კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი



უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
რომანის მთავარი გმირი რეალური პიროვნებაა და დღესაც ცოცხალია. მის მიერ მოთხრობილი ამბები მისივე მეორე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რასაც ის, სავარაუდოდ, დღემდე განაგრძობს...
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ – მაქვს გვარი, სახელი და ყველა ის საპასპორტო მონაცემი, რაც ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია. ამით მე სხვებისგან არ გამოვირჩევი. თუმცა, აქვე უნდა განვმარტო, რომ მაინც ყველასგან რადიკალურად გამორჩეული ვარ, რადგან მე ვარ დაქირავებული მკვლელი!
უბრალო, რიგითი „ქილერი“ არ გეგონოთ, ნამდვილი პროფესიონალი ვარ. ჩემი საქმე ხელოვნების რანგში მაქვს აყვანილი და ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვასრულებ. ასე რომ არ იყოს, ახლა ჩემი „დუხიც“ არ იქნებოდა. რამდენიმე ათეული წელია, ამ ბიზნესში ვმოღვაწეობ, მაგრამ დღემდე ცოცხალი და, რომ იტყვიან, „ხოდზე“ ვარ.
საშუალო ასაკის, ფიზიკური და შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნის ხანაში მყოფი მამაკაცი ვარ. მარტო ვცხოვრობ. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, შვილები კი სხვაგან ცხოვრობენ. მაქვს მისხალ-მისხალ ნაგროვები ქონება, რომელიც დიდი რისკისა და პროფესიონალიზმის ფასად მოვიპოვე. სახელად კოკი მქვია. ჩემმა ახლობლებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ დაქირავებული მკვლელი ვარ. ყველას კომერსანტი ვგონივარ, რომელიც დროდადრო სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მოგზაურობს. ერთი სიტყვით, საქმე საათივით მაქვს აწყობილი და ჩემი შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ ამ რესპექტაბელური, ინტელიგენტი ადამიანის მიღმა მკვლელი იმალება, რომლისთვისაც შეუსრულებელი საქმე და გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.
წინაღობების დაძლევა მამაჩემმა მასწავლა.  ცხონებული, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, პრინციპული და მიზანსწრაფული ადამიანი იყო. დიდად განათლებული არ ყოფილა, მაგრამ, იმდენი ჭკუა კი გააჩნდა, რომ სხვების ჭკუაზე არ ევლო. თან, ისეთი მამაკაცური შარმი ჰქონდა, რომ ქალები მასზე ჭკუას კარგავდნენ, კაცები კი გრძნობდნენ, რომ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე და მასთან შეტაკებას ყოველმხრივ გაურბოდნენ. მამას სანდრო ერქვა, ორი ომი ჰქონდა გამოვლილი, ექსტრემალურ სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად გამოსულა და მისი მამაკაცური ხასიათიც სწორედ ამ ყოფაში ჩამოყალიბდა. ის მე სპარტანულად მზრდიდა და მეუბნებოდა: „დაიხსომე, კოკი, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე და ღირსებაა. ამიტომ, არც ერთი არ დათმო და მათ შესანარჩუნებლად ყოველთვის ბოლომდე იბრძოლე. ისიც იცოდე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და, თუ პანიკას არ აჰყვები, გამოსავალს ყოველთვის იპოვი. სიმშვიდე და სიმტკიცე – აი, რა არის ნამდვილი მამაკაცის მთავარი თვისებები. ყოველთვის და ყველგან ნამდვილი მამაკაცი იყავი და გაიმარჯვებ!“
მამისგან განსხვავებით, დედა ძალიან სათნო და ღვთისნიერი ადამიანი იყო. მას ყველაფერი როდი მოსწონდა, რასაც მამა მიქადაგებდა, მაგრამ, მორჩილი მეუღლე იყო და ქმრის სიტყვას ვერ გადავიდოდა. თუმცა, როგორც დროს იხელთებდა, დამისვამდა, სახარებას მიკითხავდა, თან მეუბნებოდა: „ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენი მფარველი და მასწავლებელი და ჩვენ, ადამიანები, მის მცნებებს უნდა ვასრულებდეთ. ის კი ერთმანეთის სიყვარულისა და მიტევებისკენ მოგვიწოდებს და, ისაა ნამდვილი ღვთისნიერი, ვინც ამ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებს. ჭეშმარიტი გამარჯვება ღმერთთან მიახლოებაა, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი უფლის სიტყვას გულის ფიცარზე დაიწერ“.
ჩემი აზრით, დედ-მამას ერთი მიზნისკენ მივყავდი, თუმცა, სხვადასხვა გზით, მაგრამ მე სულ სხვა გზა ავირჩიე, რომელსაც დღემდე ვადგავარ და, ჩემი მშობლები, ალბათ, საფლავში ბრუნავენ ამის გამო.
