კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა კოცნის თავისუფლება ქართველი ახალგაზრდებისთვის ფუნდამენტური ღირებულება და რატომ გადაინაცვლა საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციებმა თბილისიდან რეგიონებში



იმას, რომ ახალგაზრდობა, მაინცდამაინც, არ ინტერესდება საქვეყნო-სახელმწიფოებრივი საქმეებით, ამას „სოროსის ფონდის“ მიერ ჩატარებული კვლევებიც მოწმობს. კერძოდ, გაირკვა, რომ დღეს ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში, განსაკუთრებით, 25 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიმჩნევა გარკვეული ნიჰილიზმი, ცინიზმი და ნაკლები რწმენა იმისა, რომ მათი მონაწილეობით რამე შეიცვლება. რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფიქრებინებს, რომ აქტუალურია ახალგაზრდების დაინტერესება სამოქალაქო ცხოვრებით, სამოქალაქო განათლების ამაღლება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, ორიოდე კვირის წინათ, ახალგაზრდების ნაწილმა რიყის ახალთახალ პარკში საპროტესტო აქცია მოაწყო კოცნის აკრძალვის წინააღმდეგ. მართალია, მხოლოდ სამიოდე წყვილმა გაუბედა ერთმანეთს კოცნა, თუმცა პროტესტი მაინც შედგა. ამ თუ სხვა მიზეზით, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ზემოდან ნება დაგვრთეს, სადაც, რამდენიც გინდათ და ზედაც, ვისაც გინდათ, აკოცეთო. რა კავშირი აქვს კოცნის თავისუფლებას ადამიანის თავისუფლებასთან და რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური, –  ამ პრობლემას ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე განგვიმარტავს.
–  კოცნის თავისუფლება ყველგან და ყოველთვის ასეთი მნიშვნელოვანია თვითგამოხატვისთვის თუ რა დაგვანახვა ამ პროტესტმა?
– ჩემი აზრით, ეს გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება ჩაერია არაპოლიტიკურ საქმეებში.
– გადასახდელების გაზრდა ახალგაზრდებს არ გაუპროტესტებიათ. ნაგვის გადაყრა პოლიტიკური საკითხია?
– მეტ-ნაკლებად, რადგან, რაც ჯიბეზე გირტყამს, მაშინვე პოლიტიკურ-ეკონომიკური დატვირთვის ხდება. ამ შემთხვევაში კი, ზნეობასა და მორალზეა ლაპარაკი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცნობიერებაში არ არის სახელმწიფოს საქმე. ეს შეიძლება, იყოს ეკლესიის საქმე, მაგრამ არა სახელმწიფოსი და, ალბათ, ამით აიხსნება პროტესტი.
– ფსიქოლოგიური მექანიზმი რა იყო ამ პროტესტის?
– გახდა შესაძლებელი კარნავალის მოწყობა, ანუ აკრძალულის გაკეთება. კარნავალის არსიც ეს არის. კარნავალი არის არა ნიღბები, არამედ არსებული ნორმების ამოტრიალება და არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს ამას, სახელმწიფო თუ ვინმე სხვა. მთავარია, რომ ასეთი ჩარევა არალეგიტიმურად ითვლება ახალგაზრდობის ცნობიერებაში და მშვენიერი შესაძლებლობა და მიზეზია საიმისოდ, რომ საკმაოდ თეატრალიზებული გამოსვლაც კი გაკეთდეს.
– ანუ რეაქცია ჯანსაღია?
– სავსებით.
– პროტესტის ეს ფორმა, თუნდაც, არამრავალრიცხოვანი, მაგრამ მაინც პროტესტის, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებისკენ სვლად შეიძლება, განვიხილოთ?
