კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცა ირანში აღზევებულ ქართველობასთან მიმოწერა გიორგი სააკაძის სიკვდილის მიზეზად

 

გიორგი სააკაძე დიდი და რთული პიროვნება იყო. მისი მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ მდგომარეობასთან და მისი დაღუპვის მიზეზები, ასახულია ქართულ, რუსულ, სპარსულ, თურქულ, და ევროპულ წყაროებში. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე კი ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ სვანიძე დიდი მოურავის სიკვდილის მისეულ ვერსიას გაგვაცნობს.

მიხეილ სვანიძე: გიორგი სააკაძის ცხოვრების შესახებ ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. მით უმეტეს, რომ მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი სათანადოდ არ არის შესწავლილი. 

– რომელ პერიოდს გულისხმობთ?

– დიდი მოურავის ოსმალეთში მოღვაწეობასა და მისი დაღუპვის მიზეზებს. 

ბაზალეთის ომში დამარცხების შემდეგ გიორგი სააკაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ოსმალეთში წასულიყო. იქ გიორგიც და მისი თანმხლებნიც პატივით მიიღეს, რადგან დიდ დამსახურებად ჩაუთვალეს ყიზილბაშთა განადგურება. 

– როგორი პოლიტიკური სურათი ხვდება ოსმალეთში ჩასულ გიორგი სააკაძეს?

– ამ პერიოდისთვის ოსმალეთი ირანთან ომს აწარმოებდა და მარცხდებოდა. ირანელებმა დაიკავეს ბაღდადი, შემდეგ ერაყი და ქურთისტანის ნაწილი. სულთნის მთავრობა ყველა ღონეს მიმართავდა ბაღდადის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ. მდგომარეობას არზრუმის გამგებლის, აბაზა ფაშას აჯანყებაც ართულებდა. საჭირო იყო ამ უკანასკნელის დამორჩილება, რის შემდეგაც ოსმალეთი მთელ ძალებს ირანის წინააღმდეგ მიმართავდა. 1628 წელს ბრძოლის დროს აბაზა ფაშა, დანებდა ოსმალეთის დიდ ვეზირს ხუსრევ ფაშას. ამ ბრძოლაში თავი ისახელა სააკაძემ. 

– რა ხდება შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ?

– შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ ოსმალებს იმედი მიეცათ, რომ შეძლებდნენ ირანელების დამარცხებას. ხუსრევ ფაშას სარდლობით ოსმალთა ჯარი ირანისკენ გაემართა. მათ რიგებში იყო გიორგი სააკაძე თანმხლები პირებით. დიდი მოურავი თავისი გეგმების რეალიზებას ირანში მომხდარ ამბებს უკავშირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. იგი სიკვდილით დასაჯეს დიდი ვეზირის ბრძანებით. 

– მიზეზი?

– გიორგი სააკაძის სიკვდილთან დაკავშირებით, ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი აზრია გამოთქმული. 

– როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

– როგორც ქართული წყაროების მიხედვითაა ცნობილი, საქართველოდან ოსმალეთში ჩასულმა სააკაძემ ირანის წინააღმდეგ ომში წარმატებებს მიაღწია და სახელი გაითქვა. ხუსრევ ფაშამ ვერ აიტანა დიდი მოურავის აღზევება და თავისი ცოლისდის წაქეზებით, რომელიც სულთნის მეუღლე გახლდათ, სიკვდილით დასაჯა გიორგი სააკაძე. მაგრამ, სხვა ქართული წყაროებისგან განსხვავებით, ფარსადან გორგიჯანისძეს, ერთი მეტად საყურადღებო დეტალი მოაქვს დიდი მოურავის სიკვდილის მიზეზის ასახსნელად. იგი გადმოგვცემს: როდესაც სულთანმა შეიტყო გიორგი სააკაძის სიკვდილის ამბავი, „ნამეტნავად იწყინა, მაგრამ სიდამდისინ ხუსრევ ფაშა ბაღდათით არ დაბრუნდა, არა თქვა რა. რა მოვიდა, ხონთქარმა ჰკითხა: სად არის მოურავიო. იმან მოახსენა – „რაფიზი” იყო და მოვაკვლევინეო, ხონთქარმა ბრძანა: ჯალათ გელსუნ, მისცეს ხელთა და დიდის ხანჯლით მოაკვლევინეს ხუსრევ ფაშა”. 

– როგორც ჩანს, ხუსრევ ფაშას სააკაძე იმის გამო დაუსჯია, რომ იგი „რაფიზი“ იყოო. რას ნიშნავს „რაფიზი“?

