კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადააბარა განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების მართვა მანდატურებს და რატომ დახარჯა ბიუჯეტმა ფული მოსწავლეების უცოდინრობის ზღვრის დადგენაში



მართალია, საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩატარდა (იმის მიუხედავადაც, რომ მოსწავლეების ცოდნის სტანდარტი მაინცდამაინც არ შემოწმებულა), მაგრამ სამინისტროს მსახვრალი ხელი სკოლების დირექტორებმა მაინც ვერ აიცდინეს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში, სადაც მოსწავლეებმა დაბალი მაჩვენებლები მიიღეს (თუმცა ზღვარი გადალახეს), გენინსპექცია შევიდა. რა კავშირია ცოდნის ხარისხსა და გენერალურ ინსპექციას შორის და როგორ უწყობს (ან არ უწყობს) ხელს ფინანსების სწორი ხარჯვა თუ დოკუმენტაციის წარმოება ცოდნის გაღრმავებას, ერთი სიტყვით, ქართული განათლების რეფორმის მეორე ტალღის მშრალ და სველ ადგილებზე თეა თუთბერიძე გვესაუბრება.
– არის კავშირი გენინსპექციის მუშაობასა და სწავლების ხარისხს შორის?
– რეალურად, ამ ყველაფერს შორის კავშირი არ არის. ერთადერთი რაზეც შეიძლება, ვისაუბროთ, არის ის, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებს აქვთ ინტერესი კონკრეტული სკოლების დირექტორებისადმი.
– მაგრამ ეს დირექტორები ხომ სამინისტროს ჩარევითაა დანიშნული?
– რამდენი დირექტორი შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რომელიც აირჩიეს და გაუშვეს?! ძალიან ბევრი, ამდენად, მე ვხედავ კავშირს ამ ორ მოვლენას შორის. როგორ წარმოგიდგენიათ, მინისტრი გაუფრთხილებლად მიდიოდეს ერთ-ერთ სკოლაში, გადმოხტეს მანქანიდან, დაივლიდეს სართულებს, შემდეგ ისევ მანქანაში ჯდებოდეს და მიდიოდეს, მეორე დღეს კი იმ სკოლის დირექტორს ხსნიდნენ?!
– არის ასეთი შემთხვევები?
– რა თქმა უნდა. დაინტერესებაა იმ სკოლების მიმართ, რომლებსაც შედარებით კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, უფრო მეტი მოსწავლე ჰყავს და, შესაბამისად, აქვს უფრო მეტი დაფინანსება. საუბარი  იმაზე, რომ სკოლის დირექტორმა, რომლის მოსწავლეებმაც ვერ გადალახეს ბარიერი ან დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ, უნდა დატოვოს თანამდებობა, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, თუ სისულელე არა. სკოლის დირექტორი ამაზე მაშინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუკი მას ექნებოდა საშუალება, გაეშვა სკოლიდან არაკვალიფიციური პედაგოგი და მიეზიდა კარგი. რეფორმის თავდაპირველ ეტაპზე ასეც იგულისხმებოდა: სკოლა უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, სკოლის დირექტორს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ პედაგოგი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, გაეშვა სკოლიდან და მიეღო ახალი. ეს შექმნიდა კონკურენტულ გარემოს სკოლებში. თქვენც მიგიქცევიათ ყურადღება, რომ მოსწავლეები მიბმული არიან კარგ პედაგოგზე. თუკი კარგი პედაგოგი გადადის სხვა სკოლაში, მას მიჰყვებიან მოსწავლეებიც. ზოგიერთ სკოლას კარგი პედაგოგისთვის უფრო მეტი ხელფასი უნდა შეეთავაზებინა, რომ დაეინტერესებინა და მოეზიდა სხვა სკოლებიდან.
– ეს პრინციპი ხომ ახლაც არის? სკოლას აქვს ბიუჯეტის მართვის თავისუფლება.
– 2007 წლის შემდეგ სკოლის დირექტორებს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ განათლების სამინისტროს მხრიდან პედაგოგების გაშვებასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკურ პრობლემად აქცია ოპოზიციამ და იმის ნაცვლად, რომ მაშინ ხელისუფლებას ეთქვა, არასწორია ამ თემით მანიპულირებაო, ამ სპეკულაციაში ოპოზიციას გადაასწრო. პრეზიდენტი ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბრობდა, ჩვენ სად გვყავს გასაშვები პედაგოგები და ასე შემდეგ. მე მაშინაც ვიკითხე და ახლაც ვამბობ: თუ საჯარო სკოლებში კარგი პედაგოგები გვყავს, რატომ იხდიან ოპოზიციონერები თავიანთი შვილებისთვის საშუალო განათლების მიცემაში უზარმაზარ თანხას ამერიკულ-ქართულ თუ ბრიტანულ-ქართულ სკოლებში?! რატომ არ შეჰყავთ თავიანთი შვილები ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში?!
– ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი საჯარო სკოლების ატესტატი არ ჭრის.
– სად?
– დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მე კი არ ვამართლებ, უბრალოდ შესაძლო ვარიანტს ვამბობ. ჩემმა შვილმა საჯარო სკოლა დაამთავრა.
– იმავეს ამბობდნენ უნივერსიტეტებიდან პროფესორ-მასწავლებლების გაშვებაზეც. სამწუხაროდ, განათლების თემა იქცა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად და ამაში არც ხელისუფლება ჩამორჩა ოპოზიციას. ამდენად, ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა სკოლის დირექტორებს პედაგოგების გაშვება.
– მაგრამ, როგორც ვიცი, ამ სასწავლო წლის ბოლოსთვის სკოლებიდან გაათავისუფლეს პედაგოგები?
– მე ვსაუბრობ ადრინდელ პერიოდზე. ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ გაეგრძელებინა რეფორმა, უკან დაიხია და ბოდიშების მოხდა დაიწყო იმაზე, რაზეც არ უნდა მოეხადა. ამიტომაც გაჩერდა არა მხოლოდ განათლების რეფორმა, არამედ სხვა რეფორმებიც. პრეზიდენტი ხშირად საუბრობდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სკოლების გარემონტება, ინვენტარი, სახელმძღვანელოები, კარ-ფანჯარა. თუ მთავარი ინვენტარია, მაშინ რატომ სწავლობდა მიხეილ სააკაშვილი კიევში, შემდეგ კოლუმბიისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში?! მე ვფიქრობ, რომ უკან დახევის პოლიტიკამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა განათლების რეფორმას. დღეს, რაც განათლების სისტემაში ხდება, ორიენტირებულია ფიარზე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეფორმასთან. ამ ფონზე კი ათავისუფლებენ დირექტორებს.
– ცნობილია, რომ დირექტორები უსიტყვოდ ემორჩილებიან სამინისტროს. რომ უთხრან, მაშინვე არ დაწერენ განცხადებას?
– რა თქმა უნდა, ემორჩილებიან, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ, რეალურად, სკოლის დირექტორი ვერ აგებს პასუხს გამოცდების შედეგებზე. ამასთან, თუ ჩვენ მხოლოდ 70 სკოლაში გვაქვს ჩავარდნა, დანარჩენ სკოლებში კი ყველაფერი რიგზეა, ესე იგი, კარგად გვქონია საქმე.
– კარგად არ გვაქვს, რადგან საატესტატო გამოცდები არ შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
– თუკი სტანდარტი იქნებოდა დაბალი, რა საჭირო იყო ამ გამოცდის ჩატარება?!
– უცოდინრობის დონის შესაფასებლად, ალბათ.
– ეს ხომ ისედაც ვიცით?! მოგიტანთ სტატისტიკურ მონაცემებს: წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS), რომელიც 2006 წელს ჩატარდა, ჩართული იყო მსოფლიოს 45 ქვეყანა, 215 000 მოსწავლე, 185 000 მშობელი, 11 000 მასწავლებელი და 7 600 სკოლა. საქართველოში ამ კვლევით შეფასდა წერითი მეტყველების სხვადასხვა ფორმის აღქმის; მიღებული ინფორმაციის გაგებისა და გამოყენების უნარი. მოსწავლეს უნდა შეძლებოდა სხვადასხვა ტექსტის ძირითადი აზრის გაგება და ჩამოყალიბება; ინფორმაციის ამოკრეფა და მხატვრული ნაწარმოების კითხვისას სიამოვნების განცდა. აღმოჩნდა, რომ ქვეყნების რეიტინგულ სიაში, მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, ქართველმა ბავშვებმა საშუალოზე დაბალი მიღწევები აჩვენეს. თუკი კითხვის უნარის საშუალო სკალირებული მაჩვენებელი, PIRLS-ის თანახმად, 500-ს შეადგენს, ქართველი ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი 471-ით განისაზღვრა. ეს სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება PIRLS საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, კითხვის უნარში საქართველომ, მოსწავლეთა მიღწევების მაჩვენებლის დონით, საერთაშორისო მიღწევების კონტექსტში აჩვენა შემდეგი სურათი: უმაღლესი საფეხური –  1 პროცენტი, მაღალი საფეხური –  15 პროცენტი; საშუალო საფეხური –  50 პროცენტი; დაბალი საფეხური –  82 პროცენტი. მეტიც, მოსწავლეთა 18 პროცენტი აღმოჩნდა მიღწევების საერთაშორისო სკალის დაბალ საფეხურს ქვემოთ.
