კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

თამაში ბედთან



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-28(550)
თემო ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო.
– კონდენციონერი ხომ არ ჩავრთო? ძალიან დაცხა...
ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაგიდასთან იჯდა, წყალი მოსვა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ნუ შეწუხდებით... ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ ჩემი ნახვა გინდოდათ...
– მიზეზი, ალბათ, იცით.
– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ვერ ვხვდები, მე ისეთი რა უნდა გითხრათ.
– ვნახოთ... რამდენიმე შეკითხვაზე მინდა, მიპასუხოთ.
– კი, ბატონო, მკითხეთ. შეიძლება, მოვწიო?
– სიგარეტი გინდათ? ახლავე, – თემომ უჯრიდიდან გაუხსნელი კოლოფი ამოიღო და გაუწოდა.
– გმადლობთ. მაგრამ, მე ყოველთვის ჩემსას ვეწევი, – ახალგაზრდამ საკმაოდ ძვირფასი სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. საუბარიც პირველმა დაიწყო.
– გულახდილად გეტყვით, ჩემი სიმამრის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას არ ვგრძნობდი.
– ამით რისი თქმა გინდათ, რომ ცუდი ურთიერთობა გქონდათ?
– არც მთლად ცუდი, მაგრამ სიახლოვე არასოდეს გვქონია. მისი მორალური პრინციპი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩემსას. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს მას უნდა ვუმადლოდე და ჩემი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთა, მერჩივნა, მისგან შორს ვყოფილიყავი.
– შეიძლება, გკითხოთ, რატომ?
– უკვე გიპასუხეთ. მისი მორალური პრინციპები ჩემსას ეწინააღმდეგებოდა. დავაკონკრეტო?
– დიახ.
– ძალიან გარყვნილი ვინმე ბრძანდებოდა. სწორად გამიგეთ. მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ ღალატობს ცოლს და ვინ მისი ერთგულია, მაგრამ, როცა ადამიანთან საქმეში ერთად ხარ და... მოკლედ, ვერ ვიტანდი ჩემს სიმამრს, თუმცა, იმედია, არ იფიქრებთ, რომ მე მოვკალი.
თემოს გაეღიმა.
– ამიტომაც ნერვიულობთ?
– არა. არ მინდა, ჩემს ცოლთან ურთიერთობა გამიფუჭდეს.
– რატომ გაგიფუჭდებათ ურთიერთობა?
– იმიტომ, რომ მისთვის მამა ყველაფერი იყო. ძალიან უყვარდა და ყველაფერში ამართლებდა. გამაფრთხილა, არაფერი მეთქვა.
– ანუ, კონკრეტულად რა არ უნდა გეთქვათ?
– ის, რომ სიკვდილის ღირსი იყო.
თემო შეიჭმუხნა და მაგიდაზე თითები აათამაშა.
– უცნაურია, ამას რომ ამბობთ. ჩვეულებრივ, მამაკაცებს არ უკვირთ მამაკაცის თავისუფალი ცხოვრება.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა შენი ოჯახის წევრი, შენი შვილების ბაბუა ორგიებს აწყობს და ამას ცხოვრების ნორმად მიიჩნევს, ასე გგონია სიბინძურეში შენც ისვრები.
– ლოგიკურია. ეს მითხარით, სიდედრთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– ჩვეულებრივი, ძალიან კარგი ქალია.
– იცოდა თავისი ქმრის „უწყინარი“ გართობების შესახებ?
– არ ვიცი, რა იცოდა. ჩემი სიდედრი ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. მეც არასოდეს მიმიჩნევია საჭიროდ, მასთან ამ თემაზე მესაუბრა. როგორ წარმოგიდგენიათ, სიძე სიდედრს მისი ქმრის გარყვნილებაზე ელაპარაკება...
– ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება. მით უფრო, ჩემთვის.
– ჰო, ალბათ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია.
– კიდევ რამდენიმე შეკითხვა და გაგიშვებთ.
– პრობლემა არ არის. დრო მაქვს...
– თქვენი აზრი მაინტერესებს. ოღონდ, გულახდილად... როგორ გგონიათ, ეს მკვლელობა შეიძლებოდა, რაღაცნაირად თქვენს ბიზნესს უკავშირდებოდეს? დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ.
– დაფიქრება არ მჭირდება, ახლავე გიპასუხებთ: არანაირად.
– დარწმუნებული ხართ?
– აბსოლუტურად.
– მაშინ კიდევ გკითხავთ – თქვენ სიდედრს შეეძლო მოეკლა ის?
ახალგაზრდა კაცს გაეღიმა.
– თქვენ ამას სერიოზულად მეკითხებით?
