კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური მკითხავმა ქალმა თავის მეგობარზე და როგორ გახსნა ჩახლართული დანაშაული ქართველმა გამომძიებელმა

– ეს კაცი ცხვირში ძმრად ამოგივა და ბედნიერება უბედურებად გადაგექცევა. წყეულიმც იყავ სამუდამოდ. საშინელ სიკვდილს გისურვებ! – ჩაესმა კოხტად მორთულ პატარძალს ტელეფონის ყურმილში და საუბარი ამით დამთავრდა.
პატარძალი მიტკალივით გაფითრდა და სამზარეულოს სკამზე უღონოდ დაეშვა.
– სალომე, საყვარელო, რა დაგემართა? – ჰკითხა პატარძალს სიძემ.
– ბორია, მეშინია. წამოდი, სადმე გადავიხვეწოთ, – თქვა პატარძალმა და მეუღლეს წელზე შემოხვია ხელი.
13 წლის შემდეგ
ტაფამომარჯვებულმა მამაკაცმა მძინარე ქალს ჯერ თავში ჩაარტყა თუჯის ჭურჭელი, შემდეგ ხუთლიტრიანი ბიდონიდან ბენზინი დაასხა მას, დარჩენილი საწვავის ნახევარი კი საწოლიდან სახლის კიბემდე მოასხურა. ბოლოს კარი გამოხურა და ბენზინით გაჟღენთილ ხის კიბეს ცეცხლი წაუკიდა. ხანძარმა ძლიერად იფეთქა და პატარა ხის სახლს სწრაფად მოეკიდა. მამაკაცს გაეღიმა. შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოდან და დაბის ჩაბნელებულ ქუჩებში გაუჩინარდა.
– ამხანაგო ექიმო, როგორაა საქმე, ქალი გადარჩება? – ჰკითხა კაპიტანმა ნიორაძემ პროფესორ ანტონოვს, რომელიც მოსკოვის დამწვრობის ცენტრის საუკეთესო სპეციალისტი იყო.
– სამწუხაროდ, ნაყოფი დაიღუპა, ქალი კი გადარჩა, – უპასუხა პროფესორმა კაპიტანს, – შენი თანამემამულე იღბლიანი ყოფილა და, მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე ალაგ-ალაგ მეოთხე ხარისხის დამწვრობები აქვს, მას მხოლოდ სხეულის 15 პროცენტი აქვს დამწვარი და სასიცოცხლო ორგანოები არ დაზიანებია.
დამწვარი ქალი სალომე ხიდაშელი-პეტროვა იყო. ის ქალაქ ოდენცოვოში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, ბორის პეტროვთან და 11 წლის ვაჟთან, ცოტნესთან ერთად. თავდასხმის მომენტში სალომე 6 თვის ფეხმძიმე იყო მეორე შვილზე და თავის სახლში იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ოდენცოვოს მილიციის განყოფილებაში აღიძრა მკვლელობის მცდელობის მუხლით. მაგრამ ის სულ მალე მოსკოვის საქალაქო პროკურატურამ წაიღო და გამოსაძიებლად შალვა ნიორაძეს გადაეცა.
სალომე ხიდაშელი 13 წლის წინ გათხოვდა ბორის პეტროვზე. მაშინ ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო და მოსკოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სალომე მასზე სამი წლით უფროს ბორის პეტროვს გაჰყვა ცოლად. ბორისიც მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, ოღონდ, იურიდიულ ფაკულტეტზე. ხიდაშელი თბილისელი იყო, პეტროვი კი – მოსკოველი. გოგონას მშობლებს შვილის არჩევნისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ბორისი ისე მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი. ბორისის მშობლებიც უზომოდ გახარებულები იყვნენ შვილის არჩევნით და ქართველ რძალს ხელისგულზე ატარებდნენ. კაპიტანი შალვა ნიორაძე სალომეს დედის ძმისშვილი იყო და სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გადასცეს მას საკუთარი მამიდაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე გამოსაძიებლად.
