კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ ატარებდნენ ოდისეი დიმიტრიადი და ილიკო სუხიშვილი თავისუფალ დროს აზარტული თამაშებით.



საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უბრწყინვალეს დირიჟორად აღიარებულმა, ოდისეი დიმიტრიადიმ მთელი ეპოქა შექმნა... თუ როგორი იყო დიდი ხელოვანის ცხოვრება, მის შვილთან – ქალბატონ ნანა დიმიტრიადისთან ერთად გადავავლეთ თვალი.
– მამაჩემის მამა კონსტანტინოპოლში დაიბადა, შემდეგ ბათუმში გადმოვიდა, სადაც კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. მამაჩემის დედაც კონსტანტინოპოლიდან იყო. მათ ბათუმში ოჯახი შექმნეს და რვა შვილი ჰყავდათ, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი მამაჩემი იყო. 1924 წელს ძალიან ბევრი ბერძენი ბათუმიდან ისევ საბერძნეთში წავიდა, მამა და მისი ძმა კი საქართველოში დარჩნენ. მამამ რუსული გიმნაზია დაამთავრა და ბევრი მეგობარი შეიძინა, რომლებთანაც სიცოცხლის ბოლომდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა და კონსერვატორიაში ჩააბარა საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. სხვათა შორის, ბავშვობიდან არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე.
– დირიჟორობა რატომ გადაწყვიტა?
– აქ საკომპოზიტორო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ, ძალიან უნდოდა დირიჟორობა და 1934 წელს პეტერბურგში წავიდა, სადაც სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა. პეტერბურგში ყოფნამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მამაჩემის ცხოვრებაში. მაშინდელი პეტერბურგი ნამდვილი მექა იყო ხელოვანებისთვის, 1937 წლამდე ყველა კარგი დირიჟორი იქ ჩადიოდა... მამაჩემთან ერთად პეტერბურგში სწავლობდა ანდრია ბალანჩივაძე, რომელიც მამაჩემზე უფროსი იყო და სასწავლებელი ორი წლით ადრე დაამთავრა. ასევე, პეტერბურგში იმყოფებოდა ევგენი მიქელაძე. მამას და ევგენი მიქელაძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. მამა სულ ამბობდა, განსაკუთრებული ტალანტის დირიჟორი იყოო... მამამ პეტერბურგის კონსერვატორია რომ დაამთავრა, ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის მთავარი დირიჟორი იყო. მან მიიწვია მამა ოპერაში და თავისი  ძალიან ბევრი ნაწარმოები მისცა სადირიჟოროდ.
– თქვენ როგორ გახსენდებათ მამა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახის წევრების მიმართ...
– მამა, რასაკვირველია, ჩვენ მიმართ მკაცრი არ იყო. ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, ადამიანის თვისებებში რას ანიჭებთ უპიტესობასო და დაუფიქრებლად უპასუხა – სიკეთესო... არ მახსოვს, თავის კოლეგაზე ღვარძლიანი სიტყვა ეთქვას. საერთოდ კი, იმდენად იყო თავისი საქმით გატაცებული, დრო აღარაფრისთვის რჩებოდა. მე ორი ძმა მყავს, მაგრამ ჩვენ დედით ერთნი არ ვართ. მე მამას პირველი მეუღლის, ნადეჟდა ხარაძის შვილი ვარ. დედაჩემი ცნობილი საოპერო მომღერალი იყო, ახლახან 100 წლისთავი შესრულდა მისი დაბადებიდან და კონცერტი მივუძღვენი...
– სად გაიცნეს დედამ და მამამ ერთმანეთი?
– ერთმანეთი თბილისის კონსერვატორიაში გაიცნეს. დედა კონსერვატორიაში სწავლობდა, მამა მასზე სამი წლით უფროსი იყო. ერთმანეთი რომ გაიცნეს, მალევე შეუღლდნენ. სამწუხაროდ, პირველი შვილი, ჩემი უფროსი და, 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემდეგ მამა ზაქარია ფალიაშვილმა სოხუმში გაგზავნა სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად. მამა იქ იყო, დედა – თბილისში, ჩემზე ფეხმძიმედ და, მოხდა ისე, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, ბოლომდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მე მამას 5 წლამდე არ ვიცნობდი. მამა ჯერ სოხუმში იყო, შემდეგ – პეტერბურგში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა.
– გახსოვთ თქვენი პირველი შთაბეჭდილება მამაზე?
