კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სჩადიან უცხოელები რადიომართვითი თვითმფრინავებით და როდის გაიტაცა გია მაჭარაშვილი ამგვარი თვითმფრინავების აწყობამ

რას სჩადიან უცხოელები რადიომართვითი თვითმფრინავებით და როდის გაიტაცა გია მაჭარაშვილი ამგვარი თვითმფრინავების აწყობამ
კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია. ის ბავშვობიდან გაიტაცა კოლექციონერობამ. ამ ხნის განმავლობაში გახდა სამოდელო ავტომანქანების, გემების, მატარებლების, იახტებისა და ვერტმფრენების მფლობელი. დაახლოებით ორი წელია, რაც ბატონი გია, როგორც კოლექციონერი, ახალი ჟანრის მიმდევარი გახდა – ეს არის რადიომართვითი ავიამოდელები.
გია მაჭარაშვილი: ბავშვობაში, სკოლის ასაკში, ავიამოდელობის წრეზე დავდიოდი. შემდეგ ცხონებულმა დედაჩემმა გამომიყვანა – სწავლას მოუკელიო და სასწრაფოდ მიიღო ზომები. სულ ექვსი თვე ვიარე, მაგრამ, ცუდად ჩამრჩა, რომ მაშინ ბოლომდე ვერ დავიკმაყოფილე ჩემი სურვილი და ოცნება. მოდელებით დაკავება გონებას ავითარებს, გართობით კი, შესაძლოა, სულ ბოლოს გაერთო, როდესაც უკვე რადიოგადამცემის მართვით აამოქმედებ შენს მოდელს. მაგრამ მანამდე ამ ყველაფერს აწყობა, გამოჭრა, გარანდვა, გაზომვა... – ბევრი რამ სჭირდება. ეს საქმე გასწავლის დეტალებისადმი ზუსტად მიდგომას, მოფრთხილებას, სისუფთავეს, ხელგარჯილობას...
– როგორ გროვდებოდა ეს კოლექცია?
– ეს მატარებელი მამაჩემმა თავისუფლების მოედანზე მდებარე უნივერმაღში მიყიდა და გამახარა, რადგან კბილი ამოვიღე; მეორე მოდელი მეორე კბილისთვის დავიმსახურე. ვვაჭრობდი, კბილს არ ვიღებდი, სანამ რამეს არ მიყიდდნენ. ამ პერიოდში გამოიკვეთა ჩემში კოლექციონერობის სურვილი. უკვე მერვე კლასში ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ სამოდელო ავტომანქანები შემეგროვებინა. ამ კოლექციიდან ერთ-ერთი პირველია „ფორდ-მუსტანგი“, რომელიც მაშინდელი ამერიკული პოლიციის მანქანის ასლია. 20 მანეთი მაქვს გადახდილი – მალულად ვიყიდე გადამყიდველებისგან.
– ამჟამად რამდენი მოდელი ინახება თქვენს კოლექციაში?
– ამჟამად შენახული მაქვს დაახლოებით ორასამდე დაშლილი თვითმფრინავი, გერმანული ფირმის. რამდენჯერმე მომიწია ბინის გამოცვლა და, აწყობილი რომ გადაიტანო, მოუხერხებელია. იმის შემდეგ ვერც ვაწყობ და ვერც ველევი. რომ ავაწყო, სად განვათავსო?! ერთი და ორი ოთახი იმას არ ეყოფა. სასახლეში კი არ ვცხოვრობ, ჩვეულებრივი ბინა მაქვს, თორემ, კი ბატონო. ამიტომ, ვინახავ დღემდე, 1963 წლიდან მოყოლებული. წარმოიდგინეთ, რამხელა დრო გავიდა.
