კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა მიზეზით ჩააბარა დედამ 5 წლის შვილი ბავშვთა სახლში და სად ეძებს ის ამჟამად გაშვილებულ ბიჭს



50 წლის თამარ ლავრენტის ასული გოგიბერიძე ეძებს: 27 წლის ზურიკო გრიშას ძე გოგიბერიძეს (დაბადების სახელი და გვარი).
ისტორია: ვეძებ შვილს – 27 წლის ზურიკო გრიშას ძე გოგიბერიძეს (გვარი და სახელი ამჟამად შეცვლილია). ჩემი შვილი 5 წლის ასაკში ჩავაბარე წყნეთის ბავშვთა სახლში. იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და თავს ვერ ვაკონტროლებდი. მეზობლებმა მიჩივლეს და უბნის „მაყურებლის“ თანხლებით ჩემი შვილი ბავშვთა სახლს მივაბარე. ზურიკოს დაბადებიდან ჰქონდა ჰიდროცეფალია, ანუ დიდი თავი და ცერებრალური დამბლა, მაგრამ ექიმები მისი გამოჯანმრთელების იმედს მაძლევდნენ (ტირის). ჩემი შვილი 9 აპრილის ცნობილ მოვლენებამდე გააშვილეს წყნეთის ბავშვთა სახლიდან. ამის შემდეგ მე ის არ მინახავს. რამდენიმე ხნის წინ მეზობლისგან გავიგე, რომ ჩემი ბიჭი, ზურიკო ქუთაისში გაშვილდა, შეძლებულმა ოჯახმა იშვილა. ძალიან მინდა, მისი პოვნა. მას ჰყავს უმცროსი ძმაც. მინდა, რომ ძმებმა ერთმანეთი გაიცნონ და თუკი შეძლებს, ზურიკომ მაპატიოს ყველაფერი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემს რესპონდენტს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად თამრიკოც ნაშვილებია და ისიც სწორედ 5 წლის ასაკში, როგორც მისი შვილი ზურიკო. მას ახლა დედა ეძებს. სავარაუდოდ, გაშვილებული ბიჭი ამჟამად ქუთაისში უნდა ცხოვრობდეს (მაგრამ ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა). როგორც თავად დაკარგულის დედა ირწმუნება, ზურიკოს აღმზრდელმა მშობლებმა იზრუნეს ბავშვის ნაკლის ლიკვიდაციაზე. ამჟამად ზურიკო არამც თუ ლაპარაკობს, მღერის კიდეც.
– მოგვიყევით თქვენი ისტორია, რამ განაპირობა შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება, რა მოხდა ასეთი თქვენს ცხოვრებაში?
– არ ვიცი, საიდან დავიწყო. საქმე ისაა, რომ მე თავადაც ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია მაქვს. ჩემმა აღმზრდელმა დედამ ელენე გოგიბერიძემ (ცნობილი პროფესორის – მოსე გოგიბერიძის დამ) მე ბავშვთა სახლიდან მიშვილა. აღმზრდელი დედა მეგობრობდა იმ დროს ცნობილ ექიმთან, ნათელა ურუშაძესთან. ის და ნათელა დაქალები იყვნენ და მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ისე მოხდა, რომ არც ნათელა და არც ჩემი აღმზრდელი დედა გათხოვილი არ იყვნენ და შვილებიც არ ჰყავდათ. ელენე გაჰყვა ნათელას ჩაქვის ბავშვთა სახლში, საიდანაც ნათელას ბავშვი უნდა აეყვანა. სწორედ იქ ვიყავი მეც. მშობლებმა ჩამაბარეს და მაშინ უკვე 5 წლის ვიყავი. თურმე, ძალიან ლამაზი გოგონა ვყოფილვარ ბავშვობაში. ნათელას მაშინვე მოვეწონე და კანფეტები მოუცია ჩემთვის. მე კი, თურმე, მთელი კანფეტები ბავშვებს დავურიგე. ყველას შეხვდა ჩემ გარდა. სულ დავარიგე, რაც მქონდა. ეს რომ ჩემმა აღმზრდელმა დედამ, ელენე გოგიბერიძემ დაინახა, სთხოვა ნათელას, ძალიან გთხოვ, ოღონდაც ეს გოგონა მე დამითმეო. იმანაც დამთმო. ასე მოვხვდი გოგიბერიძეების ცნობილ ოჯახში. აღმზრდელი დედა ძალიან კარგი ქალი იყო. ის მუდამ კარგად მეხსომება. მან მე ყოველივე კარგი მომცა. თვითონ ძალიან პატიოსანი ქალი გახლდათ, განათლებული. ბევრს მოგზაურობდა. სანამ მე მიშვილებდა, თურმე, გერმანიაში იყო გადასახლებული ძმის მოსაძებნად. მთელი გერმანია ფეხზე დაუყენებია და ბოლოს მაინც იპოვა გარდაცვლილი ძმის საფლავის ქვა. დიდი ცდის შემდეგ, მან ძმის ნეშტი თბილისში ჩამოასვენა და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალა. თავად ის ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. სამწუხაროდ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაც აირია.
