კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ მოკლა ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი ქელეხში – წარსულში დამალული საიდუმლო, რომელიც ორი მეგობრის მტრობის საბაბი გახდა



43 წლის ზაზა ღვინიაშვილი საავადმყოფოში  სხეულის მძიმე დაზიანებებით მოათავსეს. მას მუცლისა და გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ორი მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.  სამედიცინო ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა.  ექიმებმა ზაზა ღვინიაშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის საოპერაციო ბლოკში  გარდაიცვალა.
   აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა. როგორც  მოკვლევით გახდა ცნობილი, ზაზა ღვინიაშვილი  საავადმყოფოში მეგობრის მამის გასვენებიდან მიიყვანეს, სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა. მოწმეების დაკითხვის შედეგად ცნობილი  გახდა,  რომ ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავდა. ამონაწერი ვალერი კანკიას ჩვენებიდან: „დაჭრილ მამაკაცს საერთოდ არ ვიცნობდი. თანამშრომლის მამის ქელეხში ვიყავი. გვიანობამდე შემოვრჩი. უკვე წასვლას ვაპირებდი, როცა ჩემი მასპინძლის სახლთან ახლოს, პატარა ჩიხში მიწაზე დაგდებული მამაკაცი დავინახე. თავიდან ვიფიქრე, ნასვამი იყო და გადავწყვიტე, წამოდგომაში მივხმარებოდი. ახლოს რომ მივედი, დავინახე, რომ სისხლის გუბეში იწვა. ის სისხლში მოსვრილი მიწაზე ეგდო და შველას ითხოვდა.  სასწრაფოდ  ხალხს დავუძახე, დაჭრილს თითქმის არავინ იცნობდა. როგორც მერე აღმოჩნდა, მასპინძლის ბავშვობის მეგობარი იყო.  სასწრაფოდ პოლიციას შევატყობინეთ მომხდარი ამბავი. მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაჭრილი  საავადმყოფოში გადაიყვანეს”.
   სამართალდამცველებმა  დაკითხეს იმ სახლის მეპატრონე, სადაც  ინციდენტი მოხდა და მამაკაცს მძიმე ჭრილობები მიაყენეს. ამონაწერი კოსტა გურგენიძის ჩვენებიდან: „გარდაცვლილი ზაზა ღვინიაშვილი ჩემი სოფლელი და თანაკლასელი იყო. უკვე მოზრდილები ვიყავით, როცა ზაზას ოჯახმა ჩვენს სოფელში ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სხვა სოფელში გადავიდნენ. მას შემდეგ ერთმანეთი დავკარგეთ, კონტაქტი აღარ გვქონია. ორი წლის წინ ზაზას შემთხვევით შევხვდი ელიავას ბაზრობაზე, სადაც ის მუშად მუშაობდა. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა, ურთიერთობაც აღვადგინეთ. ახლა, როცა მამა გარდამეცვალა, მისი დახმარება დამჭირდა და დავურეკე. მერე გასვენებაშიც მოვიდა. ქელეხში გვიანობამდე დარჩა. ბევრი სტუმარი გვყავდა და ყურადღება ვერ მივაქციე, არ შემინიშნავს, როდის წავიდა და როგორ. ხალხი უკვე დაშლილი იყო, როცა ჩემმა  თანამშრომელმა, ვალერი კანკიამ ზაზა ჩიხში, დაჭრილი იპოვა. ვისთან მოუვიდა ჩხუბი და რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს”. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს კოსტა გურგენიძის ჩვენებაში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. თუმცა, როგორც მერე გაირკვა, მან სამართალდამცველებთან არ  განაცხადა მისთვის ნაცნობი იმ გარემოებების შესახებ, რაც მკვლელობის მიზეზი  გახდა.      
წარსულში დამალული საიდუმლო
ზაზა ღვინიაშვილი სოფელ ჭოკში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მისი მეზობელი და ახლო მეგობარი იყო ვაჟა გაფრინდაშვილი. მათ მთელი ბავშვობა ერთად ჰქონდათ გატარებული, თუმცა ერთ დღეს სოფელში დატრიალებულმა საზარელმა ისტორიამ, ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად აქცია. ვაჟა გაფრინდაშვილის და, 20 წლის ხათუნა, უცნობმა მამაკაცებმა სოფლის განაპირას, მიტოვებულ სახლში შეიტყუეს  და გააუპატიურეს. ამ ამბავს სოფელში დიდი ამბავი მოჰყვა. საზარლად გაუპატიურებულმა ახალგაზრდა გოგონამ მოძალადე მამაკაცები ვერ ამოიცნო. თუმცა, ის კი განაცხადა, რომ იმ სახლში ზაზა ღვინიაშვილის  კუთვნილი მანქანით მიიყვანეს. ამის გამო ზაზა ღვინიაშვილი  პოლიციამ დააკავა. მან ციხეში 6 წელი გაატარა, თუმცა ამ ისტორიის რეალური დეტალები ბოლომდე უცნობი დარჩა.  როგორც სოფელში ამბობდნენ, სინამდვილეში ხათუნა გაფრინდაშვილი ზაზას  ძმამ გააუპატიურა, და ზაზამ კი ეს დანაშაული თავის თავზე აიღო. ასე იყო თუ ისე,  ღვინიაშვილები სოფელ ჭოკის მოსახლეობამ მოიძულა. მათ ლინჩის წესით უპირებდნენ გასამართლებას, სახლიც კი გადაუწვეს, ისინი მეზობელ  სოფელში  გადასახლდნენ, ციხიდან გამოსული ზაზა სოფელში საერთოდ აღარ დაბრუნებულა –  მან საერთოდ მიატოვა ოჯახი, მშობლები, ძმა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაოჯახდა  კიდეც.  ახალგაზრდა მამაკაცი,  რომელიც  საზარელი გაუპატიურებისთვის გაასამართლეს, არც ძველ ნაცნობებს ეკონტაქტებოდა. როგორც მისი ახლობლები აცხადებდნენ, მას ციხეში გატარებულმა წლებმა თავისი დაღი დაასვა – ზაზა ღვინიაშვილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და აღარავის ეკონტაქტებოდა. მას ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. თუმცა, დროდადრო ოჯახსაც გაურბოდა ხოლმე.  მისი უცნაური ხასიათი მხოლოდ მის ძველ  ახლობლებს არ უკვირდათ,  თუმცა მასთან ურთიერთობას ისინიც თავს არიდებდნენ.             
