კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ უსწორდებოდნენ ერთმანეთს ძმები, არაგვის ერისთავები, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში



სულ ორი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ არაგვის ხეობას არაგვის ერისთავები, თუმცა ისტორიას მრავალი ცნობილი სახელი დაუტოვეს. თითქმის ყოველ მათგანს ერთნაირი თვისებები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მებრძოლები და ვაჟკაცები იყვნენ, არაგვის ერისთავები ძალაუფლებისა და პირველობის წყურვილით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ ამ საგვარეულოს თითქმის ყველა წარმომადგენელი ურთიერთდაპირისპირებასა და შეთქმულებაში მოკლეს. ამ მოვლენების შესახებ ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს:



მიხეილ ბახტაძე: მეთექვსმეტე საუკუნეში გამოვიდნენ ასპარეზზე და მეთვრამეტე საუკუნემდე მმართველობდნენ არაგვის ერისთავები. ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი გახლავთ ნუგზარი. საკმაოდ ცნობილი პიროვნება, რომელიც ერისთავი ხდება ძლიერი და სისხლიანი შინა ომის შემდეგ. ბიძები და ბიძაშვილები ერთმანეთს დაერივნენ და ამ ურთიერთდაპირისპირებაში გამარჯვებული დარჩა სწორედ ნუგზარი. ის 1578 წლიდან არის არაგვის ერისთავი. არაგვის ერისთავები საკმაოდ კარგი მებრძოლები იყვნენ, თუმცა ძალიან ამაყები და ამპარტავნები, ხშირად მეფესაც ეურჩებოდნენ. სწორედ ამ უარყოფითი თვისებების გამო ჰქონდათ ხოლმე მათ ერთმანეთთან ბრძოლები. თითქმის ყოველი მათგანი ურთიერთდაპირისპირებისა და შეთქმულების შედეგად არის მოკლული.

ნუგზარს ჰყავდა ექვსი ვაჟი: ბაადური, გიორგი, ზურაბი, დათუნა, ზაალი, რევაზი და ერთი ასული, რომლის სახელიც ჩვენ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ – გიორგი სააკაძის ცოლი. ანუ, არაგვის ერისთავები დიდი მოურავის ცოლისძმები იყვნენ.

ნუგზარი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ფიგურა იყო. იგი 1619 წელს გარდაიცვალა. ცნობილია, მისი ბრძოლები მოხევეებთან და ფშავ-ხევსურებთან. თუმცა, არაგვის ერისთავმა მაინც ვერ მოახერხა მათი საბოლოოდ დამორჩილება.

– ნუგზარის შემდეგ ვინ ხდება არაგვის ერისთავი?

– ნუგზარის სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი ხდება, მისი უფროსი ვაჟი ბაადური. ბაადურს არ ემორჩილება მომდევნო ძმა ზურაბი, რომელიც მიდის ირანში, შაჰისაგან იღებს დახმარებას, ბრუნდება არაგვის ხეობაში და ამარცხებს ბაადურს. განდევნის მას და თვითონ ხდება არაგვის ერისთავი. ბაადურს კი ვერაგულად მოაკვლევინებს.

– ზურაბი რამდენ ხანს ტკბებოდა ძალაუფლებით?

– თვითონ ზურაბს არ ემორჩილება მომდევნო ძმა გიორგი. რის გამოც, ზურაბი დაიჭერს საკუთარ ძმას და თვალებს დათხრის. ასეთი, საკმაოდ სისხლიანი გარჩევები აქვთ არაგვის ერისთავებს ერთმანეთთან.

ზურაბი, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის გიორგი სააკაძესთან ერთად იმყოფება ირანში, მასთან ერთად მონაწილეობს მარტყოფის აჯანყებაში, იბრძვის მარაბდისა და ბაზალეთის ბრძოლებში. აღსანიშნავია, რომ როდესაც გიორგი სააკაძეს გაუმხელია, მისთვის, აჯანყებას ვაწყობო, ზურაბ არაგვის ერისთავს საყვედური გამოუთქვამს, რატომ ირანშივე არ გამიმხილე ეს განზრახვაო. ის უკმაყოფილო იყო, ირანში ცოლი დავტოვე მძევლადო, რაზეც დიდმა მოურავმა უპასუხა: შენ ცოლი დატოვე, მე კი შვილი, ეს ამბავი ირანშივე რომ გამენდო, შესაძლოა, ვინმესთვის გაგემხილაო. სხვათა შორის ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო უღალატა მომავალში, ზურაბმა საკუთარ სიძეს. მეფე თეიმურაზ პირველსა და გიორგი სააკაძეს შორის ბრძოლაში ის გადაუდგა გიორგის და მეფის მხარე დაიჭირა. თუმცა, ჩემი აზრით, მან ასეთი არჩევანი იმის გამო გააკეთა, რომ თეიმურაზი უფრო მეტს შეჰპირდა. სხვათა შორის მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეიმურაზ პირველისთვის. ზურაბი საუკეთესო მეომარი და სარდალი იყო, საკმაოდ დიდი ჯარი გამოჰყავდა არაგვის ხეობიდან. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ამ ერისთავის შესახებ წერს: ზურაბი ძალიან გაამაყდა. მას სურდა კახეთში თეიმურაზი ყოფილიყო მეფე, ქართლში – სიმონ ხანი (გამაჰმადიანებული ბაგრატიონი) და თვითონ კი – ორივეს პატრონიო.

