კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სტალინმა გაქცევის რეკორდი პირველი გადასახლების დროს დაამყარა

სტალინის დაბადებამდე ერთი წლით ადრე, 1878 წლის 25 აგვისტოს, რუსეთის იმპერიის ჯარებმა პირველად შეაბიჯეს ბათუმში. რუსეთ-თურქეთის ომში თურქეთი დამარცხდა. სან-სტეფანოს ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს გადაეცა არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ვილაიეთები, პორტის ჩათვლით. რუს ჯარისკაცებს ცულებითა და წალდებით მოუწიათ ბათუმში შესვლა, გზად ტყეები და გაუვალი ჭაობები ეღობებოდათ. ამ დროისთვის ბათუმი ერთი დიდი თურქული სოფელი იყო, სადაც სამი ათასამდე მოსახლე ცხოვრობდა და რამდენიმე უბნისგან შედგებოდა. უბნებს თურქული სახელები ერქვა: აზიზიე, ახმედიე, მაჰმუდიე. წესრიგს თურქული პოლიცია იცავდა. მუსლიმანურ დასახლებას მშვენიერი მეჩეთიც ამშვენებდა. თურქეთმა ეს ძირძველი ქართული მიწა-წყალი 1564 წელს მიიტაცა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის სრული ასიმილაცია ვერ მოახერხა – დიდი ნაწილი მაინც დედაენაზე მეტყველებდა. სან-სტეფანოს ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთმა ტერიტორიების ათვისება დაიწყო, მაგრამ ხელს ისლამური ფუნდამენტალიზმი უშლიდა. ამის გამო ერთხანს რუსული მოსახლეობის  ჩასახლება დაიწყეს, მაგრამ პრობლემის მოგვარება მაინც ფერხდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა ქართველმა თავადაზნაურობამ, რომელთაც სერიოზული კონტაქტები ჰქონდათ რუსული საზოგადოების მაღალ წრეებში. მათ ისინი დაარწმუნეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან მართლმადიდებელი ქართველების თანაცხოვრება იმპერიის ინტერესებში შედიოდა. სახელმწიფო აპარატის ზედა ეშელონებში გადაწყდა, რომ ერთადერთი დასაყრდენი ძალა რეგიონში ქართული მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. მაშინ იქ თურქი, სომეხი და არაბი მოსახლეობაც კი იყო, ქართველებს სერიოზული პრივილეგიები მიანიჭეს და უზარმაზარი თანხებიც გამოიყო. გაძლიერდა საზღვრის კონტროლი და გრანდიოზული პროექტებიც განხორციელდა, განვითარდა ინფრასტრუქტურა: სამტრედია-ბათუმის ხაზი, რითაც აჭარა დანარჩენ საქართველოს შეუერთდა; გაკეთდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი; გაიყვანეს გზები; ბათუმის პორტს მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა; ამუშავდა ქარხნები; გაჩნდა სამუშაო ადგილები. იქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები დასაქმდნენ. ცხადია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო და განუვითარებელი რეგიონის სერიოზულ პროგრესამდე და სამოთხემდეც შორი გახლდათ, მაგრამ, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „ღვთისგან მივიწყებულ რეგიონში“ მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაედოთ – როტშილდს, ნობელს, მანთაშოვს...
აჭარის კომიტეტი
22 წლის სოსო ჯუღაშვილს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აჭარის კომიტეტის ჩამოყალიბება დაავალა. ეს ურთულესი ამოცანა იყო. ამ დროისთვის ბათუმი სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. „ოხრანკა“ (სპეცსამსახური) საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, სპეციალურად შექმნილი აგენტურული ქსელი მოიცავდა ქარხნებს, ფაბრიკებს, სადგურებს, ფოსტებს. განსაკუთრებული წესები მოქმედებდა – პორტში, ქალაქში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი სამხედროები პატრულირებდნენ.