დედ-მამის საფლავი საკუთარი ხელით გავაკეთე, მოვაწყვე, დღემდე სისტემატურად დავდივარ იქ და მის მოვლას არავის ვანდობ. მივალ ხოლმე იქ, დავასუფთავებ ყველაფერს, ბალახს ამოვძირკვავ, მიწას გავასწორებ, შემდეგ მარმარილოს ქვაზე ჩამოვჯდები, მშობლების სურათებს ვუმზერ, თან იმ ავადსახსენებელ დღეს ვიხსენებ, როდესაც ისინი ამქვეყნიდან სამუდამოდ წავიდნენ.
16 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და, როგორც მაშინ ამბობდნენ, დიდ ცხოვრებაში შესაბიჯებლად ერთი გამოცდის ჩაბარებაღა მაკლდა, როდესაც საშინელი ტრაგედია დამატყდა თავს. თანაც, ბედი არ გინდა? – ეს ყველაფერი ჩემს დაბადების დღეს მოხდა და ამიტომ საკუთარ დღეობას არასდროს აღვნიშნავ.
22 ივნისი, წელიწადის ყველაზე გრძელი დღე რომ გათენდა, უკვე მეღვიძა და დედას ველოდებოდი, რადგან დაბადების დღეს ყოველთვის ლოგინშივე მილოცავდა და ეს ტრადიცია არც იმ დღეს დაურღვევია.
– კოკი, შვილო, დაბადების დღეს გილოცავ და ყოველივე კარგს გისურვებ! – მითხრა დედამ, ჩამეხუტა, შემდეგ თმაზე მომეფერა და განაგრძო, – ლამაზი, ძლიერი, პატიოსანი, სახელოვანი და რაც მთავარია, ღვთისნიერი ადამიანი გამოდი, დედიკო. იცოცხლე და იბედნიერე!
– მადლობა, დედიკო, – მივუგე დედაჩემს, საწოლზე წამოვჯექი და დედას ჩავეხუტე.
 – დაბადების დღეს გილოცავ, კოკი, გისურვებ, ნამდვილი მამაკაცი გამოსულიყავი,  ეს საათი კი სახსოვრად გქონდეს და ბედნიერად ატარე, – მითხრა მამამ და ხელზე საათი გამიკეთა, შემდეგ გადამეხვია, გადამკოცნა და მკითხა: – სკოლას დღეს ამთავრებ, ხომ?
– დიახ, მამა, – მივუგე მამას.
– რაში გაქვს გამოცდა?
– მათემატიკაში.
– ძალიან კარგი, – მითხრა მამამ, – როგორც კი გამოცდას მორჩები, სახლში წამოდი, შენთვის სიურპრიზი გვაქვს.
– რა სიურპრიზი, მამა?
– სიურპრიზი იმისაა, რომ წინასწარ არ უნდა იცოდე... სადღაც მივდივართ.
– სად მივდივართ, მამი?
– ერთ ადგილას. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ და მალე მოდი, – მითხრა მამაჩემმა, თავზე ხელი გადამისვა, წავიდა და, ცხონებული, მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს.
– სად უნდა წავიდეთ, დედი? – ვკითხე დედაჩემს, რომელიც საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მიღიმოდა.
– სად, შვილო, და, – დედა ჩემს ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა: – ებრაელებში, ახალი ტანსაცმელი უნდა გიყიდოთ. მამაშენმა მითხრა, ჩემი ვაჟკაცი კაცურად უნდა გამოვაწყოო, მაგრამ არ წამოგცდეს, რომ გითხარი, თორემ, ხომ იცი მისი ამბავი, გაგვიბრაზდება.
– არ ვეტყვი, დედიკო, – მივუგე დედას, შემდეგ მამის ნაჩუქარ საათს შევავლე თვალი და დედას ვკითხე, – ეს საათი მამამ მიყიდა?
– არა, შვილო, ნაალაფარია.
– ეგ რას ნიშნავს? – უცებ ვერ ჩავწვდი დედის სიტყვების აზრს, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ალაფი ომიდან წამოღებულ ნივთს ნიშნავდა.
– რას ნიშნავს და ომში მოპოვებულ ნივთს, ისტორიაში არ გისწავლია?
– სულ გამოვშტერდი! – როგორ არ ვიცი, მაგრამ უცებ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდი.
– ეგ არაფერი, – გამიღიმა დედამ, – მთავარია, გამოცდაზე არ დაიბნე და ყურადღებით იყავი.
– ნუ გეშინია, დედა, ყურადღებით ვიქნები, – ვუთხარი დედას, ისევ საათს დავხედე და ვკითხე, – მაინც, საიდან წამოიღო ეს საათი?
– ბერლინიდან.
– ფაშისტებს წაართვა?
