კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასწავლა ქართველმა კომპოზიტორმა ამერიკაში შავკანიან მოსწავლეებს „სულიკო“ და რით განსხვავდება ლაშა კვეტენაძის ამერიკული ცხოვრება ქართულისგან



კომპოზიტორი ლაშა კვეტენაძე დაახლოებით ოთხი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ის ნიუ-იორკში ერთ-ერთი კონკურსის მეშვეობით მოხვდა. შემდეგ, როგორც თავად ამბობს გაუმართლა და იმ საქმით დაკავდა, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მას სხვა საინტერესო გეგმებიც აქვს და სწორედ ამიტომ, ჯერ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, თუმცა საბოლოოდ, სამშობლოში აპირებს ცხოვრებას. ქართველი კომპოზიტორის ამერიკული წარმატების შესახებ ჩვენი ჟურნალიდან შეიტყობთ.
ლაშა კვეტენაძე: ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი მომხდარა. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ პატარა წარმატებისთვის მაინც მიმეღწია. 1997 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე და – 2005-ში დავამთავრე. თავიდან საგუნდო-სადირიჟოროზე ვსწავლობდი, შემდეგ საოპერო-სიმფონიური მუსიკის დირიჟორობაზე. სწავლის პერიოდში ყოველთვის ვწერდი. ერთხელ საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე ჩამოვიდა მუსიკოსი – კლეიტონ პაარი, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში საგუნდო-სადირიჟოროს უფროსია. ამ პერიოდში კონსერვატორიის გუნდში ჩემს ნაწარმოებებს ვასრულებდით ხოლმე და როდესაც ეს მან მოისმინა, სურვილი გაუჩნდა, ამერიკაში გამოეცა ჩემი მუსიკა. მეც, რასაკვირველია, დავთანხმდი. 2007 წელს კონტრაქტი გავაფორმე მასთან და ჩემი მუსიკაც გამოიცა.
 – ამერიკაში როგორ მოხვდით?
 – ამერიკაშიც კლეიტონ პაარის დახმარებით ჩავედი. მან მომწერა, რომ ტარდებოდა კონკურსი, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩაჰყავთ მუსიკოსები და ყოველ წელს ოთხი კონტინენტის წარმომადგენელთაგან ხდება შერჩევა. შემომთავაზა, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მათ ჰქონდათ რამდენიმე აუცილებელი მოთხოვნა, რაც შევასრულე და ველოდი პასუხს. გამიმართლა და მეც ამირჩიეს. ასე მოვხვდი ამერიკაში.
 – რამდენი წლის იყავით მაშინ?
 – 29 წლის ჩამოვედი პირველად ამერიკაში. ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ მარტო არ ვიყავი. ჩვენი ტური იყო ექვსთვიანი და ამ პერიოდში ჩვენი უზრუნველყოფა მთლიანად ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე. მოვიარეთ თორმეტი შტატი. ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება და დიდი როლი ითამაშა ჩემს მუსიკალურ კარიერაში.
 – როგორც ვიცი, სიმფონიურ ორკესტრსაც დირიჟორობდით.
 – სიმფონიურ ორკესტრთან თბილისში ვმუშაობდი. მთავარი დირიჟორის თანაშემწე ვიყავი. ამერიკაში ჩემს ორკესტრში სკოლის ბავშვები არიან. ხშირად ვკრიბავ ხოლმე საუკეთესო მოსწავლეებს, მასწავლებლებს და კონცერტამდე ორი თვით ადრე გავდივართ რეპეტიციებს. ქართველი მოსწავლე არ მყავს. სადაც მე ვმუშობ ეგრეთ წოდებული შავი უბანია.
 – გავიგე, რომ მათ ქართულ კომპოზიციებსაც ასწავლით.
