კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიძლება პრიმულას თესლის აღება და როგორ შევუნარჩუნოთ ფილოდენდრონს ტენი



საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად, ამჯერად ოთახის ორ ულამაზეს მცენარეზე – პრიმულასა და ფილოდენდრონზე ვისაუბრებთ. თუ როგორი სინათლე, მორწყვა და ტემპერატურა სჭირდება ამ მცენარეებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– პრიმულა ბალახოვანი მცენარეა. ყველაზე გამოყენებითი და დეკორატიული არის ერთ-ერთი სახეობა – პრიმულა მალაკოიდესი. ის მრავალწლიანი მცენარეა და ხშირ შემთხვევაში ნაყოფსაც გამოიღებს.

– როდის ყვავილობს მცენარე?

– მცენარე დიდხანს ყვავის, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში. მისი იასამნისფერი, ვარდისფერი და თეთრი ყვავილები სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. ყვავილობამდე ნიადაგს სჭირდება განოყიერება აზოტის მჟავით. ეს მცენარე აყვავებას ახალი წლის შემდეგ იწყებს, მაშინ, როდესაც თითქმის არც ერთი მცენარე არ ყვავილობს. თავიდან მას შუიდან ამოსდის ძლიერი საყვავილე ღერო, შემდეგ კი გვერდებიდან გამოსდის ყვავილები. ამ მცენარის მოჭრა და წყალში ჩადგმაც შეიძლება. მოჭრილი პრიმულა წყალში ორი კვირის განმავლობაში ძლებს.

– რით მრავლდება პრიმულა?

– პრიმულა თესლით მრავლდება. მის მოსაპოვებლად საჭიროა, ძირითადი დედა-მცენარისგან არ აჭრათ ყვავილები. თითო ყვავილედიდან რამდენიმე ყვავილი რჩება, რომლებიც ხმება, ძირს დაბნევამდე ხსნის თავს და მისგან შეგიძლიათ აიღოთ თესლი. ეს უნდა მოხდეს მზიან ამინდში, რადგან მცენარე უნდა იყოს გამომშრალი. გაითვალისწინეთ, რომ თესლი ვარგისიანობას კარგავს ერთი წლის შემდეგ. მის გასამრავლებლად საუკეთესო დრო ივნისი და ივლისია. შეგიძლიათ, ყუთში ჩათესოთ 50 ცალი თესლი. მორწყათ რეგულარულად ყოველ 10 დღეში ერთხელ, გაანოყიეროთ 0,05-0,1-პროცენტიანი ამიაკის სელიტრით, ხშირად გაანიავოთ ოთახი და აუცილებლად მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. მისი ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი: ფოთლოვანი მიწით, ტორფით, სილითა და ნაკელით გაზავებული. ყუთში ჩათესვისას, ნიადაგი უნდა დაანოტიოთ. შემდეგ ზემოდან ერთ-ორ სანტიმეტრზე მოაყაროთ სილა, რათა დაიცვათ ჭარბი წყლისგან. გახსოვდეთ, რომ უნდა მორწყათ თბილი წყლით და შეუნარჩუნოთ 20-24 გრადუსი ტემპერატურა.

როდესაც პირველი ამონაყარი გამოჩნდება, ორი კვირის შემდეგ თავზე ახადეთ და, როცა უკვე ფოთლებს დაინახავთ, ნიადაგი გაანოყიერეთ მინერალური სასუქით. სექტემბერში მცენარე იმდენად გაზრდილი იქნება, რომ შეძლებთ მის გადატანას ქოთანში. სასურველია, ქოთანი იყოს 9 სანტიმეტრი დიამეტრის. მცენარე არ უნდა ჩარგათ ღრმად, რათა ხვიარა ფესვები არ დაულპეს.

– ამ დროს როგორ პირობებში ვამყოფოთ ქოთანში გადატანილი მცენარე?