– არ გრცხვენია, დედიკო? – იწყინა დედამ ჩემი სიტყვები, – ოდესმე გსმენია, რომ მამაშენს ვინმესთვის რამე წაერთმია ან დაეჩაგრა? ვერც მე გითხარი მთლად სწორად. ეს საათი უფრო ნაჩუქარია, ვიდრე ალაფი – ერთი რაინდული საქციელის გამო მიიღო.
– რა საქციელის? მომიყევი რა, დედი! – ვთხოვე დედას.
– მოგიყვები, მაგრამ, მამას არ უთხრა. მან ისიც არ იცის, რომ მე ვიცი. ეს ისტორია მისმა ფრონტელმა მეგობარმა, ძია ვასომ მიამბო.
– კარგი, არ ვეტყვი. მომიყევი, რა!..
– მოგიყვები, მაგრამ, თან ჩაიცვი, რომ გამოცდაზე არ დაგაგვიანდეს, – მითხრა დედამ და უთო ჩართო, რომ ჩემი პერანგი გაეუთოებინა, თან თხრობა დაიწყო: – საბჭოთა ჯარებმა ბერლინი რომ აიღეს, რამდენიმე დღის განმავლობაში იქაურობა ისეთმა საშინელმა ქაოსმა მოიცვა, როგორიც, ალბათ, სოდომსა და გომორში თუ იქნებოდა. ჯარისკაცები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ უდანაშაულო ხალხს, ქალებს აუპატიურებდნენ და, ერთი სიტყვით, ყოველგვარ საზიზღრობას სჩადიოდნენ.
– საბჭოთა ჯარისკაცები, დედი? – გაოცებულმა ვკითხე დედას, რადგან კომუნისტური იდეოლოგიით ვიყავი აღზრდილი და საბჭოთა ჯარისკაცებზე და, საერთოდ, ყველაფერ საბჭოურზე, მხოლოდ კარგი წარმოდგენა მქონდა.
– ჰო, შვილო, საბჭოთა ჯარისკაცები. მაგრამ, ნურავისთან იტყვი ამას, – მომიგო დედამ, – მამაშენიც იმ მოწინავეთა რიგებში იმყოფებოდა, ვინც ფაშისტური გერმანიის დედაქალაქი იერიშით აიღო. ჰოდა, იმ ქაოსის მესამე დღეს მამაშენს პატრულირება დაავალეს და თავის ფრონტელ მეგობართან – ვასოსთან ერთად ბრძანების შესრულებას შეუდგა. ისინი ერთ ფართო ქუჩას გაუყვნენ, რომელიც ბერლინის მდიდარ რაიონში მდებარეობდა – იქ არისტოკრატები ცხოვრობდნენ, მაგრამ ბერლინის დაცემის შემდეგ იქაურობა მიწასთან იყო გასწორებული და ერთ დროს მდიდრული სასახლეების ნანგრევებით იყო მოფენილი.
– სანდრო, ძალიან მიჭირს და აქ დამელოდე, – უთხრა ვასომ მამაშენს და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნანგრევებში შევიდა.
მზე აჭერდა, ცხელოდა. მამაშენი მოპირდაპირე სახლის ნანგრევებს შეეფარა და ვასოს ლოდინი დაუწყო. უცებ მას ქალის კივილი მოესმა. მამაშენმა ავტომატი შეაყენა და ფრთხილად გაემართა იქით, საიდანაც კივილი გამოდიოდა. ხმამ ერთ სარდაფში მიიყვანა და რას ხედავს: ოთხი საბჭოთა ჯარისკაცი  სრულიად ნორჩი გოგონას გაუპატიურებას ცდილობს, ის კი ყველანაირად ეწინააღმდეგება, თან საზარლად კივის და შველას ითხოვს. იქვე ახალგაზრდა ბიჭი ეგდო ტყვიებით დაცხრილული, მის გვერდით კი – შუახნის მამაკაცი. საბრალო გოგონას ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა და თითქმის დედიშობილა უწევდა წინააღმდეგობას იმ საზიზღრებს.
– რა ხდება, რაშია საქმე? – მკაცრად იკითხა სანდრომ, – ახლავე შეწყვიტეთ ძალადობა და აქედან მოშორდით!
ჯარისკაცები შეცბნენ და სანდროს მიაპყრეს მზერა. გოგონამ ამით ისარგებლა, დაცხრილულ ყმაწვილთან ჩაიცუცქა, ატირდა, თან იმეორებდა: „კურტ, კურტ, ძამიკო, რა გიქნეს ამ მხეცებმა, როგორ დაგცხრილეს!“ დაცხრილული ყმაწვილი, თურმე, გოგონას უფროსი ძმა იყო, შუახნის მამაკაცი კი – მათი მამა.
– შენ ვინ ხარ, რომ ჩვენს საქმეში ყოფ ცხვირს? – უხეშად მიმართა მამაშენს ლეიტენანტის სამხრეებიანმა ჯარისკაცმა, – წადი, მშვიდობით წადი და გვაცალე! თუმცა, შეგიძლია, დარჩე კიდეც და წილი შენც გერგება. ოღონდ, მეხუთე იქნები. შენამდე ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ. ხუთი წელია, ქალი არ გვინახავს და დავიტანჯეთ...
