კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



ის ერთი კოცნა ვერაფრით დავივიწყე
წლების წინ თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ბარში დავიწყე მუშაობა. ეს ის დრო იყო, სამსახურების დახურვა რომ ხდებოდა ზედიზედ. ჩემი სამსახურიც მათ შორის აღმოჩნდა და, სახლში ჯდომას, ვარჩიე, სადაც შანსი გამოჩნდებოდა, იქ წავსულიყავი. ერთმა ახლობელმა მითხრა, ბარში კი შემიძლია მოგაწყო, მაგრამ რა ვიცი, რომ შემოგთავაზო, არ გეწყინოსო. მაშინვე დავეთანხმე, თუმცა, ეს სფერო აბსოლუტურად უცხო იყო ჩემთვის. თან, პატარა გოგოც აღარ ვიყავი, რომ ახალ, პრაქტიკულად, ჩემთვის უცნობ და მიუღებელ სიტუაციას ადვილად შევგუებოდი. მაგრამ, ხომ გაგიგიათ, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო. ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ არანაირი შემოსავალი აღარ გამაჩნდა, პრობლემები მქონდა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით – სრულიად მოულოდნელად შეყვარებულმა მიმატოვა. ეს ისეთი ტრავმა იყო ჩემთვის, სამსახური რომ არ დამეწყო, შეიძლება, მართლა გავგიჟებულიყავი. ამიტომ, არჩევანზე აღარ იყო საქმე (ან, სად იყო ასარჩევი სამსახური?!). მოკლედ, დავიწყე ბარში მუშაობა. დაახლოებით, მანამდეც ვიცოდი საზოგადოების და, კერძოდ, მამაკაცების დამოკიდებულება ამ სისტემაში მომუშავე ქალების მიმართ, თან, უკვე მიღებული მქონდა მწარე გამოცდილება და თავიდანვე მკაცრი, სერიოზული და უკარება გოგოს იმიჯით მივედი, რამაც, სხვათა შორის, გაჭრა – შორიდან მოარშიყეები მყავდა, მაგრამ ახლოს მოსვლას და ზედმეტ სითამამეს ვერავინ მიბედავდა. თან, ეს არ იყო „ზაბეგალოვკა” ან თინეიჯერების ბარი. აქ, ძირითადად, თბილისის „სვეცკობა” შემოდიოდა და თანამშრომლებთან ურთიერთობაც, ასე თუ ისე, განსხვავებული ჰქონდათ.
ჩემს პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო თანდათან ფრიგიდულ ქალად ვიქეცი. პრაქტიკულად, აღარ მაინტერესებდა არანაირი მამაკაცი, რადგან ზოგადად, კაცების მიმართ უნდობლობა ჩამომიყალიბდა. ალბათ, ამის ბრალი იყო ისიც, რომ არანაირი მამაკაცი აღარ მაღელვებდა. ის კი არა, რომ წარმოვიდგენდი, შეიძლება, რომელიმე მათგანს თუნდაც ეკოცნა (იმათ ვგულისხმობ, ვინც სიყვარულს მიხსნიდა ან შორიდან მეტრფოდა), საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ ვერ ვიგრძნობდი, მამაკაცი თუ შემეხო. უარესიც კი, შესაძლოა, ზიზღი გამჩენოდა მის მიმართ, მიუხედავად მისი გარეგნობისა ან საზოგადოებრივი მდგომარეობისა. მოკლედ, ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში და ვცხოვრობდი ჩემთვის. სამსახურის შემდეგ, პირდაპირ სახლში მივდიოდი და მხოლოდ ჩემს ორ დაქალთან მქონდა ურთიერთობა.