– რას გულისხმობთ ცხოვრების არევაში, რა მოხდა შემდეგ?
– საქმე ისაა, რომ აღმზრდელი დედა უკვე ასაკოვანი იყო და მე ვერ მივლიდა. ამიტომ ჩამაბარა ინტერნატში, სადაც 10 კლასი დავამთავრე. ინტერნატში ჩვენი  სკოლის დირექტორი იყო ომარი (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს). იმ კაცს ძალიან ვუყვარდი და ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მე მაქცევდა. იქ მყოფი ბავშვებიდან მხოლოდ მე ვიყავი თბილისიდან და შაბათ-კვირაობით თავის სახლში მივყავდი. ოჯახში ჰყავდა შვილებიც. დირექტორის შვილებთან ერთად ვთამაშობდი, ორშაბათობით კი ისევ ინტერნატში მოვყავდი თავად ომარს. სწორედ იმ პერიოდში, ჩემი აღმზრდელი დედა, რომელიც უკვე ასაკოვანი იყო, მწერალთა კავშირში იმყოფებოდა. იქ კი დიდი კიბე ყოფილა და წაქცეულა. ტვინში სისხლი ჩაექცა და ვეღარ გადაარჩინეს. ჩემი აღმზრდელი მეცხრე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ამბავი აღმზრდელის ნათესავმა, რენო დოლიძემ შეატყობინა ჩემს დირექტორს, რომელმაც თბილისში ჩამომიყვანა. მანამდე, სანამ მე არ ჩამოვედი, აღმზრდელი დედის ცხედარი მეცხრე საავადმყოფოს „მორგში“ იყო. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. მართლა მიყვარდა ჩემი აღმზრდელი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემზე მზრუნველობა მისმა ნათესავმა სესილიმ აიღო თავის თავზე. სესილი რენოს შვილი იყო. მაგრამ, ჩემი ნათესავებიც დედის მხრიდან მალევე გარდაიცვალნენ და მე მარტო დავრჩი. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის, მომაწყვეს სამსახურში, გმირთა მოედანზე მდებარე ქარხანაში. კარგად ვმუშაობდი და, რაღაც დროის შემდეგ თანრიგიც მივიღე – მენაწიბურე ვიყავი. მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, რადგან ბევრ ადამიანს თვალი ეჭირა ჩემს სახლზე, განსაკუთრებით მამაკაცებს. აღმოჩნდა, რომ მეც სუსტი ნებისყოფის ადამიანი ვყოფილვარ და მავნე ჩვევები მალე „ავიკიდე“. მყავდა მეუღლე – ვოვა, გვარად პრაზდნიკი, რომელიც სვამდა, გალოთდა და მეც ამიყოლია. ისე შევყევი სმას, რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი – ქუჩაში გამოვრბოდი და ვიგინებოდი, ვილანძღებოდი. ეს ყველაფერი ვერ აიტანეს ჩემმა მეზობლებმა და მიჩივლეს. იმ დროს დავითაშვილზე ცხოვრობდა უბნის ინსპექტორი, ნათელა ცინცაძე, სწორედ მან წამაყვანინა და ჩამაბარებინა ბავშვი წყნეთის ბავშვთა სახლში. იმ დროს ზურიკო უკვე 5 წლის იყო. მაგრამ, ზურიკოს დაბადებიდან ჰქონდა ჰიდროცეფალია და ცერებრალური დამბლა, ვერ ლაპარაკობდა და ვერ დადიოდა. მიუხედავად ამისა, მე ის მაინც დამყავდა ექიმებთან. საბურთალოზე იყო ცერებრალური დამბლი ცენტრი, სადაც მუშაობდა ჩემი აღმზრდელი დედის ნათესავი, რუსიკო დოლიძე. ის ყველა ღონეს