– სისულელეებს მოეშვით და თქვენ თვითონ წადით აქედან! – შეაგება პასუხი მამაშენმა, – გრცხვენოდეთ ლეიტენანტო, ოფიცრის მუნდირს ლაფში სვრი!
– რაო, რა თქვი? – გაეცინა ლეიტენანტს სანდროს სიტყვებზე და მას დანარჩენებიც აჰყვნენ, – შენ, რა, მთვარიდან  ჩამოვარდი? რა მუნდირის ლაფში ამოსვრაზე მელაპარაკები? ვერ ხედავ, რომ ჩვენ წინ ფაშისტი მტრები დგანან?
– უიარაღო, თანაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, ხომ? – ირონიულად თქვა მამაშენმა, – ესენი არიან ფაშისტები?
– გერმანელები ხომ არიან! – თავი გაიმართლა ლეიტენანტმა და ხმას აუწია, – ან მშვიდობით წადი, ან შემოგვიერთდი!
– უკან დაიხიე! – უბრძანა სანდრომ ლეიტენანტს და ავტომატი მიუშვირა, – ზედმეტი მოძრაობა და – ცეცხლს გავხსნი!
– ცეცხლს გახსნი? – გაუკვირდა ლეიტენანტს.
– თანაც გაუფრთხილებლად! – მიუგო სანდრომ, შემდეგ სარდაფის კუთხეში დალაგებული ავტომატებისკენ გააპარა თვალი და ლეიტენანტს უთხრა: – სათითაოდ აისხით თქვენი იარაღი და ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდობიანად მოშორდით აქაურობას! ჩათვალეთ, რომ არ შევსწრებივარ თქვენს უმსგავსობას და ღმერთს მადლობა გადაუხადეთ. გაფრთხილებთ, ყოველგვარი გართულების გარეშე წადით!
გამწარებული მოძალადე ჯარისკაცები იძულებულები გახდნენ, სანდროს ბრძანებას დამორჩილებოდნენ, აისხეს ავტომატები და გასასვლელისკენ გაემართნენ. მაგრამ, მოულოდნელად, ერთ-ერთმა ბებუთი იშიშვლა და მამაშენს თავს დაესხა. სანდრომ მოქნეული დანა აიცდინა, თავდამსხმელს მუშტი შემოჰკრა, კუთხეში გონმიხდილი მიაგდო და დანარჩენებს უღრიალა:
– თქვენს მეგობარს ხელი მოჰკიდეთ და აქედან გაეთრიეთ, თორემ, ომის კანონების შესაბამისად, აქვე დაგხვრეტთ!
 მოძალადეები წავიდნენ, ამასობაში ვასოც მოვიდა და სანდროს ჰკითხა:
– რა მოხდა?
– ის, რაც ამ დღეებში ხდება ყველგან, – მიუგო მამაშენმა ვასოს, – ჯობია, ამათ მივხედოთ. ბიჭი და ეს კაცი დაჭრილები უნდა იყვნენ, იქნებ, ვუშველოთ.
მამაშენმა და ვასომ დაჭრილი მამა-შვილი საველე ჰოსპიტალში მიიყვანეს და ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს. გონს მოსულმა მამამ კი ჯიბიდან საათი ამოიღო, სანდროს გაუწოდა და უთხრა:
– გამომართვით, ბატონო. თქვენ ჩემი შვილები გადაარჩინეთ და, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ეს მცირე ძღვენი კი იმ დიდი მადლიერების ნიშნად მიიღეთ, რასაც მე თქვენ წინაშე ვგრძნობ.
– გმადლობთ. გულით მოძღვნილს, გულით გამოგართმევთ და წარმატებებსა და მშვიდობას გისურვებთ, – მიუგო მამაშენმა, საათი გამოართვა, ხელი ჩამოართვა და წამოვიდა.
როგორც გაირკვა, მამაშენის მიერ გადარჩენილი ადამიანები უმაღლესი რანგის არისტოკრატები ყოფილან, გრაფის წოდებას ატარებდნენ და ბერლინის დაცემის შემდეგ სარდაფში იმალებოდნენ. სხვათა შორის, ეს საათი ოქროსია, შვეიცარიულია და ძალიან ძვირფასი. იცოდე, არ დაკარგო და გაუფრთხილდი.
– ხელიდან არ მოვიხსნი, დედი, – ვუთხარი დედას და ძვირფასი საათი შევათვალიერე, – მხოლოდ ბანაობის დროს მოვიხსნი.
– შეგიძლია, ბანაობის დროსაც არ მოიხსნა, წყალგაუმტარია, – მითხრა დედამ ღიმილით და პერანგი სკამზე გადაკიდა, – დაიბანე, ჭამე და წადი, არ დაგაგვიანდეს.
