კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახდა რუსა ჩაჩუას სისხლი და ხორცი და რა ჩასახუტებელს მალავს აჩიკო სოლოღაშვილი

 

 აჩიკო სოლოღაშვილსა და რუსა ჩაჩუას ერთმანეთი „ბრავომ” აპოვნინა. მართალია, მეგობრები ერთმანეთის ნახვას ისეთი სიხშირით ვეღარ ახერხებენ, მაგრამ, რა ხდება მათ ცხოვრებაში, ყოველთვის იციან. ზაფხულის ცხელ შუადღეს, კაფე „ცხრამეტში”, წყლის ჭავლის ქვეშ, აჩიკომ და რუსამ ერთმანეთი მოისიყვარულეს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია აჩიკო სოლოღაშვილი

– როგორ ცივა, არა?

– საშინლად, ძლივს მოვედი აქამდე. საოცრად მენატრები. საშინლად მაკლიხარ, მაგრამ, სულ გეფერები ეკრანზე ხელების მოსმით...

– მე რა გავაკეთო ამ დროს? მართლა ძალიან მიჭირს ადამიანებთან შეჩვევა, ახალი ურთიერთობები და, მერე კიდევ, რაც ჩვენ „ბრავომ” გვითხრა, როგორც შეგვაყვარა ერთმანეთი კი იცი და, ამის შემდეგ შენი ხშირად არნახვა ძალიან რთულია.

– მონათესავე სულები გავხდით.

– როცა ადამიანი შენი ახლობელი, შენი სისხლი და ხორცი ხდება... აი, ახლა გვინდა სასწრაფოდ ღვინო და მონატრების სადღეგრძელო (იცინიან). რუსა, მითხარი, რა შეცვალა შენს ცხოვრებაში „ბრავომ”?

– უამრავი რამ და, რაც ყველაზე მთავარია, მე შემცვალა: გავხდი უფრო გაბედული – ის, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდი, რაც ვერ წარმომედგინა საკუთარ თავში, ყველაფერი მოიხსნა. გავხდი მოცეკვავე (იცინიან) – მეცეკვინება ხოლმე, სადმე რომ მივალ. ხშირად მინდა შენი ნახვა, რომ კიდევ რამდენიმე მიხრა-მოხრა მასწავლო. მოკლედ, გავთამამდი. რაც მთავარია, მომწონს ეს ამბავი. რისიც მეშინოდა, რა კომპლექსებიც მქონდა, ყველაფერი მოიხსნა, გადავლახე. მახსოვს, რამდენს მეჩხუბებოდი.

– თავიდან არა, როცა უკვე დავმეგობრდით და დავახლოვდით, მერე უფრო მეტს ვჩხუბობდით.

– ოღონდ, შენს ჩხუბზე ვგიჟდებოდი. დაძაბული ხმით რომ ყვიროდი: „რა ვქნა, რომ ვერ გეჩხუბები და რომ მიყვარხარ?“ (იცინიან). 

– აი, როგორ უნდა გეჩხუბოს შენ ადამიანი. თვალებში რომ ჩაგხედავს კაცი, ხმა როგორ უნდა ამოიღოს?! რომ ელაპარაკები, ის სხვა რაღაცაზე ფიქრობს (მე მომმართავს – ავტორი). ვეუბნები: „რუსა, ეცადე, ფეხი ასე დადგა“, ის კი ფიქრობს: „კაბა არ არის გაკეთებული, ის არ არის დამთავრებული, ტექსტიდან ყველაფერი არ მახსოვს, ამას ვერ ვასწრებ“... ამ დროს, შენ ეუბნები, მარჯვენა ფეხი რომ დადგას ოდნავ გვერდულად, ცერები რომ დააშორო უფრო კარგი სილუეტი გამოდის, ამას კი „აი დარდი“ აქვს ამ დროს, სულ არ აინტერესებს, რას ვეუბნები.

– შენი რჩევები დღემდე მახსოვს: „ფეხი ოდნავ გვერდულად დადგი და ნუ ნერვიულობ“ – ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის.

– ფეხისა და ტანის პრობლემა ნამდვილად არ გაქვს, მაგრამ, ეკრანს უფრო ასეთი დგომა უხდება – ნაზი, გრაციოზული. 

– ჩემი კითხვებით არ დაგღალე?! 

– ჩემთვის ძნელია, სრულყოფილ ადამიანს მოუძებნო ნაკლი და თან მის გამოსწორებაზე ეჩხუბო. ვხვდები, რომ არ იყო სწორი ჩემი საქციელი. რუსუდან, ბოდიშს გიხდი ამის გამო.

