კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

ვის სიყვარულში უწევენ კონკურენციას ანუკი არეშიძეს და რა სკანდალს გამოიწვევენ ის და ბიჭოლა



წარმატებული კიევური ჩვენების შემდეგ, „ანუკი და ბიჭოლა” და მათთან ერთად მთელი საქართველო, დარწმუნდა, რომ ამ წყვილს დიდი მომავალი აქვს მოდის სფეროში. ანუკი არეშიძე და ბიჭოლა ახლა დროებით თბილისში იმყოფებიან, ისვენებენ და მომავალი ჩვენების იდეა უკვე მზად აქვთ, რომელიც, როგორც დაგვპირდნენ, უფრო მეტად ხმაურიანი იქნება, ვიდრე აქამდე რამე ყოფილა.
 ანუკი არეშიძე: კიევის მოდის კვირეულზე როგორც „ფრეშ” დიზაინერები ისე გამოვედით და ამიტომ, ძალიან გაგვიკვირდა ის ყურადღება, რაც ჩვენ მიმართ გამოიჩინეს. ექვსასამდე სტუმარი დაესწრო ჩვენებას და პრესის უამრავი წარმომადგენელი. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, ჯერ ერთი, იმიტომაც, რომ საქართველოდან ვიყავით ჩასულები. ავთანდილი იქ ძალიან პოპულარულია, მართლა ძალიან უყვართ და აფასებენ, ამიტომ გვინდოდა, მის ფონზე ღირსეულად წარმოვჩენილიყავით. ჩვენების შემდეგ ხალხი ყვავილებით და აცრემლებული რომ შემოვიდნენ, გავგიჟდი. ყველა ხაზს უსვამდა საქართველოს, ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართო. თავის შექება მიჭირს, მაგრამ აი, ახლაც რამდენიმე ჟურნალი გველოდება.
ბიჭოლა: უკვე იმდენ მოდის საიტსა და ჟურნალში იბეჭდება ჩვენზე, რომ ყველაფრის ნახვას ვეღაც ვასწრებთ. ჩვენი მენეჯერი ყოველდღე მაილზე მიგზავნის ახალი ბლოგის, ჟურნალის ლინკს, სადაც ჩვენზე წერია. ცოტა ხნის წინ მე და ანუკი ცნობილი მოდური პორტალის საღამოზე ვიყავით. მოდიოდნენ მოდელები და გვეკითხებოდნენ, თქვენი ჩვენება კიდევ როდის იქნებაო. წინაზე ვერ მოვხვდი და იქნებ ახლა გამოვიდეო. „ვოგი”, „ოფისიელი” უკვე ადგილებს ჯავშნის ჩვენებაზე. ერთი კოლექციით ასეთი „ბუმის ატეხვა“ ძალიან სასიამოვნოა.
– აპირებთ თუ არა, რომ დაფუძნდეთ, რაღაც ბაზა შექმნათ, საიდანაც იმუშავებთ?
ანუკი: აუცილებლად. სექტემბერში გვინდა, კიევში ჩვენი პატარა ატელიე გავაკეთოთ, რომლის კონცეფცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მივიღებთ შეკვეთებს საქორწილო, საღამოს კაბებზე. ქართველებისგან განსხვავებით, იქ ქალბატონებს ბევრი ფული აქვთ და უფრო ბედავენ, პრემიუმ ბრენდების კაბების შეძენას. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვინმეს სადმე მათნაირი არ ეცვას. უკრაინელი დიზაინერები დიდი კრეატიულობით არ გამოირჩევიან, არ მომწონს მათი სტილი. ამიტომ, ქალბატონები ახალ საინტერესო ადგილებს ეძებენ, საიდანაც ძალიან ლამაზები და თან, განუმეორებლები გამოვლენ.
– როდის გადაიქცევა ეს ყველაფერი ინდუსტრიად?
– ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, წლები. უდიდესი ბაზა გვინდა, ცოდნა და გამოცდილება. მილანის კვირეულზე ახლავე რომ გახვიდე, კარგად არ მიგიღებენ. თან, ძალიან კრიტიკულები არიან და იმაზე უხეშად წერენ, ვიდრე შეიძლება ფიქრობდნენ. კარგად თუ არ ხარ მომზადებული და მენეჯმენტი იდეალურად არ გაქვს აწყობილი, გადაგივლიან. არმანის ვერ უბედავენ, მაგრამ დოლჩე და გაბანაზე ძალიან კრიტიკულად წერენ.
– სამაგიეროდ, ანუკის გამოჩენასა და მის ჩაცმულობაზე ტყდება ერთი ამბავი.
ბიჭოლა: კიევში, მილანში, პარიზში ანუკი სულ ყურადღების ცენტრშია. არა მარტო იმიტომ, რომ კახას ცოლია, მან მოდაში თავისი სიტყვა უკვე თქვა...
