კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (103)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რატომ ვერ იცავს კანონი „პაციენტთა უფლებების შესახებ“ პაციენტებს და როგორ რეგულირდება ხელმეორედ ოპერაციის გაკეთება ან ფულადი კომპენსაციის გაცემა



ექიმთა და პაციენტთა ურთიერთობა ქართული ჯანდაცვის სისტემის ის  აქილევსის ქუსლია, რომელსაც ვერც კანონი არეგულირებს და ვერც ჰიპოკრატეს ფიცი. იმის მიუხედავად, რომ, როგორც ყველა ცივილიზებულ მსოფლიოში, ჩვენი კანონმდებლობაც  პაციენტის უფლებებზეა ორიენტირებული, რეალურად მათი დაცვა მაინც არ ხდება. ამ პრობლემის  შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ თავმჯდომარეს, საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლობის მიერ, ჯანდაცვის ომბუდსმენად დასახელებულ მარინა ბერაძეს გავესაუბრეთ.  
მარინა ბერაძე: კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ” არსებობს, მაგრამ რეალურად, ეს კანონი პაციენტის უფლებებს ვერ იცავს. კანონს აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი და ხვრელი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამოივსოს, ამას ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, კანონი ძალიან ზოგადია, იქ არ არის დაწვრილებით გაწერილი  ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კანონის მოთხოვნა პრაქტიკაში.  2010 წელს ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა,  თუმცა ეს პროგრამა დღემდე არ არსებობს. საქართველოში არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც პაციენტის უფლებების დაცვაა.   დღეს ექიმს  არ აქვს საშუალება კვალიფიციური, ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს.  იქ,  სადაც მოსახლეობის 75 პროცენტისთვის მიუწვდომელია ჯანდაცვის სერვისები, პაციენტის უფლებების დაცვაზე ხომ საუბარი აბსურდია. უფლებების შელახვა იწყება სწორედ იქ, სადაც ადამიანს არ აქვს საშუალება მიმართოს ექიმს და ისარგებლოს სამედიცინო მომსახურების სერვისით. პაციენტთა უფლებები შელახული იქნება მანამ, სანამ სწორად არ  განაწილდება პრიორიტეტები ქვეყანაში. ჩვენთან  აქცენტი გაკეთდა ჰოსპიტალურ სექტორზე და ეს მომსახურება არის ძალიან ძვირი, მაშინ როდესაც პირველადი ჯანდაცვა, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სექტორი საჭიროებს რეორგანიზაციას. ეს მხოლოდ კერძო სექტორს შეეხო და დღეს თითქმის არც ერთი სახელმწიფო ამბულატორია არ მუშაობს. ხალხი დაბნეულია და წარმოდგენა არ აქვს, რა ეკუთვნის და რა არა, სახელმწიფო პროგრამით. თუმცა, მას ეს უფლება კანონით აქვს მინიჭებული. არსებობს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, რომელიც დეფიციტურია და ხშირად არ ეხება მათ, ვისაც რეალურად უნდა ეკუთვნოდეს. ყველა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ძალიან მარტივად, გამოკრული  უნდა იყოს  ინფორმაცია, ვის რა მომსახურება  შეიძლება, გაეწიოს სახელმწიფო პროგრამით და რა უნდა დააფინანსოს თავად პაციენტმა. ამ პრობლემაში ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ შემუშავებული არაა სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტი, სამედიცინო პერსონალის მუშაობის გრაფიკი. მოგეხსენებათ, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან,  არსებობს სტანდარტი, თუ რამდენი პაციენტის მიღება შეუძლია ექიმს, საქართველოში  ესეც  არ არსებობს. გადატვირთულია პროვაიდერი კლინიკები და როცა ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო მომსახურება, ის უნდა ჩაეწეროს რიგში, რომელმაც შესაძლოა, ორი თვის მერე მოუწიოს. ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ბევრი კლინიკა ცარიელია,  და სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის რეგულაცია საერთოდ არ ხდება.  ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა დაზღვევა, სადაზღვევო პაკეტშიც კი არაა ზუსტად გაწერილი, რა მომსახურება უნდა გაეწიოს პაციენტს. კერძო სადაზღვევო კომპანია არის მოგებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუცია, პაციენტს ის  განიხილავს, როგორც სამედიცინო შემთხვევას, ანუ ზარალს.  ის ცდილობს, შეამციროს ზარალი, რომ იარსებოს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ცალკე სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე  და იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც არ აქვს საშუალება, დააზღვიოს საკუთარი ჯანმრთელობა კერძო სექტორში. სამედიცინო დახმარება მოსახლეობისთვის  უნდა იყოს საბაზისო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო სახელმწიფოს ხარჯზე, როგორც ეს არის ევროპაში და უკვე ამერიკაშიც. იქ  სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიები ფარავს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ხარჯებს.           