სახლიდან გასვლის წინ დედას ვაკოცე და წავედი, მაგრამ, ათიოდე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, რომ დედის ხმა მომესმა:
– აბა, შენ იცი, შვილო, ბედნიერად და ყოჩაღად იყავი!
– კარგი, კარგი, – მივუგე დედას და მის მოღიმარ სახეს უკანასკნელად შევავლე თვალი.  რას წარმოვიდგენდი, რომ მას ცოცხალს ვეღარასოდეს ვნახავდი.
მათემატიკას, ისევე, როგორც სხვა საგნებს, კარგად ვსწავლობდი. ამიტომ, გამოცდის ჩაბარება არ გამჭირვებია, „ფრიადი“ მივიღე, ყველაზე ადრე გამოვედი.
სკოლიდან გამოვედი და უკვე გაჩერებისკენ გავრბოდი, ტროლეიბუსისთვის რომ მიმესწრო, როდესაც მერიმ დამიძახა:
– კოკი, კოკი, სად გარბიხარ?
მერი ჩემი პარალელურკლასელი იყო და ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გვქონდა, თუმცა, შეყვარებულები არ ვყოფილვართ. მე ის, უბრალოდ, მომწონდა, თუმცა ვიცოდი, რომ მერის ვუყვარდი და ეს  ძალიან მსიამოვნებდა. მერის წინა დღით ჰქონდა გამოცდა და მივხვდი, რომ ის ჩემ გამო იყო სკოლაში მოსული. ამიტომ გავჩერდი, გოგონას გავუღიმე და ვკითხე:
– აქ რა გინდა, შენ ხომ გუშინ გქონდა გამოცდა?
– სკოლაში მარტო გამოცდების გამო დადიან? – ეშმაკურად მომიგო მერიმ და მოულოდნელად შემომთავაზა: – მოდი, კინოში წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, გცალია. ისე ჩქარობდი, რომ, სიტყვა ძლივს დაგაწიე.
– მცალია, წავიდეთ, – ვუთხარი მერის და მართალია, ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება, მალე მეყიდა ახალი ტანსაცმელი, მაგრამ გოგოსთან ხომ არ შევირცხვენდი თავს, დავთანხმდი და ვკითხე, რომელ ფილმზე წავიდეთ?
– „რვა სამარხის სოფელი“, – მითხრა  მერიმ და მისი ეს სიტყვები თავხედობად აღვიქვი.
საქმე ის იყო, რომ ეს იაპონური ფილმი, ეგრეთ წოდებული საფესტივალო ჩვენების ფარგლებში იყო ჩამოტანილი მოსკოვიდან სულ რაღაც სამი დღით და მასზე ბილეთების შოვნა ისეთივე შეუძლებელი იყო ჩემთვის, როგორც, თუნდაც, ჩვენს მოძმე ჩეხოსლოვაკიაში გამგზავრება.  მე, 16 წლის ლაწირაკს, ვინ მიმასუნინებდა ამ ფილმზე. ამიტომ შევცბი და მერის ვკითხე:
– „რვა სამარხის სოფელი“?
– ჰო, იაპონური ფილმია. საფესტივალო ჩვენებიდანაა მოსკოვიდან სამი დღით ჩამოტანილი და დღეს ბოლო დღეა. აქვე უჩვენებენ, ნახევარ საათში იწყება, წავედით, – „გამანათლა“ მერიმ და მისი ეს სიტყვები კიდევ უფრო თავხედობად მომეჩვენა.
– ვიცი, მაგრამ... – დავიწყე გაუბედავად,  მაგრამ მან სიტყვა შემაწყვეტინა:
– რა – „მაგრამ“? წამოსვლა თუ არ გინდა, პირდაპირ მითხარი, რა ფეხს ითრევ?
– ფეხს კი არ ვითრევ, – მტკიცე ხმით და განაწყენებული ტონით მივუგე მერის, – უბრალოდ, ბილეთებს ვერ ვიშოვით. ხალხი ღამეებს ათენებს, რომ ბილეთი აიღოს: ახლა კი, ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ბილეთს ვინ მოგვცემს?
– შენ ასე გგონია? – ეშმაკურად თქვა მერიმ, ცხვირწინ ორი მწვანე ბილეთი ამიფრიალა და გადაიკისკისა, – აბა, ეს რა არის?
– ბილეთები?! – ამოვილუღლუღე გაოცებულმა.
– ჰო, ბილეთებია, – დამიდასტურა მერიმ.
– სად იშოვე?
– მამამ მომიტანა. ის კინოფიკაციის სამმართველოში მუშაობს და მიშოვა.
მე და მერი ჩვენი სკოლის ახლოს მდებარე კინოთეატრისკენ გავემართეთ, სადაც იმხელა რიგი დაგვხვდა,  როგორიც მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან თუ მინახავს.