– აბსოლუტურად სერიოზულად.
– ჩემი სიდედრი მოკლავდა თავის ქმარს? აბა, რას ამბობთ?
– ხომ შეიძლება, ყელში ამოსვლოდა თავისი ქმრის გარყვნილება და მოეშორებინა ის. მაგალითად, შეეკვეთა ქმრის მკვლელობა. თანხები ხომ ეყოფოდა ამისთვის?
– სისულელეა. ჩემი სიდედრი ჭიასაც არ დააკარებს ფეხს. ძალიან კარგი ადამიანია, მშვიდი და გაწონასწორებული. სულ მიკვირდა, რატომ ცხოვრობს ამ კაცის გვერდით-მეთქი.
თემომ შუბლი მოისრისა. უჯრიდან რაღაც ამოიღო და წინ დაუდო.
– ამ ფოტოს დახედეთ. მითხარით, იცნობთ?
ბიჭმა ფოტო აიღო და დააშტერდა.
– არა... მგონი, არა...
– დარწმუნებული ხართ?
– იმიტომ ვთქვი, მგონი-მეთქი, რომ მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები... ვერ ვიხსენებ. იმის რომელიმე „ნაშათაგანია“?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, თქვენ არ იცნობთ.
– არა, არ ვიცნობ.
– ისე, რადგან თავად ახსენეთ, „ნაშათაგან“ რომელიმეს იცნობდით?
 – მინახავს, მაგრამ არ ვიცნობდი.
– გინახავთ, სად? იმ ბინაში თქვენც მიდიოდით ხოლმე?
– ერთხელ ვიყავი... მომიხდა. მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა. ფულად გზავნილებზე ხელი უნდა მოეწერა. ერთი წუთით შევედი და უკანვე გამოვბრუნდი.
– საყვარელთან ერთად იყო?
– დიახ.
– თქვენს ცოლისძმას უყვარდა მამა?
ახალგაზრდა კაცმა მხრები აიჩეჩა.
– უცნაურ რაღაცას მეკითხებით.
– რატომ? ხომ ამბობთ, რომ თქვენს ცოლს ძალიან უყვარდა მამა და ყოველთვის ყველაფერის პატიება შეეძლო მისთვის. იმაზეც კი ხუჭავდა თვალს, რომ დედამისს აშკარად ღალატობდაო... იგივეს თქმა შეგიძლიათ თქვენს ცოლის ძმაზეც?
– მე ვერ ვილაპარაკებ სხვის გრძნობებზე. ეს მას ჰკითხეთ.
– ვკითხავ, აუცილებლად, მაგრამ თქვენგანაც მინდა გავიგო.
– თქვენ გეყვარებოდათ მამა, რომელიც დედის ღირსებას ფეხქვეშ თელავს?
– ალბათ, არა. ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ პატივისცემას დავკარგავდი.
– ასეა. თქვენ უკვე გაეცით პასუხი კითხვაზე... იმედი ხომ არ გაგიცრუეთ...
– გავიგე თქვენი პასუხი. სხვათა შორის, არა... არ მქონდა იმედი, რომ თქვენთან საუბრით დანაშაულს გავხსნიდი. თუმცა, მაინც დამეხმარეთ. თავისუფალი ბრძანდებით. გირჩევთ, მეუღლეს ჩვენი საუბრის შინაარსის შესახებ არაფერი უთხრათ.
– დიახ. მეც ასე ვფიქრობ.
– კარგია, რომ დამიდასტურეთ ის, რასაც თავადაც ვვარაუდობდი.
ახალგაზრდა კაცმა გაოცებით შეხედა.
– რომ მკვლელობა არ შეიძლება უკავშირდებოდეს მის ბიზნესს.
– დიახ. მე ასე ვფიქრობ. ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. მე, როგორც ფირმის ფინანსური დირექტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას.
– კარგი. თქვენს ცოლისძმას შევხვდები...
***
– ყველაზე ძალიან ადამიანს ის სტანჯავს, რისი გაკეთებაც მისთვის არავის უბრძანებია... – თქვა დევიმ და მარიკას თმა ალერსით მოუჩეჩა, – შენ ამაზე ნუ ინერვიულებ. შეიძლება, მთლად ასეც არ იყო ყველაფერი, მაგრამ რაღაც მსგავსს ვვარაუდობდი.
– იცი, მე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაცნეს ის ქალი.
– რომელი ქალი, მაკა? სახელი აშკარად ნაცნობია, მაგრამ მაკა საკმაოდ გავრცელებული სახელია...