– პირიქით, კრიტიკა ძალიან მომწონდა და სულ მინდოდა, შენგან შენიშვნები მომესმინა. 

– ტელევიზიამ, პოპულარობამ ბევრი რაღაც შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. სადღაც, გულის სიღრმეში, ეს ყველაფერი გსიამოვნებს და მხოლოდ მერე ხვდები, რომ ეს არის საშინელება. იმის მაგივრად, რომ გათავისუფლდე, გახდე უფრო დამოუკიდებელი, პირიქით, იკეტები, გემატება კომპლექსები. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

– ზუსტად იგივენაირად. ის, რომ ბევრი ადამიანი გიცნობს, ნიშნავს, რომ უფრო მეტად აკვირდებიან და იკვლევენ შენს ცხოვრებას, ვეღარ ხარ ისეთი თავისუფალი, როგორც ადრე იყავი, გიწევს საჯაროდ, პრესაში, ტელევიზიაში ილაპარაკო შენს ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე. სულ მეკითხებოდნენ ისეთ რაღაცეებს, რაზეც პასუხის გაცემა არ მინდოდა და ჩემი პასუხები სულ სხვანაირად ჩანდა. არ მინდოდა ლაპარაკი პირად თემებზე; რაც ჩემია, ძალიან პირადი, არ მინდოდა, რომ საჯარო გამხდარიყო. მერე, რაზე ლაპარაკსაც თავს არიდებ, იმაზე კიდევ დამატებითი კითხვები ჩნდება.

– აქ გულწრფელობა არაფერ შუაშია. არიან ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები, ვინც, გვინდა, რომ მარტო ჩვენთვის იყვნენ; რომ ჩვენი შეზღუდვები მათზეც არ გავრცელდეს და რაც ჩვენ დაგვემართა (რომ შევიბოჭეთ), მათაც იგივე არ დაემართოთ, ისინიც არ დაღალონ იმავე კითხვებით. მერე ისინიც იზღუდებიან, კომპლექსდებიან და ამის გამო იწყება უსიამოვნო საუბრები. არა და, რატომ?! მე მსახიობი ვარ, ნაკლები პრობლემა მაქვს. თან, ბიჭი ვარ, ჩემთვის მარტივია რაღაცეების გატარება, გოგოებისთვის კი უფრო მძიმედ გადასატანია მსგავსი რაღაცეები. იმის თქმა მინდა, რომ პირადზე იმიტომ კი არ ლაპარაკობ, რომ დასამალი გაქვს რაღაც, უბრალოდ, შენია და, ისიც თუ დაგერღვა, არაფერს ფასი აღარ ჰქონია. ამ ყველაფერში იმის გამო ვიხარშებით, რომ სახლში მისულები, მშვიდად ჩავეხუტოთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ უცებ ის ჩასახუტებელიც რომ საჯარო და გასარჩევი ხდება, საშინლად კარგავს ფასს. 

– აბსოლუტურად გეთანხმები. სამწუხაროდ, ასეა. არასდროს არაფერი მქონია დასამალი, მაგრამ, არ მსიამოვნებს იმ თემებზე ლაპარაკი, რომელზე საუბარი მეგობრებთანაც  კი შეიძლება მიჭირდეს. ბევრი ნიუანსია ცხოვრებაში, რომელთა საჯაროობაც გამორიცხულია. 

– ახლა რას აკეთებ, ეკრანის ნოსტალგია არ გაქვს?

– საერთოდ არა. ეს არ არის ჩემი პროფესია და, ალბათ, ამიტომ. ჯადოსნურ სამყაროში ვიყავი, ასეთი სისწრაფით, ასეთ ტემპში არასდროს მიცხოვრია. ისე გადიოდა თვეები, ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, რომ დამთავრდა, მერე გავაცნობიერე, რამდენი რამ შეიცვალა. მენატრება ის სიტუაცია, გარემო, ადამიანები... ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, დაწყებული დაცვიდან და დიასახლისებიდან, პროდიუსერებით დამთავრებული.

– როგორი საყვარელი ქალია, ჩვენი ნანა დიასახლისი: ყავა გინდა – ყავას მოგიხარშავს, გაგიუთოებს, მოგივლის, თმას გაგიკეთებს... 

– ევალებოდათ, არ ევალებოდათ – მაინც დახმარების ხელს მიწვდიდნენ, ოღონდ არ მენერვიულა, ოღონდ მშვიდად ვყოფილიყავი ყველაფერს აკეთებდნენ.

