კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



ცოლი ხელახლა შემიყვარდა
საოცარი რაღაც დამემართა. მე თვითონაც მიკვირს, ასეთი პირადულის შესახებ თქვენ რომ გწერთ, მაგრამ, იმდენად გაოგნებული ვარ მომხდარით, რომ ყველაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ასეთ რამეს ვერც ვერავის მოვუყვები, არადა, გულშიც ვერ ვიტევ. ამიტომ, გადავწყვიტე, გიამბოთ ჩემი ისტორია (უფრო სწორად – ეპიზოდი).
ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა ცოლთან. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი – ის, რომ მოგვბეზრდა ერთმანეთი, მატერიალურად გაგვიჭირდა, ან კიდევ სხვა რამე, თუ ყველაფერი ერთად. მაგრამ, აშკარად ვეღარ ვიტანდი: ყველაფერი მაღიზიანებდა – მისი დანახვაც, ხმის გაგონებაც, წასვლაც, მოსვლაც... განსაკუთრებით კი ის მაცოფებდა, რომ ამ ყველაფერს თვითონ ურეაქციოდ ხვდებოდა – არც მსაყვედურობდა, არც მეპასუხებოდა, არც მეჩხუბებოდა. ერთადერთი პროტესტი, რაც მან გამოხატა (ოღონდ, უსიტყვოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე), ის იყო, რომ, ბოლო ხანებში საერთოდ აღარ მიკარებდა, ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას. მე ეს კიდევ უფრო მაცოფებდა და აგრესიულს მხდიდა მის მიმართ და, ისე მოხდა, რომ, პრაქტიკულად, შემძულდა – როგორც ქალი. ხანდახან, რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ასეთ უემოციო, ცივ, უინტერესო და არასექსუალურ ქალთან როგორ მქონდა ურთიერთობა-მეთქი. გულში და ტვინში თანდათან მომწიფდა აზრი იმის შესახებ, რომ მასთან ვეღარ ვიცხოვრებდი. მაგრამ, პირდაპირ თქმას და ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი თუ ვერ ვრისკავდი, ვერ გეტყვით. თან, ეტყობა, შვილებისაც მერიდებოდა, მეზობლებისაც, ახლობლებისაც. მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, ცოლი ნელ-ნელა შემეგუებინა ამ აზრისთვის, შესაბამისი განწყობაც შემექმნა მისთვის და ამიტომ მოვუხშირე ყვედრებას, პრეტენზიებს, ჩხუბს და თან, ყოველ შესაძლო მომენტში ვეუბნებოდი, შენთან ცხოვრება აღარც მინდა, აღარც შემიძლია, ისიც კი მიკვირს, ამდენ ხანს შენ გვერდით როგორ გავძელი და ცხოვრება რატომ დავიმახინჯე-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელაც კი არ გაუცია არანაირი პასუხი. ხანდახან ისიც კი მეგონა, არ ესმის, რას ვეუბნები-მეთქი. ის ჩუმად ისმენდა ჩემს საშინელ მონოლოგებს, პრაქტიკულად, ურეაქციოდ და ისევ თავის საქმეს აკეთებდა: ოჯახს უვლიდა, სამსახურში დადიოდა... ეს კი უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ ამ ქალს ცხოვრებაში ვერასდროს ვეღარ მივეკარებოდი, კისერზეც რომ ჩამომკიდებოდა. მაგრამ, ერთ რამეს ვერ ვიგებდი: პრაქტიკულად, არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, არც ინტიმური და არც, ელემენტარულად, ყოფითი და რატომ ითმენდა ჩემს ასეთ მოპყრობას – უხეშობას, უყურადღებობას, გულცივობას, უპატივცემულობას... ბოლოს დავასკვენი, რომ ეს არის უკვე ჩამქრალი, ბედს შეგუებული, რობოტად ქცეული