– ჰო, მაგრამ მე ეს არ მიგულისხმია. რა ხდება, ვერ ვხვდები. თუ მოვწონვარ და მოვწონდი, ძმაკაცი რაღა შუაშია? საეჭვოდ წითლდებოდა, როცა დათო რაღაცას ხუმრობდა. თითქოს, ვალდებულებას გრძნობდა მის წინაშე. ან დათომ რაღაც ისეთი იცოდა, რისი გამხელაც ნიკას არანაირად არ უნდოდა.
დევიმ მხრები აიჩეჩა.
– აბა, რა გითხრა. ჩემი „ვიწრო სპეციალობა“ მკვდრებია, ცოცხლების ფსიქოლოგია ნაკლებად მაინტერესებს.
– ამ დროს, სწორედ ცოცხლების ფსიქოლოგიაში ერკვევი ძალიან კარგად. როგორ მინდოდა, ჩვენი საუბრის დროს იქ მყოლოდით. პრინციპში, რაც მინდოდა, იმ შედეგს ვერ მივაღწიე. ნიკას ვერაფერზე დაველაპარაკე... დათომ ძალიან შემიშალა ხელი... იმ ქალმაც...
– ის ქალი დათოს საყვარელია?
– სიმართლე გითხრა, ვერც ეგ გავიგე. აშკარად ახლო ურთიერთობა აქვთ. საკმაოდ მზრუნველი  ტონით ელაპარაკებოდა და უღიმოდა.
– რომელი რომელს?
– დათო – მაკას. თვალებში შესციცინებდა, მაგრამ ის ქალი ძირითადად მე მიყურებდა. უფრო უკეთ რომ ვთქვა, მზვერავდა. ერთი-ორჯერ მის მზერაში თითქოს აგრესიაც დავინახე... ან, შეიძლება, მომეჩვენა...
– ერთი სიტყვით, პაემანი ჩაგივარდა...
– ტყუილად იცინით. ისეთი იმედი მქონდა, რომ რამეს გავიგებდი.
– მოდი, ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილოთ... მანამდე ყავას მოვადუღებ. გონებრივ შესაძლებლობებს „აფხიზლებს“.
– ბატონ თემურთან ხომ არ შევსულიყავით და იქ ხომ არ გველაპარაკა?
– ბატონ თემურს ახლა ნოდიას სიძე უზის კაბინეტში და გაცილებით მნიშვნელოვანი საუბარი აქვს. ასე რომ, აჯობებს, არ შევაწუხოთ. მით უმეტეს, სათქმელი ბევრი არაფერი გაქვს.
– ჰო, არ გამომივიდა... – მოწყენით ჩაილაპარაკა მარიკამ, – იმ დათომ ძალიან შემიშალა ხელი, თან ის ქალიც ისე უცნაურად მიყურებდა...
მობილურმა მოულოდნელად დარეკა. მარიკამ მექანიკურად სტაცა ხელი და უპასუხა.
– გისმენ? რა? კარგია, რომ ამას აღიარებ... მეც ზუსტად ასეთი განცდა მაქვს. ჰო. გაბრაზებულიც ვარ. რატომ უნდა დაგიმალო... ახლა? ახლა არ მცალია. შენ წარმოიდგინე... აბა, უსაქმური გეგონე? რა მნიშვნელობა აქვს, სად ვმუშაობ. შენთვის საინტერესო ის უნდა იყოს, რომ ახლა არანაირად არ მცალია. მოგვიანებით შეიძლება... ვნახოთ, დაგირეკავ... ოღონდ, თუ ისევ შენი მეგობრის გასაცნობად მეპატიჟები, მირჩევნია, საღამოსთვის უფრო საინტერესო საქმე გამოვნახო. მპირდები? კარგი, ვიფიქრებ...
მარიკამ კმაყოფილი იერით შეხედა დევის.
– ძალიან არის შეწუხებული. ჩვენს შეხვედრას დღეს აზრი არ ჰქონდა, დათომ ყველაფერი გააფუჭა და იქნებ, კიდევ შევხვდეთ ერთმანეთსო.
– ძალიან კარგი. ჰოდა, შეხვდი. ახლა გაცილებით ადვილი იქნება მასთან ლაპარაკი. იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს.
– ახლა რა გავაკეთოთ? ვერ ვიტან ასე უსაქმოდ ყოფნას, – აწრიალდა მარიკა, – რამე დავალება მაინც მოეცა.
– ჩვენ თვითონ შეგვიძლია, რაღაც მოვიფიქროთ, – თვალი ჩაუკრა დევიმ, – მაგალითად, ვნახოთ, რითაა დაკავებული ბატონი ვახო. როგორც ვიცი, ფრიად მნიშვნელოვანი და საპატიო მისია ჰქონდა დაკისრებული.