– საით, ბავშვებო? დაიხიეთ უკან და ბილეთიანებს დაუთმეთ გზა! – მოგვიწოდა მილიციის რიგითმა, რომელიც კინოთეატრის წინ წესრიგს ამყარებდა და უბილეთოების გამოვლენა და გარეთ გამოყვანა ევალებოდა. ბავშვები რომ დაგვინახა, ბუნებრივია, უბილეთოებად ჩაგვთვალა და იმიტომ მოგვიწოდა, რომ განზე გავმდგარიყავით.
– გვაქვს, ბიძია, ბილეთი, – უთხრა რიგით მილიციელს მერიმ.
– ბილეთი გაქვთ? – გაოცდა მილიციელი.
– დიახ, გვაქვს.
– აბა, მიჩვენეთ.
– აი, ნახეთ, – მერიმ მილიციელს ბილეთები დაანახა.
– ბიჭოს, მართლა არ ჰქონიათ? – გულწრფელად გაოცდა მილიციელი, – მიბრძანდით, ბატონო, მიბრძანდით, მაგრამ, ყოჩაღად იყავით, ძალიან „სტრაშნი“ ფილმია და გული არ შეგიღონდეთ.
მილიციელს რომ გავცდით, მე და მერიმ კონტროლიორთა კიდევ ორი წყება გავიარეთ და, როგორც იქნა, კინოთეატრში შევაღწიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს იაპონური კინოფილმი საშუალო დონის აღმოჩნდა და არც ისეთი საშინელი იყო, როგორც ამბობდნენ. უბრალოდ, იმ პერიოდის თბილისში მსგავსი მოვლენა იშვიათობა იყო და ხალხი სწორედ ამიტომ ეტანებოდა მას. ფილმის ჩვენება რომ დაიწყო, მერიმ მსუბუქად, ვითომ შემთხვევით მომადო მხარი მხარზე. ხოლო, შემდეგ, ეგრეთ წოდებული „სტრაშნი“ სცენების დროს, ვითომ შეშინებული, მთელი ტანით მეკვროდა, თან  ტუჩს ყურზე მადებდა და მეჩურჩულებოდა: „კოკი, კოკი, რა საშინელებაა, როგორ შევშინდი“!..
მერის კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ მისი შეშინება არც ისე ადვილი იყო. ამიტომ, მისი ეს საქციელი გადაჭარბებულად ჩავთვალე, თუმცა, მომწონდა, რომ სხეულით მეკვროდა და აბა, ხმას როგორ ამოვიღებდი?
ფილმი რომ დასრულდა და გარეთ გამოვედით, შუადღეს კარგად გადაცილებული იყო. ძალიან ცხელოდა. ამიტომ, ორი ცალი ნაყინი ვიყიდე და მე და მერი ნელი ნაბიჯებით გავუყევით ფართო ქუჩას.
მიუხედავად იმისა, რომ წესით, ნანახი ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ უნდა ვყოფილიყავით და ზრდილობის გამო მაინც გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის აზრი, მასზე სიტყვაც არ დაგვიძრავს, უხმოდ მივაბიჯებდით. დუმილი პირველმა მერიმ დაარღვია და მკითხა:
– სად აპირებ ჩაბარებას?
– ალბათ, ეკონომიურზე, – მივუგე მერის,  – შენ?
– სამედიცინოზე, მაგრამ, მე არ მინდა და მშობლები მაძალებენ.
– ისე, სად გინდა?
– სამხატვრო აკადემიაში, ან, უკიდურეს შემთხვევაში – თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ, იქ ვინ მიმასუნინებს, – ნაღვლიანად მომიგო მერიმ, – როგორც ეტყობა, ექიმობა არ ამცდება. არადა, თუ მოწოდება არ გაქვს, ექიმი ვერ გამოხვალ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს უნდა უმკურნალო.
– შენ რა, ადამიანების მკურნალობა არ გინდა? – გაოცებით ვკითხე მერის.
– მინდა, როგორ არ მინდა, – გამიღიმა მერიმ, – მაგრამ, მე ხატვა და მსახიობობა მირჩევნია, ამ საქმეს კი ის უფრო კარგად შეასრულებს, ვისაც ამის მოწოდება აქვს. მე არ მაქვს და რა ვქნა?
– ადამიანების მკურნალობის მოწოდება რატომ არ გაქვს? – ჯიუტად გავუმეორე მერის, რადგან იდეოლოგიური კლიშეები მყარად მქონდა ტვინში ჩაბეჭდილი.
სხვა გოგონას, ალბათ, ეწყინებოდა ჩემი ასეთი უტიფარი დაჟინება და ცხვირს ამიბზუებდა. მერის კი ვუყვარდი. ამიტომ, გამიღიმა და მკითხა:
– წარმოიდგინე, ძალიან ლამაზი, უნაკლო გოგონა, რომელიც არ გიყვარს და მის ცოლად მოყვანას გაძალებენ. მოიყვან?