ანუკი: ჯერ არაფერი მითქვამს, სამოცი წლის რომ ვიქნები, უკვე შეიძლება, რომ ეგ გავაკეთო.  შეიძლება, პირველი ასო - „ა“, ვთქვი.
ბიჭოლა: როგორც გემოვნებიანი ჩამცმელი, სისტემატურად ხვდება სხვადასხვა ჟურნალებში. „ჯეტსეტერის” საღამოზე ძალიან სადად ეცვა და აქცენტი აქსესუარებზე ჰქონდა გაკეთებული. ანუკასგან ყველა რაღაც ექსტრავაგანტულსა და უცნაურს ელოდება.
– იქ, არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ შენი ერთი აქსესუარი, საკმარისია, რომ მერე მთელმა თბილისმა ასე იაროს.
ანუკი: დაახლოებით შვიდი თვის წინ, თავშალი გავიკეთე თავზე ორმოცდაათიანი წლების სტილში. მე და ბიჭოლა ვხუმრობდით, მოდი, ფოტოები გადავიღოთ და ვნახოთ, თბილისი თუ აგვყვება-მეთქი. დღეს უამრავი თბილისელი გოგო დადის ასე, შეიძლება, თვითონ ვერ ხვდებიან რატომ და საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ მოსწონთ.
– თანდაყოლილია იმის ცოდნა, როგორი ჩაცმული გამოიწვევ ხმაურს, თუ ეს მაინც ისწავლება?
– რაღაც პროცენტი მაინც თუ არ გაქვს გემოვნების, სადაც არ უნდა იცხოვრო და რაც არ უნდა ისწავლო, შენს ტანზე ამ ყველაფერს ვერ გადმოიტან. ჩემზე ევროპამ, იტალიურმა სტილმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სხვას კი არ ვბაძავ, რაც მომწონს, უბრალოდ, იმ რაღაცეებს ვიცვამ. სწავლის დროს რამდენიმე გოგოზე ვამბობდით ხოლმე, სხვას როგორ უნდა ჩააცვან, როდესაც თვითონ ვერ იმოსებიან-მეთქი. აქ ლაპარაკია სტილზე, ფერებზე... როგორც სიმღერის ნიჭია – შეიძლება გაქვს გადასარევი ხმა და სმენა, მაგრამ თუ არ ისწავლე, ეს შენი ნიჭი გაფანტული და უაზრო იქნება. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ „კავალის” კაბა, რადგან შვიდი ათასი ევრო ღირს, ყველაზე მაგარია. ცხოვრებაში არ შევალ მის მაღაზიაში. შეიძლება, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ მისი შემოქმედება ჩემს ტანზე ვერ წარმომიდგენია.
– აბა, ვინ წარმოგიდგენია?
– ძალიან ბევრი. მაქვს ჩემი საყვარელი ადგილები, სადაც ვიცი, რომ მივალ და ჩემთვის სასურველ სამოსს შევარჩევ. მომწონს „სელინის” ზედები, მაგრამ, ალბათ, ვერასდროს ჩავიცვამ „სელინის” შარვალს, ვერ ვიხდენ. მიყვარს „ეიჩენდემი” და „ზარა”, მიმაჩნია, რომ ყოველდღიურად მათ ვერაფერი შეცვლის.
– როგორ აპირებთ მუშაობას, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობთ.
ბიჭოლა: მუდმივად ატელიეში ვიქნები მე და ანუკიც, ალბათ, დასვენების დღეებში, ყოველკვირეულად ჩამოვა. ისედაც თვითმფრინავში ცხოვრობს და ახლა უკვე სამსახური-სახლისთვისაც თვითმფრინავი დასჭირდება. ანუკის ძალიან უყვარს მუშაობა და არასდროს ეზარება მილანიდან კიევში ჩამოსვლა.
– ვიცი, რომ თქვენს საქმიანობაში კახა ბოლომდე  ჩართულია და როგორ უყურებს ამ ამბავს – მილანი-კიევში ფრენას, როცა გყავს ოჯახი, შვილი და სხვა...