– რა მისია? მაგას ვახოსთან ერთად გეტყვი. მოიცადე, დავურეკო... ჰმ, არ პასუხობს. მაგის ამბავი რომ ვიცი, თვითონ იქნება რეკვით გართული.
– რა რეკვით... ვერაფერი გავიგე... მხრები აიჩეჩა მარიკამ, – რეკვის დრო აქვს?!
– სწორედ რეკვისთვის მისცეს დრო... აი, მიპასუხა... ვახუშტი, ბიჭო... აბა, ერთი ზემოთ ამოირბინე... გვიპოვი, ნუ გეშინია. თემოსთან არა. თემოს ჯერ არ სცალია. მე და მარიკას გვინდა შენთან ლაპარაკი... რა ვქნა, ასეთი მოუთმენელი ვარ. თემომდე მე უნდა ვიცოდე ყველაფერი...
დევიმ ხელები მოიფშვნიტა.
– ესეც ასე... ახლავე მოვა. კარგად დააკვირდი, როგორი სახით შემოვა... მგონი, მაგ ბიჭს შენი ეშინია.
– ჩემი თუ შენი? – განცვიფრდა მარიკა.
– შენი, პატარავ, შენი... თუ არ გჯერა, კარგად შეხედე, ყურადღებით დააკვირდი.
ვახომ მართლაც დაფეთებული მზერა შეავლო მარიკას და ჭარხალივით გაწითლდა.
– შემოდი, შემოდი... რა ქენი, შეაგროვე „ნაშები“?
მარიკას გაუკვირდა.
– რა ჰკითხეთ? „ნაშები“ შეაგროვეო?
– ჰო, აბა?! გგონია, ვხუმრობ? შენ თვითონ ჰკითხე, რითაა დაკავებული ბოლო თორმეტი საათის განმავლობაში.
– მე... ისა, იმ ნოდიას მობილურს ვსწავლობდი... ძალიან დავიღალე... ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება. ეგ ვინ ყოფილა... ჯერ ნახევარსაც ვერ მივაკვლიე.
მარიკა მიხვდა.
– მობილურიდან ნომრები ამოკრიფეთ და დეტალური ინფორმაციები ამოიღეთ? მაგარია... მერე?
– რა მერე, ჯერ რას მოვრჩებოდი? – ჩაიბუზღუნა ვახომ, ვერც წარმოიდგენთ, იმდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სიკვდილამდე რამდენიმე საათის განმავლობაში. გადავირიე... მერე კიდევ, სათითაოდ უნდა შევხვდე იმათ, ვინც ცნობარში ჰყავს შეყვანილი... ერთი სიტყვით, მთელი კვირა თავს ვერ ავწევ. მოსვენებას ვინ ჩივის, ნეტავი, სახლში დასაძინებლად წასვლა შევძლო. თან, ბატონმა თემომ, საჩქაროაო...
 – ჰო, რა თქმა უნდა, საჩქაროა. ისედაც კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ.. დევიძემ კი, მგონი, საერთოდაც დახურა მკვლელობის საქმე.
– რა? – გაშტერდა მარიკა, – როგორ თუ დახურა? რანაირად? მკვლელი ხომ ჯერ ვერ ვიპოვეთ.
– ეგ დევიძეს დიდად არ აღელვებს. არავინ ედავება. დიდად არავინ სთხოვს, გინდა თუ არა, იპოვეო... სხვა შემთხვევაა გია ნოდია. ახვლედიანი ტყავს გაგვაძრობს. დიდხანს აღარ დაიცდის.
– ნოდარს შეუძლია, მშვიდად შემოდოს ეს საქმე თაროზე? – მარიკა უფრო მეტად აღშფოთდა.
– დამშვიდებული სინდისით და გარკვეულწილად, მართალიც იქნება.
– რატომ იქნება მართალი?
– იმიტომ, რომ ის კაცი უპატრონო აღმოჩნდა. არც გერმანელებს სჭირდებათ რამეში და არც ქართველებს. კაცი არ გამოჩნდა მისი მომკითხავი. ახვლედიანიც არ „აწვება“. ვის აინტერესებს უპატრონო მკვდრის მკვლელი?!
– ასეთი რაღაც შეიძლება?
– ყველაფერი შეიძლება, ჩემო კარგო... ყველაფერი... როცა მწვანე შუქს გინთებენ.
– ბატონი თემო მეცოდება, – მარიკამ ისე გულწრფელად შეიცოდა პაპავა, რომ დევის სიცილი აუტყდა. ვახომ დამფრთხალივით დააცეცა თვალები. აშკარად ვერაფერს მიხვდა.
– რატომ არის ცოდო?