– გამოგიტყდები და, ერთი თეატრში ვართ ასე შეკრულ გუნდად და, მეორე – „რუსთავი 2-ის“ პროდაქშენში, „ბრავოში”. თავიდან ცოტა არ მჯეროდა, ტელევიზიაში ასეთი გაერთიანება თუ იყო შესაძლებელი. დავიჯერე კი არა, მეც ამ ორგანიზმის ნაწილი ვიყავი, ისევე, როგორც შენ.

– რაც შეეხება ჩემს ახლანდელ საქმიანობას, ვდიასახლისობ, ვუვლი ჩემს პატარა შვილებს და, რაც იმ სამი თვის განმავლობაში დავაკელი, ერთიანად ვინაზღაურებ. ოცდაოთხი საათი ერთად ვართ. ასევე, ვუვლი საკუთარ თავს და ცოტას ვმოგზაურობ. 

– რა გინდა, აკეთო?

– არ მაქვს გადაწყვეტილი. ტელევიზიიდან თუ კიდევ იქნება რამე შემოთავაზება, შეიძლება, ვიფიქრო, მაგრამ ისე, რომ ქასთინგებზე ვიარო და პროექტებზე თავად ვიმუშაო – არა. რაც შეეხება დიზაინს, ჯერ ვფიქრობ და, შეიძლება, მაგ ამბავსაც დავუბრუნდე. დაველოდოთ სექტემბერს, ჯერ ზაფხული და დასვენების დროა.

– როგორი ტიპის პროექტზე უფრო იმუშავებდი?

– გასართობზე. უფრო კომედიური ჟანრი მომწონს. ძალიან მიყვარს მაიმუნობა – რომ გავიხსნები, მერე სრულიად თავისუფალი ვარ. თავიდან მიჭირს ცოტა გახსნა, სანამ გადავხედავ სიტუაციას და მივხვდები, ვინ როგორ მიღებს. არ ვარ აქტიური ტიპი, მშვიდი ვარ და, პირველ ეტაპზე, მირჩევნია, დავაკვირდე. სახის გამომეტყველებაზე, ურთიერთობაზე ვხვდები, ვინ როგორ მიმიღო. ბუნებით ვარ ბაცანა, ცელქიც. უფრო მივიღებდი სამაიმუნო, კომედიური ჟანრის პროექტს.

– და, როგორც მივხვდი, ჩემთან ერთად წაიყვანდი გადაცემას.

– აუცილებლად. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რუსა ჩაჩუა

– „შუა დღეს” როგორ მოერგე, სადაც გაცილებით სერიოზულ თემებზე გიწევთ მსჯელობა?

– გადასარევად და, თან, სულ სერიოზულობაც არ გვაქვს. დღეს, მაგალითად, მე, ბაია და ფაცკა ვიყავით და დავიმხეთ ყველაფერი. საინტერესო პროექტია, რომელიც სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი და კვირის ყველა დღე სხვადასხვა დატვირთვისაა. რაღაცეები არ ვიცი და მეც ვსწავლობ, მაგრამ არის თემები, სადაც, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს, – არ მეთაკილება ამის აღიარება. არის თემები, სადაც არაკორექტულია, რომ აჩიკომ ილაპარაკოს. შეიძლება მეგობრების წრეში ამაზე ისაუბრო, რჩევებიც არიგო, მაგრამ, მთელ საქართველოს რაღაცეები ურჩიო, – ეს ჩემთვის მიუღებელია.

– თავს უფლებას არ აძლევს, რომ კომპეტენციას გასცდეს, თუმცა, შემიძლია თავი დავდო, რომ ყველაფერი იცის (მე მომმართავს, – ავტორი). ნიჭიერი, განათლებული, არაჩვეულებრივი ადამიანია. კაცი არ მეგულება, ვისაც, შეიძლება, აჩიკო არ უყვარდეს. 

– მთელი ცხოვრება ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური და გახსნილი. სულელი უნდა იყო, ყველას რომ უყვარდე და ამას არც ვცდილობ, ჩვეულებრივად ვიქცევი.

– როგორ ახერხებ, რომ მუდმივად კარგ ხასიათზე იყო, სულ იღიმებოდე და არავის ახვევდე თავს არაფერს? უპრობლემო არავინ ვართ, მათ შორის შენც, მაგრამ, ეს არასდროს მიგრძნია.

– ეს უფრო ზრდილობის ამბავია. ზრდილობაა, როდესაც ხვდები, რომ შენი პრობლემა შენია და არავის არ აინტერესებს მისი თავზე მოხვევა. ზუსტად ისევ ისეთი პრობლემა შეიძლება მქონდეს, როგორიც შენ, მაგრამ, რატომ ვისაუბრო მასზე, თუ ზუსტად ვიცი, რომ შენ მის მოგვარებაში ვერ დამეხმარები და, თან, ისეთსავე ორმოში ხარ? ვილაპარაკოთ იმაზე, რითაც, შეიძლება, უფრო დადებითი ემოციებით დავტვირთოთ საკუთარი თავი. ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ალბათ, კარგი ხასიათის ადამიანი ვარ და ვცდილობ, ამ ჩემი ხასიათით ყველა გავახარო.