ანუკი: ბოლომდე გვიწყობს ხელს. არის მომენტები, როდესაც არ სიამოვნებს, ვთქვათ, თუ სხვადასხვა ადგილებში, წვეულებებზე გვიწევს წასვლა, მაგრამ ხვდება, რომ ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის ეს აუცილებელია – თუნდაც ათი წუთი მაინც იქ მისვლა. დიდხანს ისედაც ვერ ვჩერდები მის გარეშე. იმ დღეს ბიჭოლასთან ერთად, კიევში საღამოზე რომ გამიშვა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. არ ახასიათებს ასეთი რაღაცეები და არ უყვარს, თუ მის გარეშე სადმე მივდივარ. ყოველთვის ერთად დავდივართ და ეს მომწონს. მისი ხასიათის ეს თვისება აბსოლუტურად არ მზღუდავს, პირიქით, მომწონს. არიან ქმრები, ნერვი არ უტოკდებათ იმაზე, თუ სად, ვისთან ერთად წავა მათი ცოლი და როდის დაბრუნდება. დღეში ორჯერ რომ დამირეკოს, უკვე ვეჭვიანობ, მეტჯერ რატომ არ დარეკა-მეთქი, ვიწყებ ნერვიულობას. თბილისში ჩამოსვლა ამიტომ არ მიყვარს. თავისი საქმეები აქვს და ნაკლები დრო რჩება ჩემთვის. უფრო საღამოებს ვატარებთ ერთად – სადმე კაფეში თუ დავსხდებით...
– შენც ასეთი ხარ მის მიმართ?
– კი და ეჭვიანობა მან მასწავლა. არიან ბუნებით ეჭვიანი ადამიანები – ყველაფერზე მშობლებზე, მეგობრებზე, ნივთებზეც კი ეჭვიანობენ. ასეთი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კახას მიმართ დამეწყო ეს ამბავი. ამას საერთოდ არ აპროტესტებს, თვითონაც ასეთია და იმიტომ. საერთოდ, არ მაქვს მძიმე ხასიათი – ყველაფერზე რომ იბუტებიან, ბრაზდებიან... ვუგებ ადამიანს და მესმის მისი. ოცდაცამეტი წლისაა და იცის, რა მომწონს, როგორ უნდა მომექცეს, ამიტომ ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
– გარეშე ხმები უფრო გაწუხებდნენ.
– თავიდან ამის გამო მართლა ძალიან მიჭირდა, არ ვიყავი მიჩვეული ამდენ ლაპარაკს, წერას. ახლა ეს საერთოდ აღარ მაღელვებს. ენას ძვალი არ აქვს. ამაზე ნერვიულობით ვერაფერს მივაღწევ, საკუთარი ნერვების გაფუჭების გარდა. ამიტომ, შევეშვი ამაზე ფიქრს.
– როგორი დედიკო ხარ?
– კარგი, მაგრამ ძალიან დიდ კონკურენციას მიწევს მამა ბავშვთან ურთიერთობაში. ვარ მკაცრი, ის – საოცრად ლმობიერი და გამოდის, რომ მე ვარ ალქაჯი ბლერიდან და ის კი – კეთილი ჯადოქარი, რომელიც ყველაფერს უსრულებს. არ მიყვარს ბავშვის გათამამება, მერე რა, რომ პატარაა, უნდა იცოდეს რომ რაღაც შეიძლება და რაღაც – არა. კახა კი, ყველაფერს უთმობს და ყველაფრის უფლებას აძლევს.
– პატარა როგორ იცვამს?
ბიჭოლა: ძალიან კარგად. მამიკო აცმევს და სულ ერთნაირად გამოიყურებიან ხოლმე.
ანუკი: ჩემს ჩაცმულობაშიც შეაქვს ხოლმე კახას კორექტივები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც არ მოსწონს. არ მოსწონს ისეთი სამოსი, რომელიც სილუეტს განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ამოჩემებული აქვს რაღაცეები, რაზეც მითხრა, რომ არ მოსწონს და ჩაუცმელად მიკიდია გარდერობში.
– რას აპირებთ, თბილისში რამდენ ხანს რჩებით?
ბიჭოლა: პირველ ივლისს ანუკის დაბადების დღეა, ჩემი – ხუთ ივლისს, მერე – თერთმეტში ლევანიკოსი. ამის შემდეგ დავისვენებთ, პატარა შვებულებასავით მოვიწყობთ და აგვისტოში უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვიდმეტი ოქტომბრისთვის, უკვე კიევში ჩვენი მეორე ჩვენება გაიმართება, თან, არა როგორც „ფრეშ“, არამედ ძირითადი დიზაინერები. ორმოცამდე კოსტიუმს წარვადგენთ. მეორე სკანდალი იქნება, რომელიც ისევ ყველას აალაპარაკებს.
ანუკი: ეს არ იქნება მხოლოდ კოსტიუმების ჩვენება, გვექნება პერფორმანსი, ძალიან საინტერესო სანახაობა თავისი ვოკალით, რეჟისურითა და სხვა.
– არ ჩხუბობთ ხოლმე?
– კი, ძალიან ხშირად მარტო იმაზე, თუ ვინ იტყვის ახალ იდეას პირველი. იდეა მაქვს, არა, ამაზე მე უკვე ვფიქრობდი... და სულ ასეთი ტექსტები გვაქვს. ოქტომბრის ჩვენების იდეაზე უკვე შევთანხმდით, მაგრამ დეტალებზე ჩხუბები კიდევ წინ გვაქვს (იცინიან).

скачать dle 11.3