კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერიას დღიურებიდან



დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹20-26(548)
მრავალი პოლიტიკური ლიდერის თავბრუდამხვევი კარიერა და მარცხი ახსოვს ისტორიას. მათ შორის იყვნენ დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად დასჯილებიც, მაგრამ ბუნებრივად ჩნდება უსამართლობის განცდა, როდესაც ბრალდებები ფანტასტიკის სფეროს ცდება, საშინლად გასაიდუმლოებული სასამართლოს შესახებ კი, დღესაც არავინ არაფერი იცის. იმყოფებოდა კი პიროვნება სასამართლოზე, რომელსაც აბსურდული ბრალდებები წაუყენეს, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, საბჭოთა წყობილების დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრაციის მცდელობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და 200 ქალის შეცდენაც კი.
1952 წლის 27 ოქტომბერი
წყარო სანდოა, მაგრამ გადამოწმება მაინც დავავალე. ამერიკა ატომური წვრთნების ჩატარებას აპირებს. როგორ გათავხედდნენ, სასწრაფო ზომებია მისაღები, ჩვენ მეცნიერებსაც უნდა გავესაუბრო.
1952 წლის 30 ოქტომბერი
ამერიკელებს ომის დაწყებაზე არც უფიქრიათ. ისინი ამისთვის არ ემზადებიან. ომის გაჩაღება მათ არ აწყობთ, მაგრამ სამხედრო ძლიერების დემონსტრირება უნდათ. თუ ატომურ შეიარაღებაში ლიდერები გახდებიან, მერე ყველაფერში თავისი პირობების წამოყენებას დაიწყებენ.
1952 წლის 5 ნოემბერი
ომი არ მოხდება, თუ ჩვენ წყალბადის ბომბი გვექნება. ამიტომ, ჩვენს მეცნიერებს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდებათ. ისინი განსაკუთრებულ პირობებს იმსახურებენ. სხვადასხვა ომი მინახავს. პირველი მსოფლიო მეორესთან შედარებით თამაში იყო, მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი. ჩვენი პირველი აფეთქების (პირველი საბჭოთა ბირთვული იარაღის გამოცდა) შემდეგ, ეპიცენტრში რომ მივედი, მიწის მაგივრად შუშებისმაგვარ ნიადაგზე დავდიოდი, ეს სხვა იარაღია, სულ სხვა.
1952 წლის 15 ნოემბერი
მავნებლები ისევ ამოქმედდნენ, განსაკუთრებით კულტურის სფეროში. მოქმედებენ შენიღბულად, ფარულად. აქ სპექტაკლებში შეაპარებენ ანტისაბჭოთა აზრებს, იქ პოეზიაში. იდეოლოგიური ომის წაგება არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით საშიშია საბჭოთა ხალხისთვის, შეიძლება მათი მორალური გარყვნა გამოიწვიოს.
1953 წლის 10 იანვარი
გუშინ ჩატარდა ბიუროს სხდომა ექიმ-მავნებლებთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ ამ საქმეს საჯარო ხასიათი მიეცემა. მასალები გამოქვეყნდება „პრავდაში“ და გადაიცემა რადიოთი. კობამ თქვა, რომ პროცესი ღია უნდა იყოს.
ექიმების საქმე გასაგებია, ანდრეი ჟდანოვს ისევე უმკურნალეს, როგორც მანამდე შჩუკინს (საბჭოთა მსახიობი) ცივსისხლიანი მკვლელები ექიმებსაც ჰყოლიათ, მაგრამ საქმე მარტო ექიმებში არ არის. პიროვნება დაუდევრობითა და მუქთახორობით ჯერ უპასუხისმგებლო ხდება, მერე კი პირდაპირ ასრულებს მტრის დავალებებს.