– იმიტომ, ვახუშტი... იმიტომ... შენ შენს „ნაშებს“ მიხედე. მაგის გარკვევას ნუ შეეცდები. მაინც ვერ მიხვდები და ცოდო ხარ.
ვახოს ეწყინა.
– აუ, თქვენ სულ ასე იცით, ბატონო დევი. ვერაფრით მიხვდები, როდის ხუმრობთ და როდის ამბობთ მართალს.
– ნურც მაგის გარკვევას დააპირებ, საყვარელო. შეგიძლია იფიქრო, რომ გეხუმრე.
– ბატონ თემოს ველოდებით, არა? – საუბრის თემა შეცვალა მარიკამ.
– თუ რამე საქმე გაქვს, წადი.
– არა, ისე ვიკითხე. დავუცდი. შეიძლება, რამე უნდა, დამავალოს.
– მე მაინც გამიშვით. მივხედავ საქმეს, თორემ პაპავა მომკლავს, – საცოდავად ჩაილაპარაკა ვახომ.
– წადი, წადი. შენ მართლა იმდენი სარბენი გაქვს, წესით, ჩვენმა სამმართველომ ერთი წყვილი ახალი ფეხსაცმელი უნდა გიყიდოს.
ვახომ ხელი ჩაიქნია და ხმის ამოუღებლად გავიდა.
– ვაა, ეს ბიჭი გადამრევს. დაიარება აღმა-დაღმა, თუ არ დააპროგრამე, თავისით ვერაფერს ხვდება.
მარიკას გაეცინა.
– ცოდოა, ბატონო დევი, თქვენ ძალიან აბნევთ.
– კარგი ერთი... ვაბნევ არა... შენ რატომ არ იბნევი?
მარიკამ ისევ გაუღიმა. მერე მოულოდნელად იკითხა:
– ბატონ თემოს ცოლი ჰყავს?
– ჰყავს. თანაც, ეჭვიანი.
– მართლა?
– კი მაგრამ, მე რატომ მეუბნებით ამას?
– რა ვიცი, ისე ვიკითხე. შვილები?
– შვილები ჯერ არ ჰყავთ.
– ცოდოა... – თანაგრძნობით ჩაილაპარაკა მარიკამ, – ბატონი თემო, ალბათ, განიცდის ამას.
– ალბათ... როცა გათხოვილ ქალს შვილები არ ჰყავს და არც საინტერესო საქმე აქვს, ის მხოლოდ თავისი ქმრით არის დაკავებული. მთელი ყურადღება მასზე გადააქვს და მოკლედ, საწყალი კაცი ამ დროს... ხვდები, ალბათ...
– საერთოდ, ძნელი მგონია, თანამდებობის პირის ცოლობა.
– ჰო, ადვილი არ არის. შენ გქონია ურთიერთობა, ახლო ურთიერთობას ვგულისხმობ, ისეთი კაცის ცოლთან, რომელიც რაღაცას წარმოადგენს?
მარიკა დაფიქრდა და მხრები აიჩეჩა.
– ისე, ზოგადად ვიცი.
– ჰო?! აი, მე კი, კარგად ვიცნობ ასეთებს. თავისებური კასტაა, საკმაოდ უცნაური და ორიგინალური.
– მართლა? საინტერესოა, მომიყევით რა, მათ შესახებ? დრო მაინც გვაქვს.
***
... ოცნებასთან ხუმრობა არ შეიძლება... შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს და უბედურება მოგიტანოს... – ჩაილაპარაკა მაკამ და ფანჯარას მოსცილდა. დათომ, რომელიც იმ დროს ყავას სვამდა, თავი ასწია და ქალს გაკვირვებით შეხედა.
– ვერაფერი გავიგე.
– ვერც მე... – ამოიოხრა მაკამ, – მგონი, შენთვის უნდა დამეჯერებინა.
– ეგ მართალია, მაგრამ წეღან რომ თქვი, იმაში რა იგულისხმე?
– რა ვიცი... ძნელია, როცა ოცნებობ, ოცნებობ და... შენი ოცნება ნაძვის ხის ბრჭყვიალა სათამაშოსავით ჩაგეფშვნება ხელში.
– კარგი, რა... ხომ ნახე, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო. ერთი, ჩვეულებრივი გოგოა. თან, მგონი, ნიკას მიმართ არც ეგ არის გულგრილი.
– მე უნდა მეთქვა, ვინც ვიყავი. სისულელე გავაკეთე.
დათომ უკმაყოფილოდ გაშალა ხელები.
– აუუ, კარგი რა... მაკუშ, გეყოფა... არ გღალატობს შენი ქმარი, არა... მით უფრო, მაგ გოგოსთან. მოისვენე, ახლა...