– არა! – მტკიცედ მივუგე მერის და ჩემი ეს სიმტკიცეც საბჭოური იდეოლოგიის შედეგი იყო. მერის მოეწონა ჩემი პასუხი და თქვა:
– მართალი ხარ და, რომ დაუჯერო მშობლებს და დაქორწინდე, ბედნიერი მაინც ვერ იქნები. ამიტომ, არ უნდა მოიყვანო და გულისთქმას უნდა გაჰყვე.
– ჰოდა, შენც აიღე და ან თეატრალურზე შეიტანე საბუთები, ან – სამხატვრო აკადემიაში. მშობლებს კი უთხარი, რომ სამედიცინოზე აბარებ, – ვურჩიე მერის.
– არ გამოვა, ვერ მოვატყუებ.
– აბა, რას იზამ?
– ერთი წელი სამედიცინოზე ვისწავლი, შემდეგ კი ჩუმად გადავიტან საბუთებს და, რომ დავამთავრებ ისეთი სახელგანთქმული ვიქნები, რომ მშობლები მაპატიებენ ურჩობას, – მომიგო მერიმ, ხელი ჩამკიდა და გავიქეცით, რადგან ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მაშინვე დავსველდით და ახლომდებარე სკვერს შევეფარეთ.
სკვერში არავინ იყო. ჩვენ რკინის სოკოს ქვეშ შევიყუჟეთ და იქიდან ვუყურებდით წვიმას, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უცებ სახანძრო მანქანების სირენების გამაყრუებელი ხმა შემოგვესმა და მერის ვუთხარი:
– ნეტავ სახანძრო მანქანები რად უნდათ, ასეთი წვიმაა, ნებისმიერ ხანძარს ჩააქრობს.
– ალბათ, სადღაც მაგარი ხანძარია, მითხრა მერიმ, – ამდენ მანქანას პატარა ხანძრის გამო არ გაგზავნიდნენ.
– ალბათ, – დავეთანხმე მერის, შემდეგ მხარზე ხელი მოვხვიე, მივიკარი, ლოყაზე ვაკოცე.
მერიმ გამიღიმა. შემდეგ ცას ახედა, საიდანაც მზემ გამოანათა და მითხრა:
– წვიმამ გადაიღო, წავედი!
– გაგაცილებ, – ვუთხარი მერის და წამოვდექი.
– არა, არ გინდა, აქვე, ბებიასთან უნდა მივიდე. ზეგამდე, ნახვამდის, – მითხრა მერიმ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
მე თვალი გავაყოლე მერის. შემდეგ წამოვდექი და წამოვედი, მაგრამ, რატომღაც, გული დამძიმძიმდა, უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო და თავი ისე საშინლად ამტკივდა, რომ ტკივილმა თავბრუ დამახვია და დავბარბაცდი. ტროლეიბუსის გაჩერებამდე ძლივს მივაღწიე. ჩავჯექი და მთელი გზა უსიამოვნო გრძნობა არ მომშორებია. სახლს რომ მივუახლოვდი, თვალწინ საზარელი სანახაობა გადამეშალა. ჩვენი ორსართულიანი, ძირითადად ხისგან ნაგები სახლი ასანთის კოლოფივით იყო დამწვარი, ირგვლივ კი სახანძრო მანქანები იდგა, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ვერ მოასწრეს – სახლი მათ მოსვლამდე ჩაიფერფლა.
– კოკი, კოკი მოდის! – ჩემს დანახვაზე ერთმანეთს გადაუჩურჩულეს ქუჩაში გამოფენილმა მეზობლებმა, ორი მათგანი კი ჩემკენ გამოემართა. ერთ-ერთმა დამიძახა:
– მოიცა, კოკი, გაჩერდი!
– რატომ უნდა გავჩერდე, – ჯერ კიდევ იმედიანად მივუგე მეზობელს, – დედ-მამა მელოდება.
– დედ-მამა? – დაბნეულად გაიმეორა მეზობელმა.
– დიახ, სადღაც უნდა წავიდეთ, – ვთქვი მე და დავამატე, – დღეს ჩემი დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა მიყიდონ.
– კოკი, კოკი, შვილო, – მითხრა მეორე მეზობელმა, რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, გული ყელში მობჯენოდა და ტირილს ძლივს იკავებდა, – წამოდი ჩემთან, რაღაც საქმე მაქვს.
– არა, სახლში უნდა წავიდე, დედ-მამა მელოდება, – ჯიუტად მივუგე თვალცრემლიან მეზობელს და სახლისკენ გავემართე.