დაგვიანებული შურისძიება
როდესაც სამართალდამცველებისთვის  ზაზა ღვინიაშვილის წარსულის შესახებ გახდა  ცნობილი, მათ  დამნაშავის ძებნა გაფრინდაშვილებს შორის დაიწყეს. მკვლელობის საბაბი, სავარაუდოდ, წარსულში მომხდარი ინციდენტი უნდა ყოფილიყო, რადგან ზაზას ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სხვა მტრები არ უნდა ჰყოლოდა. სამართალდამცველებმა გადაამოწმეს ღვინიაშვილის სანაცნობო წრე, მისი კავშირები და საეჭვოს, გარდა სოფელში დატრიალებული ამბისა, ვერაფერს  მიაგნეს.  როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით გახდა ცნობილი,  კოსტა გურგენიძის მამის ქელეხში ვაჟა გაფრინდაშვილიც იმყოფებოდა. მამაკაცები,  რომლებსაც ერთმანეთთან დიდი მტრობა აკავშირებდათ, გურგენიძეების ბინაში, ერთმანეთს ცამეტი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ. ამონაწერი კოსტა გურგენიძის ჩვენებიდან: „როდესაც სოფელში ეს ამბავი მოხდა, მე უკვე თბილისში ვცხოვრობდი და საქმის დეტალებში ბოლომდე ვერ  გავერკვიე, ზაზაც და ვაჟაც ჩემი მეგობრები იყვნენ და ძალიან დამწყდა გული იმის გამო, რაც მოხდა. ზაზა ისეთი წესიერი ბიჭი იყო, ის რომ მეგობრის დას არ  გააუპატიურებდა, სოფელში ამაში ეჭვი არავის შეუტანია. მაშინ თვითონ ვაჟაც კი იმას ამბობდა: ვიცი, რომ ზაზა დამნაშავე არაა, აღიაროს, ვის ათხოვა მანქანა, ვინ გააუპატიურა ჩემი და და თავს  დავანებებთო. მაშინ  ზაზამ  ბოლომდე არ თქვა სიმართლე, მანქანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სოფლის ცენტრში დატოვა გაფუჭებული და ვინ წაიყვანა, წარმოდგენა არ ჰქონდა. მთელი სოფელი იმას ლაპარაკობდა, რომ გოგონა ზაზას ძმამ გააუპატიურა, მაგრამ მას ეს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. მერე კი, როცა ზაზა უკვე ციხეში იყო, ის ვლადიკავკაზში გადავიდა  საცხოვრებლად ცოლთან, რომელიც ჩრდილოკავკასიელი იყო.   წლების მერე ამაზე ლაპარაკს ზაზაც ერიდებოდა და ვაჟაც. როცა ზაზა ციხიდან გათავისუფლდა, მახსოვს, ვაჟას ვუთხარი: შეგახვედრებთ ერთმანეთს, გაერკვიეთ ყველაფერში. მთელი ცხოვრება მტრები ხომ  არ უნდა იყოთ-მეთქი. არაო, სასტიკად იუარა ვაჟამ. ასევე, არც ზაზას უნდოდა მასთან შეხვედრა. მამაჩემის გასვენებაზე ზაზა რომ მოვიდოდა, ვიცოდი, ვაჟას კი არ ველოდი. მისთვის ეს ამბავი არ შემიტყობინებია. ორივე რომ დავინახე, გასვენების დროს ძალიან ვინერვიულე. ერთსაც ვუთხარი და მეორესაც: შეგარიგებთ, როგორც კაცებმა, ერთმანეთს აპატიეთ ეს ამბავი-მეთქი. ორივე მოერიდა ერთმანეთთან დალაპარაკებას, სუფრასთანაც შორი-შორს დასხდნენ. ყურადღება არ მომიდუნებია, მაგრამ არც დაძაბულობა იგრძნობოდა მათ შორის და, არც ის  შემინიშნავს, იქ რომ რაიმე შეიძლებოდა მომხდარიყო. ვაჟა მალე წავიდა, სიმართლე გითხრათ,  შვებით ამოვისუნთქე და ზაზას მიმართ ყურადღებაც მოვადუნე. ვერც კი დავემშვიდობე, როცა წავიდა, რადგან დედაჩემი გახდა ცუდად და მასთან ექიმი  გვყავდა. ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა ჩემმა თანამშრომელმა ჩიხში, დაჭრილი ზაზა იპოვა”.        
   სამართალდამცველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  გურგენიძეების მეზობლის, 55 წლის  კარლო გოგიტიძის ჩვენება: „ხალხი ერთი საათის დამსხდარი იქნებოდა მაგიდასთან, როცა ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჩემთან და დანა მთხოვა: მანქანაში რაღაც გამიფუჭდა და დანა მჭირდებაო. „პოვარი“ კაცი ვარ, დანების მეტი რა მქონდა, იმ დღესაც გურგენიძეებს საკლავის გაკეთებაში მე დავეხმარე. ერთი დანა მივაწოდე, და დამიწუნა: ეგ პატარაა, აი, ის მეორე მათხოვეო, მითხრა. დანა კი მივეცი, მაგრამ თან, დავაყოლე: ეს დანა ყოველწუთს მჭირდება და მალე მომიტანე-მეთქი. წავიდა ის კაცი და უკან აღარც დაბრუნებულა. ხან სად მოვიძიე, ხან სად, მაგრამ ვერ მივაგენი. არც სამეზობლოში იცოდა ვინმემ, ვინ იყო ის მამაკაცი.“ კარლო გოგიტიძემ დაკითხვის დროს უცნობ მამაკაცში ვაჟა გაფრინდაშვილი ამოიცნო.  სამართალდამცველებმა  ვაჟა გაფრინდაშვილს, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს, ცოლისძმის ბინაში იმალებოდა. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა: „იმან, რაც 13 წლის წინ ჩვენს ოჯახში მოხდა, მარტო ზაზას ცხოვრებას კი არ დაასვა დაღი, ყველა გაგვაუბედურა. ამდენი წელი გავიდა და ის შეურაცხყოფა ვერ დავივიწყე. ბოლომდე ზაზას დამნაშავეობის არ მჯეროდა, მაგრამ იმაში ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ზაზას ჩემი დის გაუპატიურებასთან რაღაც კავშირი ჰქონდა. შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ, როცა ერთმანეთს კოსტას მამის ქელეხში შევხვდით,  ყველაფერი თავიდან დატრიალდა.  ისე  გავნერვიულდი, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. აფექტში ჩავვარდი, არ მახსოვს, როგორ მოვიფიქრე ის, რაც გავაკეთე, და დანა ვეთხოვე ქელეხში „პოვარს“. სანამ ზაზა ქელეხიდან გამოვიდოდა, მანქანაში დაველოდე,  დავინახე საითაც წავიდა და, მივხვდი,  ცენტრალურ ქუჩაზე გასასვლელს ეძებდა. ფეხებთან მანქანა გავუჩერე და ვუთხარი: დაჯექი-მეთქი. უარი მითხრა – ფეხით წავალ, ასე მირჩევნიაო. გზა რომ გააგრძელა, მეც მანქანიდან გადმოვედი და ფეხით მივყევი. ხვდებოდა, რომ უკან მივდევდი და გაჩერდა. ახლოს მივედი და  ვუთხარი: ამდენი წელი გავიდა და ახლა მაინც მითხარი, რა მოხდა მაშინ, ვინ მოსცხო ჩირქი ჩემს ოჯახს-მეთქი, დანა ქამარში მქონდა გარჭობილი. ზაზამ საცოდავად შემომხედა და მითხრა: ახლა არაფერს აღარ აქვს აზრი, მე ამისთვის სასჯელი მოვიხადე, მაგრამ როგორც კაცმა მაპატიეო. არ ვიცი იმ წუთში რა დამემართა, ზაზას თითქოს ცრემლიანი თვალები ჰქონდა, ჩავხედე თვალებში, თითქოს  თვალებით მიხდიდა ბოდიშს და მეუბნებოდა, რომ დამნაშავე თვითონ იყო. თითქოს იმასაც მიხვდა, რას ვაკეთებდი და წინააღმდეგობაც კი არ გამიწია. მე ამოვიღე დანა საქამრიდან და ორჯერ დავარტყი. არ ვიცი, რა დამემართა. ძირს რომ ვარდებოდა, ხელიც კი შევაშველე.  იმ წუთასვე ვინანე, რაც ჩავიდინე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, იქაურობა მივატოვე. პოლიციაში ჩემი ფეხით მინდოდა მისვლა, მაგრამ ვერ გავბედე.“   
პოლიციამ ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. მან სასამართლოზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ გაიზიარა, მის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების ფაქტი, რაც სასამართლო სხდომაზე საკმაოდ ემოციური იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი დამნაშავედ ცნეს და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

скачать dle 11.3