– რა თქმა უნდა, მახსოვს, პირველად რომ მოვიდა და ©©ჩამიკრა გულში.  მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი. ძალიან კარგი სმენა მქონდა და ამან მოხიბლა ყველაზე მეტად, როცა პირველად მნახა...  შემდეგ ჩემს ძმებთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა, ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით.
– ვინ იყო მისი მეორე მეუღლე?
– მეორე მეუღლე იყო მუსიკის პედაგოგი, ძალიან კარგი პიროვნება, რუსი ქალბატონი. თავად გვარად სერბინა იყო, მაგრამ გათხოვების შემდეგ დიმიტრიადის გვარს ატარებდა. ჩვენთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ყოველ დაბადების დღეს ერთად აღვნიშნავდით და ისედაც ხშირი მიმოსვლა გვქონდა. პატარა რომ ვიყავი, მამას მივყავდი, ხოლო, როცა წამოვიზარდე, დამოუკიდებლად დავდიოდი მათთან.
– მუსიკა ოჯახის სხვა წევრებისთვისაც ისევე მნიშვნელოვანი იყო?
– ჩემი უფროსი ძმა, პარისი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო. ტრაგიკულად გარდაიცვალა: ახალ ათონში იყო დასასვენებლად და შებინდებულზე ექსკურსიაზე წავიდნენ, მან გაბმული თოკი ვერ შეამჩნია (ახლომხედველი იყო), მიწა ფეხქვეშ გაგორდა და ხელები მაღლა ასწია – პიანისტი იყო და, ხელები არ დამიზიანდესო. ამიტომაც, რომ გადმოვარდა, თირკმელები ძალიან დაუზიანდა. 12 დღე იცოცხლა და გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა, 1961 წელს. ამ დროს მამა მექსიკაში იმყოფებოდა.  აქედან ურეკავდნენ და ვერ ატყობინებდნენ.  ბოლოს, როგორღაც დაუკავშირდნენ, მაგრამ, გარდაცვლილი რომ იყო, არ უთხრეს. თვითმფრინავში რომ ჩაჯდა, ვიღაცას სამძიმარი უთქვამს და ასე გაიგო...
– როგორ გადაიტანა ეს ტრაგედია?
– მამას ბერძნული, მედგარი ხასიათი ჰქონდა. ძალიან განიცდიდა, მაგრამ, სხვას არ აგრძნობინებდა. ექვს თვეში საღამო გამართა და თავის შვილს მიუძღვნა ჩაიკოვსკის მე-6 სიმფონია – ეს ცნობილი ტრაგიკული მუსიკაა...
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ოდისეი დიმიტრიადი ბრწყინვალე დირიჟორად აღიარა, აქ გულისტკივილიც შეხვდა...
– დიახ, რაღაც ინტრიგა იყო ორკესტრში – ორკესტრანტებმა ცუდი წერილი დაწერეს. რადგან მამა ქართველი არ იყო, წერდნენ, თითქოს ქართველ მუსიკოსებს ისეთ უპირატესობას არ ანიჭებდა, როგორც ჩამოსულებს. თუ ორკესტრში არ იყო კარგი შემსრულებელი, სხვა ქვეყნიდან იწვევდნენ. მამამაც მოიწვია მუსიკოსი რუსეთიდან და ამიტომ დაწერეს ასე, რაც დიდი ცილისწამება იყო...
– შემდეგ რუსეთში გადავიდა?
– მალე მოსკოვიდან მიწვევა მიიღო და წავიდა, სადაც რვა წელი დარჩა. 1973 წელს საქართველოში მოიწვიეს, რადგან აქ მთავარი დირიჟორი არ იყო.  უარი არ თქვა და ჩამოვიდა... სულ მალე ოპერა დაიწვა და სამუშაოდ პროფკავშირების სახლში გადავიდნენ. იქ ერთი წელი მუშაობდა და შემდეგ ისევ მოსკოვში წავიდა. ერთდროულად ასწავლიდა მოსკოვის და თბილისის კონსერვატორიებში. აქაური დირიჟორები თითქმის ყველა მისი აღზრდილია, ჯანსუღ კახიძის „თამადობით“. ჯანოთი მამა ძალიან ამაყობდა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ერთმანეთის ოჯახებშიც დადიოდნენ სტუმრად. მამა ჯანოს მშობლებს ძალიან უყვარდათ. ჯანო და მისი მეუღლე, ვანდა, ჩემი მეგობრებიც იყვნენ.