ასე გავიდა რამდენიმე თვე. ერთ დღეს კი ჩვენს ბარში ახალი ტიპი გამოჩნდა. სულაც არ გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით, მხოლოდ იმიტომ შევამჩნიე, რომ უცხო იყო. საშუალო სიმაღლოს, საკმაოდ გამხდარი, გაუპარსავი, თეთრი მაისურითა და დახეული ჯინსებით... ერთი სიტყვით, გარეგნობით „წაიჰიპებდა,” მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდა. მთლად პატარა ბიჭიც აღარ იყო. თავიდან რომ დავინახე, გულში ვიფიქრე, ამას რაღა უნდა აქ, საიდან მოეხეტა-მეთქი და ცოტა ალმაცერად შევხედე. ბართან დაჯდა, სასმელი მოითხოვა და გამეცნო – ზურა მქვია, დღეიდან ხშირად გნახავთ ხოლმეო. ზრდილობის გამო ცალყბად გავუღიმე, სასმელი წინ დავუდგი და საუბარი აღარ გამიბამს, მაგრამ, თვითონ გამომელაპარაკა – ეტყობა, ახალი ხარ, მანამდე აქ არ მინახავხარო. მერე სახელი მკითხა, ბოლოს კი ჩამეძია – შენისთანა გოგო ბარში როგორ აღმოჩნდაო. მოკლედ, ძალიან ცდილობდა, გულითადი საუბარი გაება, მაგრამ მე ყველაფერზე ცივად და ოფიციალურად ვპასუხობდი. ასე განმეორდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთხელ კი, ისევ ბართან დამიჯდა, მთხოვა, ცოტა ხანს აქ იყავი, შენთან საქმე მაქვსო. მუდმივი კლიენტი იყო და უარის თქმა არ შეიძლებოდა; ამიტომ, მის წინ გავჩერდი და დაველოდე, რას მეტყოდა. კარგა ხანს მიყურა თვალებში და ბოლოს მითხრა, შენთან საუბარი მინდა, მაგრამ, აქ არ გამოვა. მოდი, საღამოს, თუ გცალია, სადმე სხვა კაფეში ან ბარში წავიდეთო. უსიამოვნოდ შევიშმუშნე და სანამ უარს ვეტყოდი, დამასწრო: არ გეგონოს, რომ „გაბამ”, უბრალოდ, ყველასგან განსხვავებული გოგო ხარ და, რატომღაც, მომინდა შენთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას გავატარო ერთი საღამოო. ისეთი გულწრფელი და ალალი თვალებით მიყურებდა, მივხვდი, არ მატყუებდა და დავეთანხმე, ერთი კაფე დამისახელა და დათქმულ დროს მივედი.
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი საღამო. კიდევ კარგი, ჭკუა ვიხმარე და კარგ ფორმაში მივედი, თორემ, ნამდვილად ყველაფერს გავაფუჭებდი. ზურამ ულამაზესად გაწყობილი მაგიდა და საოცარი თაიგული დამახვედრა. ისეთი ყვავილები არც მანამდე და არც მას შემდეგ არსად მინახავს. ცოტა დაძაბული ვიყავი და უხერხულადაც ვგრძნობდი თავს, მაგრამ, ისე იქცეოდა, რომ თავიდანვე კარგად აეწყო საუბარი. თავის თავზეც ბევრი მიამბო და მეც გამომკითხა რაღაცეები, მაგრამ ზედმეტებში არ გადასულა. საერთოდ, არ მჩვევია გულახდილი საუბრები, მით უმეტეს, ახალგაცნობილ ადამიანთან. ამიტომ, საკუთარ თავზე ბევრი არაფერი მითქვამს. მთელი საღამოს განმავლობაში ზურა ღიმილით მომჩერებოდა თვალებში. ბოლოს კი მითხრა, გეტყობა, რაღაც დიდი ტრავმა გაქვს გადატანილი, ვიღაცამ ძალიან გატკინა გული, მაგრამ, არ იდარდო, ის შენი ღირსი არ ყოფილა, რადგან შენი ფასი ვერ გაუგიაო. თავის შესახებ კი მითხრა, რომ ჰყავს ცოლი, რომელიც ძალიან უყვარს და ერთი შვილი, რომელზეც გიჟდება; რომ ისინი საფრანგეთში ცხოვრობენ; რომ თვითონ რაღაც საქმეებზეა თბილისში ჩამოსული და რამდენიმე თვეში თავის ოჯახთან უნდა დაბრუნდეს; რომ ძალიან მოხარული იქნება, თუ ერთგულ მეგობრად ვიგულებ. ერთი სიტყვით, ასეთი რომანტიკული საღამო ჩემთვის არავის მოუწყვია, არც ისეთი გულითადი და უშუალო საუბარი მქონია ვინმესთან. ყველაფერთან ერთად, ისე სადად, გულწრფელად და დახვეწილად მეუბნებოდა ქათინაურებს, ისე უსვამდა ხაზს ჩემს ქალურ ღირსებებს, ერთხელაც არ მიგრძნია უხერხულობა.