1953 წლის 15 თებერვალი
რესპუბლიკებს მეტი უფლებები უნდა მივცეთ, ამით ქვეყანა მოიგებს. ადგილებზე მეტი ენთუზიაზმით იშრომებენ. ცენტრი ამით გათავისუფლდება და სერიოზული საქმეებისთვის მეტი დრო დარჩება. ადრე მქონდა კობასთან ამაზე საუბარი. მითხრა, ჯერ ამის დრო არ არისო. კარგია, ახლა შევახსენებ და წინააღმდეგი არ უნდა იყოს.
1953 წლის 1 მარტი
ახალი ანეკდოტი დადის ჩემზე მოსკოვში: თითქოს პუშკინი მოვიდა ჩემთან მიღებაზე და ბინა და მწერალთა კავშირის წევრობა მთხოვა. მე ავიღე ტელეფონი, დავრეკე სადაც საჭირო იყო და თხოვნა შევუსრულე. მაგრამ, როცა ჩემი კაბინეტიდან გავიდა, ისევ ავიღე ტელეფონი, დანტესს დავურეკე და ვუთხარი, რომ პუშკინი მესამე სადარბაზოდან გამოვიდაო. ასე მაფასებენ დედაქალაქში... ისე, ბევრი ვიცინე.
1953 წლის 8 მარტი
ხვალ ვასაფლავებთ კობას, არ ვიცი (აქ ჩანაწერი შეწყვეტილია)...
ავტორის, სერგეი კრემლიოვის კომენტარი: „ვფიქრობ, ბერიას წერა იმის გამო არ შეუწყვეტია, რომ შოკში იყო. მგონი, კალამი იმიტომ გადადო, რომ მიხვდა, ამის დაწერის შემდეგ, მისი ცხოვრების აზრი და ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ მკვეთრად რომ შეიცვალა.
1953 წლის 13 მარტი
არ ვიცი, საიდან დავიწყო, საქმეები არ მიდის კარგად. მე და კობა სხვანაირად ვგეგმავდით. გიორგიმ (მალენკოვი) მინისტრთა საბჭო მიიღო, მიკიტამ – ცეკა, სამხედრო სამინისტრო ჟუკოვმა ჩაიბარა. მეცინება, ამ დღეებში ისე შეიცვალნენ, განსაკუთრებით ჟუკოვი, ისეთი გაჭიმული დადის, ახლოს მისვლა არ მოგინდება. რაც ორდენები აქვს მიღებული ყველაფერი ჩამოიკიდა, მალე, ალბათ, შუბლზეც გაიკეთებს. ამას კობა რომ ხედავდეს, ყველას გააციმბირებდა.
1953 წლის 15 მარტი
კობასთან ერთად ძნელი იყო, მაგრამ ვხედავ, რომ უიმისოდ უფრო ძნელია. მთავარია, მდგომარეობა არ აირიოს. იყო სტალინი, იყო ერთობა, ახლა ყველა აქეთ-იქით იყურება. სხვა ტემპია ასაღები. მიკიტა ისე გათავხედდა, მაწვება, ექიმები გაათავისუფლეო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, ცეკაში წერილით მოგვმართე და განვიხილავთო. ჩემი ბრალია, ეს რომ გაბედა, ციხეში უნდა დამელპო, მაგრამ ახლა გვიანია. არაუშავს, დიდხანს არ გაგრძელდება მაგისი თავხედობა.
1953 წლის 3 მაისი
სტალინის სიკვდილის შემდეგ, სერიოზული საკითხის გადაწყვეტის დროს, ყველა მე მიყურებს თვალებში, მალენკოვიც კი გადაიბირეს. წამოცდა, ამ ქვეყანაში მთავარი რუსი ხალხიაო. ვეხუმრე, თუ ეგრეა პრობლემები რუსებმა გადაწყვიტეთ-მეთქი, მაინტერესებს, როგორ მიიღებენ.
