კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიონალის შეცდომა



დილის ოთხ საათზე ბურტაუს ბულვარზე რამდენიმე ეკიპაჟი დადიოდა. ერთი სახლის სადარბაზოდან სტუმრების ჯგუფი გამოვიდა. ქალებიც იყვნენ და მამაკაცებიც. ისინი ქუჩის კუთხემდე მივიდნენ და ეკიპაჟები გააჩერეს. დარჩა მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომელმაც ფეხით განაგრძო გზა. მისი ნაბიჯების ხმა ხმამაღლა ისმოდა ცარიელ ქუჩებში. ერთბაშად, თითქოს რაღაცამ შეაშინა. მშიშარა არ იყო, მაგრამ, მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. რამდენიმე წამში ზურგიდან მართლაც დაესხა ვიღაც თავს და მასთან ბრძოლაში მიხვდა, რომ საკმაოდ სუსტი იყო. საშველად იხმო, მაგრამ უცნობმა მუშტი ჩაუტენა პირში. მეორე ხელით კი რკინის ჯოხი მოუქნია და მკლავში ჩასცხო. მხსნელი ერთბაშად გამოჩნდა. თავდამსხმელს თავისივე ჯოხით შეუტია და ისე სწრაფად დასცა მიწაზე, მან მხოლოდ ისღა მოასწრო, რომ უშვერად შეიგინა და გაიქცა. მხსნელი გადარჩენილისკენ დაიხარა...
– კარგად ხართ?
– მადლობა ღმერთს, დაჭრილიც კი არ ვარ... ცოტა ხელი მტკივა, მაგრამ, ეს არაფერია. შეიძლება, ჩემი გადამრჩენის სახელი გავიგო?
– არსენ ლუპენი.
მეორე დღეს ლუპენმა მიპატიჟება მიიღო თავად მილიონერ ლეოპოლდ ემბერისგან. ეს შესანიშნავი იდეის სრული ტრიუმფი იყო. ლუპენი თითქმის ზეიმობდა გამარჯვებას. სანამ ემბერების ფეშენებელურ ოტელში წავიდოდა სტუმრად, მან მონმარტზე, თავის პაწაწინა ბინაში ერთი კაცი მიიღო.
– აბა, როგორ არის საქმე? – ჰკითხა მან.
– საუზმეზე მიმიპატიჟეს.
– მართლა?
– რატომ გიკვირს? მე თავად ლეოპოლდ ემბერი გადავარჩინე უცილობელ სიკვდილს, რომელსაც შენ უმზადებდი. ის ზრდილობიანი ადამიანია და მადლობას მიხდის.
– ანუ, ის პატარა სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა?
ლუპენი შეიჭმუხნა:
– ჩემო მეგობარო, თუ შენი თავისთვის სიკეთე გინდა, ეს აღარ გაიმეორო. ემბერებს დიდი თანხა დარჩათ მემკვიდრეობით – ასი მილიონი.
– რაო? ეშმაკმა დალახვროს! – შესძახა მამაკაცმა.
– ნუ, ორმოცი მილიონი მაინც. რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც ხუთი მილიონი იყოს. მე არსენ ლუპენი არ ვიყო, თუ ის ფული ხელში არ ჩავიგდო.
ერთი საათის შემდეგ ლუპენი უკვე ადიოდა ემბერების ფეშენებელური სახლის ძვირფას კიბეზე.
ემბერები დიდ სასტუმრო ოთახში ელოდნენ. ლეოპოლდ ემბერის ცოლი დაბალი, ჩასუქებული ქალი იყო, ცოცხალი გამოხედვითა და ენერგიული მანერებით. ცოლიც და ქმარიც პირველივე წუთიდან ისე ექცეოდნენ სტუმარს, როგორც ძველ მეგობარს, საუზმის ბოლოს მათ გულიც კი გადაუშალეს. ჟერვეზამ მოყვა, როგორ გაუმართლათ, მოხუცმა კრაფორდმა მთელი მემკვიდრეობა მათ რომ დაუტოვა. თუმცა ანდერძი ჯერაც არ იყო ბოლომდე ძალაში შესული კრაფორდის უამრავი ნათესავის გამო. ერთი სიტყვით, ყველაფერზე ილაპარაკა.
