კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზებაზე არ ამბობს უარს არასდროს ლაშა ხოზაშვილი და როდის აძლევენ მას „ბოსტონ-ბალეტში“ ბონუს თანხებს


მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრის „ბოსტონ-ბალეტის“ ქართველმა სახემ, ლაშა ხოზაშვილმა ერთი სეზონის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ისევ გააგრძელა ერთწლიანი კონტრაქტი. ახალ სეზონზე არაჩვეულებრივი ცეკვით, ვირტუოზული შესრულებითა და ქარიზმით კიდევ არაერთხელ მოხიბლავს მაყურებელს. ლაშა ზაფხულში თბილისში ჩამოვიდა, თუმცა არც აქ დაუსვენია და ნინო ანანიაშვილის დასთან ერთად, რამდენიმე სპექტაკლშიც იცეკვა. ლაშა, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, ძალიან უშუალო, კარგი და საინტერესო ადამიანია.
ლაშა ხოზაშვილი: „ბოსტონ-ბალეტში“ თავიდანვე ექსტრემალურ სიტუაციაში მომიწია ცეკვა. ზუსტად იმ დროს თბილისიდანაც მქონდა მოწვევა – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ფესტივალი ტარდებოდა. ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ პირველი სეზონი იყო, პირველი ცეკვა და ვერ ვეტყოდი: იცით, საქართველოში უნდა წავიდე-მეთქი. ჩვენც ძალიან საინტერესო გალა კონცერტი გვქონდა. დონ კიხოტის პარტია ვიცეკვე და ამის გარდა კიდევ ერთი პარტიის ცეკვაც მომიწია. ჰელენ პიკეტმა – ძალიან ძლიერმა ქორეოგრაფმა და კარგმა ადამიანმა დადგა 7-წუთიანი დუეტი. ძალიან რთული იყო. ისე მოხდა, ვისაც დუეტში უნდა ეცეკვა, ტრავმა მიიღო, ხუთი დღე იყო დარჩენილი კონცერტამდე და ამ პარტიის ცეკვა მე მომანდეს. ჩემ გარდა კიდევ ორი წყვილი ემზადებოდა, მათგან ერთი სოლისტი იყო და მეორე – მეორე სოლისტი. შეეძლოთ რომელიმესთვის მიეცათ ეს პარტია საცეკვაოდ, რადგან გალა კონცერტში მე ისედაც ვცეკვავდი პატარა პროგრამით, მაგრამ, მე მომანდეს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ ქალმა შეაფასა შესაძლებლობები და დადგმული სცენა, თითქმის სანახევროდ გადააკეთა – შენ სხვანაირი ტიპი ხარ, მეტი ფანტაზია გაქვს და მინდა, უფრო გაგირთულოო. მიყვარს სირთულეები, უფრო საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობდი, რაღა უნდა გამირთულოს, ისედაც სამი დღე დამრჩა-მეთქი. ყოველდღე, გარდა გეგმიური რეპეტიციისა, იმ პარტიის შესასწავლად 4-5 საათი ცალკე მქონდა რეპეტიცია. როდესაც ფიზიკურად ფორმაში ხარ, ბევრს მუშაობ, ტონუსი იწევს, ამიტომ, ტვინი უფრო გადამეღალა, ვიდრე ფიზიკურად დავიღალე. საბოლოო ჯამში, ძალიან ვისიამოვნე.
– ასეთი საპასუხისმგებლო გამოსვლების შემდეგ როგორი იყო თეატრში შეფასებები?
– ზოგჯერ მთელ დასს იძახებენ – კმაყოფილები ვართ, ყოჩაღ, კარგად იმუშავეთო. თუმცა ცალკეც ეძახიან მოცეკვავეს. მე დირექტორმა ორჯერ დამიბარა და მითხრა, კმაყოფილი ვარ ასე მალე რომ აითვისე სისტემა და უნდა, რომ მომავალში მასთან ვიმუშაო. რადგან დიდი პოტენციალი გამოვამჟღავნე, მითხრა – ჩემთვის, როგორც მოცეკვავე, ძალიან საინტერესო ხარო.
– სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მითხარი, როდესაც „ბოსტონ-ბალეტში“ მიმიღეს, ძალიან მენდნენო. ეს მათი მხრიდან ერთგვარი რისკი იყო?
– წამყვანი სოლისტის სტატუსი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული რისკი, თანაც, პირველი მამაკაცი ვარ, რომელიც „ბოსტონ-ბალეტში“ პირდაპირ წამყვან სოლისტად მიმიწვიეს. ამიტომ, მათი და ჩემი მხრიდანაც ერთგვარი რისკი იყო.