 – დიახ, ვცდილობ მათ ქართული სიმღერები მოვასმენინო, ვასწავლო. ერთხელ კოლუმბიის უნივერსიტეტში ტარდებოდა საღამო, ქართველი სტუდენტების ინიციატივით, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა და შევასრულეთ ქართული ნაწარმოებები. ჩემს შავკანიან მოსწავლეებს კარგად გავაცანი ქართული მუსიკა. ერთხელ „სულიკო“ დავუკარი მათთან და ძალიან მოეწონათ. გაგიჟდნენ.
 – როგორ შეასრულეს შავკანიანმა მოსწავლეებმა „სულიკო“?
 – სხვათა შორის, გამოუვიდათ (იცინის). მართალია, ჟღერადობით დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი, მაგრამ ცუდი არ იყო. ჩემი ყური, ალბათ, სხვანაირადაა მიჩვეული ქართულ მუსიკას. ეს მუსიკა მათთვის ძალიან ნელია, ამიტომ ცოტა დასარტყამი ინსტრუმენტებიც შევიტანე. საბოლოოდ, გამოვიდა „სულიკო“ აფროამერიკული რითმების თანხლებით.
 – ესე იგი, მოეწონათ ქართული ნაწარმოებები?
 – იმ სკოლაში, სადაც მე ვმუშაობ, თავიანთი პროგრამა აქვთ და იმას ასრულებენ, მაგრამ მე, სულ ვცდილობ, ცოტა ქართულიც შევიტანო. თუნდაც, კონცერტებზე მაინც ვასრულებინებ ერთ ორ ქართულ ნაწარმოებებს. სკოლის გარდა, მე ეკლესიაშიც ვმსახურობ. ეს არის ამერიკული მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც გუნდი მყავს და ქართულ საგალობლებსაც ვუკრავთ.  ვიცნობ რამდენიმე ამერიკელს, რომლებიც იმდენად დაინტერესებულნი არიან ქართული ხალხური მუსიკით, საგალობლებითა და ზოგადად, ქართული კულტურით, ისინი ქართველებიც კი ჰგონიათ. (იცინის). ლობიანებსაც აცხობენ და ქართული ღვინოც აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, ქართველისთვის ძალიან სასიამოვნოა.
 – როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება, ალბათ, ძალიან განსხვავდება ქართულისგან?
 – ვცხოვრობ ბრუკლინში. თავიდან, ხუთი თვის განმავლობაში, ჩემს ბავშვობის ძმაკაცთან ერთად ვცხოვრობდი. ის დიდი ხანია აქ არის და ამიტომ, ყველაფერში ძალიან დამეხმარა. ბრუკლინი პატარა საქართველოსავითაა. ქუჩაში ხშირად ვხვდები ქართველებს. აქ არის ქართული თონეები. „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ თითქმის ყველა მაღაზიაშია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მენატრება სახლი. მართალია, აქ ცხოვრებას ძალიან მივეჩვიე, მაინც მაქვს ნოსტალგია.
 – ამერიკაში ძალიან რთულია თავის დამკვიდრება. თქვენ არ გაგიჭირდათ?
 – მართლაც ძალიან ძნელია, ამერიკაში თავის დამკვიდრება. თუმცა, ის მომენტი, რომ ჩემი პროფესიით შევძელი აქ დამკვიდრება, ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ ერთი დღეც რომ არ იმუშაო, ჩათვალე, ბევრ რამეს დაკარგავ. ამერიკაში ძალიან აქტიური ცხოვრებაა და მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. მოგეხსენებათ, ხშირად უწევთ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება, რადგან თუ არ იმუშავე, არაფერი გამოგივა. მე კი მუშაობასთან ერთად, სიამოვნებას ვიღებ. ამ საკითხში ძალიან გამიმართლა. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ცოტა ხანი ვემზადებოდი ინგლისურში, მაგრამ მაინც არ ვიცოდი კარგად. აქ ჩამოსვლის შემდეგ, მალევე ვისწავლე. ნიუ-იორკში ცხოვრება ადამიანს სხვანაირს ხდის. აქ ჯუნგლების კანონებია. ფული არ გაქვს, სამსახური არ გაქვს და უცბად ქუჩაში რჩები.