– წარმოიდგინეთ, ფასიანი ქაღალდები აქ არის, ჩემი ქმრის კაბინეტის კარადაში, მაგრამ ერთი კუპონიც რომ მოვაკლოთ, ყველაფერს დავკარგავთ.
ლუპენმა იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა. მან მორცხვად „აღიარა“ თავისი სიღარიბე. ის, თუ როგორ უჭირდა ქირის გადახდა და მიიღო კიდეც ის, რაც უნდოდა – იმწუთშივე გახდა ცოლ-ქმრის პირადი მდივანი, მათ სახლში ცხოვრების უფლებით. თვეში ას ორმოცდაათი ფრანკიც კი დაუნიშნეს. მეორე სართულზე ოთახი ლუპენმა თავად შეარჩია. გაუმართლა თუ რაღაც ბედნიერი დამთხვევის წყალობით, ის ლეოპოლდის კაბინეტის ზემოთ აღმოჩნდა. არსენმა მალევე შენიშნა, რომ მისი სამსახური მოწყალება უფრო იყო. ორი თვის განმავლობაში მის ხელში აღმოჩნდა მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო კორესპონდენცია და ერთადერთხელ დაუძახეს „პატრონის“ კაბინეტში. მაგრამ, ეს ნაკლებად აწუხებდა. მთელი მისი ყურადღება კაბინეტში მდგარი კარადისკენ იყო მიმართული. ამიტომ, ყველა მიზეზს იგონებდა, კაბინეტში შესასვლელად და იქაურობას დასაზვერად. კარადა საკმაოდ მტკიცე, ცეცხლში დაუწვავი მასალისგან იყო გაკეთებული. ლუპენი ამას არ შეუშინებია. მან ყველა საჭირო ზომა აიღო და თავისი ოთახის იატაკზე გაიყვანა ტყვიის მილი, რომელიც ქვედა ოთახის კარნიზს ებჯინებოდა. ამ მილის საშუალებით შეეძლო, დაენახა და მოესმინა ყველაფერი, რაც კაბინეტში ხდებოდა. ამის მერე დროის დიდ ნაწილს თავის ოთხაში, იატაკზე გაწოლილი ატარებდა. ხშირად ხედავდა კარადის წინ მოთათბირე ცოლ-ქმარს. როცა ისინი კარადას აღებდნენ, ლუპენი ცდილობდა, როგორმე ამოეცნო კოდი. ერთხელ დაინახა, ცოლ-ქმარმა კაბინეტის კარი არ მიხურა. იგი სწრაფად ჩავიდა ქვემოთ და კაბინეტში შევიდა:
– მომიტევეთ, მგონი, ოთახი შემეშალა.
მაგრამ  ჟერვეზამ მაშინვე მოჰკიდა მკლავში ხელი:
– არა, არა, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. თან, რჩევასაც მოგვცემთ. რომელი ფასიანი ქაღალდები გავყიდოთ, რენტის თუ აქციები.
– ანდერძი რომ ჯერ არ არის ძალაში?
– ჰო, მაგრამ აკრძალვა ყველა ფასიან ქაღალდს არ ეხება, – ქალმა ფართოდ გააღო კარადის კარი და ლუპენმა ბაფთებით შეკრული ქაღალდები დაინახა. ჟერვეზამ ერთ-ერთს სტაცა ხელი, მაგრამ მისმა ქმარმა გააპროტესტა:
– არა, არა, ჟერვეზა, აქციების გაყიდვა სისულელე იქნებოდა, მათი ფასი სულ იმატებს.
 ლეოპოლდმა ერთი აქცია აიღო და ჯიბეში ჩაიდო. შუადღის შემდეგ თავის მდივანთან ერთად გაყიდა ის და ორმოცდაექვსი ათასი ფრანკი აიღო.
მიუხედავად ემბერების კეთილგანწყობისა, ლუპენი არ გრძნობდა მათთან თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. მას სახელითაც კი არ მიმართავდნენ. ერთხელ ისიც კი გაიგონა, თავისი მისამართით როგორ უთხრა ჟერვეზამ ერთ სტუმარს: „ის ისეთი ველურია!“...