– დასში თუ არის კონკურენცია ისეთ დონეზე, რომ ეს მერე ურთიერთდამოკიდებულებებზე აისახოს?
– კონკურენცია არის, ოღონდ ძალიან კარგი გაგებით, – ერთმანეთს სულ ვეხმარებით. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან კარგად იციან. ეს ჩვენთანაც იყო, საქართველოში, მაგრამ იქ რეპეტიციაზე ვინმე თავის სოლოს რომ იცეკვებს, ტაშს უკრავს ყველა. მოკლედ, ერთ მუჭად ვართ შეკრულნი და ერთმანეთს ვეხმარებით.
– შენ თქვი, ამ სეზონზე ბევრი ვიცეკვეო.
– ამ სეზონზე მთელ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. „მაკნატუნას“ ორ სხვადასხვა რედაქციაში მიცეკვია, მაგრამ ის სულ სხვა რედაქცია იყო ქორეოგრაფიულად ჩემთვის. ამიტომ, მთელი სეზონის განმავლობაში საოცრად ბევრი და რთული სამუშაო მქონდა. მაგრამ, თავიდანვე ავუღე ამ სისტემას ალღო. მერე უკვე დინებას მივყევი და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
– მოკლედ, „ბოსტონ-ბალეტის“ მაყურებელი უკვე კარგად გიცნობს.
– რადგან მოწვეული წამყვანი სოლისტი ვიყავი, პირველივე სპექტაკლზე ყველას ძალიან აინტერესებდა, ჩემი ვინაობა, ყოველი პროგრამის შემდეგ გვაქვს წვეულებები; სპონსორები, მაყურებლები მოდიან და გვეცნობიან. სეზონის პირველი ნახევარი რომ გავიდა, უკვე ქუჩაშიც მცნობდნენ, მეკითხებოდნენ, თქვენ რომელ დღეს ცეკვავთო. თითო პროგრამაში, მინიმუმ, 8 სპექტაკლია და რამდენიმე შემადგენლობა ცეკვავს, უკვე ყველას თავისი მაყურებელი ჰყავს და მათ შორის, მეც. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ მეტს შევიძენ. აქ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა პროგრამას და როდის რას ვცეკვავთ. უბრალოდ, აინტერესებთ, რომელ დღეს ცეკვავ და მერე გეუბნებიან, მაგ დღეებში მოვალთო.
– როგორია ანაზღაურება, დარწმუნებული ვარ, მოცეკვავის შრომას, მის პროფესიონალიზმს ძალიან კარგად აფასებენ.
– ანაზღაურება ძალიან კარგია. მოცეკვავეებს აფასებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ. ხშირად გვაქვს ბონუსები – ექსტრა თანხები. მხოლოდ ჩვენს ინტერესებში კი არ შედის, მაღალი თანხის მიღება, ეს მათ ინტერესშიცაა. თანახმა ვარ, მათთან მუშაობა გავაგრძელო და სხვა დასში აღარ მივდივარ. რომ ხედავენ, კმაყოფილი ხარ, თვითონაც კმაყოფილები არიან. მერე უკვე უფრო ხანგრძლივად მუშაობ მათთან.
– რა შემთხვევაში გაძლევენ ბონუსებს?
– სპექტაკლის რაოდენობაზე არ არის ეს დამოკიდებული, თუმცა როცა „მაკნატუნას“ ვცეკვავთ, ყველას ბონუსები გვაქვს, რადგან დღეში თითქმის ორი სპექტაკლი გვაქვს, ძალიან დატვირთულები ვართ. როდესაც დეკორაციასთან გვაქვს შეხება, მაგიდაზე უნდა ავიდეთ ან რაღაც სხვა, ამ დროსაც გამოყოფილია პლუს პატარ-პატარა ექსტრა თანხები. ეს უკვე ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებად ითვლება, ამიტომ კონტრაქტში ცალკე წერია ეს პუნქტი. ასევე, თუ მე დამატებით, სხვის მაგივრად ვიცეკვებ სპექტაკლს, ამაზეც ბონუსს მივიღებ. თუ თანახმა ხარ, იცეკვო, თანხაზე მერე გითანხმდებიან. ჩვენთან კონტრაქტი იდება ცხრა-ნახევარი – ათი თვით, შვებულება არ გვაქვს, მაგრამ სეზონის პირველი და მეორე ნახევრის ბოლოს გვერიცხება საახალწლო და საგაზაფხულო საშვებულებო თანხები. ზაფხულში ყველანი ვიფანტებით. ახლა მე შვებულება მაქვს. კონტრაქტი 22 მაისს დამიმთავრდა. საერთოდ, კონტრაქტი ერთი სეზონის დამთავრების შემდეგ წყდება და მერე უკვე დირექტორთან გაქვს მოლაპარაკება, თუ გინდა, რომ მათთან გააგრძელო მუშაობა. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და ახალ სეზონში ისევ ვიცეკვებთ.
