კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები



ბექაური–ბექაურიშვილი
გვარის ფუძეა ძველი ქართული საკუთარი სახელი ბექა. ამ სახელით ბევრი ისტორიული პიროვნებაა ცნობილი, მაგალითად, ბექა ოპიზარი.
მთიანეთში მცხოვრებ ბექაურთა თიკუნებია: აფთარაანი, შარვანიანი, ბაინდურიანი, დათვიანი, ლომიანი, ბატარაანი.
არაგვის ხეობის აღწერაში 1774 წელს მოიხსენიებიან გუდამაყრის ჭალის სოფელში ერისთავის ყმა და მისი სამოსახლო: „ბეჟანა ბექაურის შვილი ნადირა, ირემა და შიო. აქავ ბექაური ვეფხია“.
გადმოცემის მიხედვით, ამ გვარის მიმცემი ბექა და წიკლაურთა ფუძის დამდები წიკქვაი ძმები ყოფილან. ამ გვარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუდამაყარში ცხოვრობდა ოთხი გვარის ხალხი: ბექაური, წიკლაური, აფციაური და ჩოხელი. ამ გვარების წარმომადგენლები ერთმანეთში არ ათხოვებდნენ ქალს.
თეთრიწყაროელი ბექაურები სოფელ მაქართადან არიან.
1853-1854 წლებში შამთაში მცხოვრები ბექაურები, შალვა ბექაურის გარდა, ბექაურიშვილებად ჩაეწერნენ.
გვხვდება, ასევე, გვარი ბექაძე.
საქართველოში 3 463 ბექაური ცხოვრობს: თბილისში – 468, თეთრი წყაროში – 417. არიან სხვაგანაც.
ვარდუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდუა.
ვარდუა მოიხსენიება 1413 წელს ანდრია დეკანოზის მიერ დემეტრე წითლიძის სახელზე შედგენილ, კერძო სამართლებრივ აქტში.
1781 წელს მარაბდაში მოიხსენიება სულხან გერმანოზიშვილის ყმა – ნინია ვარდუაშვილი.
საქართველოში 265 ვარდუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 85, თელავში – 62, დუშეთში – 43.
მირუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მირონ, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მტირალას, მირონიანს ნიშნავს.
მირონას კნინობითი ფორმებია: მირუა, მირუმა.
1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან დავით და ერუკა მირუაშვილები.
საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 294, კასპში – 15. არიან სხვაგანაც.
კოჩაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჩა, რომელიც სიტყვა კაცის კოლხური ფორმაა და მნიშვნელობით უკავშირდება არსენას, კარლოს. არსენა ბერძნულიდან ჯანმრთელს, უვნებელს ნიშნავს. კარლო კი ძველი გერმანული სახელის ფორმაა და ქართულად მამაკაცს ნიშნავს.
1782 წელს კოჩაძე მოხსენიებულია როსტევანიშვილი სააკას მიერ მირზა იბრეიმასშვილის გოგიასადმი გაცემულ ბატონყმობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: კონჩაძე, კოჩებანაშვილი, კოჩანაძე, კოჩინაშვილი, კოჩუაშვილი.
საქართველოში 890 კოჩაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 167, ქუთაისში – 166, ბაღდათში – 127. არიან სხვაგანაც.
მოდრეკილაძე-მოდრეკელიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი მოდრეკილი.
1881 წელს სოფელ საღირაშენში გიორგი ასათიანის შვილის, გიორგის მიმრქმელად მოიხსენიება დავით მოდრეკილიძე.
ამავე ძირისაა გვარი მოდრეკელიძე.
საქართველოში 264 მოდრეკილაძე ცხოვრობს: კასპში – 131, თბილისში – 116, ოზურგეთში – 3. არიან სხვაგანაც.
მოდრეკელიძე – 33.
დათიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათია.
ივანე დათიაშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთში 1823 წელს.
კოდაში მცხოვრებმა იოსებ დათიაშვილმა 1829 წელს იქორწინა თამაზ მიქელაშვილის ასულ ნინაზე. გვირგვინი აკურთხა მღვდელმა იოანე ალინიევმა. თავმდებები იყვნენ იორენ ქრისტესაშვილი, დათუა დოლმაზაშვილი, ქრისტესა ლაზარეიშვილი და ნონია ასლანიშვილი.
საქართველოში 1 195 დათიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 245, თილისში – 198 ზესტაფონში – 170. არიან სხვაგანაც.
ლევანიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლევანი.
ლევანი ლეონის ქართული ფორმაა და ლომს ნიშნავს. ცხოველთა მეფის სახელი ევროპულ ენაში ძველეგვიპტური ლებუსგან მომდინარეობს. ბერძნულადაა ლეონ, ლათინურად – ლეო, გერმანულად – ლიოვე, რუსულად – ლევ, ფრანგულად – ლეონ, ინგლისურად კი – ლაიან.
ლევანი, როგორც საკუთარი სახელი, საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება, მაგრამ, გავრცელებული რომ იყო ხალხში, ამას ბევრი გვარი მოწმობს. მაგალითად: ლომიძე, ლომაძე, ლომაშვილი, ლომაური და ასე შემდეგ.
საქართველოში 102 ლევანიძე ცხოვრობს: თბილისში – 40, კასპში – 33, თეთრი წყაროში – 12. არიან სხვაგანაც.
ნინიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნინია.
პაპუა, ბასილა და თევდორე ნინიაშვილები 1685 წელს შეყვანილები არიან უდავობის წიგნში, რომელიც მდივან ზურაბისთვის მიუციათ.
1823 წლის აღწერით, სოფელ დრეში მოიხსენიება იესე ნინიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ნინიძე, ნინიკაშვილი, ნინიკელაშვილი, ნინიკაური, ნინუა, ნინუაშვილი.
საქართველოში 574 ნინიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 125, თბილისში – 125, ქარელში – 61. არიან სხვაგანაც.
ფანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფანია.
1710 წელს, აზატობის წიგნში, რომელიც ვიღაცას რევაზა ჟოჟოლაძისთვის მიუცია, მოიხსენიება პეტრე ფანიაშვილი.
1721 წელს ღორისთავში მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.
საქართველოში 112 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
კოღუაშვილი-კოღუა
გვარის ფუძეა მეტსახელი კოღუა.
ბერუა კოღუაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენში, 1713 წელს, კათალიკოს დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი გაცემულ გაყრილობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები კოღუა და კოღოშვილი.
საქართველოში 759 კოღუაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 343, წყალტუბოში – 271, თბილისში – 76. არიან სხვაგანაც.
კოღუა – 213.
კოღოშვილი – 76.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3