– შეიძლება, მაგ გოგოსთან არა, მაგრამ სხვასთან?
დათომ თვალები ჭერში აღაპყრო.
– ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ცოლი არ მყავს. ისეთი მაგალითები მაქვს თვალწინ, ამაზე არც არასოდეს ვიფიქრებ.
– ჰო, რა თქმა უნდა... მამაკაცებს მარტო ლაპარაკი შეგიძლიათ. საქმეს ქალები ვაკეთებთ. მარგარეტ ტეტჩერმა თქვა, თუ ვინმესთან ლაპარაკი მოგენატრათ, მოძებნეთ მამაკაცი და ის არ დაგზარდებათ, დილამდე ილაპარაკებს. მაგრამ თუ საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაშინ არჩევანი ქალზე შეაჩერეთ... იმედს არ გაგიცრუებთო...
– მოდი, სამსახური იშოვე. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. ან სამოგზაუროდ მართლა წადი, ხომ მოგცა ფული შენმა ქმარმა.
– როგორი ჭკვიანი ხარ... მარტო სად წავიდე?
– მაკუშ, კარგი რა... აბა, მე როგორ წამოგყვე... ხომ იცი... ვარჯიში, შეჯიბრება... არ გამოვა.
– როდის გითხარი, მინდა შენ წამოხვიდე-მეთქი?!
– ჰო, ეგრე გეთქვა, რა! თემოს დაელაპარაკე. ახლა, მგონი, უნდა დაგთანხმდეს. თავს დამნაშავედ იგრძნობს შენთან.
– როგორ არა, დამთანხმდება... ფული ისე მომცა, არც უკითხავს, სად ვაპირებდი წასვლას. რაც მალე მომიშორებს თავიდან, ის უნდა. მაკამ სახეზე აიფარა ხელები და ასლუკუნდა. დათო შეწუხდა. ქალთან მივიდა და მხრებზე მოეხვია...
– ეე... აბა, რას აკეთებ... ცრემლები და ქვითინი არ გვინდა, რა... ხომ იცი, რომ ყოველთვის შენ მხარეს ვარ. მაგრამ ახლა მართალი არ ხარ, შენს თავს გეფიცები. არ არის ის კაცი დამნაშავე. დამიჯერე. მარიკა იმიტომ გაგაცანი, დამშვიდებულიყავი, შენ კი, რას აკეთებ?!
– ოცნებებთან ხუმრობა სახიფათოა-მეთქი... ხომ ვთქვი... – სლუკუნით გაიმეორა ქალმა, – მეც არ ვიცი, რა მემართება. მგონი, აჯობებს გავშორდე. მაშინ ორივე დავისვენებთ. დავმშვიდდები. რა გვაკავშირებს ერთმანეთთან, არაფერი...
დათო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
– გეყოფა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჭკვიანი მყავდი. ახლა რა, საპირისპიროში უნდა დამარწმუნო?!
– რით? იმით, რომ საშინლად განვიცდი ჩემს მდგომარეობას? შენ არ იცი, რა განცდაა, როცა ხვდები, რომ არავის სჭირდები. შენ კი, ცდილობ, რომ ამიტანო.
– აუტანელი არაფერი გჭირს. უბრალოდ, ცოტა უნდა დამშვიდდე, – დათომ ქალის თავი მკერდზე მიიკრა და სახე მის თმაში ჩამალა, – როგორ მიყვარს შენი თმის სუნი... მაგიჟებს... ყოველთვის მიყვარდა... რაღაც ისეთს ვგრძნობ, როგორ გითხრა, ძალიან ახლობელს და მშობლიურს...
– ნუ ცდილობ, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო... მაინც ვერაფერს შეცვლი...
– მაკუნა, მომისმინე... მინდა, ისევ ძველებური მაკა გახდე... ხალისიანი, სიცოცხლით სავსე... ასეთი ყველას მოეწონები... შენ ხომ ხარ, ჩემი ჭკვიანი გოგო... თუ მოინდომებ, ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი...
მაკა ბავშვივით მიენდო ვაჟის ძლიერ მკერდს და გაინაბა...
***
დევიმ ფანჯარა გამოაღო...
– ბევრი მოვწიე და თემო გადაირევა... ესე იგი, შენ გაინტერესებს, როგორები არიან მაღალჩინოსნების ცოლები... ყოველთვის სასიამოვნო და სახალისო იყო ჩემთვის მათი ყურება. უფრო სწორად, ჭვრეტა.
– ანუ, თვალთვალი...