ახლა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს შევავლოთ თვალი: საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ, რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი ქვეყანა, 2007 წელს ჩაატარა კვლევა (TIMSS). კვლევაში, რომლის მიხედვითაც უნდა შეეფასებინათ 9-10 წლის (მე-4 კლასი) და 13-14 წლის (მე-8 კლასი) ბავშვების ცოდნა, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, მონაწილეობას იღებდა  60 ქვეყანა, 8 465 სკოლა, 8 465 სკოლის დირექტორი, 45 000 მასწავლებელი და 242 490 მოსწავლე. ამოწმებდნენ აზროვნების პროცესებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და, ბუნებრივია, ამავე საგნების ცოდნას. საერთაშორისო მიღწევის დონეების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები ასეთია: მე-4 კლასის მოსწავლეთა კვლევა მათემატიკაში: უმაღლესი საფეხური – 1 პროცენტი; მაღალი საფეხური –  10 პროცენტი; საშუალო საფეხური –  35 პროცენტი; დაბალი საფეხური –  67 პროცენტი. მოსწავლეთა 33 პროცენტი აღმოჩნდა მიღწევების საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ. მე-8 კლასის მოსწავლეთა კვლევა ამავე საგანში: უმაღლესი საფეხური –  1 პროცენტი; მაღალი საფეხური –  7 პროცენტი; საშუალო საფეხური –  26 პროცენტი; დაბალი საფეხური –  56 პროცენტი. მოსწავლეთა 44 პროცენტი  აღმოჩნდა მიღწევათა საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ. დაახლოებით, იგივე მაჩვენებლები ჰქონდათ მერვე კლასის მოსწავლეებსაც. TIMSS -ის სკალირების საშუალო მაჩვენებელი 500-ს შეადგენს. საქართველოს სკალირებული ქულა მოსწავლეთა მიღწევებისა მათემატიკაში 410-ს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 421-ს ძლივს აღწევს.
ამდენად, ამის გამოსწორებას შემოწმება კი არ სჭირდება, არამედ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი. გამოცდების შემოღებას კი არსად გაუუმჯობესებია სწავლების ხარისხი. ფინეთში არანაირი გამოცდები არ არის, მაგრამ ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა.
– ეს სისტემური პრობლემაა: გამოცდები არ არის საჭირო იქ, სადაც კადრები ყველა დონეზე შეირჩევა მხოლოდ ცოდნით და პოტენციალით. ასეთ სისტემაში გამოცდები ზედმეტია.
– რასაც ახლა აკეთებს განათლების სამინისტრო, არის არა წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ნაბიჯი წინ, საბჭოთა განათლების სისტემისკენ. განათლების სამინისტროში აღარ მუშაობს არც ერთი ის ადამიანი, რომელმაც დაიწყო რეფორმა და იცოდა მისი მიზანი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, დღეს განათლების სამინისტროში რეფორმა ჰგონიათ ის, რომ გადაიღონ, სად წავა შაშკინი, ვის ჩამოართმევს ხელს, რომელ კალათაში ჩააგდებს ბურთს და არბენინონ კასეტები ტელევიზიიდან ტელევიზიაში, რომ ერთ საინფორმაციო  გამოშვებაში მინიმუმ, სამჯერ გაუშვან სიუჟეტი შაშკინზე. ამ ფონზე მე მშობლების გამკვირვებია.
– და, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, იმას გარდა, რომ ახლა უკვე 8 საგანში მოამზადონ შვილები თავიანთი ხარჯით?
– მშობელი არის შემკვეთი, ანუ ის არის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მომხმარებელი. როდესაც უხარისხო პროდუქტს შემოგასაღებენ, თქვენ ხომ აღარ იყიდით მეორედ იმ პროდუქტს?!
– იმიტომ რომ სხვა პროდუქტით ჩავანაცვლებ. საჯარო სკოლა რით ჩავანაცვლოთ? უცხოური სკოლები ძალიან ძვირი ღირს.
– მაგრამ საქმე ის არის, რომ მშობლებს პრეტენზიაც არ უჩნდებათ. რამდენი მშობელი გინახავთ, მოეთხოვოს სკოლის ადმინისტრაციის ან სამინისტროსთვის, ჩემი შვილი ვერ იღებს განათლებას და შეცვალეთ პედაგოგები, უკეთესები მოიყვანეთო?!