არსება, რომელიც ვერასდროს ვერანაირ მამაკაცს ვერ დააინტერესებს. ამაში რომ დავრწმუნდი, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის წერტილი დამესვა, ოღონდ ისე, რომ მე არ დამბრალებოდა და ერთ საღამოს ახალი სკანდალი მოვაწყვე: რაღაც დავაბრალე, რაღაცა დავუწუნე, მერე გვარიანად შევუკურთხე – მინდოდა, წყობიდან გამომეყვანა, თუმცა, ამაოდ. მერე ისე მოხდა, რომ, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად მისი გარდაცვლილი მამა მოვიხსენიე უდიერად და ცოტა უხამსადაც კი და, სწორედ ამ დროს ჩემს ცოლში ისეთი მეტამორფოზა მოხდა, თვალებს არ დავუჯერე. ამ წყნარ, ჩუმ, დაცლილ, ბედს შეგუებულ და ჩამქრალ ქალში თითქოს უცბად ვეფხვი ჩასახლდა: თვალები აენთო, სახე ახლოს მომიტანა და ისეთი ხმით გამცა პასუხი, გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. იმ სიტყვებმა კი, რაც მითხრა, მთლად გამაოგნა. ისე გამასწორა მიწასთან, ისეთი ბრალდებები წამომიყენა (რომ დავფიქრდი, მივხვდი, ყველაფერში მართალი იყო), ისე ცხადად დამანახვა, ვინც ვარ სინამდვილეში და ბოლოს ისე გამანადგურებლად დამამცირა, ჩემს ადგილას, თავმოყვარე კაცი თავს თუ არ მოიკლავდა, იმ წუთშივე წავიდოდა სახლიდან. რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დამიტოვებია და მუშტიც კი მოვუღერე დასარტყმელად, მაგრამ, ისეთი თვალებით შემომხედა, მონუსხულივით დავუშვი ხელი და ენა ჩამივარდა. მაგრამ, იმიტომ კი არა, რომ შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემ წინ იდგა საოცარი ქალი – ვნებიანი, სექსუალური, ლამაზი, ძლიერი... და, ისე მომინდა მისი მოფერება, რომ კინაღამ გული გამიჩერდა. მაგრამ, ვერ გავუბედე. იმ საღამოდან სულ სხვა თვალით ვუყურებ ცოლს, პირდაპირ ვერ ვუხდი ბოდიშებს, მაგრამ, ვცდილობ, ჩემი საქციელით მოვინანიო ყველაფერი. მაგრამ, ახლა მან დამისვა ოფიციალურად საკითხი – უნდა გაგეყარო, შენთან ცხოვრება აღარ შემიძლიაო. მე კი ვგრძნობ, რომ ახლა მე აღარ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, არ ვიცი, როგორ დავიბრუნო ბედნიერება.
სოსო, 43 წლის.

ჩემს ქმარს შვილი არ უყვარს
მშობიარობის შემდეგ საკმაოდ გავსუქდი და დავუშნოვდი, მაგრამ, ბავშვს ძუძუს ვაწოვებ და ამიტომ დიეტას ვერ ვიცავ. ჩემს ქმარს კი ამის გაგება არ უნდა. მეუბნება, თუ ისევ ძველ ფორმას არ დაიბრუნებ, აღარ მეყვარები და გაგშორდებიო. ვერაფრით გავაგებინე, რომ ბავშვის ჯანმრთელობა უნდა დააყენოს თავის ხუშტურებზე წინ. ამას წინათ მითხრა, იმიტომაც არ მინდოდა, შვილი გაგეჩინა, მით უმეტეს, რომ სულაც არ ვგიჟდები ბავშვებზეო. გამოგიტყდებით, ხანდახან ვგრძნობ, რომ შვილი არ უყვარს.
ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ, თუ ბავშვი არ შეიყვარა და ნამდვილი მამობა არ გაუწია, ჩემს სიყვარულსაც დავძლევ, ყველაფერ სხვა რამესაც და არც დავფიქრდები, ისე გავეყრები. შვილი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა. მერე კი, როცა გონს მოვა და მიხვდება, რა დაკარგა, თუნდაც მუხლებზე დაჩოქილი მოხოხდეს და პატიება მთხოვოს, აღარ მივიღებ.