სახლამდე ფეხით მიმაცილა და ათას რამეზე მელაპარაკა. საკმაოდ კარგი იუმორი აღმოაჩნდა და ამხელა გზა ისე გავიარეთ, დაღლა ვერ ვიგრძენი.
სახლში რომ მივედი, პირველად ვიგრძენი რაღაც უცნაური ბედნიერება. თავიდან ვერ გავაცნობიერე, რა იყო ეს, მერე კი მივხვდი: ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ვარ ქალი, რომლითაც შეიძლება, მამაკაცი აღფრთოვანდეს. იმ დღიდან სხვანაირად შევხედე საკუთარ თავს და, რაც მთავარია, სხვანაირად მივხედე: დავიწყე სიარული სალონში, შევიცვალე ვარცხნილობა, ვიყიდე ახალი ტანსაცმელი – ერთი სიტყვით, სხვა ქალი გავხდი.
ჩემი და ზურას მეგობრობა გაგრძელდა. სხვათა შორის, მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ, ბარის გოგოებისგან გავიგე, რომ ზურა თბილისში ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი და ქალაქში ძალიან პოპულარული მამაკაცი იყო.
ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ეს შეხვედრები მეგობრობის ჩარჩოებს არასდროს გასცილებია. ისეთი ნდობა მოიპოვა ზურამ, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი ვუამბე და ისიც სულ მაძლევდა რჩევებს. ისე შევეჩვიე მასთან შეხვედრებსა და საუბრებს, რომ უამისოდ ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა. მართალია, სულ იმას ვაგუებდი თავს, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და მასზე ოცნებაც კი არ შემეძლო, მაგრამ, ერთ დღეს მივხვდი, რომ უგონოდ მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო. ამიტომ, შიშით მოველოდი იმ დღეს, როცა ის თავის ოჯახს უნდა დაბრუნებოდა.
ამქვეყნად არაფერია მარადიული და ეს დღეც დადგა. გამოსამშვიდობებლად ზურამ ისევ იმ კაფეში წამიყვანა, სადაც პირველად ვიყავით. ახლაც ლამაზი სუფრა იყო, ახლაც ულამაზესი და უცხო თაიგული იდგა მაგიდაზე პატარა ლარნაკში, მაგრამ ყველაფერს თითქოს სევდიანი ელფერი დაჰკრავდა. ორივე ვცდილობდით, ერთმანეთი გაგვემხიარულებინა, მაგრამ, აშკარად არ გამოგვდიოდა.