– „ბოსტონ-ბალეტი“ სახლის ხარჯებსაც გინაზღაურებთ?
– უკვე იმდენად კარგი ანაზღაურება გვაქვს, ჩვენვე უზრუნველვყოფთ სახლის საკითხს. ევროპის თეატრებში, ნაკლები ანაზღაურება აქვთ, მაგრამ საცხოვრებელი პირობებით თეატრი უზრუნველყოფს მათ. მე ასე მირჩევნია, ჩემს გემოზე ვარ.
– საქართველოში  ჩამოსვლის წინ დღეებს ითვლიდი.
– 10 თვით პირველად ვიყავი საქართველოდან წასული. ალბათ, 15-16 წლის რომ ვყოფილიყავი, იქაურ სიტუაციაზე უფრო იოლად გადავერთვებოდი და ნაკლებად მექნებოდა მონატრების მომენტი. მაგრამ ახლა რთულია, უცებ ყველაფერს შეეგუო. ისე, არც მინდა. მე ისევ ის ლაშა ვარ, როგორიც ვიყავი.
– საკუთარ თავს რამე შეზღუდვებს თუ უწესებ, მაგალითად, ჭამასთან, ალკოჰოლური სასმლის მიღებასთან დაკავშირებით?
– რომ იგებენ, რამდენს ვჭამ, თვალები შუბლზე ასდით. სასმელიც ჯერჯერობით კარგად მერგება. ბოსტონში ისეთი რაოდენობით არ ვსვამ, როგორც საქართველოში. ქართულ ღვინოს ხომ არაფერი ჯობია. მიყვარს ქეიფი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ბოსტონში კვირა არ გავა, ბიჭები ბარში არ დავსხდეთ, სადმე არ წავიდეთ და, გავერთოთ. ისეც ყოფილა, წინა საღამოს დაგვილევია ზომიერების ფარგლებში და დილით გვიცეკვია. საქართველოში ისე მიქეიფია, მთელი ღამე არ მიძინია და დილით სპექტაკლი მქონია. რა თქმა უნდა, არ მემჩნევა, მაგრამ ვის სიამოვნებს ნაბახუსევზე ცეკვა. ცოტა არ იყოს და, ეს კარგი ქეიფიც მენატრებოდა ამერიკაში.
– მამაშენი „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი იყო და წლების განმავლობაში მისი ფოტო პოსტერებიდან არ ჩამოდიოდა. ყველა იცნობდა.
– მამაჩემიც და ბიძაჩემიც ძალიან მაგარი მოცეკვავეები იყვნენ. ცეკვის უნარი, ფანტაზიები, რაც მე და ჩემს ძმას გვაქვს, გენეტიკურია. მამაჩემი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, გასაოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა, ისევე, როგორც ბიძაჩემს. მამა კარგი მეოჯახე იყო, მაგრამ არასდროს ავიწყდებოდა მეგობრები. ყველა ახსოვდა და ყველაფერს ასწრებდა. ძალიან მეამაყება, რომ მისი შვილი ვარ. იმდენჯერ მსმენია, ეს თემურის შვილიაო და მეც შემიძლია, ამაყად ვთქვა, რომ მისი შვილი ვარ.  ამ დროს სულ მაჟრიალებს. ბოლო დროს ისიც გავიგე – თემური ლაშას მამააო, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ამბობენ – ესენი თემურის შვილები არიან, თქვენ გენაცვალეთო. ეს ძალიან საამაყოა. ამერიკაში რომ ჩავედი, იქ ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა ოჯახის შესახებ. მე ვთქვი, რომ მამაჩემი „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო და პოსტერი მათ ვაჩვენე – ეს არის მამაჩემი-მეთქი. ერთი ბიჭი გაშრა, ეს ფოტო ნანახი მაქვს, ევროპის ერთ-ერთ სცენაზე დიდი პლაკატი იყო გაკრულიო. ისე გამიხარდა, საოცრად ამაყი ვიყავი.

скачать dle 11.3