– „რაფიზი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს ერეტიკოსს. ასე უწოდებენ სუნიტები (ოსმალები) შიიტებს (სპარსელებს). მართლაც, თურქულ წყაროებში სპარსელები „რაფიზებად“ იწოდებიან და ხშირად არის მოთხრობილი მათი თავდასხმების შესახებ. ამრიგად, „რაფიზი“ ოსმალეთში სპარსელის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. უეჭველია, ფარსადან გორგიჯანიძეც „რაფიზს“ სპარსელის მნიშვნელობით ხმარობს. ფარსადან გორგიჯანიძე ხომ დიდხანს ცხოვრობდა სპარსეთში, კარგად იცნობდა ამ ქვეყანას. თავის „ისტორიაში” ქართულთან ერთად გამოყენებული აქვს, არა მარტო სპარსული, არამედ თურქული წყაროებიც. ეჭვგარეშეა, რომ მისთვის ცნობილი იყო „რაფიზის“ მნიშვნელობა და მან ეს სიტყვა იხმარა სპარსელის აღმნიშვნელად და არა ზოგადად – განდგომილის, ერეტიკოსის გაგებით.

– რატომ, რის საფუძველზე უწოდა ხუსრევ ფაშამ გიორგი სააკაძეს „რაფიზი“ და რატომ დასაჯა ამის გამო?

– როგორც ვიცით, შაჰ-აბასი – დასაწყისში ქართველთა და პირადად გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი გარდაიცვალა 1629 წელს. მისმა სიკვდილმა ირანში სიტუაცია შეცვალა. ჯერ კიდევ შაჰის სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე, რომელიც რამდენიმე წელი სპარსეთში ცხოვრობდა და პირადად იცნობდა იქ მცხოვრებ ზოგიერთ ქართველს, წერდა: „სპარსეთში 30 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით შაჰ-აბასის მიერ ძალით აყრილ და გადმოსახლებულ ქართველებსო. ზოგიერთ მათგანს უჭირავს გამოჩენილი ადგილები, როგორც მხედრობაში, ისე ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაში. სპარსეთში მყოფი და თავისი რჯულის უარმყოფელი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფის... ხელმწიფემ არ მისცა მათ, რასაც ისინი მოელოდნენ”... შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ ირანი გადაურჩა დინასტიურ ომს, რომელიც ჩვეულებრივ, შაჰის გარდაცვალებასთან ერთად იწყება. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ხოსრო მირზას, დაუდ-ხანის შვილს (სიმონ პირველის ძმისშვილს, იმხანად ისპაჰანის ტარუღას). მან ტახტზე აიყვანა შაჰ-აბასის მცირეწლოვანი შვილიშვილი – შაჰ-სეფი პირველი. ამ სამსახურისთვის შაჰ-სეფი პირველმა ხოსრო-მირზა ირანის ყულარაღასად დანიშნა და მას როსტომ-ხანი უწოდა. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით: „ირანის საქმე როსტომ  მეფეს ეკითხებოდა”.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ხოსრო მირზას შაჰის კარზე დაწინაურებაში თავის დროზე დიდი როლი შეასრულა გიორგი სააკაძემ, როდესაც იგი ირანში მოღვაწეობდა. ხოსრო-მირზასთან მჭიდრო მეგობრობა ჰქონდა და ირანში დიდი გავლენით სარგებლობდა აგრეთვე, სპარსელი როსტომ ბეგი (როსტომ ხანი სააკაძე), გიორგი სააკაძის ბიძა. სეფიანთა ირანის  პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე მოღვაწე ქართველებიდან ირანში განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა უნდილაანთ ფეოდალურ სახლს, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ: ალავერდი-ხანი, იმამყული-ხანი, დაუდ-ხანი, სეფიყული-ხანი. ამ დროს ყველაზე გავლენიანი იყო იმამყული-ხანი. შაჰ-სეფის მრჩევლად პირველ ხანებში, შაჰ-აბასის ანდერძის თანახმად, სწორედ, იმამყული-ხანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ როლს როსტომ-ხანი ასრულებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სეფი პირველი დიდი პატივით ექცეოდა იმამყული-ხანს, აფასებდა მის ღირსებას, ოფიციალურ დოკუმენტებშიც და საჯაროდ მას მამას ეძახდა. 

ასევე, დიდი გავლენით სარგებლობდა იმდროინდელ ირანში განჯის ბეგლარ-ბეგი დაუდ-ხანი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან.

– როგორც ჩანს, შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ ირანში ქართველთა გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.

– ასეა და გიორგი სააკაძე, რომელიც ირანში 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა შაჰის კარზე დაწინაურებულ ქართველებთან, არ შეიძლება, გარკვეული ხანი არ ყოფილიყო იქ შექმნილ სიტუაციაში. ასეთ პირობებში კი, გამორიცხული არაა, რომ სააკაძეს არ ეცადა, კონტაქტები დაემყარებინა მათთან. ამას რამდენიმე წყარო ადასტურებს კიდეც. 