სახლამდე ისევ ფეხით მიმაცილა, ოღონდ, ამჯერად, მთელი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ ამოგვიღია. სახლთან რომ მივედით, ხელზე მომეფერა და მითხრა, ძალიან მომენატრები და ძალიან დამაკლდებიო. მეც-მეთქი, ვუთხარი და ერთი ცრემლი მაინც გადმომივარდა თვალიდან. მან კი ხელზე მაკოცა და მითხრა: შეიძლება, არაკაცურია, რასაც ახლა გეუბნები, მაგრამ, ნეტავი რამდენიმე წლის წინ შემხვედროდიო. მოკლედ, როგორც იქნა, სიტყვებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და, როდესაც ჩვეულებრივად, გამოსამშვიდობებლად მაკოცა ლოყაზე, თითქოს დენმა დამარტყა, ისე შევკრთი. ვიგრძენი, რომ იგივე განიცადა ზურამ და, ნამდვილად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, მაგრამ ოდნავ გონს რომ მოვედი, ზურა მთელ სახეს მიკოცნიდა, სიყვარულს მიხსნიდა და მეუბნებოდა, შენ თუ მეტყვი, არსადაც აღარ წავალ და სულ ერთად ვიქნებითო. რაღაც მომენტში კინაღამ მძლია სურვილმა, მართლაც ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ, მოვერიე თავს და ვთხოვე, სამუდამოდ დამივიწყე-მეთქი.
ასე დავშორდით ერთმანეთს. ის თავის ოჯახს დაუბრუნდა, მე – ჩემს მარტოსულ და მარტოხელა ცხოვრებას. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ორჯერ გავთხოვდი კიდეც, მაგრამ, ორჯერვე უიღბლოდ – ჩემდაუნებურად, ყველა მამაკაცს ზურას ვადარებდი და, რომ ვერ „ქაჩავდნენ”, მათი ატანა აღარ შემეძლო.
ზურა იმის მერე საქართველოში აღარ ჩამოსულა. ან, იქნებ, ჩამოვიდა კიდეც, მაგრამ ჩემი ნახვა აღარ მოისურვა (ან, ვერ გარისკა).
მე კი დღემდე უძვირფასეს რელიკვიასავით ვინახავ გულში მის იმ პირველ და უკანასკნელ კოცნას, რომელმაც კინაღამ თავი დამაკარგვინა.
მარინა, 40 წლის.

როგორ დამაკარგვინა ბედი სისხლში გამჯდარმა კდემამოსილებამ
გწერთ იტალიიდან. უკვე რამდენიმე წელია, მილანში ვცხოვრობ და ვმუშაობ. საქართველოში წელიწადში ერთხელაც კი ვეღარ ვახერხებ ჩამოსვლას, რადგან ამის საშუალებას სამსახური არ მაძლევს. ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ ქართულ პრესას მუდმივად ვეცნობი. თქვენს ჟურნალსაც მიგზავნიან მეგობრები და, აქედან გამომდინარე, თითქმის ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რაც მანდ ხდება.
იტალიაში ჩემი წამოსვლის მიზეზი ძირითადად ფინანსური პრობლემები იყო, მაგრამ, საქართველოში პირადი ცხოვრებაც ვერ ავაწყვე და გადავწყვიტე, ბედი სხვა ქვეყანაში მეძებნა. მაგრამ, თურმე, ბედი არა მარტო უნდა ეძებო, არამედ, მაშინვე სტაცო ხელი, როცა თუნდაც შენ სიახლოვეს გაიელვებს.
ჩემმა მშობლებმა ისე გამზარდეს, სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, ქალი ნაზი, მორიდებული, მიუწვდომელი და კდემამოსილი უნდა იყოსო. მეც, შესაბამისად, მთელი ცხოვრება ასე გავატარე, მაგრამ, ვის რაში სჭირდებოდა ჩემი მიუწვდომლობა და კდემამოსილება. ორჯერ შეყვარებულს დავშორდი, ერთხელ – ქმარს. თან, შვილიც არ გამიჩნდა, რომ რამე მიზანი მქონოდა ცხოვრებაში. ვიფიქრე, ქართველ კაცებს არ აინტერესებთ მოსიყვარულე, პატიოსანი, ერთგული ქალი-მეთქი და წავედი ჩემი ოცნების ქვეყანაში, სადაც, ვიმედოვნებდი, რომ სამსახურთან ერთად ბედსაც ვიპოვიდი.