– ერთი შემთხვევით მსჯელობა ძნელია, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ იყო ყურადღების გადატანის მცდელობა, საკმაოდ ხმაურიანი და ეფექტიანი და ამ ქოლგის ქვეშ რაღაც სხვა გადაწყვეტილების გატანა, მაგალითად, ან დასუფთავების და ელექტროენერგიის ტარიფების მიბმა, ან საარჩევნო კანონმდებლობა. ეს ნაცადი მეთოდია: ხელისუფლება აკეთებს ხოლმე რაღაც მსგავს სენსაციურ განცხადებას, შემდეგ უკან მიაქვს და ძალიან კარგადაც იცის, რომ უკან წაიღებს, ანუ შემდგომი სვლა კარგად არის გათვლილი. იციან, ვინ გამოვა, აქედან რა გამოვა, როგორი იქნება პრესის რეაქცია, რომლებიც ასეთ დროს, როგორც პეპლები, ისე მიდიან სინათლეზე და ყურადღების გადატანა ხდება მთავარი საკითხიდან. არ ვიცი, რამდენად არის ეს სამოქალაქო ცნობიერების განვითარების მაჩევნებელი, მაგრამ იმის მაჩვენებელი კი ნამდვილად არის, რომ რაღაც დოზით ლიბერალიზმი და თავისუფლება უკვე ორგანულად მიიჩნევა. ალბათ, ასეთივე რეაქცია იქნება ლუდის სმის აკრძალვაზეც.
– ლუდზე გვითხრეს, სვით, ოღონდ დებოში არ ატეხოთო, თუმცა არ ვიცით, ის ცალკეული დაჯარიმებულები მხოლოდ სვამდნენ ქუჩაში თუ დებოშიც მიაყოლეს, რაც არ იქნებოდა გასაკვირი.
– ეს გასაგებია, მაგრამ, თუ საერთოდ აიკრძალება ალკოჰოლის მოხმარება საჯარო ადგილებში, ანუ იმის აკრძალვა მოხდება, რაც უკვე გვაქვს კულტურაში და გათავისებულიცაა, ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვება. არ მგონია, აიკრძალოს, რადგან ალკოჰოლი შემოსავლის კარგი წყაროა.
– ალკოჰოლის რეკლამა აქტიურია ტელევიზიით. უცხოეთში, თუ არ ვცდები, საჯარო ადგილებში აკრძალულია სმა. მახსოვს, გამოსაშვები საღამოს შემდეგ ტონი ბლერის ვაჟი, როდესაც ბლერი პრემიერ-მინისტრი იყო, ბაღში იწვა ლუდით მთვრალი და ბლერმა ბრიტანელებს ბოდიში მოუხადა.
– უცხოეთში საჯარო თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მხოლოდ ლუდია დასაშვები, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთადაა პაკეტში.
– რა ტიპის აკრძალვას შეიძლება, მოჰყვეს მსგავსი რეაქცია ახალგაზრდების მხრიდან?
 – თუ შემოიღებენ აკრძალვას ამა და ამ სიგრძის მოკლე კაბის ტარებაზე, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს დიდ აურზაურს. ან, მაგალითად, თუ აიკრძალება ბიკინის ტარება და მსგავსი რაღაცეები.
– კოცნის თავისუფლება, ალკოჰოლის მიღების თავისუფლება, ბიკინის ტარების უფლება და ასე შემდეგ, გამოხატავს, ზოგადად, ადამიანის ლტოლვას თავისუფლებისკენ? ანუ სად გადის ზღვარი ჩვენსა და, ვთქვათ, ძაღლებს შორის?
– იქ გადის, რომ ისინი ბიკინებს არ ატარებენ. მაგალითად, საქართველოში შორტებით დადიან, მაგრამ არ დადიან ასე თეატრში.
– ჯერჯერობით არ დადიან.
– მაგრამ მაინც არ დადიან, თუმცა ზღვარი შეიძლება, იცვლებოდეს. როდესაც ამ ზღვრის უკან გადატანა და იმის გამკაცრება უნდათ, რაც უკვე გაპიროვნებული და გათავისუფლებულია, ეს იწვევს პროტესტს.
– ჩვენი საზოგადოების შინაგანი თავისუფლების ხარისხი როგორია?
– საშუალო და, ერთი მხრივ, ბევრი ისევ ტრადიციების გავლენის ქვეშ არის.
–  ტრადიციებში რას გულისხმობთ?
– ბევრ რამეს: ჩაცმულობის მანერას, ვინ არის ოჯახში მთავარი, ვის ავალია ბავშვის აღზრდა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ქალიშვილობის ინსტიტუტს. ყველაფერს ერთად აღებულს.
– არატრადიციული რა შემოვიდა? თუმცა სმა მეტად ტრადიციულია.