ექსპერტიზის დასკვნა
იმ ღამეს, როდესაც ოდენცოვოში პეტროვების სახლი დაწვეს, ოჯახის უფროსი, ბორისი, მოსკოვში იმყოფებოდა მორიგეობაზე. ის ლენინის რაიონის მილიციაში მუშაობდა უფროს ოპერად და სამსახურიდან შინ „ჟიგულის“ მარკის მანქანით ბრუნდებოდა. ბორისმა გამთენიისას შეიტყო ხანძრის შესახებ და დაუყოვნებლივ შინ გაემგზავრა, მაგრამ მისი მეუღლე უკვე მოსკოვში იყო გადაყვანილი და ის ისევ მოსკოვში დაბრუნდა.
– ზუსტად ღამის ოთხის ნახევარი იყო. ტუალეტისთვის ავდექი და ღამის წყვდიადში ჩემი სახლის ფანჯრიდან დავინახე, რომ, სავარაუდოდ, თეთრმა „ჟიგულმა“ ჩაიარა ჩემი ეზოს წინ, – წერდა თავის ჩვენებაში ტიმოფეი შიშოვი, რომელიც დაბის განაპირას ცხოვრობდა.
ოდენცოვოს დანარჩენმა მცხოვრებლებმა მილიციას განუცხადეს, რომ ღრმად ეძინათ და მხოლოდ მაშინ გაეღვიძათ, როდესაც 11 წლის ცოტნე პეტროვის საზარელი ყვირილი შემოესმათ. სწორედ ცოტნემ მოახერხა გონდაკარგული დედის მოსულიერება და მის სხეულზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა.
– მე გვერდით ოთახში მეძინა, – უამბო ცოტნემ შალვა ნიორაძეს, – ცეცხლის კვამლმა გამაღვიძა, შემდეგ გვერდით ოთახში გავვარდი და ცეცხლწაკიდებული დედა დავინახე. არ დავბნეულვარ და სამზარეულოში მდგარი კასრიდან წყალი ამოვიღე ვედრით და დედას სხეულზე დავასხი. სახლში ბენზინის სუნი იდგა და ოთახი სწრაფად იწვოდა. მე ექვსი ვედრო წყალი დავასხი დედას. ის ამ დროს გამოცოცხლდა და ჩვენ სათადარიგო გასასვლელიდან ეზოში გავიქეცით. დედა თავზე იდებდა ხელს და იტკიებდა.
– როცა ეზოში გახვედით, მაშინ ან მანამდე ხომ არავინ შეგინიშნავთ, შვილო? – ჰკითხა შალვამ ცოტნეს.
– არა, ძია, არავინ, – თავი გააქნია ბავშვმა, – პირველი მეზობელი ჩემი ყვირილიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვიდა ქუჩაში. შემდეგ სხვებიც გამოჩნდნენ და გონდაკარგული დედა სასწრაფოთი წაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ცოტნეს გადარჩენილი დედა აჩვენეს დამწვრობის ცენტრში, სალომეს დედ-მამამ ბავშვი თბილისში გადააფრინა, რათა მას გარემო შეეცვალა და საშინელი კოშმარისგან გათავისუფლებულიყო.
ბორის პეტროვი დათრგუნული და განადგურებული ჩანდა. ის ცოლის პალატას არ შორდებოდა და დღედაღამ იქ იყო.
– რას ფიქრობ, ბორია, ასე  ვის უნდა გაემეტებინა სალომე? – ჰკითხა დამწვარი ქალის მეუღლეს კაპიტანმა ნიორაძემ.
ბორიამ მხრები აიჩეჩა:
– წარმოდგენა არ მაქვს. არა მგონია, ისეთი მტრები მყავდეს, რომ სალომე ასე გაემეტებინა ვინმეს.
– დაფიქრდი, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვნახოთ, – თქვა შალვამ.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ასეა, მაგრამ, თუ მართლაც ვინმემ იძია ჩემზე შური, მაშინ ეს კოსტია როგოვის გაკეთებულია, თუმცა, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, – უთხრა ბორიამ.
– ეგ ვინღაა?