– მამას რა გატაცება ჰქონდა?
– აზარტულიც იყო – კარტსაც თამაშობდა, ნარდსაც... ნარდს ილიკო სუხიშვილთან ერთად თამაშობდა.  თავისუფალი დროის გატარება აზარტული თამაშებით უყვარდა.
– მატერიალური კეთილდღეობით თუ იყო დაინტერესებული?
– ყოველთვის შეეძლო, საბერძნეთში სახლიც აეშენებინა და ბინაც მიეღო, მაგრამ ეს არ აინტერესებდა. მოსკოვშიც, თავის ბინაში, მხოლოდ ელემენტარული მოხმარების საგნები ჰქონდა. სხვათა შორის, მისი მეუღლეც ასეთი იყო.
– ამბობენ, რომ თქვენ და მარია კალასი ნათესავები იყავით?
– მარია კალასის დედა გვარად დიმიტრიადი იყო. სამწუხაროდ, მამა და მარია კალასი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, რადგან მაშინ „რკინის ფარდა” იყო. შორეული ნათესაური კავშირი გვქონდა.
– ოდისეი დიმიტრიადის ოპერის წინ დასაფლავება როგორ გადაწყდა?
– მამა ათენიდან საქართველოში რომ გადმოვიდა, ოთხ წელიწადში გარდაიცვალა... ის ყოველთვის ამბობდა, დიდუბის პანთეონში მსურს დავიმარხო, რადგან ყველა ჩემი ახლობელი იქ არის დასაფლავებულიო. ჯანო კახიძე იყო კონცერტით ათენში და მამას უთქვამს (ჯანომ თავად მომიყვა): ჯანო, იცოდე, რომ მოვკვდები, დიდუბის პანთეონში დამასაფლავეთ, ყველა ჩემი მეგობრები იქ არისო... ჯანოს უთქვამს: მაესტრო, ოღონდაც დიდხანს ნუ მოკვდებით, მაგრამ, თუ რაღაც მოხდება, მე თვითონ ჩამოგიყვან ათენიდან საკუთარი ხელით და დიდუბის პანთეონში დაგასაფლავებო. საუბედუროდ, ჯანსუღ კახიძე მამაზე სამი წლით ადრე გარდაიცვალა, 70 წლისაც კი არ იყო... მამა რომ გარდაიცვალა გვითხრეს, რომ დიდუბის პანთეონში ადგილი აღარ იყო. ჩვენ არაფერში ჩავრეულვართ, მათ ჩათვალეს, რომ ოდისეი დიმიტრიადი განსაკუთრებულს იმსახურებდა და ოპერის წინ დაკრძალეს.
– ოდისეი დიმიტრიადი 2005 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ დიდუბის პანთეონში ბევრი დაიკრძალა...
– როგორც ვთქვი, ჩვენ არაფერში ჩავრეულვართ. შეიძლება, ხალხს ჰგონია, რადგან ოპერის წინ დაკრძალეს, ეს ჩვენი სურვილი ან მამის ანდერძი იყო. უბრალოდ, პატივისცემის ნიშნად გადაწყვიტეს, იქ დაეკრძალათ. თუმცა, ჩვენც დიდუბის პენთეონი გვერჩივნა, რადგან, საფლავს მივხედავდით. ახლა საფლავი ისეთ ადგილზეა, ირგვლივ ღიაა და მოვლა არ უხერხდება.
– არ შეიძლება, ბოლოს არ შევეხოთ მის პროფესიულ მოღვაწეობას. ამბობენ, რომ მთელი რუსეთი გააოცა, როდესაც 90 წლის ასაკში მოსკოვის დიდ თეატრში „პიკის ქალი” ჩვეული, არნახული წარმატებით იდირიჟორა...
– საქართველოშიც 90 წლის ასაკში იდირიჟორა ჩაიკოვსკის მე-6 სიმფონია – ეს იყო მისი ბოლო დირიჟორობა. სხვათა შორის, პირველადაც საქართველოში იდირიჟორა, თუმცა, იმ პერიოდში არ იყო დირიჟორი, ჯერ კიდევ კომპოზიტორობდა, მაგრამ, დირიჟორობა უყვარდა. შემდეგ მიყვებოდა, პირველად რომ ვდირიჟორობდი, იმდენად ვღელავდი, ჩავედი და კონიაკი დავლიეო.

скачать dle 11.3