– ხომ მოძებნეს მშობლებმა გამოსავალი: რვა საგანში ამზადებენ შვილებს?
– ეს გამოსავალი კი არ არის, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური პრობლემების შექმნა ამ ოჯახებისთვის, რომ მათ დამატებით გადაიხადონ ფული შვილების მომზადებაში. რატომ უნდა ამზადებდეს მშობელი ბავშვს? მშობლებს შეუძლიათ, შექმნან ასოციაციები და იმუშაონ ამ მიმართულებით. მათ უნდა თქვან, რომ მათი შვილების ცოდნა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, მათი შვილები არ არიან კონკურენტუნარიანები. ეს იწვევს იმას, რომ ამ თაობაში ძალიან ბევრი გაუნათლებელია. განათლების ხარისხი, რაც შეიძლება, მიიღო საქართველოში და, მაგალითად, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ მზესუმზირის საჭმელად არც ერთ სტუდენტს არ სცალია, დოპინგზე უწევს სტუდენტს დაჯდომა, რომ გაუძლოს დატვირთვას. ეს ჩვენთან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ბავშვებს მოჰყვებათ სკოლებიდან. მათ არ იციან, რას ნიშნავს რეალურად განათლების მიღება.  იმაზე არაფერს ვამბობ, რომ თვითონ პედაგოგებმაც არ იციან, როგორ ასწავლონ. თუ პედაგოგი ხედავს, რომ კლასში ოთხი ბავშვი სწავლობს, შეიძლება, იმ ოთხს გადააყოლოს მთელი საგაკვეთილო დრო.
– მეთორმეტე კლასებში ზოგ სკოლაში 40-50 მოსწავლეა. როგორ უნდა ასწავლო? ამიტომ არ ჯობია, ხუთს მაინც გააგებინო რამე?
– რა თქმა უნდა. რეალურად, ეს ბავშვები ვერ იღებენ განათლებას და ეს არის დაკარგული დრო. დღეს სახელმწიფომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეეჩერებინა რეფორმა და ის ზედაპირული გამხდარიყო. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ, ფაქტია, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე განათლების სისტემაში არანაირი რადიკალური ცვლილებები არ მოხდება. შეიძლება, 2013 წლის შემდეგ ვიფიქროთ, რომ მინისტრად შაშკინზე უკეთესი დაინიშნება.
– რაც ხდება განათლების სისტემაში, მხოლოდ მინისტრის თვითშემოქმედება გგონიათ?
– დიახ, ეს არის შაშკინის თვითშემოქმედება და მისი პერანგების ფიარი. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის რომელიღაც ბრენდთან არის „შეკრული“ და მათი ტანსაცმლის ფიარს ეწევა.
– როგორც შევიტყვე, სკოლების დირექტორების გათავისუფლების მიზანია, რომ მათ ადგილას მანდატურები დაინიშნონ, რომლებსაც განაცხადები აქვთ შეტანილი სკოლის დირექტორობაზეო. ეს სიმართლეა?
– ბევრ სკოლაში დაინიშნა დირექტორად მანდატური და ეს შაშკინის იმ იდეის განხორციელებაა, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა. მან თქვა, სამეურვეო საბჭოებმა სწორად ვერ შეარჩიეს დირექტორები, თუმცა არ ვიცი, საიდან დაასკვნა და ამიტომ უნდა გავუშვათ ყველა დირექტორი და ახლები დავნიშნოთო. მაშინ არ მიეცა შაშკინს ამის შესაძლებლობა და ამიტომ სხვაგვარად განახორციელა. უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სისტემა დამახინჯდა: მანდატურს ნიშნავს სამინისტრო, დირექტორს –  სამეურვეო საბჭო და სკოლაში მყარდება ორხელისუფლებიანობა. სკოლაში არის მანდატური, რომელიც იმას აკეთებს, რაც უნდა და სკოლის დირექტორმა იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მას გაამტყუნებენ, ამიტომ ხმას ვერ იღებენ. ბევრი სკოლა ვიცი, სადაც მანდატური ეუბნება დირექტორს: ვიცი, რომ აქ არაფერი ხდება, მაგრამ ვალდებული ვარ, ოქმი შეგიდგინოო. შაშკინი ცდილობს, განახორციელოს თავისი იდეა და ამ ფორმით მოიშოროს დირექტორები თავიდან.
– რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვახერხებთ ინფორმაციის გადამოწმებას განათლების სამინისტროში. ძალიან დახურული სისტემაა.
– ციხეებშიც კი არ არის ისეთი დახურული სისტემა, როგორიც განათლების სამინისტროში.

скачать dle 11.3