– არატრადიციულია ის, რომ მრავლდება ნუკლეარული ოჯახების რიცხვი, ანუ ისეთი ოჯახების, რომლებიც აღარ ცხოვრობენ მშობლებთან. ახლახან სტუდენტების ესსეებს ვასწორებდი და ძალიან ბევრია ირონიულად განწყობილი ტრადიციული, პატრიარქალური ოჯახებისადმი.
– უფრო ვაჟები თუ გოგონები?
– ორივენი, უბრალოდ ბიჭები უფრო მკვეთრი გამოთქმებით გამოხატავენ თავიანთ აზრს.
– ეს კარგი ამბავია. რა არ მოსწონთ განსაკუთრებით პატრიარქალურ ოჯახში: პასუხისმგებლობა რომ სულ მათზეა თუ ქალი რომ დაჩაგრულია?
– კონკრეტულად არ ამბობენ, უბრალოდ, როდესაც აღწერენ ტრადიციულ ოჯახს,  ერთ-ერთი დავალება სწორედ ასეთი იყო, აღწერენ ირონიით. მაგალითად, ღიპიან მამას ფული შემოაქვს, დედა მთელი დღის განმავლობაში სამზარეულოშია, ბაბუა კი ნარდს თამაშობს. ხშირი იყო ოჯახური სურათის ასეთი აღწერა. როდესაც ამისადმი ასეთი ირონიული დამოკიდებულებაა, ეს ნიშნავს, რომ ეს აღარ არის ის ღირებულება, რომელსაც ადამიანი შეინარჩუნებს. მეტია ალბათობა, რომ ის სხვანაირად შეეცდება თავისი ოჯახის დაწყობას, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ სხვანაირად მაინც.
– გოგონებს რა შენიშვნები აქვთ პატრიარქალურ  ოჯახებთან?
– ისინიც განიცდიან ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობას და ამას ასახელებენ საქართველოში განქორწინებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და მათაც ისეთივე ირონიული დამოკიდებულება აქვთ ტრადიციული ოჯახებისადმი, როგორც ბიჭებს.
– ვაჟებს აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება ქალიშვილობის ინსტიტუტისადმი?
– აქვთ. საერთოდ, ყოველგვარი პოლიტიკური რეჟიმებისგან დამოუკიდებლად, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, დასავლური რეალიები შემოდის და მკვიდრდება, იმის მიუხედავად, ხელისუფლება ამას ხელს უწყობს თუ, პირიქით, უშლის. თუ არ ჩაკეტავ საზღვარს, თუ არ გამორთავ ინტერნეტს, ეს პროცესი წავა.
– ასე სპონტანურადაც? ჩვენთან ურთიერთობები არც ტრადიციულია, არც არატრადიციულია, არც დასავლური, არც აღმოსავლური?
– სპონტანურად ვერ მოხდება. მე ვიცი არაფორმალური, მაგრამ სანდო ინფორმაცია: საქართველოში ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია არის საქალწულე აპკის აღდგენა, ოღონდ ამ ოპერაციამ გადაინაცვლა თბილისიდან რეგიონებში. ანუ თბილისში ეს უკვე აღარ არის დიდი ტრაგედია, თუმცა რაიონებში ჯერ კიდევ არის. მაგრამ, თავისთავად, ოპერაციის არსებობის ფაქტი მოწმობს, რომ პრობლემა არის.
– მხოლოდ ახალგაზრდები უნდა იყვნენ ამ მიმართულებით აქტიურები?
– ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, უნდა იყვნენ თუ არა. ვინც არის აქტიური, არის, ვინც არ არის, არ არის. კარგია, თუ ყველა დაიწყებს თავისი უფლებების დაცვას ისე, როგორც საჭიროა. რა დონეზეც იცავენ, ჯერჯერობით იმ დონეზე ვართ.
– ამბობთ, რომ ახალგაზრდები არ აპრტესტებენ იმას, რაც მათ ჯიბეს არ ურტყამს. ეს ნორმალურია?
– არ გააპროტესტეს ტარიფების ზრდა იმიტომ, რომ თვითონ არ იხდიან გადასახდელებს და ეს პრობლემა არ აწუხებთ. თან, მათ არც აქვთ გაცნობიერებული, რა დგას ტარიფების მატების უკან.
– საინტერესო სურათი იქმნება: ნაგვის გატანის ფულიც არ აქვთ და კოცნის თავისუფლებას კი ითხოვენ. მიგვიყვანს ეს გზა თავისუფალ მოქალაქემდე? ანუ მოახდენს სექსუალურ რევოლუციას თაობა, რომელიც მშობლების ხარჯზეა?