ნანა, 27 წლის.

ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი
სკოლას ვამთავრებდი, მამაჩემი დიდ თანამდებობაზე რომ დანიშნეს და მძღოლიანი მანქანა მიუჩინეს. დედაჩემი და ჩემი უფროსი და ძალიან იფერებდნენ ახალ მდგომარეობას და, რომ იტყვიან, კუდი ყავარზე გადეს. აქაოდა, დიდი კაცის ცოლი გავხდიო, დედამ ორი მოსამსახურე აიყვანა: ერთი სახლს ალაგებდა, მეორე სადილ-ვახშამს გვიმზადებდა. ასეთი რამ მაშინ უცხო ხილი იყო, მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „ნომენკლატურის“ ოჯახებს ჰქონდათ ამის უფლება და ისინიც მთლად ვერ ახმაურებდნენ.
სანამ მამა „ჩვეულებრივი მოკვდავი“ იყო, დედაჩემი ძალიან სადად და მოკრძალებულად ცხოვრობდა. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვდა არც სახლში და არც გარეთ. ასეთივე იყო ჩემი დაც – ზედმეტად ჩუმი, წყნარი, მორიდებული. მაგრამ, ხომ გითხარით, რაც მამა დააწინაურეს, ვერც ერთს ვეღარ ვცნობდი.
მამას მძღოლი ერთი სიმპათიური ბიჭი იყო. პოლიტექნიკურში სწავლობდა დაუსწრებელზე და, რადგან დედა ჰყავდა სარჩენი, პირად მძღოლად დაიწყო მუშაობა. მამას მოსწონდა – მშრომელი, წესიერი და ერთგული ბიჭიაო და ათას რამეს უკეთებდა. ისიც მადლიერი იყო და სულ თვალებში შემოგვციცინებდა ყველას, განსაკუთრებით კი – ჩემს დას, რომელიც, აშკარად მოსწონდა. ამქვეყნად რა იმალება და ჩვენი მძღოლის სიყვარულიც  გამჟღავნდა, რასაც საშინელი რეაქცია მოჰყვა როგორც დედაჩემის, ისე ჩემი დის მხრიდან. დედამ უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა საწყალი ბიჭი და მამას კატეგორიულად მოსთხოვა, სამსახურიდან გაეშვა. ჩემი და კი აშკარად დასცინოდა და ამცირებდა, კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და მის გრძნობებს აბუჩად იგდებდა. მამას არ უნდოდა ასეთი კარგი მძღოლის გაშვება, მაგრამ დედამ ისეთი სურათი დაუხატა, იძულებული გახდა, ბესოსთვის (მძღოლისთვის) სხვა მაღალჩინოსანთან გაეწია რეკომენდაცია.
ბესო რომ მიდიოდა, ისეთი მოწყენილი იყო, კინაღამ ავტირდი და გამოსამშვიდობებლად მარტო მე მივედი მასთან. შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და გულით ვუსურვე წარმატება და ბედნიერება. ბოლოს მითხრა, ამ ოჯახში შენ და მამაშენი სულ სხვანაირები ხართ, მაგრამ, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე: თავის საქციელზე საბოლოოდ ყველა აგებს პასუხს და დადგება დღე, როცა დედაშენი და შენი და ძალიან ინანებენ, ასე რომ მომექცნენო. მიუხედავად იმისა, რომ ბესოს გულში თანავუგრძნობდი, მაინც არ მესიამოვნა ეს სიტყვები, გულზე ეკლად მომხვდა, მით უფრო, რომ მის თვალებში უცნაური, ბოროტი ნაპერწკალი დავინახე, რაც სხვა დროს არ შემიმჩნევია. ეს უსიამოვნო შეგრძნება კარგა ხანს გამყვა, მაგრამ მერე თანდათან გაიფანტა.