 – წარმატების მიღწევა ყველაზე მეტად რაზეა დამოკიდებული?
 – მთავარია, შრომისმოყვარეობა და ცოტა გამართლება. წეღან გითხარით, რომ ძალიან გამიმართლა,  თუნდაც, იმიტომ რომ სამსახურებს არ ვეძებ. სამი წელია, მაქვს სამსახური და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბედის. სამსახურის გარდა, ვწერ მუსიკას, რომელსაც სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტის გუნდები ასრულებენ ხოლმე. მაგალითად, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა.
 – რომელია თქვენი საყვარელი კომპოზიტორი, ვისი ნაწარმოების მოსმენაც არასდროს გბეზრდებათ?
 – უპირველესად, დავასახელებდი ქართველ კომპოზიტორებს. ჩვენთან ძალიან დიდი ოკეანეა მუსიკის. აღვნიშნავდი ნიკო სულხანიშვილს, ვისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მან მიბიძგა იმისკენ, რომ ჩამეწერა საგუნდო მუსიკა. ძალიან მიყვარს იოსებ კეჭაყმაძის კომპოზიციები. არაჩვეულებრივ და მრავალფეროვან მუსიკას წერს გია ყანჩელი. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, რადგან ძალიან ბევრი სახელგანთქმული კომპოზიტორი გვყავს ქართველებს.
 – რაც შეეხება უცხოელ შემსრულებლებს?
 – უცხოელებიდან უპირველესად, იოჰან სებასტიან ბახს დავასახელებდი. მისი მუსიკის შესრულება, მოსმენა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე და უდიდეს ცოდნას მაძლევს. რამდენჯერაც არ უნდა ვუსმინო, ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ. მინდა, გითხრათ ერთი რამ: როდესაც მანქანით ვმგზავრობ, ვუსმენ მეტალიკას. ალბათ, გაგიკვირდებათ, რადგან სრულიად განსხვავებული ჟანრია, მაგრამ მომწონს.
 – პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ.
 – ვერ ვიტყვი, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება-მეთქი. არის დღეები, როცა ძალიან ბევრი დრო მაქვს, მაგრამ, ალბათ, არავინ  გამოჩენილა ისეთი, ოჯახის შექმნაზე რომ ვიფიქრო. ამ ეტაპზე ჩემს ინსტრუმენტთან ყოფნა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. ხშირად მისვამენ კითხვას, რატომ არ მომყავს ცოლი? ჩემი აზრით, ცოლად უნდა მოიყვანო შეყვარებული. ჩემი შეყვარებული კი გათხოვდა, ოღონდ სხვას გაჰყვა. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვჩქარობ ცოლის მოყვანას. ყველაფერს თავის დრო აქვს.
 – როგორ ფიქრობთ, თქვენი რჩეული ამერიკელი იქნება თუ ქართველი?
 – ამას წინასწარ ვერ გეტყვით. არც ერთს არ გამოვრიცხავ. თუმცა, ქართველი თუ იქნება, ჯობია. განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მაქვს. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველა ამ კითხვას მისვამს (იცინის). კომპოზიტორი იქნება თუ რა პროფესიისაც არ უნდა იყოს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
 – საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?
 – საქართველოში ხშირად ჩამოვალ, მაგრამ სამუდამოდ იქნება თუ არა ეს, არ ვიცი. ამერიკაში, ასე თუ ისე, ავიწყვე ცხოვრება. სამსახური მაქვს, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. საქართველოშიც ვაკეთებდი ამ საქმეს, მაგრამ ანაზღაურება გაცილებით დაბალი მქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ცოტა ხანს კიდევ ვიყო აქ, რათა ჩემი გეგმები განვახორციელო. შემდეგ კი, ალბათ, დავბრუნდები საქართველოიში. მე ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და სულ მენატრება.

скачать dle 11.3