 –  ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორში დასაქმებული პერსონალი, რომელთა გულგრილობის, არასწორი მკურნალობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, არაერთი პაციენტის  სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე. კანონი  როგორ არეგულირებს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას?
 – ბოლო წლებში  მიზანმიმართულად მიდის კამპანია, რომლითაც ხდება სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაცია. სამწუხარო ისაა, რომ ეს ხდება ვითომდა პაციენტის უფლებების დაცვის ხარჯზე.  ძალიან ცუდად მიმდინარეობს ურთიერთობის გარჩევა ექიმსა და პაციენტს შორის.  ბოლო პერიოდში, ექიმების მასობრივი დაჯარიმება ხდება.  მთელ მსოფლიოში,  ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებულია პაციენტის უფლებებზე, ამიტომაც უქმნიან ექიმებს მუშაობის კარგ პირობებს და ზრუნავენ დიპლომის შემდეგ უწყვეტი განათლების სისტემაზე, რაც ჩვენთან არ არსებობს. კარგი ექიმი, რომელიც კმაყოფილია თავისი სამსახურით, და ანაზღაურების გამო, ერთდროულად ათ ადგილას არ მუშაობს,  როცა დაცულია სამედიცინო სტანდარტი, ექიმთა საქმიანობის  ნორმები და ნორმატივები, ექიმი პაციენტს ყოველთვის უთმობს საჭირო ყურადღებას. სტანდარტების არარსებობა იწვევს იმას, რომ ჩვენთან ძალიან მაღალია ოპერაციების ფასი.  ეს საერთოდ ძალიან მძიმე თემაა.  საერთაშორისო აკრედიტაცია არ აქვს არც ერთ  იმ  გარემონტებულ ჰოსპიტალს, რომლითაც დღეს ასე იწონებენ თავს.  ეს აკრედიტაცია გავლილი აქვს მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებას. სერტიფიკატი უნდა გაიცეს იმ სტანდარტით, რაც მსოფლიო ჯანდაცვის წევრი სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო. თუ ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ, უნდა დავიცვათ ის წესები, რაც მათთან  არის  პრიორიტეტული,  მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის აუცილებლად დასაცავი ოცპუნქტიანი ჩამონათვალიდან 13 პუნქტზე შეთანხმდნენ.
–  როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ექიმს მხოლოდ სტანდარტი და ნორმა არ უნდა აძლევდეს  მუშაობის მიმართულებას და პრიორიტეტული სხვა რამ უნდა იყოს. 
–  ამაში დამნაშავეა სამედიცინო მენეჯმენტი. ექიმს აქვს უფლება უფულოდ მიიღოს პაციენტი და ამას არ აკეთებს?  თუ ექიმი სამედიცინო მომსახურებას  გაუწევს პაციენტს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი თანხა მომსახურებაში გადასახდელად, ექიმი მიიღებს საყვედურს და ეს თანხა დაექვითება ხელფასიდან.  სიტუაციას ექიმებთან ბრძოლა კი არ გამოასწორებს, საჭიროა, ბრძოლა იმ მიზეზებთან, რომელიც ექიმებს ასეთი წესით ამუშავებს.  კლინიკის ხელმძღვანელს, სამუშაოდ ის ექიმი უფრო აწყობს, ვინც უფრო კარგად გაყვლეფს პაციენტს. აუცილებლად უნდა შემუშავდეს ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ძველი, აქამდე მოქმედი სტანდარტი არც პაციენტს იცავს და არც ექიმს. აუცილებლად უნდა შემცირდეს სამედიცინო შეცდომების დაშვების რისკი. აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა, გულგრილობა და დანაშაული.  დღეს ამ თემაზე არავინ საუბრობს. სამედიცინო შეცდომა კი რომლისგანაც არც ერთი, თვით მაღალი კვალიფიკაციის ექიმიც არაა დაზღვეული, დღეს თავისუფლად შეუძლიათ გაიყვანონ დანაშაულში და ექიმი არაკანონიერად დაისაჯოს. ხდება პირიქითაც, რაც იწვევს იმ ქაოსს, რომელიც დღეს არსებობს.
– ამას კანონი ხომ ვერ შეამცირებს და დაარეგულირებს?!
– რა თქმა უნდა, შეამცირებს. შეცდომას უშვებს ექიმი იმიტომ კი არა, რომ კვალიფიკაცია არ ყოფნის, იმიტომ რომ საქმე აქვს ადამიანის ძალიან რთულ  ორგანიზმთან. სამედიცინო შეცდომების რაოდენობა ყველა ქვეყანაში ისეთივეა, როგორიცაა იმ ქვეყნის სამედიცინო სისტემა. ამერიკაში სამედიცინო შეცდომების რაოდენობა 10 პროცენტია, კანადაში 5, 7 პროცენტი, ჩვენთან კი კვლევების მიხედვით 17 პროცენტია. ამერიკისა და  კანადის ფონზე ცუდი მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ იქ ზუსტადაა გამიჯნული – რა არის დანაშაული და რა არის სამედიცინო შეცდომა. 
– დღეს მოქმედი კანონმდებლობით, როგორ  ხდება პაციენტისთვის ხელმეორედ ოპერაციის გაკეთება ან  ფულადი კომპენსაციის გაცემა?
– ეს დღეს ძალიან ქაოტურადაა, უფრო მეტიც, საერთოდ არ ხდება. ამას კანონი არ არეგულირებს. ექიმის ბრალეულობითაც რომ იყოს გამოწვეული,  პაციენტს ხელმეორედ ოპერაციის გაკეთება თავისი სახსრებით უწევს. უცხოეთში  სამედიცინო შეცდომებს ამცირებენ იცით, როგორი ფორმით? იქ წახალისებულია სამედიცინო შეცდომების აღიარება.  როცა ხდება სამედიცინო შეცდომის აღიარება, ექიმს კი არ იჭერენ, იწყებენ მთლიანად პრობლემის განხილვას და ანალიზს. აქ ექიმმა შეცდომა რომ აღიაროს, აუცილებლად დაიჭერენ. ამით სამედიცინო შეცდომების რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით, ხდება დამალვა და რაოდენობის ზრდა. ექიმთა დასჯის ამ ფორმით  პაციენტებს არანაირი შეღავათი არ აქვთ. საჭიროა,  ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ძირეული ცვლა. ავიღოთ თურქების მაგალითი, 10 წლის წინ თურქები იყვნენ ძალიან დაბალი კვალიფიკაციის, ახლა კი მათი  ჯანდაცვის სისტემა წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევს.  თურქეთში, პრაქტიკულად, შეუძლებელია, უცხოეთიდან ჩასულმა ექიმმა ლიცენზირება  გაიაროს, სამაგიეროდ მათი ექიმები ყოველ სამ თვეში ერთხელ უცხოეთში მიდიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 
– როცა  კლინიკა არღვევს პაციენტის უფლებებს, ვის უნდა მიმართოს მან?
– უნდა მიმართოთ სასამართლოს, თავდაცვის სხვა  ბერკეტი არც პაციენტს აქვს და არც პატიოსან ექიმს. ახლა პარლამენტში დაიწყო  ექიმის ქცევის კოდექსის კანონპროექტის განხილვა, მაგრამ როგორი მიმართულებით წავა ეს კანონპროექტი და რა სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას, ეს შემდგომ გამოჩნდება.

скачать dle 11.3