ბესო ჩვენგან რომ წავიდა, სკოლას იმ წელიწადს ვამთავრებდი. მალე ბანკეტი ახლოვდებოდა და დიდ სამზადისში ვიყავი. ბესო მანამდეც მირეკავდა ხოლმე, ყველას მოიკითხავდა, ჩემს ამბებსაც მეკითხებოდა, თავისასაც მიყვებოდა. ხანდახან საათობით ვლაპარაკობდით. ერთი სიტყვით, დავმეგობრდით. ერთი-ორჯერ მე და ჩემი დაქალები მცხეთაში გაგვასეირნა მანქანით, ერთხელ კაფეშიც წაგვიყვანა და ნაყინზე დაგვპატიჟა. სულ მეკითხებოდა, ბიჭები ხომ არ გაწუხებენ. თუ ვინმემ თავი მოგაბეზრა, მითხარი და ახლოს ვეღარ მოგეკარებაო. ერთხელ მართლაც მომიწია თქმა (შიშით სახლში ხმა ვერ ამოვიღე) და ბესომ ისეთი დღე აყარა, იმის მერე კილომეტრზე მივლიდა ის ბიჭი გვერდს. ამ ყველაფერს ბესო ისე აკეთებდა, რომ მთლიანად მივენდე, მასზე ერთგული და საიმედო აღარავინ მყავდა. თან, ერთხელაც კი, „ნამიოკის“ სახითაც არ უთქვამს, არ უგრძნობინებია რამე. როგორც უმცროს დას, ისე მექცეოდა და მფარველობას მიწევდა. მე ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვიყავი, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ბესო შემიყვარდა. თუმცა, ამაში საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი. წეღან ბანკეტი ვახსენე. სწორედ ბანკეტის წინა დღეს დამირეკა და მანქანით მომსახურება შემომთავაზა – არ მინდა, შენ და შენმა დაქალებმა ტაქსებით იაროთ. მიგიყვანთ, დილით კი მოგაკითხავთ და სახლებში დაგარიგებთო. სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი. მართლაც, მიმიყვანა, მასწავლებლებს ჩამაბარა და წავიდა. ის ღამე, ცხადია, გავათენეთ, მაგრამ, სანამ დავიშლებოდით, ბესომ ორჯერ მომაკითხა – დამხედა, ხომ მშვიდობააო. დილის 6 საათზე კი დაბარებულივით იდგა იმ სახლის წინ (მაშინ სახლებში იხდიდნენ ბანკეტებს), სადაც ბანკეტი გვქონდა. ცოტა დალეული მქონდა და საკმაოდ შექეიფიანებული ვიყავი. ჩემი დაქალებიც ფეხზე ძლივს იდგნენ. ხუთნი ჩავეჭედეთ ბესოს მანქანაში. თვალებს ძლივს ვახელდი, ისე ვიყავი და არც კი გამიგია, როგორ ჩამოარიგა ბესომ ჩემი დაქალები. მანქანაში მარტო რომ დავრჩით, ეტყობა, სიჩუმემ გამომაფხიზლა. ბესო ღიმილით შემომცქეროდა, რამაც ძალიან დამაბნია. მერე მითხრა, ამ კაბაში ისეთი მზეთუნახავი ხარ, მენანება კიდეც, სახლში მიგიყვანოო. მაშინ, სადმე სხვაგან წამიყვანე-მეთქი. გეფიცებით, მართლა არაფერი მიგულისხმია, გარდა იმისა, რომ ვიფიქრე, სადმე გავისეირნებთ-მეთქი. სად წავიდეთო, – მკითხა. მე ისევ გაუაზრებლად ვუპასუხე, სადაც შენ გინდა-მეთქი. მაშინ, მომიბრუნდა, სახე ახლოს მომიტანა, თვალებში ჩამხედა და ჩუმად მითხრა: მე მინდა, რომ ჩემთან წაგიყვანო, სახლში, ოღონდ, სამუდამოდ. ამაზე თანახმა ხარო? ისეთი დიდი სითბო, სიყვარული და გულწრფელობა დავინახე მის თვალებში, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავეთანხმე. სხვათა შორის სწორედ იმ წუთებში ვიგრძენი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, თურმე, მიყვარდა. ასე გავყევი ცოლად ბესოს. გამოგიტყდებით, რომ დედაჩემი და ჩემი და მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, რაც ბესომ თავისი ოჯახის წევრებთან ცოლად წარმადგინა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მინდოდა.
