კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი ჰქონდა სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკს მამის, 6 ძმისა და 10 ბიძაშვილის მკვლელ სულთან სელიმთან და რისთვის გაუგზავნა სამცხის ათაბაგმა ოსმალებს 2 000 სული ცხვარი



მიუხედავად იმისა, რომ ოსმალების ბატონობა საქართველოში მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში იწყება, ერთი საუკუნით ადრეც კი, ამ ორ სახელმწიფოს გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ამ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ინტერვიუში ჩვენს რესპონდენტთან, ისტორიკოს მირიან მახარაძესთან.
მირიან მახარაძე: ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში ქართველ ხელისუფალთ კარგად ესმოდათ მზარდი ოსმალეთის იმპერიის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა საქართველოს, ქართველები ყოველი ხერხით ცდილობდნენ, ევროპის ერთა თანამეგობრობასთან ერთად, ოსმალთა სახით, მომავალი საფრთხე თავიდან აეცილებინათ. ამიტომ, აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც ფერარა-ფლორენციის, ასევე მანტუას საეკლესიო კრებებში.
1453 წელს, ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ, როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე საქართველოსაც მოუსპო ბიზანტიური, ანუ აღმოსავლეთ-ქრისტიანული კულტურის კერა. ქართველები მაშინვე დაირაზმნენ ამ ფაქტის აღმოსაფხვრელად. თუმცა, ევროპელთა უმოქმედობამ საქართველო ახალი რეალობის, ანუ ოსმალებთან დამეზობლების საშიშროების წინაშე დააყენა. მეჰმედ მეორემ შავი ზღვა თავისი ბატონობის სფეროდ გამოაცხადა, ამიტომ დაიწყო შავი ზღვის პირას მდებარე გენუელთა სავაჭრო ფაქტორიების ხელში ჩაგდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია მდებარეობდა ქალაქ სოხუმში, რომელსაც მართალია, გენუელები მართავდნენ, მაგრამ ქართული სამეფოს და კერძოდ, დადიანების სამფლობელოში შედიოდა.
ოსმალეთის სულთანი გენუელთა მთავარი ფაქტორიის, კაფას (ყირიმი) დასარბევად რომ გაემართა, გზად მან სოხუმში არსებული ფაქტორიაც დაარბია. ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოზე მარბიელ ხასიათს ატარებდა. უფრო სწორად, მარბიელიც კი არ ეთქმის. წყაროების მიხედვით, მათ გენუელთა 2 გემი დაწვეს და სანაპირო ზოლი მოარბიეს, რომელიც მხოლოდ გაქურდვის, ანუ ნადავლის ხელში ჩაგდების მიზანს ისახავდა. ეს ფაქტი არ დარჩენილა გიორგი მერვის ყურადღების გარეშე. მან, თავის ჯართან ერთად, უმალვე სოხუმისკენ აიღო გეზი, თუმცა ოსმალები უკვე იქ აღარ დახვდნენ. ოსმალთა თავდასხმის შემდეგ დადიანმა რამდენიმე წლით სოხუმში გენუელთა ფაქტორია გააუქმა, რომელსაც მეთხუთმეტე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისამდე აღარ უარსებია. ასე აისახა ოსმალთა პირველი გამოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე.
– ამის შემდეგ როდის ჩნდებიან ოსმალები?
– ამის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, ქართველები უშედეგოდ ცდილობენ, ანტიოსმალური კოალიციის მოწყობას. 1461 წელს მეჰმედ მეორემ ტრაპიზონი დაიპყრო. ამ პერიოდიდან ოსმალები უშუალოდ ესაზღვრებიან საქართველოს. ვახუშტი გადმოგვცემს კიდეც, რომ ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ, ოსმალებმა დაიწყეს მარბიელი თავდასხმები საქართველოს ტერიტორიებზე, კერძოდ, კლარჯეთსა და ჭანეთში. საინტერესოა, ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ მომხდარი ერთი ფაქტი, რომელსაც ოსმალეთის ჯარში მყოფი სერბი იანიჩარი გადმოგვცემს. იგი აღწერს, რომ ტრაპიზონის გვერდით მდებარეობდა თავისუფალი თემი, რომელსაც ტარხიგორისტანი ეწოდებოდა. იქ ცხოვრობდნენ ურჯულოებიო. (ქრისტიანები). მკვლევართა შორის სხვადასხვა აზრია ტარხიგორისტანთან დაკავშირებით. ზოგი მას ტარხუსთან აიგივებს, რომელიც მახაჩკალის ძველი სახელწოდებაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონის დაპყრობის პერიოდში, მეჰმედ მეორე მახაჩკალაში ვერ ილაშქრებდა. მას ურთიერთობა ქართველებთან, ან ქართველ მონათესავე ტომებთან, ამ შემთხვევაში ლაზებთან უნდა ჰქონოდა.
– პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ჩემის აზრით, ტარხიგორისტანი შედგენილი სიტყვაა და ნიშნავს ხატხი-გიაურ-სთან, რაც ქართულად ურწმუნოთა საბრძანებელს ნიშნავს.
– რა მოხდა ტარხიგორისტანში და კერძოდ, სად უნდა მდებარეობდეს ის?
– სერბი იანიჩარის გადმოცემით ტარხიგორისტანში სრული ერთსულოვნებაა. ფაქტობრივი მბრძანებელი მათ არ ჰყავთ და ყველა ერთ ნებას ემორჩილება. აქვე, გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარხიგორისტანის გაიგივება შეიძლება მესოქალდეასთან, რომელიც ტრაპიზონსა და საქართველოს შორის მდებარეობდა და ქართველებითა და ლაზებით იყო დასახლებული. ამგვარად, დასრულდა ტრაპიზონის დაპყრობა და უშუალოდ შეექმნა საფრთხე ოსმალეთს ქართული ტერიტორიების ანექსია განეხორციელებინა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ანექსიამ ერთი საუკუნით გადაიწია და ოსმალთა შემოსევები კვლავ მარბიელ ხასიათს ატარებდა. უფრო მეტიც, ქართველებმა გარკვეული ტერიტორიის დაკავებაც კი მოახერხეს ანატოლიაში, ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ. თუმცა არსებობს ოსმალური წყარო, რომელიც მოგვითხრობს ანატოლიის გარკვეული ტერიტორიების ქართველების მფლობელობაში არსებობის შესახებ.
– ოსმალთა დაპყრობების პერიოდში ეს ხომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო?
– მეთექვსმეტე საუკუნის ოსმალო ისტორიკოსი იბნ ქემარი, რომელსაც დაწერილი აქვს მსოფლიო ოსტორიის ათტომეული, მეშვიდე ტომში გადმოგვცემს, რომ ვითომდა, ქართველებმა გაძარცვეს ოსმალო ვაჭრები. ამ ვაჭრებმა იჩივლეს უფლისწულ ბაიაზესთან, რომ ისინი დააწიოკეს ჯეზრეს, ჯენეჰაქისა  და თორულის ციხის მცხოვრებმა ქართველებმა. აღსანიშნავია, რომ ამ 3 ციხის შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროებში არ მოგვეპოვება. თუმცა, აღმოსავლური წყაროები მოგვითხრობენ, რომ ეს 3 ციხე გუმუშჰანეს ტერიტორიაზე მდებარეობდა. გუმუშჰანე კი ტრაპიზონიდან სამხრეთით 90 კილომეტრზეა. ფაქტობრივად, ეს სამხრეთ აღმოსავლეთის ზედა ანატოლიადაც შეიძლება, ჩავთვალოთ. აღსანიშნავია თვითონ „გუმუშ ჰანე“, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც ვერცხლის საბადო და დღესაც იქ მრავლად მოიპოვება ვერცხლი. სწორედ ამის გამო, ქართველები მეთხუთმეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ამ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იბნ ქემალი გადმოგვცემს: იქ მცხოვრები ქართველები ამ დროისთვის, ჯერ კიდევ არ უხდიდნენ ხარკს ოსმალეთის იმპერიას. საერთოდ, მეთხუთმეტე საუკუნეში ოსმალეთს ერთადერთი ხარკი და ისიც საჩუქრის სახით, ყვარყვარე მეორე ათაბაგმა გადაუხადა. მაგრამ, ეს იყო მცდელობა იმისა, ოსმალთა იმპერატორს თეთრბატკნიანთა ტომის მეთაურის უზუნ ჰასანისგან დაეცვა ისინი. ასე ამოიწურა მეთხუთმეტე საუკუნის ოსმალთა მარბიელი ლაშქრობები საქართველოში.
– რა ხდება ამის შემდეგ?
– სამივე ლაშქრობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ განხორციელდა ოსმალთა სულთნის მეჰმედ მეორის პერიოდში. ისტორიამ ამ სულთანს „ფათიჰი”, ანუ „დამპყრობელი” შეარქვა. კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა მისი შვილის, ბაიაზეთ მეორის ხელისუფლებაში მოსვლით. საშინაო ვითარებამ მას ხელი არ შეუწყო, რომ ახალი დაპყრობები განეხორციელებინა, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. ისტორიაში ის უწყინარი სულთნის სახელით შევიდა.
– როდის ჩნდებიან ოსმალები საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგში?
– მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისშივე ოსმალებმა კვლავ განაახლეს მარბიელი ლაშქრობები. მართალია, ბაიაზეთ პირველი არ აწარმოებდა დაპყრობით ომებს, მაგრამ მას ტრაპიზონის გამგებლად დანიშნული ჰყავდა თავისი შვილი სელიმი შემდგომში სელიმ  პირველი „იავუზად”, ანუ მრისხანედ წოდებული. თურქი ისტორიკოსის, სოლაქ ზადეს მიხედვით, ჯერ კიდევ 1501 წელს საქართველოს საზღვართან, კერძოდ, სამცხეში, შეტაკება მოუხდათ უფლისწულ სელიმსა და სეფიანთა შაჰს, ისმაილს, ქართველების ჯართან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე. ეს შეტაკება სამცხე-ოსმალეთის საზღვარზე განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ისტორიკოსი მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება, მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, რომ უფლისწულმა სელიმმა ვერც იმ მომენტში შემოაღწია საქართველოში. სამაგიეროდ, სულ რამდენიმე წელიწადში, სამცხის ათაბაგის, მზეჭაბუკის თანხლებით, სელიმი შემოდის იმერეთში, გადაწვავს გელათს და ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული ტოვებს ტერიტორიას.
– კიდევ ბევრ ასეთ ფაქტს ინახავს ისტორია?
–  სამწუხაროდ, კი. ბაიაზეთის უმოქმედობამ, სეფიანთა ირანის ტერიტორიულმა ზრდამ, სულთანსა და უფლისწულს შორის (ანუ მამა-შვილს) უთანხმოება გამოიწვია. სელიმი ყირიმში გაიქცა. სწორედ იქიდან, ყირიმელი თათრებისა და ჯიქების დახმარებით, დასავლეთ საქართველოში მარბიელი ლაშქრობა განახორციელა.
– რაში სჭირდებოდა ამის განხორციელება სელიმს იმ კონკრეტულ პერიოდში?
– შუა საუკუნეებში ოსმალეთის საჯარისო ნაწილებისთვის მთავარი იყო ლაშქრობაში ნადავლის ხელში ჩაგდება. ბაიაზეთის უმოქმედობამ ჯარი, ფაქტობრივად, „ადვილი შემოსავლის” გარეშე დატოვა. სელიმის მარბიელმა ლაშქრობამ კი ჯარს მოუტანა შემოსავალი, ამიტომ იანიჩართა კორპუსი ბაიაზეთის ტახტიდან ჩამოგდებას და სელიმის გასულთნებას მოითხოვდა. 1512 წელს სამხედრო გადატრიალების საფუძველზე, ბაიაზეთი გადააყენეს და ოსმალეთის ახალი სულთანი სელიმი გახდა. მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოკლა თავისი 6 ძმა, 10 ბიძაშვილი და ბოლოს მამაც მიაყოლა. ორი წლის შემდეგ სელიმმა სეფიანთა ირანის დაპყრობა და ისმაილის დამარცხება განიზრახა. დასახმარებლად კი სამცხის ათაბაგს, მზეჭაბუკს მიმართა.
– როგორ მოიქცა მზეჭაბუკი?
– ოსმალეთისთვის მზეჭაბუკის დახმარება არა სამხედრო ძალით, არამედ ოსმალური ჯარის სურსათ-სანოვაგით მომარაგებით განისაზღვრებოდა. თუმცა, მზეჭაბუკი არ ჩქარობდა მათ დაპურებას და მოვლენათა განვითარებას ელოდებოდა. სელიმმა მას მუქარის წერილიც გაუგზავნდა და მის ქვეშევრდომთა სრული ამოხოცვით დაემუქრა. ამ მუქარამ არ გაჭრა კიდევ რამდენიმე ხანს.
მზეჭაბუკმა, როგორც კი დაინახა, რომ გამარჯვების სასწორი სელიმის მხარეს გადაიხარა, 2 000 სული ცხვარი გააგზავნა ოსმალთა ბანაკში. გახარებულმა სელიმმა სამცხის ათაბაგს საპატიო ხალათი უბოძა. ამ ფაქტმა საქართველოს სამხრეთი გადაარჩინა სელიმის მრისხანებას. აღსანიშნავია, რომ ირანიდან დაბრუნებულმა სელიმმა, სულ რაღაც დროის მცირე მონაკვეთში, დაიპყრო სირია, ეგვიპტე და დაეპატრონა მექასა და მედინას წმიდა ქალაქებს. სელიმის გარდაცვალების შემდეგ ოსმალთა ტახტზე ადის სულეიმან პირველი კანუნი (კანონმდებელი), რომლის დროსაც ოსმალებმა თავისი აღზევების ზენიტს მიაღწიეს. სწორედ მის პერიოდში წყდება საქართველოში ოსმალთა მარბიელი ლაშქრობები და იწყება ქართული ტერიტორიების თანდათანობითი მითვისება-ოკუპირება ოსმალთა მიერ. სწორედ სულეიმან კანუნმა და სამცხის ათაბაგებმა დაუდეს საფუძველი, რომ საქართველოს ისტორიული სამხრეთი, ანუ ტაო-კლარჯეთი, ჩამოშორებოდა ჩვენს ტერიტორიებს.

скачать dle 11.3