– ერთი ოდენცოველი სუბიექტია. ხუთი წლის წინ დათვრა და სახალხოდ დამემუქრა, შენს ცოლსა და ლეკვს მოვთხოვ პასუხსო, მეორე დღეს კი მომიბოდიშა. ის ჯერ კიდევ ოდენცოვოში მუშაობისას დავაპატიმრე ქურდობისთვის და ორი წელი ციხეში იჯდა.
ექსპერტიზის პასუხები დანაშაულიდან ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. პეტროვების ეზოში ნაპოვნ ბიდონზე, რომლითაც სალომესა და სახლს ბენზინი გადაასხეს, კოსტია როგოვის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა.
მოულოდნელი სამხილი
დაპატიმრებული კოსტია როგოვი ჯიუტად უარყოფდა სალომეზე თავდასხმას და ამბობდა, რომ მას რკინის ალიბი ჰქონდა.
– აბა, თქვი შენი ალიბი, – უთხრა შალვამ როგოვს და თვალი თვალში გაუყარა.
– ოღონდ, ეს ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს, – უთხრა როგოვმა.
– თქვი, ჩქარა, თორემ სულს ამოგაძრობ! – შეუღრინა შალვამ როგოვს.
– იმ ღამეს, როდესაც სალომეს დაესხნენ თავს, მე 24 საათის განმავლობაში რომან ბელოვის ცოლთან ვნებივრობდი, – უპასუხა შალვას შეშინებულმა როგოვმა, – ძალიან გთხოვთ, ნუ გამიბაზრებთ ამ ამბავს, თორემ, ბელოვი მეც მომკლავს და არც ცოლს დაინდობს.
რომან ბელოვი მოსკოვის ლენინის რაიონის მილიციის უფროსი იყო, ანუ სალომეს მეუღლის, ბორიას უშუალო უფროსი. შალვა ნიორაძემ როგოვის ინფორმაცია გადაამოწმა და ბელოვის ახალგაზრდა ცოლმა ის დაადასტურა.
– მაშინ, იმას როგორ ახსნით, რომ ბიდონზე თქვენი თითის ანაბეჭდებია? – ჰკითხა შალვამ როგოვს.
– ამხანაგო კაპიტანო, – მიუგო როგოვმა, – ბიდონები კიბის ქვეშ მიწყვია და ეგ ბიდონიც ჩემია, მაგრამ, მე როგორ მივიტანდი მას პეტროვების ეზოში, როდესაც, როგორც თქვენ დარწმუნდით, მე იმ დროს სულ სხვაგან ვიმყოფებოდი? დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტმოქმედმა ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა.
– ბორის პეტროვს ხომ დაემუქრე ცოლ-შვილის დახოცვით?
– ეგ მართალია, მაგრამ, მეორე დღეს ბოდიში მოვუხადე. თუმცა ბორისი ჩემთან მართალი არ იყო და მაღაზიის ქურდობის საქმე ტყუილად მომაკერა. თუმცა, რაც იყო, იყო, მე ყველაფერი დავივიწყე, – თქვა როგოვმა, რომელიც შალვამ სამხილების უქონლობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლა.
იმავე საღამოს შალვას ბიძამისმა, სალომეს მამამ დაურეკა და უთხრა:
– თუ შეგიძლია, თბილისში ჩამოფრინდი სასწრაფოდ, შენთან საქმე მაქვს და ტელეფონით ვერ გეტყვი...
შალვა ღამის რეისით გადაფრინდა თბილისში. პავლე ხიდაშელმა შალვას გამჭვირვალე საწერი კალამი მიაწოდა, რომელიც იმით გამოირჩეოდა, რომ მასში ჩასხმულ ზეთში შიშველი ქალი დაცურავდა.
– ეს ნივთი ბორიას ეკუთვნის, – თქვა პავლემ, – ჩვენმა ცოტნემ კი იმ დროს იპოვა ეზოში, როდესაც დამწვარ დედასთან ერთად გარბოდა ცეცხლმოკიდებული სახლიდან.
– მერე რა, ძია პავლე, – უთხრა ბიძამისს შალვამ, – იქნებ, ბორიამ ეს კალამი სახლიდან გამოსვლისას დაკარგა?