– მას აღარ სჭირდება მაღალი ტემპერატურა, 12-14 გრადუსიც საკმარისია. თუ მას დიდ სითბოში ამყოფებთ, შესაძლოა, არც იყვავილოს. მცენარის მოვლისას საჭიროა მორწყვა, განოყიერება, ტემპერატურისა და სინათლის სწორი რეჟიმის დარეგულირება. პრიმულას უყვარს სინათლე და ის სიცივის ამტანია. მზის პირდაპირი სხივები აწუხებს, ამიტომ, მოარიდეთ. ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც ეს მცენარე გიდგათ და ეცადეთ, შეუნარჩუნოთ ნორმალური სინოტივე.

– რას გვეტყვით ფილოდენდრონის შესახებ?

– ფილოდენდრონი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი ფოთლოვანი მცენარეა. მოწითალო ფილოდენდრონის ბევრი სახეობა არსებობს. მათგან ზოგს კაშკაშა წითელი ფოთლები აქვს, ზოგს – ოქროსფერი. ყველაზე გავრცელებული სახეობა კი მცოცავი ფილოდენდრონია, რომლის გახარება ქოთანში შეგიძლიათ. ამ მცენარეს დიდი გულის ფორმის ფოთლების გამო „გულისებრ სუროსაც“ ეძახიან. მისი ტოტები ქოთანში ჩარჭობილ ხავსიან საყრდენს უნდა შემოახვიოთ.

– რთული მოსავლელია ოთახის ეს მცენარე?

– ფილოდენდრონი პრეტენზიული ნამდვილად არაა. მისთვის მინიმალური მოვლაც კი საკმარისია. მთავარია, სწორად მორწყათ და კარგად შეურჩიოთ ადგილმდებარეობა.

– როგორ ადგილას გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას?

– ისეთ ადგილას დადგით, სადაც შუადღის მწველი მზე არ შეაწუხებს, მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ. ეს ხელს შეუწყობს ფოთლების სიჯანსაღესა და სიკაშკაშეს. საერთოდ, მცენარე თავს კარგად გრძნობს სააბაზანოში.

– რაც შეეხება მის მორწყვას...

– აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ტენის შესანარჩუნებლად, გირჩევთ, აიღოთ ძირგადაჭრილი ბოთლი, თავსახურზე პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ და წყლით სავსე ქოთნის თავზე დაკიდეთ. ასე მცენარეს წყალი აღარ მოაკლდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ. მცოცავი ღეროები ხავსიან საყრდენზე მიაბით. ხავსი ტენიანი უნდა იყოს, რათა მცენარის საჰაერო ფესვები კარგად მიეკრას. ზრდის პერიოდში მიწას რეგულარულად განოყიერება სჭირდება.

– ზამთარშიც ხშირად მოვრწყათ?

– ამ დროს ზრდა ნელდება, მცენარე დასვენებას იწყებს. ამიტომ, აცადეთ ნიადაგს შეშრობა და შედარებით იშვიათად მორწყეთ.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?

– ფილოდენდრონს აკმაყოფილებს ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთარში დაბალი ტემპერატურის ნუ შეგეშინდებათ, ეს მცენარე იოლად გასაზრდელია, არც ტემპერატურის მხრივაა მომთხოვნი – 14-15 გრადუსიც საკმარისია.

რა ზომის შეიძლება გაიზარდოს ფილოდენდრონი და როგორ გავხადოთ ის კომპაქტური?

– ზოგადად, ის მაღალი იზრდება, დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლის, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ უფრო მომცრო ზომის იყოს, შეგიძლიათ, ზედმეტად გაზრდილი მცენარე გადაჭრათ – ამით მცენარის გახარებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და კომპაქტურიც გახდება. ერთადერთი საფრთხე მცენარეს შეიძლება პარაზიტმა შეუქმნას. მას განსაკუთრებით ცრუფარიანა ემტერება. ამიტომ ფილოდენდრონი ხშირად დაათვალიერეთ ხოლმე, რომ რომელიმე პარაზიტმა არ დააზიანოს და გაანადგუროს.


скачать dle 11.3