დამდეგი ახალი წელი ახლოვდებოდა, სილიბისტრო ლომჯარიას ოჯახში სტუმრებს ელოდნენ. ოთახი საზეიმოდ იყო გაწყობილი. მასპინძლის ძმა, პორფილე, ორ მუშასთან ერთად, სტუმრებს სახლიდან მოშორებით, გზაზე ხვდებოდა, რომელიც ტყისკენ გადიოდა. ორ-სამკაციანი ჯგუფები მორიგეობით შედიოდნენ სახლში. ბოლოს ყველამ სუფრასთან მოიყარა თავი. თამადამ, მიხა გაბუნიამ, სუფრის წევრებს საპატიო სტუმარი წარუდგინა, რომელმაც მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა და კომიტეტის ხელმძღვანელები დაასახელა. ესენი იყვნენ: კოტე კალანდაროვი, პორფირი ქურიძე, ილარიონ და დარისპან დარახველიძეები, სილიბისტრო, ვერა და პორფილე ლომჯარიები. დავალება ყველას ჰქონდა მიღებული. მათ საჭირო მომენტისთვის ქუჩაში პროლეტარები უნდა გამოეყვანათ. შეკრებამ მშვიდობიანად ჩაიარა. რომელ პოლიცმეისტერს მოუვიდოდა აზრად, რომ ახალი წლის ღამეს სილიბისტრო ლომჯარიას ოჯახში პირველი სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი შეიქმნებოდა. ერთი თვის განმავლობაში, სოსომ თერთმეტი ასეთი კომიტეტი ჩამოაყალიბა. ამ პერიოდში ჟანდარმერიისთვის ცნობილი გახდა ჯუღაშვილის საქმიანობის შესახებ, მაგრამ ვერაფრით მოხერხდა მისი დაკავება. სტალინს კონსპირაციის დიდი ნიჭი ჰქონდა. პროპაგანდისტები, რომლებიც ინსტრუქტაჟისთვის მიდიოდნენ,  მას ხან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილს ხედავდნენ, ხან მეზღვაურის ფორმაში, ხან თათრულ სამოსში. მას არაერთხელ შეუცვლია შეკრების ადგილი. ერთხანს კომიტეტის სხდომებს სასაფლაოზეც ატარებდა, ცოტა ხანში, ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის  სამმართველომ შეტყობინებები დააგზავნა: „მას შემდეგ, რაც თბილისის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა ბათუმში თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მეექვსეკლასელი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი მოავლინა, ყველა ქარხანაში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები შეიქმნა – სასწრაფოდ გამოავლინეთ და დააკავეთ“. ამის მიუხედავად, სოსო განაგრძობდა არალეგალურ მოღვაწეობას. მან ცნობილ რევოლუციონერს, კამოს, თბილისიდან სტამბის ჩამოტანაც დაავალა. ამ ოპერაციის დროს კამო დაიჭრა, მაგრამ შემოვლითი გზებით მაინც მოახერხა ბათუმში ჩასვლა. ასე რომ, პროლეტარიატის პროკლამაციებით მომარაგების საკითხიც გადაწყდა.
„მიზანი ამართლებს საშუალებას“
სოსო ჯუღაშვილმა ჩინებულად შეასრულა პარტიის დავალება. 22 წლის ახალგაზრდამ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ისეთი  ტალღა ააგორა, რომ ბათუმი, სადაც ხალხი წყნარად, მშვიდად ცხოვრობდა, მასობრივმა არეულობებმა მოიცვა. მეტიც, ცეცხლის ალში გაეხვია. დესტაბილიზაცია სომეხი მაგნატის, მანთაშოვის მიერ 1902 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. მან ქარხნიდან 389 საეჭვო რეპუტაციის მქონე მუშა დაითხოვა (ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, იმ პერიოდის რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მოგვიანებით სტალინის პოლიტიკური ოპონენტი და ბოლოს მსხვერპლი – ლევ ტროცკი. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჯუღაშვილმა თავად მოახდინა ყველაფრის პროვოცირება, თუმცა ისტორიას გამარჯვებულები წერენ). ამას, ბუნებრივია, პროტესტი მოჰყვა, მაგრამ სოსო, კომიტეტების მეშვეობით, აშოშმინებდა მუშებს, ამშვიდებდა მათ, მოუწოდებდა, რომ თავი შეეკავებინათ. მეორე მხრივ კი, კატეგორიულად მოითხოვდა ხელმძღვანელობისგან აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას. 27 თებერვალს როტშილდის ქარხნის მუშები გაიფიცნენ. საგაფიცვო კომიტეტს სოსო ხელმძღვანელობდა. ყველაფერს ისეთი ოსტატობით