კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ თბილისიდან ტალინში და რატომ დაკარგეს ერთმანეთი შეყვარებულებმა



35 წლის ნინო აბესალომის ასული მანაგაძე (სახელი და გვარი ფსევდონიმია) ეძებს 35 წლის ანტონ დავითის ძე სუხიშვილს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ფსევდონიმადაა გადაკეთებული. იმედია, თუკი ვინმემ რამე იცის ამ ისტორიასთან დაკავშირებით, გამოგვეხმაურება.
ისტორია: ვეძებ ჩემს შეყვარებულს: 35 წლის ანტონ დავითის ძე სუხიშვილს. მე და ანტონს გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობდით. მაგრამ, ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა და მოხდა ისე, რომ დღესდღეობით არც კი ვიცი, სად არის ანტონი. სავარაუდოდ (ერთადერთი ინფორმაციით, რომელსაც მე ვერანაირად ვერ გადავამოწმებ), ის ამჟამად ესტონეთშია. შეიძლება, მას ამჟამად ოჯახიც კი აქვს და, მე სულაც არ ვფიქრობ, ცხოვრება ავურიო, ან ჩემი გამოჩენით  რამე დაუშავდეს, უბრალოდ, მინდა, რომ მან სიმართლე იცოდეს და მომხდარში (ანუ ჩვენს დაშორებაში) მე არ მადანაშაულებდეს. სამწუხაროდ, წლების შემდეგაც ვერ შევძელი მისი დავიწყება. ბოლოს შვიდი წლის წინ ვნახე და მას შემდეგ არაფერი ვიცი მასზე.
– რა იყო შეყვარებულთან დაშორების მიზეზი და რამდენი ხანია, რაც მას დაკარგულად მიიჩნევთ?
– მე და ანტონმა ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ ორივე 27 წლის ვიყავით. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს უკვე ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობდით. ანტონმა თავის სახლში დამპატიჟა სტუმრად, რომ მისი ოჯახის წევრები გამეცნო. ისევე, როგორც ყველა გოგო, მეც ძალიან ვნერვიულობდი ამ შეხვედრის გამო და ვფიქრობდი, როგორ მიმიღებდა – სადედამთილო, მოვეწონებოდი თუ არა. საქმე ისაა, რომ ანტონი დედისერთაა და ფიზიკურად ძალიან ლამაზი – მაღალი, შავგვრემანი, კარგი ხასიათის. ერთადერთი, რაც ჩვენს ურთიერთობას ძაბავდა, იყო ჩემი სიმაღლე. მასთან შედარებით ძალიან დაბალი ვარ. ამის გამო ბევრი ჩემი დაქალი იმასაც კი მეუბნებოდა, ფიზიკურად არ უხდებით ერთმანეთს და იქნებ, ქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ჩაიცვაო. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ანტონს ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვარ. როდესაც სტუმრად მივედით, იქ მისი ახლო ნათესავები იყვნენ. დედამისი კი, როგორც წარმომედგინა კიდეც, საკმაოდ მკაცრი და პრინციპული ქალი აღმოჩნდა. პირველი შეხვედრისთანავე შევატყვე, რომ არ მოვეწონე. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია ისეთი შეკითხვებისთვის, რომლებიც, ჩემი აზრით, უადგილო იყო – მაგალითად, სიმაღლეში რამდენი სანტიმეტრი ხარ? ან, როგორი მშობლები გყავს? მისი სახლიდან გულნატკენი წამოვედი. წასვლა რომ დავაპირე, ანტონის დედაც გამომყვა. მე მივბრუნდი და ანტონს ვთხოვე, გავეცილებინე, მაგრამ დედას ხათრი ვერ გაუტეხა. კართან რომ მივედით, დედამისმა მითხრა, რომ მე არ შევეფერებოდი მის ბიჭს და, აჯობებდა, დავშორებოდი. ამაზე მე ვერაფერი ვუპასუხე, იმდენად დიდი შოკი იყო ეს ჩემთვის. უხმოდ გამოვედი და იმ დღიდან მე ანტონი აღარ მინახავს. სულ მირეკავდა მობილურზეც და სახლის ტელეფონზეც, მაგრამ მე არ ვპასუხობდი. მესიჯებსაც კი მწერდა, მთხოვდა, შევრიგებოდი და ამეხსნა, რატომ მოვიქეცი ასე. ის ვერც კი მიხვდა, როგორ მატკინა გული დედამისმა.
დაახლოებით, ორი წლის წინ გადავწყვიტე, ანტონს დავკავშირებოდი, რადგან მისი დავიწყება ვერ შევძელი. მობილურზე ვეღარ დავუკავშირდი, სახლის ტელეფონის ნომერი დავკარგე. ბოლოს, როგორც იქნა, შემხვდა მისი მეგობარი. თავი  ვეღარ შევიკავე და მე თვითონვე გამოველაპარაკე (რადგან ვერც კი მიცნო). მან მითხრა, რომ ანტონი 3 წელია, რაც ესტონეთში წავიდა სამუშაოდ. მას შემდეგ არც თვითონ უნახავს და არც რაიმე კავშირი ჰქონია მასთან. ნამდვილად არ მინდა, ჩემი გამოჩენით მას რაიმე პრობლემა შევუქმნა, მაგრამ ვერ ვივიწყებ. თუ ანტონმა არ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და აღმოჩნდება, რომ მასაც დღემდე ვუყვარვარ და ცოლიც არ ჰყავს, ვფიქრობ, იმდენ ძალას ვიპოვი, დედამისს დავუმტკიცო, რომ მე ნამდვილად ღირსი ვარ მისი შვილის გვერდით ვიყო.
– როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებდათ ან თუ აღმოჩნდა, რომ ოჯახი შექმნა, ამინც ნახავთ და შეხვდებით?
– ჩემთვის ყველაზე მთავარია, სიმართლე ვუთხრა. თუმცა, არ მინდა, დედამისის შესახებ რაიმე ცუდი ვთქვა და ამის არც უფლება მაქვს. მაგრამ ძალიან მინდა, ვიპოვო და ვუთხრა, რომ ჩვენი დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. იმედია, თუკი ვიპოვი, ეს ძალიან გვიანი არ იქნება. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ მას თავისი ოჯახი აქვს, მაშინ შეხვედრას აღარ მოვითხოვ და ტელეფონით ან წერილობით გავაგებინებ ყველაფერს.

скачать dle 11.3