 მაქვს, აგრეთვე, ასზე მეტი ავტომანქანა, კიდევ უფრო ნაკლები – გემები, მოქმედი ავიამოდელები. ავიამოდელობა ჩემი ახალი გატაცებაა, რომელიც ამ კოლექციის ახალი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
გემები და იახტები, რაც ამ კოლექციაშია წარმოდგენილი, ყველა ჩემი ხელითაა აწყობილი თავიდან ბოლომდე, ორიგინალის მასშტაბური ასლია. ეს ჩემი სტუდენტობის პერიოდია, 70-იანი წლები. მაშინ იყო ერთი კარგი მაღაზია ყოფილ ქორწინების სასახლესთან, სანაპიროზე – „ნორჩი ტექნიკოსი” ერქვა. რიგები იდგა ხოლმე. გავიქცეოდი მამაჩემთან: მამა, ამდენი მინდა; მამა, იმდენი მინდა... მერე კი ჩავიკეტებოდი სახლში, სანამ არ ავაწყობდი ბოლომდე. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, სხვა მუღამი აქვს ამას. არის ხალხი, რომელთაც შეუძლიათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ანკესით ხელში იდგნენ და ელოდონ, როდის გამოჰკრავს ძუას თევზი და სხედან გაგანია მზის ქვეშ – იმათ ის სიამოვნებთ; ვიცი ისეთებიც, რომელთაც, შეუძლიათ, ოცდაოთხი საათი ბოთლი ეჭიროთ ხელში, მე კი ეს მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, სიმღერის წერის პარალელურად.
– სულ მიკვირდა, პროფესიის არჩევის დროს რამ მიიყვანა „გეპეიში“ გია მაჭარაშვილი-მეთქი. მაგრამ, ამ კოლექციას რომ გადავავლე თვალი, მივხვდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასმა ზედმეტია.
– ჩემების სურვილი იყო, რომ „გეპეიში“ ჩამებარებინა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სხვა არაფერი მიტაცებდა. ან „გეპეიში“ უნდა ჩამებარებინა, ან ექიმი უნდა გამოვსულიყავი და გავყოლოდი დედ-მამის პროფესიას. არადა, სისხლის დანახვას ვერ ვიტან, ამიტომ, „გეპეისკენ“ უფრო გამიწია გულმა...
– ... და გამოხვედით...
–... ინჟინერ-ელექტრიკოსი (იცინის). თუმცა, როგორც მუსიკოსიც „გეპეიში“ ჩამოვყალიბდი: იქ იყო შესანიშნავი თეატრი „მოდი ნახე”, „პასიანსის” ბიჭები, ჩვენი ცუცა, ჩვენი სანო... ყველანი იქ ვართ „მოზელილები“ და იმ ბუდიდან ვართ ამოსულები. დღესაც მოქმედია იქაურობა. „გეპეის“ შენობიდან რომ გამოვედი, ჩავერთე ტელევიზიისა და რადიოს როკ-ანსამბლში, სადაც ვმოღვაწეობდით მე, მერაბ სეფაშვილი, ზურიკო კობეშავიძე...
– როგორც ვნახე, გაქვთ სამოდელო მანქანები, თვითმფრინავები, გემები, მატარებლები, ვერტმფრენები... რომელი მათგანი უფრო ახლოსაა თქვენს ინტერესთან?
– დღეს უკვე – რადიომართვით მოძრავი მოდელები, თვითმფრინავები. მათ კილომეტრის რადიუსზე შეუძლიათ ფრენა და დაახლოებით 300 მეტრ სიმაღლეზე ადიან.
– რომელი მოდელი მოგწონთ განსაკუთრებით?
– ვერ გეტყვით, ყველა განსაკუთრებულად მომწონს, თუმცა, შესაძლებლობებით „სებარტის“ ფირმის მოდელი – კატანა ჯობია ყველას – საკმაოდ რთულ ილეთებს ასრულებს. მინდა გითხრათ, რომ, რასაც ამ კოლექციაში რადიომართვით თვითმფრინავებს ხედავთ, ყველა ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქვს შეძენილი.
როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ავიამოდელების წრეზე დავდიოდი და დედაჩემმა გამომიყვანა, ეს ყველაფერი ცუდად ჩამრჩა გონებაში. ამ ბოლოს პერიოდში გავიცანი ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ეს, ფაქტობრივად, ჩემი თაობის ხალხია, რომელთა არსებობის შესახებაც მე მანამდე არ ვიცოდი. ახლა მათ დავუახლოვდი, რადგან ჩვენ ინტერესები გვაერთიანებს. ასეთი მოდელები საქართველოში არ იყიდება, მათი გამოწერა უცხოეთიდან ხდება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
– მაინც, რა ღირს თითოეული მოდელი?
–  ავიამოდელების ყიდვისთვის და სრულყოფაში მოსაყვანად 500 დოლარამდეა საჭირო.
– აწყობას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება?
– თუ თავი არ დაანებე, მაქსიმუმ, ორი-სამი დღეა საჭირო. იცით უცხოეთში რა ასაკის ხალხია დაკავებული ავიამოდელობით? 70-80 წლის ხალხი გადის თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით ღია ცის ქვეშ, აწყობენ ჩვენებებს, შეჯიბრებებს, დაჯილდოებებს... ანუ, დროს კულტურულად ატარებენ.
 ეს „ჰეინკელია“, მისი ორიგინალებით ბომბავდნენ გერმანელები ქალაქებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
– ეს ის არის, „კატუშამ” რომ ჩამოაგდო?
– დიახ (იცინის), ეს კი „მესსერშმიდტია“, არანაკლებ ცნობილი მოდელი.
ამ საქმეში დამეხმარა ავთო ტუღუში, რომელმაც ამ ორიოდე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეს „ჰიპეა” თვითმფრინავი, რომელიც არ საჭიროებს დიდ აეროდრომებს და ძირითადად ჯუნგლებსა და გაუვალ ადგილებში იყენებენ.
– ავტომანქანების კოლექციისთვის თანამედროვე მოდელები არ შეგიმატებიათ?
– გულახდილად რომ გითხრათ, არა. იმდენად ვარ მთლიანად გადართული ავიამოდელობაზე, ოღონდ, მოქმედ მოდელებზე.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– მიხარია, როდესაც სიმღერის დამკვეთები შემოდიან, ერთ წერტილში დატრიალდებიან ოთახში, შემობრუნდებიან და „ვააა”! – იძახიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, რომ შემოდიან, ისე იქცევიან, თითქოს ცარიელი იყოს ოთახი... ამ დროს მე ვხვდები ერთ რამეს – რომ, ეტყობა, მას ცუდი ბავშვობა ჰქონდა. (იცინის), არ ჰქონიათ სათამაშო, რომ გაიზარდნენ, მაშინვე ნამდვილი ავტომანქანის პედალს მიაჭირეს ფეხი და ხინკლის ჭამაზე გადავიდნენ. სათამაშოს პერიოდი ამოვარდნილია მათი ცნობიერებიდან, ბევრი-ბევრი, ბურთი და „პისტალეტი” ჰქონოდათ.
მუშაობის დროს რომ დავიღლები ხოლმე, დროებით საზურგეს მივეყრდნობი, გადავავლებ თვალს ამ კოლექციას და, ხან მამაჩემი მახსენდება, ხან ის მეგობარი, ერთად რომ ვიდექით „ნორჩი ტექნიკოსის” წინ კილომეტიან რიგებში, ხან ის, ხან ის, მერე კი ჩემთვის ვფიქრობ: ამხელა კაცი ვარ, მარტო ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამ მოდელებში რამხელა თანხა მაქვს დახარჯული-მეთქი... თან, ოჯახი რომ გყავს და თავზეც არ გადაგდის! მერე საკუთარ თავს ვეუბნები: კარგი რა, გია, ერთხელ ხარ მოსული ამქვეყნად, დიდი რამე... ერთხელ შენს თავსაც ხომ უნდა „გაუსწორო“, მერე რა!?... – ასე „ვილაითებ” (იცინის). ეს არის ინტელექტუალური გართობის საშუალება.

скачать dle 11.3