– ეს ცოტა რთული საკითხია. მეორე მხრივ, სად –  ნაგავი, სად –  კოცნა, მაგრამ ახალგაზრდას, მართლაც არ აწევს ეს ხარჯი. ამას გარდა, სტუდენტის ოჯახისთვის ეს არ წარმოადგენს დიდ თანხას, თუმცა არ ვიცი, რა ხდება დაბალ ფენაში, რომელსაც მატერიალურად უჭირს. ისინი, ალბათ, არც გამოსულან კოცნის აკრძალვის გასაპროტესტებლად.
– ჩვენი თავისუფლების ხარისხი საშუალო დონეზეაო, თუ არ გავზარდეთ, ფაქტია, ცუდად იქნება ჩვენი საქმე. ეს საშუალოობა უფრო ტრადიციების გავლენის შედეგია თუ საბჭოთა მემკვიდრეობის?
– დიდი პრობლემაა გაუნათლებლობა, თუმცა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა. არის კვლევები, რის მიხედვითაც, საქართველო, ყველა პარამეტრით, არის ყველაზე „აზიური“ ევროპულ კულტურებს შორის და ყველაზე „ევროპული“ აზიურ კულტურებს შორის.
– ეს ტრადიციული როლია.
– ტრადიციული როლი –  კულტურების გადაკვეთაზე მცხოვრები ერისთვის.
– ყოველთვის იცავდა ამ ბალანსს ჩვენი კულტურა?
– კი არ იცავს, ეს თავისთავად ხდება. საქართველო, მეთვრამეტე საუკუნის ჩათვლით, იყო სუფთა აღმოსავლური ქვეყანა და რუსეთის შემოსვლის შემდგომ გაჩნდა ევროპიზაციის ელემენტები.
– რაც უფრო შემოვა ევროპა, უფრო გავევროპელდებით? ოპტიმიზმით მავსებს ის, რომ ჩვენთან და დასავლეთ ევროპაში კლასიკური ფეოდალიზმი იყო?
– რა თქმა უნდა, უფრო გავევროპელდებით. რაც შეეხება  ფეოდალიზმს: ის მაინც სხვადასხვანაირი იყო. ევროპაში ტიტული გადადიოდა მხოლოდ უფროს შვილზე, ჩვენთან – ყველა შვილზე, რაც ამრავლებდა ღარიბ თავადაზნაურობას. თუმცა ეს სულ სხვა თემაა. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ევროპული ღირებულებების შემოსვლას, მაგრამ ასეთი პოლიტიკა ძნელი გასატარებელია. სჭირდება საერთო ძალისხმევა, პროგრესული ნაბიჯები და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.
– დასავლეთი თავისი ცხოვრების წესამდე მივიდა ბუნებრივი განვითარების გზით და, ჩემი აზრით, ამიტომაც არ აქვთ რეცეპტი ჩვენნაირი, პოსტკოლონიალური და პოსტსოციალისტური დაღის მქონე, ქვეყნისთვის. მეჩვენება, რომ ამიტომაც ცდისა და შეცდომის გზით მოქმედებენ. თქვენ?
– მეც ასე ვფიქრობ. ევროპასთან ფიზიკური სიახლოვე და დემოკრატიული ტრადიციები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ავიღოთ ბალტიისპირეთი და შუა აზია: ის შორს არის და იქ სულ დესპოტია იყო, ბალტიისპირეთი ახლოსაა, ჰქონდა დასავლური გამოცდილება, ცოტა ხანს იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და უკვე ევროკავშირის წევრია. ჩვენ გვამძიმებს ჩვენი აღმოსავლური წარსული და მეზობლები: სამხრეთით –  თურქეთი, ჩრდილოეთით –  რუსეთი. საერთოდ რომ არ გვესაზღვრებოდეს არავინ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა გავლენის თვალსაზრისით.
– სად უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს მენტალურად: აზიელებთან თუ ევროპელებთან?
– გააჩნია, ვინ, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები სხვადასხვაგან: არიან ისეთები, რომლებიც რუსეთში არიან კომფორტულად; ზოგიერთი –  თურქეთში და ზოგიც –  ევროპაში.

скачать dle 11.3