კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გადაიღეს კინოსაბჭოს მიერ ქეთოს როლზე დამტკიცებული ნელი ბერაია ფილმ „ქეთო და კოტეში“ და როდის დაიწყო მან მძივებით ფერწერა

 

ნელი ბერაიამ მრავალ პროფესიაში მოსინჯა ბედი, თუმცა მხატვრობაში ნამდვილად არასდროს ჰქონია მცდელობა იმ უჩვეულო ხილვამდე, რომლის შემდეგაც მან საკუთარ თავში ახალი უნარი აღმოაჩინა. საბედნიეროდ, მისი პირველივე ნამუშევარი პროფესიონალებმა 8 ათას დოლარად შეაფასეს და ქალბატონი ნელის გატაცებას „ფერწერა მძივებით” უწოდეს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. ქალბატონი ნელი დღეს უკვე მდიდარი კოლექციის მფლობელია, სადაც იხილავთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და წმიდანების პორტრეტებს. რამდენიმე ნამუშევრიდან ოდრი ჰეპბერნი იღიმებოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე ეს ოდრის პორტრეტი კი არა, ჩვენი რესპონდენტის – ნელი ბერაიას ავტოპორტრეტი ყოფილა. შემდეგ ისიც შევიტყვე, რომ ქალბატონ ნელის თავისი თაობის თბილისელები „ქართველ ოდრის“ უწოდებდნენ. როდის დაიწყო ამ მშვენიერი კოლექციის შექმნა, რომლის ბადალიც მსოფლიოში არ მოიპოვება და რამდენი ნამუშევარია ამჟამად მასში გაერთიანებული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნელი ბერაია: ყველაფერი როგორ დაიწყო იცით? დეიდა მყავდა უნიჭიერესი მხატვარი, მაგრამ, არანორმალურად ზარმაცი. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ვერაფერი ვერ შექმნა, ბოლომდე ვერ მიიყვანა ვერც ერთი დაწყებული საქმე. მას ძალიან უნდოდა თამარის დახატვა, მაგრამ, ეს სურვილი ვერ აისრულა.  დაახლოებით ამ 15 წლის წინ დამესიზმრა დეიდა – იმ დროისთვის ის კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მე მას სიზმარში ვუსაყვედურე: რა არის, ვალია, მთელი შენი სიცოცხლე გეხვეწებოდი, რომ დაგეხატე, მე თუ არა, თამარი მაინც დაგეხატა-მეთქი. მან კი მიპასუხა: იცი რა, ადექი და შენ თვითონ დახატეო! როგორ? მე ხომ ხატვა არ ვიცი-მეთქი? სცადე, შენ აუცილებლად გამოგივაო, – მითხრა. მოგვიანებით ხილვა მქონდა თამარ მეფისა. ამის შემდეგ გავიდა დრო... არასდროს მქონია შეხება მხატვრობასთან. პირველად, როდესაც თამარ მეფის პორტრეტი დავხატე, მე თვითონ ვიყავი კარგა ხანს შოკში, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ამ საქმეს გავართმევდი თავს. შემდეგ, ვინაიდან ფანქრით ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა, აზრად მომივიდა, მძივებით გამეფორმებინა. ასეც მოვიქეცი. რაც გამომივიდა, თავად განსაჯეთ. 

ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც შვილები დავკარგე. მე ორი შვილი მყავდა, ორვე დამეღუპა. მას შემდეგ ამ კოლექციის შექმნაზე გადავერთე, რათა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი და იმის მერე აღარ გავჩერებულვარ.

– როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები?

– თითოეულ ნამუშევარზე დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ვმუშაობ. წინასწარ ფერთა შეხამებაზე არასდროს ვფიქრობ, ყველაფერი მუშაობის პროცესში ლაგდება. პირადად მე, ყველაზე დიდ დროს თვალების დახატვას ვანდომებ. ამბობენ, მხატვრებს ყოველთვის ხელების, ყურებისა და თვალების დახატვა უჭირთო. რაც შეეხება მასალას, ჩემი კოლექციის ნიმუშები სვაროვსკის თვლებით, მარგალიტებითა და ბისერებით იქმნება.

– გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?

– ჩემი კოლექცია დიდ შრომას, დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ, დამთვალიერებელთა რეაქცია დიდ სტიმულს მაძლევს, რომ შევქმნა ახალი.

ათზე მეტი გამოფენა მქონდა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, სექტემბერში პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ ამერიკის საელჩოსთან. მინდა, ჩემი მადლობა გამოვხატო გვერდში დგომისთვის საპატრიარქოს ფონდის მიმართ. ლაშა ჟვანია და მარიამ დავითაშვილი  ძალ-ღონეს არ იშურებენ, მათ ყურადღებასა და მხარში დგომას მუდამ ვგრძნობ და ვაფასებ. 

– თქვენს კოლექციაში მრავლადაა რელიგიის თემაზე შექმნილი ნამუშევარი.

– მართალი ბრძანდებით. რამდენჯერმე შევქმენი თამარ მეფის, ღვთისმშობლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი რომ შენდება, ამ ტაძარს აუცილებლად შევწირავ ღვთისმშობლის ხატს და, კიდევ, უწმიდესსა და უნეტარესს მინდა მივართვა ჩემ მიერ შექმნილი თამარ მეფის პორტრეტი. რაც შეეხება ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან: ომარ მხეიძე, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, ლეილა აბაშიძე, ნინო ანანიაშვილი, ლიანა ისაკაძე, დავით სარაჯიშვილი და სხვები, მათი პორტრეტებიც მაქვს გაკეთებული.

– ავტოპორტრეტზე რას გვეტყვით?

– ეს ავტოპორტრეტი მეგობრების დაჟინებული თხოვნით შეიქმნა. ეს სურათები მოსწონს ყველას და ამიტომ მეც სწორედ მათი საყვარელი ფოტოების მიხედვით შევქმენი ჩემი ავტოპორტრეტები.

– ირაკლი უჩანეიშვილს ულამაზესი მეუღლე ჰყავდაო, – ამბობდნენ თქვენზე... ვიცი, რომ თქვენი თაობის ცნობილ გოგონებს შორისაც გამოგარჩევდნენ – ბევრი მსმენია თქვენს სილამაზეზე... 

– ქართველ ოდრის მეძახდნენ... 80 წლის ასაკში რაღა დროს ჩემს სილამაზეზე საუბარია...

განებივრებული ბავშვი ვიყავი. 14 წლის ასაკში „აკაკის აკვანში” გადამიღეს, 15 წლის ვიყავი, როდესაც „ქეთო და კოტეში” კინოსაბჭომ ქეთოს როლზე დამამტკიცა. თუმცა, მოხდა ისე, რომ მე ქეთო ვერ განვასახიერე – არ მომეცა ამის საშუალება. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ვოკალური მონაცემების წყალობით, კონსერვატორიაში გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა, აქაც არ გამიმართლა.

– რატომ?

– პირველი კურსი რომ დავხურე, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდაუვალი გახდა გლანდების ოპერაციის გაკეთება, რის შემდეგაც ხმა დავკარგე. ამიტომ, ვოკალისტის კარიერაზე უარის თქმა მომიხდა. ამის შემდეგ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შემდეგ როგორ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება – მოგახსენეთ... დღეს კი მძივებით ფერწერის გარეშე არსებობა ვეღარ წარმომიდგენია. 

 

 

скачать dle 11.3