დავიწყე მუშაობა. რამდენიმე ქართველი გოგოც გავიცანი (ისინიც ჩემსავით სამსახურის თუ ბედის საძებნელად წასულები) და დავუმეგობრდი. თავისუფალი დრო რომ გვქონდა, ერთად დავდიოდით კაფეში, თეატრში, გამოფენებსა თუ პრემიერებზე. ყველას გვყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ ერთჯერად ურთიერთობებს კატეგორიულად ვარიდებდით თავს – შარის აკიდება ნამდვილად არ გვჭირდებოდა. ერთხელ კი ერთ-ერთის დაბადების დღე იყო და გოგოები ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ეგზოტიკურ რესტორანში დაგვპატიჟა. მომცრო დარბაზში სულ რამდენიმე მაგიდა იდგა, რამდენიმეც – ღია ვერანდაზე. ჩვენ ვერანდაზე დავსხედით. ეტყობა, ჩვენი ხმამაღალი მხიარულებით იტალიელებიც კი გავაკვირვეთ, ან, იქნებ, სულაც, ვერ მიხვდნენ, რატომ ვისხედით რესტორანში ოთხი ქალი მამაკაცების გარეშე. ასე იყო თუ ისე, ყველა ჩვენკენ იყურებოდა გაოცებით. რამდენიმე წყვილი ცეკვავდა, ჩვენ კი მყარად ვისხედით – რუსეთი ხომ არ იყო, ქალებს „ვალსი” ერთად გვეცეკვა! ის იყო, ვთქვი, ძალიან მინდა ცეკვა, მაგრამ, მე ხომ არ მივადგები რომელიმე კაცს-მეთქი, რომ ვიღაც წარმოსადეგი მამაკაცი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და საცეკვაოდ გამიწვია. ცეკვის დროს მკითხა, რა ენაზე საუბრობდით თქვენ და თქვენი მეგობრებიო; რომ ვუთხარი, ქართულად-მეთქი, კინაღამ გადაირია – შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზეო. მერე იმდენი რამ მიამბო საქართველოს შესახებ და ისეთი სიყვარულით, კინაღამ ამატირა. დამშვიდობებისას კი მთხოვა, შევხვდეთო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი და დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე მივედი. ისეთ ფორმაში ვიყავი, ქუჩაში ხალხი თვალს მაყოლებდა. იმდენი ფული სად მქონდა, სალონში მივსულიყავი, ამიტომ, ჩემს გარეგნობაზე, მთლიანად ჩემმა დაქალებმა იზრუნეს.
მეგონა, მაქსი სადმე რესტორანში ან კაფეში წამიყვანდა, მაგრამ, მკითხა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჩემს სახლში მინდა დაგპატიჟოო. გოგოები წინასწარ გავაფრთხილე, რამე საშიშროება თუ შემექმნება (მე ხომ არ ვიცოდი, ვინ იყო ჩემი თაყვანისმცემელი, ხომ შეიძლებოდა, ვინმე მანიაკი ან პათოლოგი ყოფილიყო), ზარს გამოგიშვებთ და მომეშველეთ-მეთქი. ჩემი ერთგული გოგოები თურმე შორიახლოს მომყვებოდნენ, (რაც, მაქსმა კი არა, მეც ვერ შევნიშნე), რომ დაედგინათ, სად „დავბანაკდებოდით,” რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მომშველებოდნენ.
მაქსს ბინა საოცრად სადად, მაგრამ მდიდრულად და დახვეწილად ჰქონდა მოწყობილი. მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა და გული ამიჩუყა, ეს იყო კუთხე, სადაც მხოლოდ ქართული ან საქართველოსთან დაკავშირებული ნივთები ჰქონდა გამოფენილი: საქართველოს პატარა რუკა, ყანწები, ჭინჭილა, სვანური ქუდი, სხვა სუვენირები და ბორჯომის ცარიელი ბოთლი (შუშის), რომელსაც ბორჯომში ყოფნის სახსოვრად ინახავდა.