მიმართავდა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებულიყო. როგორც უკვე ვთქვი, ზურიკოს ბავშვთა სახლში ჩაბარება ჩემი მიზეზით მოხდა, მართლა ძალიან ცუდად ვიქცეოდი. ამჟამად აღარ ვსვამ, ვნანობ ყოველივეს და ვფიქრობ, ჩემი აღმზრდელი დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება ასე არ წარიმართებოდა. ზურიკოს ბიოლოგიური მამა რუსთაველი ნარკომანი იყო. აბა, ნარკომანისგან რა ბავშვი გამიჩნდებოდა. (ტირის) მაგრამ ზურიკო მართლა კარგი იყო – ისეთი ლამაზი, მწვანე თვალებით, ქერა, ფიზიკურად რუსის ტიპის. მას შემდეგ, რაც ის წყნეთის ბავშვთა სახლში ჩავაბარე, ვაკითხავდი ხოლმე. მცნობდა, ვაჭმევდი. თუმცა, ვერ დადიოდა და მანეჟში იყო. ერთხელაც მივედი და ზურიკო აღარ დამხვდა. ეს მოხდა 9 აპრილამდე, მაშინ ზურიკო ჯერ კიდევ 5 წლის იყო. აღმზრდელმა ძიძამ მითხრა, რომ ზურა იშვილეს, იგივე გამიმეორა ბავშვთა სახლის დირექტორმაც, თან მომაყოლა – აბა, არ მოხვედი და გავაშვილეთო – აქეთ მე დამაბრალეს! მის შემდეგ ჩემი შვილი აღარ მინახავს.  ლერმონტოვზე მცხოვრები მეზობლებისგან გავიგე, რომ ჩემი ბიჭი ქუთაისში გააშვილეს. მდიდარ ოჯახში მოხვდა და ყოველივე გააკეთეს, მილიონები დაახარჯეს და განკურნესო. ასე მითხრეს.
– მანამდე თუ ეძებდით თქვენს შვილს და მის გარდა გყავთ თუ არა სხვა შვილი?
– ზურიკოს შემდეგ მეყოლა მეორე ვაჟი, ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად 25 წლისაა. ნიკოლოზმა იცოდა ზურას არსებობის შესახებ და ყოველთვის დარდობდა ძმის ამბავს. ამჟამად ის ციხეშია, ყაჩაღობისთვის იხდის სასჯელს. სანამ ციხეში მოხვდებოდა, სულ მეუბნებოდა, – მე შენ გსჯიო, – მაშინ არ ვიცოდი, რისთვის, ახლა კი ვხვდები, რომ ზურიკოს გამო მსჯის. ძალიან მინდა, რომ ძმებმა ნახონ და გაიცნონ ერთმანეთი. მე თუ არ მიმიღებს და არ ვენდომები, არა უშავს, მაგრამ ძმას, ვფიქრობ, უნდა იცნობდეს. მართალია, ისინი ნახევარძმები არიან, მაგრამ მაინც. მინდა, რომ ზურიკოს მშობლებმაც იცოდნენ, რომ მე მათთვის მადლობის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, არც ის მინდა, ზურას ცხოვრება ავურიო, უბრალოდ, მინდა, იცოდეს, რომ მას დედა ჰყავს, რომელიც ეძებს და ყველაფერს ნანობს.
– როგორ ფიქრობთ, გაპატიებთ შვილი და მიგიღებთ? თქვენ თუ მოგიძებნიათ თავის დროზე თქვენი ბიოლოგიური მშობლები?
– არასდროს მიძებნია ჩემი ბიოლოგიური მშობლები, რადგან ძალიან კარგი აღმზრდელი მყავდა. ვიცი, რომ ზურასაც კარგი აღმზრდელი ჰყავს. მაგრამ თუკი ის ღვთისნიერი ადამიანია, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც მოინდომოს ბიოლოგიური დედის ნახვა, მე ამის დიდი იმედი მაქვს. ნიკოლოზის წინაშეც დამნაშავე ვარ და მინდა, რამენაირად მაინც გამოვასწორო ყველაფერი. თუ შევძლებ...
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3