აკეთებდა, თითქოს გამოცდილი „მიტინგიორი“ ყოფილიყო,  ქარხანაში მუშებთან შესახვედრად სასწრაფოდ მოვიდა სამხედრო გუბერნატორი, რომელსაც ოცდათორმეტმა დელეგატმა სტალინის მიერ შედგენილი მოთხოვნები გააცნო. გუბერნატორმა დელეგატებს განუცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უტარებდა მათ ინსტრუქტაჟს და ისიც იცოდა, თუ ვის მიერ იყო დაწერილი ეს მოთხოვნები. თან, დაჰპირდა, რომ ხელფასები მოემატებოდათ. უარის შემთხვევაში კი, იძულებული იქნებოდა, მკაცრი ზომები მიეღო. ასეც მოხდა – მუშები არ დათანხმდნენ და ოცდათორმეტივე დელეგატი დააპატიმრეს. სოსოს, როგორც აღმოჩნდა, ულტიმატუმები ახალგაზრდობაშიც არ ყვარებია. მან  გამოწვევა მიიღო და ყაზარმებთან, სადაც პატიმრები იმყოფებოდნენ,  მანიფესტაცია მოაწყო. გუბერნატორმა ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სტალინის მითითებით, მუშები ციხესთან მივიდნენ, ჯარისკაცები და პოლიციელები განაიარაღეს. გუბერნატორი იძულებული გახდა, დაკავებულები გაეთავისუფლებინა. ბრბო ეიფორიაში იყო. სოსო ყველას აფრთხილებდა, რომ ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ უშედეგოდ. ასეც მოხდა – ჟანდარმებმა სიტუაცია განმუხტეს. დილით ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ცნობა 300-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავების შესახებ, რომლებსაც ციმბირში უპირებდნენ გადასახლებას. სიტუაცია კრიტიკულ ფაზაში შევიდა. სოსომ ყველა რესურსი აამუშავა და მეორე დილით (1902 წლის 9 მარტს) ციხეს მრავალრიცხოვანი დემონსტრანცია მიუახლოვდა, რომელთაც პირადად მიუძღოდა. ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა – დემონსტრანტებს კონდახები დაუშინეს. პასუხად, მათ ქვები მიიღეს. სიტუაცია უმართავი გახდა. დემონსტრანტებმა ციხის კარი შეანგრიეს, პატიმრები გარეთ გამოვიდნენ და სროლის ხმაც გაისმა. 15 დემონსტრანტი დაიღუპა, 54 – დაიჭრა. პატარა ბათუმი ნაომარ ქალაქს დაემსგავსა.
პირველი პატიმრობა
მასიური არეულობების დროს სოსოს მეგობარი, გერონტი კალანდაძე დაიჭრა, რომელიც მან საკუთარი მხრებით პირდაპირ სახლში მიიყვანა. მას აცნობეს, რომ პოლიცია მალე მოვიდოდა, მაგრამ სოსომ მეგობარი ვერ მიატოვა. აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა, ექიმიც გამოიძახა და ვიდრე არ დარწმუნდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა, სახლიდან არ გავიდა. თუმცა, უკვე გვიან იყო, ვეღარც გავიდოდა, რადგან ამ დროისთვის სახლი უკვე ალყაშემორტყმული გახლდათ. ჟანდარმერიას კარგი საკბილო ჩაუვარდა ხელში. სოსო ჯუღაშვილი დაუყოვნებლივ, პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. N 6  საიდუმლო საკანი, 22 წლის ახალგაზრდისთვის მძიმე ცხოვრებისეული გამოცდა იყო, მით უფრო, რომ ეს პირველი პატიმრობა შეიქნა, მან მაინც დაძლია განსაცდელი – ვარჯიშობდა, ბევრს კითხულობდა, არც ციხის ადმინისტრაციასთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. შეიძლება, კანონიერადაც მოეხერხებინა და სასჯელისგან ისე დაეღწია თავი, მაგრამ...
1903 წელს თბილისში გამართულ კავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სოსო ჯუღაშვილი კომიტეტის წევრად აირჩიეს, რაც ოხრანკას არ გამოპარვია და ახალი შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი ბათუმიდან პირდაპირ ციმბირში გადაასახლეს. ამ დროს დაიწყო ახალგაზრდა რევოლუციონერის „არესტანტული“ ეპოპეა, რომელიც 1917 წლამდე გაგრძელდა. პატიმრის გაქცევებზე ლეგენდები დადიოდა, თუმცა მას მაინც კვლავ იპყრობდნენ და აპატიმრებდნენ. პირველი გაციმბირების დროს მან რეკორდი დაამყარა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ის ისევ ბათუმში ნახეს.
ვლადიმერ კარანაძე

скачать dle 11.3