– არა. ჭვრეტა... თვალთვალი ზუსტად არ ასახავს იმ ემოციას, რასაც მე ამ დროს განვიცდი... იცი, როგორ იცვლებიან ნელ-ნელა, როცა მათი ქმრები მწვერვალებს იპყრობენ... სხვათა შორის, ეს მარტო პოლიტიკოსების კი არა, ცნობილი, პოპულარული და მდიდარი ბიზნესმენების ცოლებსაც ემართებათ. იფუყებიან და ფუვდებიან ქმრის ბრწყინვალების სხივებქვეშ. მათი უმრავლესობა, ჩვეულებრივი პლებეია. უბრალო ოჯახიდან გამოსული. რაც უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგნენ მანამდე, მით მეტია მათი „გაფუების“ ხარისხი. მათ მეტად იპყრობთ განდიდების მანია... გულახდილად გეტყვი, უფრო საცოდავები არიან, ვიდრე სასაცილოები. მაგრამ საზოგადოებისთვის მაინც საშიშნი...
– საშიშნი, რატომ? – გაეღიმა მარიკას, – ძალიან საინტერესოდ საუბრობთ... მართლა...
– ჰო? ამ ჩერჩეტი,  „გაფუყული“ ქალების მთავარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ დაუოკებელი სურვილი აქვთ, დაუმტკიცონ სხვას და უპირველესად საკუთარ თავს, არაფრით არ ვართ ჩვენს ქმრებზე ნაკლებნი. შემოგვხედეთ, ჩვენ ხომ მათ ყველაფრით შევეფერებითო. ქმრის წარმატებებს, კარიერულ წინსვლას საკუთარ თავს მიაწერენ და იბღინძებიან. რომ ჰკითხო, ყველა მათგანი გეტყვის, მე რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი ქმარი არაფერი არ იქნებოდა. ისევ ცარიელ ადგილად დარჩებოდა და ვერაფერს მიაღწევდაო...
– უკვე მეცოდებიან ეს ქალები...
– ო, ასეც არ არის საქმე... ეს ქალები საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის საშიშნი არიან.
– რას ამბობთ, ბატონო დევი. არ მითხრათ, რომ ისინი მერე მკვლელები ხდებიან.
– ჭკვიანი გოგო ხარ. სწრაფად ხვდები ყველაფერს. არა, აუცილებელი არ არის, საკუთარი ხელით მოკლან ვინმე, მაგრამ მსხვერპლის გარეშე მაინც  არ ჩაივლის... მთავარი მსხვერპლი ქმარია.
– აი, ქმარს ნამდვილად ვერ შევიცოდებ.
– არც არის საჭირო. ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. როცა კაცი თავისი საქციელით იმის დემონსტრირებას ახდენს, ჩემი ცოლის გარეშე ტუალეტში შესვლაც არ შემიძლიაო, რატომ უნდა გეცოდებოდეს? ისინი ხომ მშვიდად ითმენენ ცოლის გესლიან, ირონიულ შენიშვნებს... ყველაზე საინტერესო და უცნაური კი ის არის, რომ ისინი არასოდეს იყრებიან. ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი „დანამატები“ ხდებიან და ვეღარც წარმოუდგენიათ, სხვანაირად ცხოვრება.
მარიკამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან სწორედ ამ დროს ტაში გაისმა და დევიც და ისიც კარისკენ შებრუნდნენ.
– ყოჩაღ, მშვენიერი ლექცია იყო. მართალია, კუდსღა მივუსწარი, მაგრამ არ შემიძლია, აღფრთოვანება არ გამოვხატო. არაჩვეულებრივი იყო. შესანიშნავი... მოიცალეთ, არა?! რაზე ლაპარაკობთ, როცა ამდენი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს. მე დაკითხვაზე მყავს ეჭვმიტანილი... ესენი ერთობიან. ბატონო ექსპერტო, იმედია, ჩემი ცოლიც არ შეიყვანეთ მაგ ცოლების სიაში.
– თემურჩიკ, როგორ შემოხვედი, რომ ვერ გავიგეთ?
– ისე იყავი საკუთარი მჭევრმეტყველებით მოხიბლული, როგორ გაიგებდი?! სხვათა შორის, გირეკავდი კიდეც...
დევიმ მობილურს დახედა...
– უი, ხმა მქონია გამორთული... ნოდიას სიძე უკვე ეჭვმიტანილთა სიაშია?
– ყველა ეჭვმიტანილთა სიაშია, ყველა... სანამ ნამდვილ მკვლელს არ ვიპოვით. თუკი, საერთოდ ვიპოვით...
დევიმ მარიკას გადახედა...
– ძალიან ბრაზობ. რა მოხდა? ამისთანა რა გითხრა?
– მითხრა, ჩემი სიმამრი ძალიან მძულდა და მოხარული ვარ, რომ მოკლესო. ახლა მითხარი, „ანალიტიკოსო“, უნდა შევიყვანო ეჭვმიტანილთა სიაში თუ არა?
