 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს, თუმცა, საქართველოს პირობებში ორ მეტრზე მაღალი არ იზრდება. ბინისთვის საკმაოდ კომპაქტურია და, ამასთანავე, იოლად გასახარებელიც. 

– როგორ პირობებში ხარობს კარგად რადერმახერა?

– რადერმახერას უყვარს ნესტიანი ადგილი, ამიტომ მისი მიწა ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს. თუ მისი ნიადაგი ძალიან გამოშრა, შეიძლება, დაიღუპოს კიდეც. ეს მცენარე ვერ ეგუება გადაჭარბებულ სიმშრალეს. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– რაც შეეხება მცენარის გასხვლას, არ არის რეკომენდებული, რადგან მისი მწვანე ღეროები მალე ხმება და, ამიტომ, ნუ შეეცდებით მისთვის ახალი ფორმის მიცემას. ზაფხულში შეგიძლიათ, 30 გრადუსზე ამყოფოთ, ამაზე მეტი ტემპერატურაც არ შეაწუხებს, ხოლო ზამთრის დადგომისას მას სჭირდება დაახლოებით 20-28 გრადუსი. ამიტომ, ეცადეთ, ზამთარში 20 გრადუსი სითბო მაინც შეუნარჩუნოთ. 

– რით შეიძლება დაავადდეს ეს მცენარე?

– ეს მცენარე ავადდება იმ შემთხვევაში, თუ მას მერქანი აქვს დაზიანებული. ამიტომ, გაუფრთხილდით მის მერქანს, თორემ, დაზიანებულ ადგილას, შესაძლებელია, გაჩნდეს სოკოვანი დაავადება, რომელიც მას მალე მოკლავს. 

– რით მრავლდება რადერმახერა და როგორ ნიადაგში ჩავრგათ ის?

– ნიადაგის მიმართ მცენარე პრეტენზიული არ არის. შეეცადეთ, ყოველ წელს მისი მიწა გაამდიდროთ ვიტამინებით. 

 რადერმახერას გახარება ძალიან იოლია როგორც ამონაყარით, ასევე თესლითაც. მისი თესლის შეძენა შეგიძლიათ იმ მაღაზიებში, სადაც იყიდება ტროპიკული მცენარეები. დათესვის დროს მიწაში გაურიეთ ქვიშა. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას?

– შესაძლებელია, რადერმახერას ფოთლები დასცვივდეს. გახსოვდეთ, რომ ეს ბევრი წყლის ბრალია ან დრენაჟი არ უშვებს წყალს. მას ახმობს უწყლობა და დიდხანს მზეზე ყოფნა, მცენარე ყვავის რამდენიმე წლის შემდეგ და მას ნაყოფიც აქვს. რადერმახერას ნაყოფი მწვანე მსხალს წააგავს და საჭმელად ვარგისია, თუმცა საქართველოს პირობებში ის ვერ ასწრებს ნაყოფის გამოღებას. 

– იმისთვის, რომ მზეზე არ გახმეს, სად დავდგათ რადერმახერა ახლა?

– ზაფხულში შეგიძლიათ, გაიტანოთ გარეთ, აივნებზე ან ამყოფოთ ბაღში. 

 ბაღში გახარებისას ქოთანს ქვემოდან რამე დაუდგით, რომ ქოთნიდან გამოსულ ფესვებს არ მისცეთ ბაღის ნიადაგში ჩაზრდის საშუალება, რადგან, მცენარის ბინაში შეტანისას მიწიდან ამოღებული ფესვები დაზიანდება და მცენარე დაავადმყოფდება. 

– რომელი თვიდან შევიტანოთ რადერმახერა ბინაში და კიდევ რა დამატებით რჩევებს მისცემთ მკითხველს?

– გარე კლიმატში მცენარე შეგიძლიათ სექტემბრის ბოლომდე დატოვოთ,  ბინაში შეტანისას კი დადგით ფანჯარასთან ახლოს და დატკბით მისი ლამაზი ფოთლებით. 

 რაც შეეხება სასუქებს, რადერმახერა ძალიან მგრძნობიარეა აზოტზე, ამიტომ, ყოველთვის შეეცადეთ, რომ მინერალებში არ ჭარბობდეს ეს სასუქი. არსებობს დაბალაზოტიანი სასუქებიც და მათ გამოყენებას გირჩევთ. 

– როგორც ვიცი, ჩინური ვარდი სწორედ ამ სეზონზე ყვავის. რას გვეტყვით მის შესახებ?

– უხვფოთლება ჩინურ ვარდს წითელი, თეთრი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ყვითელი ეფექტური ყვავილები ამშვენებს. დიახ, ყვავილობის ძირითადი სეზონი ზაფხულია, მაგრამ, სითბოსა და კარგი განათების პირობებში მცენარემ, შეიძლება, მთელი წლის განმავლობაშიც კი იყვავილოს. თუ სათანადო ადგილს მიუჩენთ და ყურადღებას არ მოაკლებთ, ეს მუქმწვანეფოთლებიანი, ბუჩქოვანი მცენარე მაშინაც დაამშვენებს თქვენს ბინას, როცა არ ყვავის. 

– როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ჩინური ვარდი?

– ამ მცენარეს სჭირდება კაშკაშა სინათლე, ოღონდ არა თაკარა მზე. ზამთარში მზეზე ყოფნას აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება. 

 მოსწონს ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. გაითვალისწინეთ, რომ ჩახუთული ჰაერი და ტენის ნაკლებობა ყვავილების სწრაფად ჭკნობას გამოიწვევს. 

– რა სიხშირით მოვრწყათ ჩინური ვარდი?

– დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება, რადგან მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და როგორ ვაყვავილოთ ის უხვად?

– დიდ ქოთანში მცენარე, შეიძლება, საკმაოდ მაღალიც კი გაიზარდოს – დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ კომპაქტური ფორმის მიცემა, იოლად შეგიძლიათ – გაზაფხულზე გასხლათ მცენარე და ის მომცრო ზომის იქნება. გასხვლა ყვავილობაზე ცუდად არ მოქმედებს და ამას ნუ შეუშინდებით. გაზაფხულზევე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება კი ხელს უწყობს ჩინური ვარდის ყვავილობას. 

 

скачать dle 11.3