– წუწუნა არ ხარ, მკაცრი ხარ და ამიტომაც უნდა ყველას შენთან ურთიერთობა.

– შეიძლება, ყველაფერში პროფესიონალი არ ვიყო, მაგრამ, ყველაფრის მიმართ მაქვს პროფესიონალური დამოკიდებულება და იმავეს მოვითხოვ სხვებისგან. 

– შენი პასუხისმგებლობა სულ მაგიჟებდა. ამდენ რაღაცას აკეთებ, თან, არ მახსოვს, გეთქვას და ის არ გაგეკეთებინოს, ოდესმე სადმე დაგეგვიანოს. ამიტომაც არის ნებისმიერი ადამიანისთვის შენთან ერთად მუშაობა კომფორტული. 

– შეიძლება, ასეც არის. მართლა ბედნიერი ვარ, თუ ასე ფიქრობ. 

– შენს სამომავლო გეგმებზე მითხარი, რა ხდება? ვიცი, რომ მიუზიკლს დგამთ. 

– ჰო, მუშაობა დავიწყეთ „ქეთო და კოტეზე”, რომელიც ბათუმში იდგმება. მონაწილეობენ პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა კახიანი, სოფო ნიჟარაძე, სტეფანე მღებრიშვილი და სხვები. სოფო ნიჟარაძეა ქეთო. დოი ძალიან საინტერესო ვარიანტს სთავაზობს მაყურებელს, სხვა ჟანრი იქნება, თუმცა, იგივე პრობლემატიკა. ფილმი კლასიკაა და მასთან შეხება არ იქნებოდა კარგი, ამიტომ, ცოტა სხვა სტილი მოძებნა დოიმ. მუსიკალურადაც ცოტა სხვა ჟანრში იქნება გაკეთებული. რეპეტიციები უკვე დავიწყეთ, მერე ბათუმში გადავდივართ სარეპეტიციოდ. 

– ამხელა სითბოდ და სიყვარულად რომ იღვრები, იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ობიექტი არ არსებობს, რომლისკენაც მთელ შენს სიყვარულს მიმართავდი?

– როცა ობიექტი არსებობს, მაშინ უფრო თბილი და უფრო ბევრი ვარ. შეყვარებულობა იმდენად დიდი სტიმულია, ის ისე მაბევრებს და მათბილებს, ამ დროს უფრო ვეფერები და ვიხუტებ ყველას, უფრო საჯარო ვხდები – ამ სიყვარულს ყველას ვუზიარებ.

– კიდევ ერთი, რამაც მომხიბლა შენთან მიმართებაში, ესაა შენი უდიდესი სიყვარული ცხოველების მიმართ. ადამიანი, რომელსაც ცხოველები ასე უყვარს, არ შეიძლება ცუდი იყოს. 

– ცხოველებსაც ძალიან ვუყვარვარ. როგორც ჩანს, აურას გრძნობენ. ჩემს მეგობარს ჰყავს სამი კაციჭამია მეცხვარე, ვერავინ ეკარება. არავინ შეუჭამიათ, მაგრამ, რომ შეხედავ, გული გაგისკდება, ლომზე დიდები არიან. ვერ აგიხსნი, რა მემართება, რომ ვხედავ – ეგრევე მეხსნება შიში და მზად ვარ, ხახაში ჩავუვარდე, ვკოცნო, ბევრი ვკოცნო და ვეჭიდაო. მე და ჭიდაობა როგორია, ხომ წარმოგიდგენია – ერთი შებერვა ვარ.

– მთელი წელი ასე გიჟივით მუშაობის შემდეგ, არ გინდა დასვენება?

– ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა. მთელი წელი ველოდები ზაფხულს, რომ ათი დღე გავატარო არაფრის კეთებაში. ამ ზაფხულს, ვიცი, ის ათი დღეც არ მექნება – „სტავკა” ჩამოწიეს და ვიხვეწები, იქნებ, სამი დღით მაინც გამიშვათ-მეთქი. მაგრამ, როგორც უკვე ვხვდები, ის სამი დღეც არ იქნება და ეს ზაფხულიც რეპეტიციებში უნდა გავატარო. რთულია, მაგრამ, ძალიან საინტერესოა, ამის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ყველა ადამიანს, ვისაც თავისი საქმე უყვარს, ამით ცოცხლობს.

 

скачать dle 11.3