საფიქრებელია, რომ გიორგი სააკაძემ, საქართველოს გაერთიანების მიზნით, ირანში მყოფ ქართველებთან ურთიერთობა გააბა. მან საქართველოს გაერთიანების ახალი გეგმა შეიმუშავა, რასაც დიდი ვეზირის დაუკითხავად აკეთებდა. რაც შეუმჩნეველი არ დარჩა ხუსრევ ფაშას და ამის გამო, დიდი მოურავი სიკვდილით დასაჯა.

თუ მივმართავთ ოსმალურ წყაროებს, შესაძლებელია, ბევრ ჩვენთვის საინტერესო საკითხს მოვფინოთ ნათელი. ოსმალო ისტორიკოსები, მართალია, ხუსრევ ფაშას ახასიათებენ, როგორც დაუნდობელ, ვერაგ და მოშურნე პიროვნებას, მაგრამ სააკაძის დაღუპვის მიზეზად, ისინი სხვა გარემოებას ასახელებენ. მაგალითად: მუსტაფა ნაიმას ცნობით, ოსმალეთში ჩასული ქართველები მძლავრობასა და უსაქციელობას სჩადიოდნენ და ამით მოურავს სახელს უტეხდნენ. ამის გამო, კონიის ვილაიეთის მოსახლეობამ ხუსრევ ფაშას საჩივრით მიმართა. აქვე დასძენს: „ხუსრევ ფაშა სისხლის მოყვარული კაცი იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სისხლის დაღვრა ეწადა ... მოკლა ასეთი გმირი”. ამასვე ამბობენ სხვა ოსმალო ავტორები.

ქათიბ ჩელების არ სჯერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის „შევიწროვების” გამო დაისაჯა დიდი მოურავი. ასეც რომ ყოფილიყო, როგორც იგი აღნიშნავს, „მას საზოგადოებრივი უფლებები უნდა ჩამორთმეოდა და გასამართლებულიყო. შემდეგ გაფრთხილება უნდა მიეცათ.... ასეთი სახელოვანი კაცის სიკვდილით დასჯა უდიდესი უსამართლობაა”.

გიორგის დასჯასთან დაკავშირებით, რამდენიმე წყაროში ვკითხულობთ: „ქართველების მიერ ჩადენილი უსამართლობისა და უწესობათა შესახებ (ხუსრევ ფაშამ) ყველაფერი გაიგო... მოურავი შეშინდა და გაიქცა”. ხუსრევ ფაშას შეეშინდა „საქართველოში გაიქცევაო”, მდევრები გააყოლა და შეიპყრო.  ჩვენი აზრით, სააკაძის საქართველოში გაქცევის მიზეზის ასახსნელად,  თურქულ წყაროებში დაცული ცნობები ნაკლებად დასაჯერებელია. 

სააკაძის ოსმალეთიდან საქართველოში გაქცევის შესახებ საყურადღებო ცნობა მოეპოვება თეიმურაზ პირველს.

– რას იუწყება ეს ცნობა?

– 1658 წელს თეიმურაზ პირველმა მოსკოვში წარმატებული მოლაპარაკების დროს რუს მოხელეებს დიდი მოურავის შესახებ განუცხადა: გიორგი სააკაძეს „სურდა თურქი სულთნისათვის ეღალატა და დადიანის სახელმწიფოში გაქცეულიყო. გაიგო რა ეს ვეზირმა, იგი სიკვდილით დასაჯა”. ჩემი აზრით, თეიმურაზი გაკვრით აცხადებს, რომ სააკაძემ იმიტომ დააპირა საქართველოში გაქცევა, რომ მას ღალატი დასწამეს. თუმცა, ჩვენს მიერ მიკვლეული წყაროების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სააკაძის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი დაგვედგინა: გიორგი სააკაძემ გადაწყვიტა შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ, გამოეყენებინა სპარსეთში შექმნილი ვითარება და შეიმუშავა საქართველოს გაერთიანების ახალი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა ირანში აღზევებული ქართველების მეშვეობით. ეჭვგარეშეა, რომ ყოველივეს იგი ხუსრევ ფაშას დაუკითხავად აკეთებდა და მისი გვერდის ავლით. ევროპული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ ხუსრევ ფაშამ ხელთ იგდო გიორგი სააკაძის მიმოწერა ირანის ქართველობასთან. ამის გამო მან გიორგი სააკაძე 1629 წლის 3 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯა.

გიორგი სააკაძის დაღუპვის შემდეგ, მისი ცოლი და შვილები ერთხანს ოსმალეთში დარჩნენ. სააკაძის ოჯახი ქართლში 30-იანი წლების ბოლოს გადმოიყვანა როსტომ მეფემ. გიორგის მამულებიც მის შვილს, იორამს დაუბრუნა, ხოლო გიორგის ქალიშვილი ანა-ხათუნი 1639 წელს არზრუმში გარდაიცვალა და იქაა დასაფლავებული.

 

скачать dle 11.3