ჩემი ბესოზე გათხოვების ამბავს (თანაც, ასე გათხოვების) როგორ გადაიტანდნენ ოჯახის წევრები, ხომ წარმოგიდგენიათ. ყველაზე ადრე მაინც მამა შეგვირიგდა. დედა და ჩემი და წლების განმავლობაში არ მოსულან ჩვენთან.
ბესო არაჩვეულებრივი ქმარი და მამა გამოდგა. სულ თვალებში შემომყურებდა, და, რაც შეეძლო, მანებივრებდა. მამას ეამაყებოდა, ასეთი სიძე რომ ჰყავდა. თავისი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, კარგ თანამდებობასაც მიაღწია, თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა და, შესაბამისად, მატერიალურადაც აღარ გვიჭირდა (სხვათა შორის, მამა ხშირად სთავაზობდა ხოლმე დახმარებას, მაგრამ ბესოს არასდროს, ერთი კაპიკიც კი არ გამოურთმევია).
დედამ, როგორც იქნა, მოინელა ის ამბავი, რომ მისი შვილი ღარიბ მძღოლს გაჰყვა, მაგრამ, ჩემი და დღემდე უმძრახად არის ჩემთან – ამ 30 წლის განმავლობაში ვერ მაპატია, რომ საქმრო „წავართვი“, – ასე ამბობს ყველგან დღესაც და, მე მაბრალებს, რომ გაუთხოვარი დარჩა.
არ ვიცი, შეიძლება, მთლად მართალი არ ვარ ჩემს დასთან, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბედის წიგნში ასე ეწერა.
ნათელა, 47 წლის.

შურისძიება ტკბილი ყოფილა
ისე მოხდა, რომ ჩემს ქმარს ბიზნესი ჩაუვარდა და დიდი ვალი დაგვედო. რა არ ვცადეთ, მაგრამ მდგომარეობიდან ვერ გამოვედით. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვებადა, ბინაც დავაგირავეთ ბანკში, მაგრამ ვალი მხოლოდ გავანახევრეთ. ამიტომ, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ. ვიცოდი, რომ სამი შვილის მოვლა-პატრონობა მარტოს გამიჭირდებოდა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი.
ჩემს ქმარს ბიძაშვილი ჰყავდა ამერიკაში, იქაური მოქალაქე იყო და კარგი სამსახურიც ჰქონდა. ის შეჰპირდა, თუ ჩამოხვალ, არც ბინა გექნება საზრუნავი და სამუშაოდ ჩემთან მოგაწყობ, შენისთანა პროფესიონალ ხელოსნებს სანთლით ვეძებთო. მოკლედ, წავიდა თავის ბიძაშვილთან. როგორც ტელეფონში მითხრა, ჩასვლიდან ერთ თვეში დაიწყო მუშაობა. თავიდან იმდენ ფულს მიგზავნიდა, რომ ბანკში ბინის გირაო გადამეხადა. იმ თანხიდან ერთი თეთრიც არ მრჩებოდა და ბავშვების სარჩენად რაღაცნაირად გავდიოდი იოლას – ცოტას ჩემი ძმა მეხმარებოდა, ცოტას – დედამთილი (მერე გავიგე, რომ თურმე, ჩემი ქმარი დედამისს უფრო მეტ თანხას უგზავნიდა, ვიდრე ჩვენ). მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ რძალმა (ძმის ცოლმა) მითხრა, ჩვენი იმედი ნუღარ გექნება. რასაც შენი ძმა შენ გაძლევს, ის ჩემს შვილებს აკლდებათ (თვეში 100 ლარზე იყო ლაპარაკი). შენი ქმარი ამერიკაში ფულებს აკეთებს და ჩვენ რატომ უნდა გარჩინოთო. მოსთხოვე, დედამისს რომ თანხას უგზავნის, იმისი ნახევარი მაინც გამოგიგზავნოს და სხვისი ხელის შემყურე აღარ იქნებიო. სწორედ მულისგან გავიგე, რომ ჩემი ქმრის გაგზავნილ ფულს ჩემი დედამთილი თავისი ქალიშვილისთვის აგროვებდა, რომ ბინის მშენებლობაში შეეტანა. მალე დედამთილმაც დაახლოებით იგივე მითხრა და დავრჩით მხოლოდ ჩემი ხელფასის ამარა. მანამდე კიდევ თავს ვიკავებდი, მაგრამ, დედამთილის „გამოსვლის“ შემდეგ, გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი, დედაშენი შენი ფულებით თავის ქალიშვილს ბინას უშენებს, შენი შვილები კი მშივრები დადიან. ეგებ იმათთან გასაგზავნი ფულის ნახევარი ჩვენ გამოგვიგზავნო, რომ ბავშვებს ან ვაჭამო, ან ჩავაცვა, ან მასწავლებლებთან ვატარო-მეთქი. ისეთი ამბავი დამაწია, ვერ წარმოიდგენთ. შენ არავინ გეკითხება, დედაჩემს რამდენს გავუგზავნი, იმაზეც მადლობელი იყავი, რასაც გაძლევ. წესით, მაგის ღირსიც არა ხარ, მაგრამ არ მინდა, ბავშვებს ბინა დავუკარგოო. მეც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ჯერ ერთი, ეს ბინა ჩემი მზითევია და შენთვის მშობლებს არანაირი წილი არ მოუციათ (ცნობისთვის, სადაც დედამისი ცხოვრობს, იმ ბინასაც ქალიშვილს უტოვებს – ეს არის ჩემი მომხედავიო. არადა, დღემდე ჩემი ქმარი არჩენს მთელ ოჯახს, სიძიან-დისშვილებიანად) და ეგ ვალებიც ჩემ გამო არ დაგვდებია. ამიტომ, ნურაფერს მაყვედრი, ნება იბოძე და შენი შვილები მინიმალურად მაინც უზრუნველყავი-მეთქი. მეგონა, ცოტას გამოვაფხიზლებდი, მაგრამ, პირიქით მოხდა. იმ დღიდან ერთი კაპიკი აღარ გამოუგზავნია. არადა, ბანკში ორი თვის გადასახდელი იყო დარჩენილი. შემეშინდა, ბავშვებს სულ არ დავუკარგო ბინა-მეთქი, მე დედაჩემთან გადავედი ჩემი შვილებიანად, ჩემი ბინა კი გავაქირავე და იმით დავფარე გადასახადი, მერე კი ჩემს ხელფასს ქირასაც ვამატებდი და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. ამასობაში ორ წელიწადზე მეტი ისე გავიდა, ჩემი ქმარი, პრაქტიკულად, აღარც დამლაპარაკებია. თვითონ მხოლოდ ბავშვებს ურეკავდა. ისიც, მხოლოდ მოკითხვის დონეზე, მე კი არც მკითხულობდა. მე რომ ვურეკავდი, მეჩქარება, არ მცალიაო და ტელეფონს თიშავდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მენატრებოდა ქმარი. ახალგაზრდა ვიყავი და, რა თქმა უნდა, მქონდა სურვილი, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყოლოდა. მაგრამ, გვერდით კი არა, ჩემს ქმარს შორიდანაც აღარ ვუნდოდი. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, როგორ ფერმკრთალდებოდა ჩემს გულში მისი სახეც და ხმაც. გულში კი არა, ლამის ვიზუალურადაც დამავიწყდა, როგორი იყო. დავიღალე ყველანაირი გაგებით, მარტო ყოფნით, მაგრამ, არც აღზრდა, არც მორალი, არც შვილების წინაშე პასუხისმგებლობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, მეგობარი გამეჩინა. თუმცა, ამის შანსი ძალიან ხშირად მქონდა. ასეთი ყოფის გამო სულ სტრესებში