– არა, – თქვა დევიმ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მკვლელები ამას არ ამბობენ.
– დანაშაულს ხომ აღიარებენ?
– ეგ, როცა დაიჭერ და კედელთან მიაყენებ. რატომ მალაპარაკებ, შენც ხომ ხვდები, რომ ნოდიას სიძე მკვლელი არ არის?
– მე რას ვხვდები, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, ფაქტები. გამოძიებას ფაქტები აინტერესებს.
– მერე, გაქვს ეს ფაქტები?
– ჯერ არა, – ჩაიღრინა თემომ და ერთბაშად აფეთქდა, – ვცოფდები... ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვარ. მგონი, დროა, თავი დავანებო აქ მუშაობას და კერძო ბიზნესზე ვიფიქრო.
მარიკამ შეშფოთებულმა გახედა დევის. იმან გამამხნევებლად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
– ცხოველებს ერთი უკეთილშობილესი განსაკუთრებულობა ახასიათებთ... არც ერთი ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა სულმოკლეობის გამო და... არც ცხენი დაემონება მეორე ცხენს...
– ამით რისი თქმა გინდა?! – შუბლი შეიკრა თემომ.
– არაფრის. ისე ვთქვი...
– შენ ისე არაფერს ამბობ.
– შეიძლება. მოკლედ, რა გეგმა გვაქვს?
თემომ სიგარეტი მოიძია და ჩაილაპარაკა.
– ძალიან ბევრს ვეწევი... როგორმე თავი ხელში უნდა ავიყვანო...
– ეგ ლოგიკურია. უნდა აიყვანო... არც ისეთი გამოუვალი სიტუაცია გვაქვს. ვიპოვით ხელჩასაჭიდს.
– ჰმ, შესანიშნავად მანუგეშე... ისიც კი არ შეგიძლია, მითხრა, მკვლელი ქალია თუ კაცი.
დევიმ ხელები გაშალა.
– უცნაური კაცი ხარ. აბა, ეგ როგორ უნდა გითხრა?! საერთოდ, ქალი მკვლელის ხელწერა განსხვავდება მამაკაცი მკვლელის ხელწერისგან, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.
– ვიცი, კონკრეტულ ორ შემთხვევაზე გეკითხები.
– ჰო, ვხვდები. აი, დევიძის გვამის შემთხვევაში, უფრო, მამაკაცის გაკეთებული უნდა იყოს. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში.
– დევიძის გვამი ნაკლებად მაინტერესებს... ნოდიასა და ბერაძეზე რას იტყვი?
– დევიმ კეფა მოიქექა და ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა:
– კარგი. კიდევ ერთხელ გადავხედავ, რა მაქვს და ვეცდები, ისეთი პასუხი მოგცე, რომელსაც ელოდები.
თემომ ყურმილი აიღო.
– ვახოს უნდა დავურეკო. რა ქნა, ვერაფერი გაარკვია?
– წეღან იყო ამოსული. წუწუნებდა, იმდენი „ნაშა“ ჰყოლია, დიდხანს მომიწევს ქექვაო...
– ამოდი აქ... საქმე მაქვს... ისედაც აპირებდი, ამოსვლას? ჰოდა, მით უმეტეს...
თემომ თავზე იტაცა ხელები.
– მეუბნება, მგონი, რაღაცას მივაკვლიეო და ელოდება, როდის დავურეკავ...
მარიკას თვალები აუციმციმდა...
– ესე იგი, „მკვდარი“ წერტილიდან დავიძვრებით... საინტერესოა, რას მიაკვლია.
– აი, ამოვა და გავიგებთ...
ვახო ქოშინით შემოიჭრა კაბინეტში.
– იცით, სიკვდილამდე ორი საათით ადრე ნოდიას ვინ დაურეკა?
– აბა, ჰე... სულმოუთქმელად გელოდებით, – შეაგულიანა დევიმ...
– იმ გოგომ, ნიამ... – ვახომ მარიკას შეხედა.
– ოჰო, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, – სახე გაუბრწყინდა მარიკას.
– „რაღაცას“ და არა იმას, რაც შენ იგულისხმე, თქვა თემომ, – თუმცა რადგან თავად ფაქტი დაგვიმალა, ესე იგი...
– ესე იგი, გოგონას შეწუხება ერთხელ კიდევ მოგვიწევს... აქ დაიბარებ თუ შეხვდები? – თემოს მიუბრუნდა დევი.
– ეგ მოსაფიქრებელია. მარიკა რას იტყვის?
მარიკა მღელვარებისგან წამოწითლდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3