თეიმურაზ მეფის წაქეზებით, 1630 წელს ზურაბმა მოკლა ქართლის გამაჰმადიანებული მეფე სიმონი. თეიმურაზმა კი, თავისთან სტუმრად მიწვეული ზურაბ არაგვის ერისთავი ნადიმზე მოაკვლევინა. შესაძლოა, ამით თეიმურაზი შაჰის წინაშე თავის გამართლებას აპირებდა, სიმონ-ხანის მკვლელი მოვკალიო. მაგრამ, რეალურად ამით თეიმურაზმა მეტად ძლიერი მოწინააღმდეგე მოიცილა. მოწინააღმდეგე, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიციები ჰქონდა და მეფესაც არაფრად დაგიდევდათ.

– ამის შემდეგ ვინ გახდა არაგვის ერისთავი?

– ზურაბის სიკვდილის შემდეგ არაგვის ერისთავი გახდა დათუნა. როდესაც 1632 წელს საქართველოში ჩამოდის გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ხოსრო-მირზა, როსტომ ხანად წოდებული, მას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას დათუნა არაგვის ერისთავი უწევს. დათუნას ეშინოდა, რადგან მისი ძმის, ზურაბის მიერ მოკლული სიმონ ხანი როსტომის ძმისშვილი იყო, სისხლი ჩემზე არ აიღოსო. გარდა ამისა, როსტომ ხანი მაჰმადიანი იყო, დათუნა ქრისტიან თეიმურაზს ემხრობოდა და ესეც საკმაო მიზეზი გახლდათ მათ დასაპირისპირებლად. როგორც ჩანს, როსტომი ეჭვით უყურებდა დათუნას. როდესაც შეატყობინეს, დათუნა გღალატობს და თეიმურაზის მხარეს გადადისო, იმ დროს ორივენი სუფრასთან მსხდარან. ეს ყველაფერი მუხრანში ხდებოდა. როსტომმა დათუნას დატყვევება და მისთვის იარაღის აყრა ბრძანა.

– როგორ მოიქცა დათუნა?

– რა თქმა უნდა, ამაყი არაგვის ერისთავი იარაღს არ აიყრიდა. სხვათა შორის, ძალიან დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყო და საკმაოდ გაუჭირდათ მისი განიარაღება. საბოლოოდ, დათუნა არაგვის ერისთავი ისრების ჯერით მოკლეს. ამის შემდეგ ზაალი ხდება არაგვის ერისთავი. თავდაპირველად ზაალიც როსტომის წინააღმდეგია – მონაწილეობს მის საწინააღმდეგო შეთქმულებებში. თუმცა, 1642 წელს, როდესაც მორიგი შეთქმულება მარცხით დამთავრდა, ზაალი იძულებული შეიქმნა შაჰის კარზე წასულიყო. სადაც ის გამაჰმადიანდა. სხვათა შორის, შაჰმა ზაალს გარდა არაგვის ერისთავობისა, კახეთის ერთი ნაწილის მმართველობაც უბოძა. ამ დროს კახეთის ერთ ნაწილს განჯის ხანი მართავდა, მეორე ნაწილის თავკაცობა კი ზაალს დაეკისრა.

ზაალ არაგვის ერისთავი გახლდათ ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელიც 1660 წელს მოხდა. ბიძინა ჩოლოყაშვილთან, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებთან ერთად, მთავარი ორგანიზატორი ამ აჯანყებისა არის ზაალ არაგვის ერისთავი. მართალია, თვითონ არა, მაგრამ მისი ვაჟი უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლაში. სავარაუდოა, რომ ბრძოლის გეგმა პირადად ზაალის მონაწილეობით შედგა. სწორედ ეს ზაალი ჰყავს აკაკი წერეთელს „ბაში-აჩუკში“ აღწერილი. ცნობილია, რომ ამ აჯანყების შემდეგ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაემგზავრნენ, შაჰის მრისხანება რომ დაეცხროთ და ქვეყანა დამსჯელი ღონისძიებისგან ეხსნათ. ისინი წამებით მოკლეს და წმიდანად შეირაცხნენ სიკვდილის შემდეგ. რაც შეეხება ზაალს, მისი მოკვლაც შაჰმა ბრძანა. ამის შემდეგ ვახტანგ მეხუთე არაგვის ამ ერისთავის მოკვლას მისივე ძმისშვილებს ავალებს.

– რომელ ძმისშვილებს?

– ზემოთ ვახსენეთ გიორგი, რომელსაც ზურაბმა თვალები დათხარა. სწორედ გიორგის ვაჟები იყვნენ: ოთარი და იასონი. ისინი, ამავე დროს, იყვნენ ვახტანგ მეხუთის დისშვილები. ოთარი და იასონი სტუმრად ეწვივნენ ბიძას დუშეთში. როგორც ისტორიკოსი წერს, 1660 წელს, ერთ მშვენიერ დღეს ზაალი იჯდა თავისთან ფანჩატურში და ნარდს თამაშობდა. მოულოდნელად მას ძმისშვილები მივარდნენ და მოკლეს. შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი – იასონი გახდა არაგვის ერისთავი. ამ ამბიდან კიდევ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში არსებობდა ეს საგვარეულო. თუმცა, ისეთი ძლიერი წარმომადგენლები, როგორებიც ზაალი და ზურაბი იყვნენ, მათ აღარ ჰყოლიათ.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3