ულამაზესი საღამო გავატარეთ გემრიელი ვახშმისა და სანთლების შუქზე (იმან რა იცოდა, რომ სანთლების შუქი ქართველების ნერვებზე ცუდად მოქმედებს). ათას რამეზე ვისაუბრეთ და ბოლოს მითხრა, შენისთანა ქალს ვეძებდი მთელი ცხოვრებაო.
სახლამდე თავის მანქანით მიმიყვანა. ერთმანეთს რომ დავემშვიდობეთ, სიტყვა ჩამომართვა, რომ კიდევ შევხვდებოდით და, ის იყო, კარი გავაღე მანქანიდან გადმოსასვლელად, რომ, მოულოდნელად თავისკენ მიმატრიალა და ტუჩებზე დამაკვდა.
აბა, თუ გამოიცნობთ, მე როგორ მოვიქეცი? ალბათ, ფიქრობთ, რომ მეც მხურვალე კოცნითვე ვუპასუხე, მერე ბეჭდები გავცვალეთ, ბოლოს კი ერთგულების ფიცი მივეცით ერთმანეთს და მეც ერთი ქართველი კონკიას ბედი მერგო? ნურას უკაცრავად! უნდა გაგაწბილოთ და, სწორედ აქ ამოტივტივდა წლების განმავლობაში ტვინსა და გულში ჩაქუჩით ჩაჭედილი „მიუწვდომლობა და კდემამოსილება,” რომელიც საქართველოშიც არავის სჭირდებოდა და იტალიაში ვინ მოიკითხავდა – ხომ არსად გეგულებათო; ამოტივტივდა და მეც ხელი ვკარი ჩემს იტალიელ რომეოს (ქართველი რომეოებიც, ძირითადად, ამ ილეთით მყავდა მოგერიებული), მანქანიდან გადავხტი და სადარბაზოში შევვარდი. კარის მიხურვისას მაინც გავაპარე თვალი, ხომ არ მომდევს-მეთქი მუხლებზე დასაჩოქებლად და ხელის სათხოვნელად, მაგრამ, ამის ნაცვლად, დავინახე მისი გაოგნებული სახე – ეტყობა, ვერაფრით მიხვდა, რატომ გადაუხტა მანქანიდან ზრდასრული ქალი, მით უფრო, რომ მისთვის ცუდი არაფერი უკადრებია.
ის დღე იყო და ის დღე, მაქსი საერთოდ დამეკარგა. „სკაიპით” მივწერე, მოვიკითხე, ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ ამაოდ – პასუხი არ მაღირსა. წელიწად-ნახევარი ველოდე, პერიოდულად ვწერდი და შეხვედრას ვთხოვდი – მინდა, აგიხსნა, რაც მოხდა-მეთქი. წლინახევრის შემდეგ მომწერა, თანხმობის პასუხი. საკმაოდ ცივად შემხვდა. მე შევეცადე, ამეხსნა, რატომ მოვიქეცი ასე, მაგრამ, ვერაფრით მიხვდა და მხოლოდ ის მითხრა, ცივი ქალი ყოფილხარ და მამაკაცთან ურთიერთობა და მისი სიყვარული გაგიჭირდებაო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ აღარც იყო საჭირო ჩემი ახსნა-განმარტებები – ჩემმა საოცნებო მაქსმა, თურმე ამასობაში ცოლიც შეირთო და საქორწინო მოგზაურობაში ნახევარი მსოფლიოც მოიარა.
მე კი დავრჩი ისევე მიუწვდომელი და კდემამოსილი, როგორიც მანამდე ვიყავი, ამავე კდემამოსილებით ვუვლი ჩემს იტალიელ ბებრუხუნას და გული მისკდება, მარილზე არ დააპიროს გაღმა გასვლა, თორემ, შეიძლება, იმავე კდემამოსილებით მომიწიოს საქართველოში დაბრუნება.
ნანა, 42 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3