1953 წლის 18 მაისი
ნინოს ჯანმრთელობა მაწუხებს, ჩემი ბრალი მგონია მისი ავადმყოფობა. ძალიან ნერვიულობს, ყველაფერს განიცდის. სტალინის მერე ძალიან გაგიჭირდებაო, მეუბნება. ვეჩხუბე კიდეც,  ვუთხარი, ოჯახის საქმეებისთვის მიეხედა და სახელმწიფო საქმეებში ცხვირი არ ჩაეყო. სერგოც დამეთანხმა.
1953 წელი 25 მაისი
გერმანიიდან ცუდი ცნობები მომდის, იქ რაღაც მზადდება. დროზეა ჩარევა საჭირო, თორემ საქმე შეიძლება, იქამდეც მივიდეს, გერმანია საერთოდ დავკარგოთ. ჩემი აგენტები სერიოზულად მაფრთხილებენ, რომ სააგიტაციო ჯგუფებია შექმნილი, და აგიტაციას ატარებენ ხალხში გერმანიის გაერთიანებაზეო. გაერთიანებული გერმანია როგორი იქნება, ის არის საქმე, თორემ ამის წინააღმდეგი ვინ არის.
1953 წლის 30 მაისი
გერმანიაში უკვე საგაფიცვო კომიტეტებია შექმნილი, ივნისში რაღაცას აპირებენ. ადგილობრივი ხელმძღვანელობა ძალიან სუსტია, სასწრაფო ზომებია მისაღები. რამდენჯერ დავაყენე საკითხი პოლიტბიუროში, მაგრამ არ ჩქარობენ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც არის, მაგას ადგილზე მიხედავენო.
1953 წლის 5 ივნისი
პირადად უნდა წავიდე და ვნახო „რდს-6-ის“ გამოცდა. ადგილზე უნდა  დავესწრო, ეს დიდი მნიშვნელობის საქმეა და სერიოზული ყურადღება სჭირდება.
1953 წლის 17 ივნისი
გერმანიაში დიდი მღელვარებები დაიწყო, ყველგან მიტინგები და გამოსვლებია. ვამბობდი, დროზე უნდოდა მიხედვა-მეთქი და არაერთხელ გავაფრთხილე ყველა, რომ ადგილობრივი მთავრობა არეულობას ვერ აიცილებდა. ახლა რა გამოდის? იმათი პროვოკაციებისა და ჩვენი „დურაკობის“ გამო, ისეთი რეზულტატი მივიღეთ, სროლაა საჭირო. ხალხი მეცოდება, თუ ფიქრი არ შეგიძლია, მთელი ცხოვრება „დურაკი“ იქნები (აქ ბერია ნიკიტა ხრუშჩოვს გულისხმობს). არაუშავს, ახალი თაობა იზრდება, ისინი ჩვენზე ბევრად ჭკვიანები არიან, იქნებ უკეთესადაც შეძლონ ცხოვრება.
ეს ბერიას ბოლო ჩანაწერია, კვირა-ნახევრის შემდეგ, 26 ივნისს მან თავის ცხოვრებაში უკანასკნელ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს განკარგულება N 813 – ურანის კომბინატზე საიდუმლო სამუშაოების შესახებ. შემდეგ ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე წავიდა, სადაც, ერთი ვერსიით, დააპატიმრეს კიდეც. საერთოდ, ბერიას სიკვდილზე უფრო მეტი ვერსიებია, ვიდრე სტალინისაზე. ლეგენდარულ ადამიანებზე, ლეგენდები იყო და იქნება. ხრუშჩოვი, მალენკოვი, ბულგანინი, ჟუკოვი... ყველა სხვადასხვაგვარად იხსენებს დიდი ჩეკისტის დაპატიმრებისა და მას შემდგომ სცენებს. მრავალ ვერსიათა შორის, შვილის ვერსია ჩანს ყველაზე რეალური „სახლში, კაბინეტში მამა მარტო იყო. ფანჯარას ნატყვიარი ეტყობოდა. დაცვის ბიჭები კი იმის მერე, თვალით არავის უნახავს, ალბათ, წინააღმდეგობა გაუწიეს,“ – იხსენებს სერგო ბერია.

скачать dle 11.3