ამ დროს ჩვენი ეზოდან ოთხმა თეთრხალათიანმა სანიტარმა ორი საკაცე გამოიტანა. საკაცეებს თეთრი ზეწრები ჰქონდა გადაფარებული. რომ გამოვიდნენ, საკაცეები მიწაზე დადეს, სასწრაფო დახმარების მანქანის საბარგულის კარი გააღეს და ისევ საკაცეებისკენ დაიხარნენ, რომ ისინი მანქანაში ჩაედოთ. მე გაქვავებული ვუმზერდი ამ სურათს. როდესაც ყველაფერს მივხვდი და მშობლების ცოცხლად ნახვის იმედი საბოლოოდ გადამეწურა, შურდულივით მოვწყდი ადგილს, საკაცეებს მივვარდი, ზეწრები გადავაძრე და დანახშირებული დედ-მამის ცხედრებს მივაჩერდი.
ერთხანს გაოგნებული და თვალებგაშტერებული ვუმზერდი ამ კოშმარს, თან ყურში ჩამესმოდა: ბავშვი გაიყვანეთ, ამ საშინელებას ნუ აყურებინებთ, ცოდოა, რამე არ დაემართოსო. ხმა ვერ გავარჩიე, ვინ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა. მე ისევ თვალებგაშტერებული დავცქეროდი მშობლების დამწვარ გვამებს.
– კოკი, წამოდი, შვილო, – ერთ-ერთმა მეზობელმა მამაკაცმა იღლიებში ამომდო ხელები და წამომაყენა. რატომღაც, დავემორჩილე, მაგრამ, როდესაც სანიტრებმა ცხედრებს კვლავ ზეწრები გადააფარეს და საკაცეები სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩადეს, საშინლად ავბღავლდი. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სცენა, მაგრამ თანდათან ძალები გამომელია, თვალებში დამიბნელდა და გონება დავკარგე.
თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს ერთადგილიან პალატაში ვიწექი და თეთრხალათიან, ახალგაზრდა, მომხიბვლელ გოგონას მოვკარი თვალი, რომელმაც გამიღიმა და მითხრა:
– როგორ ხარ, კოკი?
– სად ვარ, ექიმო? – ვკითხე გოგონას.
– მე ექიმი არ ვარ, ექთანი ვარ და მერი მქვია. – მითხრა ექთანმა, – როგორ ხარ?
– მერი, მერი... – აკვიატებულად გავიმეორე და ავღრიალდი: – მერი, შე დამპალო, სულ შენი ბრალია, რომ ჩემი მშობლები დაიხოცნენ და, სადაც გნახავ, იქ მოგაჭრი თავს!
ექთანი ჩემს დამშვიდებას შეეცადა:
– დამშვიდდი, კოკი, მე რა შუაში ვარ, დამშვიდდი, გენაცვალე...
მე კი უფრო გავღიზიანდი, საწოლზე წამოვჯექი და ავღრიალდი:
– შენი კი არა, მერის ბრალია და სადაც ვნახავ, იქ მოვკლავ!
– მერი მე ვარ, დამშვიდდი, კოკი, – მითხრა ექთანმა, მაგრამ ჩემთან მოახლოება ვეღარ გაბედა და უკან დაიხია.
– ახლავე, ახლავე, გამოგიყვან წირვას, შე დამპალო! – ვიღრიალე მე, საწოლიდან ფეხები გადმოვყავი და იატაკზე დავდექი, რომ ჩემი პარალელურკლასელი მერი მომეძებნა და მისთვის თავი მომეკვეთა.
მე მართლა ვფიქრობდი, რომ მერის ბრალი იყო ჩემი მშობლების სიკვდილი, რადგან, ჩემი აზრით, მას რომ არ შევეყოვნებინე და სახლში დროზე მივსულიყავი, მაშინ ებრაელებთან წავიდოდით ტანსაცმლის საყიდლად და ეს საშინელი ტრაგედია აღარ მოხდებოდა.
როგორც კარგა ხნის მერე შევიტყვე, თურმე, ძველ ელექტროსადენებს გასჩენიათ  ცეცხლი სხვენში და მამა ხანძრის ჩასაქრობად ასულა. უცებ წვიმა წამოვიდა, დენი მამაზე გადავიდა და სხვენიდან ჩამოაგდო. მამას დედა მიეშველა, გონზე რომ მოეყვანა, მაგრამ მას ცეცხლმოკიდებული ბოძი დაეცა, გონება დააკარგვინა და ამგვარად ჩაიწვნენ ჩემი მშობლები.
– მერი, მერი, შე დამპალო! – ვღრიალებდი გამწარებული, რადგან ჩემი ტრაგედიის ერთადერთ დამნაშავედ მერი მიმაჩნდა და იმ წუთას რომ მომეხელთებინა, სადისტურად მოვკლავდი.
აბა, ექთანმა მერიმ რა იცოდა, რომელ მერის ვგულისხმობდი და ისე შეშინდა, რომ პალატიდან უკანმოუხედავად გავარდა. მე კიდევ ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ძალები გამომელია, იატაკზე დავეცი და გონება დავკარგე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3