„ჯანდაბა... ფეხებზე მკიდია. არც თვითონ არიან ცისფერსისხლიანები. მთავარია, ჩემს მიზანთან ახლოს ვარ. დანარჩენი არაფერი მაინტერესებს. სწრაფად უნდა ვიმოქმედო“...
ხუთი საღამო იატაკზე გაწოლილმა გაატარა, მეექვსე დღეს კი გაიგო, რომ ანდერძი ძალაში შევიდა და ლეოპოლდ ემბერი კარადის გახსნას აპირებდა.
„მორჩა, დრო აღარ მაქვს, ეს ამ საღამოსვე უნდა მოხდეს“... გვიან საღამოს ლეოპოლდი კაბინეტში შევიდა. ლუპენმა თავისი ოთახის ფანჯარა გააღო. საკმაოდ ბნელი და წყნარი ღამე იყო. ლუპენმა აიღო თოკი, წინასწარ მომზადებული კვანძებით აივნის რიკულს მიაბა და ფრთხილად დაეშვა ქვემოთ.
ლეოპოლდის კაბინეტის ღია ფანჯარას სქელი ქსოვილის ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. სუსტი შუქი კაბინეტის მხოლოდ ნაწილს ანათებდა. ლეოპოლდი კარადასთან ახლოს საქმიანობდა. ჟერვეზაც გვერდით ჰყავდა. უცებ მან თქვა:
– როგორ ერთბაშად აცივდა, ხომ არ დავწვეთ? უკვე გვიანია.
– ერთი საათი კიდევ წავიმუშავებ და მოვალ. შენ დაწექი.
 ჟერვეზა წავიდა. ლეოპოლდი კი შემობრუნდა, რათა ფანჯარა დაეკეტა. არანაირი ხმაური, არავითარი კვალი ბრძოლისა, მხოლოდ რამდენიმე ზუსტი მოძრაობა და მსხვერპლი უკვე იატაკზე იწვა. ლუპენმა ის პორტიერში გაახვია და შეკრა. ლეოპოლდმა თავდამსხმელის სახის დანახვაც კი ვერ მოასწრო...
ლუპენმა კარადა გამოაცარიელა, მერე თოკი მოხსნა და თავისი არსებობის ყველა კვალი წაშალა.
... ემბერების სიმდიდრე სულაც არ აღმოჩნდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ეს ლუპენს ეგონა, თუმცა საკმაოდ სოლიდური ციფრი იყო. მაგრამ, მეორე დღეს მოხდა გამაოგნებელი ფაქტი – ლეოპოლდი და ჟერვეზა გაუჩინარდნენ. ეს ინფორმაცია ლუპენმა გაზეთში ამოიკითხა და გულში უსიამოვნო ეჭვმა გაკენწლა, მაგრამ, მაინც ვერ დაიჯერა... ვერ დაიჯერა, რომ ასე გააცურეს... ლეოპოლდმა და ჟერვეზამ ყველაფერი არაჩვეულებრივად გათვალეს: მათ ლუპენი გამოიყენეს, რომ მთელი მემკვიდრეობა ჩაეგდოთ ხელში... კარადაში ყალბი საბუთები დატოვეს. აქციებიც, ფასიანი ქაღალდებიც, ობლიგაციებიც – ორიგინალების ასლები აღმოჩნდა. ყველაფერი პირიქით მოხდა – თაღლითებმა ქურდი გაძარცვეს. პირველივე წუთიდან ჩაავლეს სულელს და თავიანთი წესებით ათამაშეს. უფრო მეტიც, ადვოკატებთან ერთ-ერთ კრაფორდად გაასაღეს, „ველურიც“ კრაფორდი იყო, რომელსაც ისინი თავიანთ სახლში აცხოვრებდნენ. ამის წყალობით, ბანკირებისგან უპრობლემოდ აიღეს კრედიტები და გაქრნენ... ნახევარ მილიონ ფრანკთან ერთად...
           თარგმნა
ნინო  წულუკიძემ

скачать dle 11.3