– გამორიცხული არაფერია, მაგრამ 30 წელი ორგანოებში ვიმუშავე და ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, გადასამოწმებელია, – მიუგო პავლე ხიდაშელმა.
– პავლე ბიძია, საკუთარ სიძეზე გაქვთ ეჭვი?
– ცოტნე ვერაფერს ხვდება და ეს ყველაფერი მან სხვათა შორის მიამბო, – უთხრა შალვას პავლემ, – ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ დღეს ბორიამ ცოტნე თავისი მანქანით მიიყვანა დასთან და იცოდა, რომ სალომე მარტო იყო შინ, თუმცა, რატომღაც, ცოტნე მამიდამისს აუხირდა და თავი სახლში წააყვანინა.
მოსკოვში დაბრუნებულმა შალვა ნიორაძემ თავის ორ ხელქვეით სტაჟიორს კონფიდენციალურად სთხოვა, რომ ბორის პეტროვზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაეწესებინათ.
ერთი კვირის შემდეგ შალვას მოთვალთვალეებმა აღმოაჩინეს, რომ ბორის პეტროვი ვიღაც ქალის სახლში დადიოდა, ჟელიაბოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.
უბედური შემთხვევა
შალვა დაინტერესდა იმით, თუ რას აკეთებდა ბორისი მის ცოლზე თავდასხმის ღამეს და დაადგინა, რომ 3-დან 5 საათამდე ის გეგმურ შემოვლას ახორციელებდა მისადმი რწმუნებულ რაიონში. ეს დრო კი სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსკოვიდან ოდენცოვოში ჩასულიყო და ისევ უკან დაბრუნებულიყო.
ნიორაძემ ბორისის ვიზიტების ადრესატიც დაადგინა – ის ვინმე ნადეჟდა რუსეცკაია აღმოჩნდა, რომელიც მკითხავი იყო და თილისმებსაც ამზადებდა. შალვამ მკითხავი ქალის ბიოგრაფიია შეიწავლა და აღმოაჩინა, რომ ის და სალომე ხიდაშელი ჯგუფელები იყვნენ. აგრეთვე, მათ ერთდროულად უყვარდათ ბორის პეტროვი.
შალვამ სალომეს მიაკითხა საავადმყოფოში და რუსეცკაიაზე ჩამოუგდო სიტყვა.
– ნადიამ ქორწილის დღეს დამირეკა და საშინელი სიკვდილი მისურვა. მან მითხრა, რომ მე ბორისი ცხვირში ძმრად ამომივა. სწორედ ამის შემდეგ გავაყიდინე ბორიას მოსკოვის ბინა და საცხოვრებლად ოდენცოვოში გადმოვედით. ნუთუ ეს ყველაფერი ნადიას ჩადენილია? – თქვა ქალმა.
იმავე საღამოს შალვას ერთ-ერთი სტაჟიორი მკითხავ ქალს ეწვია და მის სახლში ჩუმად დააყენა მოსასმენი აპარატურა. შემდეგ ფული გადაიხადა მკითხაობაში და წავიდა.
შალვამ, რომელიც მკითხავის სახლთან მანქანაში იყო ჩასაფრებული, იმავე ღამეს მოუსმინა ნადეჟდა რუსეცკაიასა და ბორის პეტროვის საუბარს, საიდანაც ნათელი გახდა, რომ საკუთარ ცოლზე თავდასხმა ბორის პეტროვმა ნადეჟდა რუსეცკაიას წაქეზებით განახორციელა.
ბორის პეტროვი მხოლოდ გამთენიისას გამოვიდა მკითხავის სახლიდან, გაურკვეველი მიმართულებით წავიდა და იმ დღის შემდეგ არავის უნახავს... იმავე დღეს მკითხავის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და რუსეცკაია შიგნით ჩანახშირდა.
ამჟამად სალომე და მისი ვაჟიშვილი ოჯახითურთ იტალიაში ცხოვრობენ, შალვა ნიორაძე კი პენსიაზეა და სანკტ-პეტერბურში ცხოვრობს.

скачать dle 11.3