ვიყავი, ნერვებსაც ვეღარ ვაკონტროლებდი და ბოლოს ისე შემიპყრო აპათიამ, კარგა ხანს ლოგინად ჩავვარდი. დედაჩემს ერთი უახლოესი მეგობარი ჰყავდა, არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი და იმან მითხრა: თუ გინდა, ისევ გაცოცხლდე, ან შენ წადი ქმართან, ან აიძულე, რომ ის ჩამოვიდეს, ან მეგობარი გაიჩინე, თორემ, მოკვდებიო. ჩემი წასვლა თეორიულადაც კი გამორიცხული იყო. ამიტომ, ქმარს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი (ვაიძულე, რომ მოესმინა). პასუხად გაიცინა და მითხრა – ჯერ ერთი, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, მეორეც, ვის „აბოლებ“, არაფერს რომ არ გეუბნები, ხომ არ გგონია, მჯერა, რომ ამდენ ხანს მარტო ხარ და საყვარელი არ გაიჩინეო. ისე გამამწარა ამ სიტყვებმა, გადავწყვიტე, შური მეძია და ჩემს ყველაზე აქტიურ თაყვანისმცემელს თვითონ დავურეკე. კარგა ხანს ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩვენ შორის კოცნაც არ ყოფილა – ვერანაირად ვერ ვდგამდი ნაბიჯს ინტიმური ურთიერთობისკენ. ერთ დღეს კი ჩემს მულს წამოსცდა, მეოთხედ გავხდი მამიდაო. მოკლედ, გაირკვა, რომ ჩემს ქმარს იქ ცოლიც შეურთავს (მერე რა, ხელი რომ არ ჰქონდა მოწერილი) და შვილიც ჰყოლია. ჩემს მულს რომ ჩავეკითხე, მითხრა, მერე რა მოხდა, ახალგაზრდა კაცია და აბა, ამდენი წელი უქალოდ ხომ არ იქნებოდაო. მე არ ვარ ახალგაზრდა-მეთქი? – ვკითხე. ირონიულად შემომხედა და მიპასუხა – შენმა მატარებელმა უკვე კარგა ხანია, ჩაიარაო. არადა, 36 წლის ვიყავი, მეტის კი არა. ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი, თავს ძლივს მოვერიე, ტირილი რომ არ დამეწყო. ჩემი მული რომ წაბრძანდა, ბევრი ვიფიქრე, როგორ გამემწარებინა ჩემი ქმარი და შურისძიება გადავწყვიტე. გადავწყვიტე და შევასრულე კიდეც – საყვარელი გავიჩინე, რასაც მაინც საგულდაგულოდ ვმალავდი (ისიც მხოლოდ ბავშვების გამო, თორემ, გულის სიღრმეში ძალიანაც მინდოდა, ჩემს ქმარსა და მისიანებს გაეგოთ). უნდა გამოვტყდე, რომ მხოლოდ ამ კაცმა მაგრძნობინა, რომ ქალი ვარ. მასზე გათხოვებას არ ვაპირებ (თუმცა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სამი შვილის მიუხედავად, ხელი მთხოვა), მიუხედავად იმისა, რომ შვილებს გავაცანი. სხვათა შორის, ბავშვებმა არაჩვეულებრივად მიიღეს, რადგან ხედავენ, რომ ეს კაცი მათ დედას აღმერთებს.
წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება ჩემი ქმარი (ან მისიანები), ამას რომ გაიგებს, მაგრამ, სულაც არ მეშინია, პირიქით, წინასწარ ვნეტარებ – მართლაც ძალიან ტკბილი ყოფილა შურისძიება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თაყვანისმცემელი მეც მართლა შემიყვარდა და შურისძიების იარაღი სულაც არ არის.
მარიკა, 38 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3